fbpx

საქართველოს საკოლექციო ევროს ბანკნოტი – EURO 8000 – ფულის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს


გააზიარე სტატია

 

ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში (სადაც ევროს დაბადება ოფიციალურად აღნიშნეს ევროპული ქვეყნების ლიდერებმა 1992 წელს), ფულის საერთაშორისო  გამოფენის პარალელურად, ქართული და ჰოლანდიური დელეგაციების თანდასწრებით წარადგინეს საქართველოს საკოლექციო ევროს ბანკნოტი – EURO 8000. 

ბანკნოტი შექმნილია საქართველოში ღვინის 8000-წლიანი უწყვეტი წარმოების უკვდავსაყოფად, ამიტომაც სწორედ 8000 არის ამ  ევროს ნომინალი. 

ბანკნოტზე დატანილია ქვევრის გამოსახულება, ალავერდის მონასტერი, დავით გარეჯის კომპლექსი და წარწერა – „შენ ხარ ვენახი“, რომელიც თავისი მაგიური სიმბოლიზმისა და განსაკუთრებული დატვირთვის გამო შეარჩია პროექტის ხელმძღვანელობამ.  

ბანკნოტი გამოცემულია ლიმიტირებულად და მოიცავს მხოლოდ 5000 ეგზემპლარს. 

ეს  პროექტი ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით განახორციელა კომპანია TREASURIUM-მა, რომლის დამფუძნებელიც არის ამირ იაშარ აჯამი. იგი ამავდროულად, გახლავთ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელიც. 

პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს საკოლექციო ევროს ბანკნოტის შექმნა მნიშვნელოვანია, რათა დავაფასოთ საქართველოს განსაკუთრებული კონტრიბუცია მთელი მსოფლიოს წინაშე – ამ ქვეყანამ ხომ მსოფლიოს აჩუქა ღვინო – დღესასწაულებისა და სხვა ღონისძიებების უკონკურენტო ელემენტი?!

ეს  მოვლენა ასევე ეხმიანება და ამყარებს საქართველოს სწრაფვას ევროპისაკენ. ისტორია გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა ერები მათთვის მნიშვნელოვან მოვლენებს სწორედ მონეტებზე გამოსახავენ ხოლმე და ამ გზით უკვდავყოფენ სამახსოვრო  თარიღებსა და ამბებს. TREASURIUM-მაც სწორედ ამ მიზნით არ დაიშურა ძალა და ღონე, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია. 

6 თვის განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა ამ  ბანკნოტის დიზაინი. პროცესში ჩართული იყვნენ ქართული და უცხოური მხარეები, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები, რომელთაც სწორედ ბანკნოტების მიმართულებით აქვთ მუშაობის გამოცდილება. ბანკნოტზე ასევე იმუშავეს ცნობილმა ქართველმა მხატვარმა გია ჯაფარიძემ და ქართული კალიგრაფიის სპეციალისტმა დავით მაისურაძემ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.