fbpx

თომას ვულფი – ამერიკული ლიტერატურის საიდუმლო


გააზიარე სტატია



ავტორი: მათე წიკლაური

 

ბევრი ამბობს, ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე დიდი საიდუმლოა თომას ვულფიო. ამის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ მწერლის შემოქმედებამ დროს გაუძლო და მისი ნამუშევრები ახლაც ზუსტად ისე ააღელვებს მკითხველს, როგორც ეს მაშინ, როცა ვულფი ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩნდა. 

1900 წლის 3 ოქტომბერს ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა. მისი ცხოვრება ისეთი დრამატული აღმოჩნდა, როგორც მისივე შემოქმედება. თომას ვულფისთვის ადამიანი ინტროსპექტულია და თავისი ცნობიერების მდგომარეობაზე დაკვირვება უყვარს. მან მხოლოდ მისთვის მკვეთრად დამახასიათებელი წერის სტილითა და ფართო ნარატივებით გვიამბო სამყაროზე და მის განუყოფელ, ალბათ, უმთავრეს ნაწილზეც კი. უმთავრესი ნაწილი კი ადამიანია და მასზე მოკლედ ვერ დაიწერება…

ავტობიოგრაფია მთავარი მხატვრული შტრიხია ვულფის უკვდავი პროზისა. „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ (1929) და „შინ ვეღარასდროს დაბრუნდები“ (1940) მწერლის გამორჩეულ რომანებად გვევლინება და ქართველი მკითხველისთვისაც კარგადაა ნაცნობი. თომას ვულფი ავტობიოგრაფიულ ელემენტს თხრობისას მითოსურ ნარატივად გარდაქმნის და ამ ღერძზე ვრცელ, გრანდიოზულ სიუჟეტს აშენებს. თომას ვულფისთვის ფილოსოფიური მიდგომის გარეშე ლიტერატურა არ არსებობდა, ამიტომ მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულს ყოფიერების შესახებ ფიქრები შეუზავა და შემოქმედებაც მას დააყრდნო. 

ცნობიერების ნაკადი, ამ ნაკადში აღმოცენებული ფილოსოფიური პასაჟები და მგრძნობელობა თომას ვულფის წერის სტილის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ამერიკელი გენიოსი მკითხველს ინტელექტუალიზმისა და ემოციების საბურველში ახვევს და გამოსავალსაც თავად სთავაზობს. რომანში „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ მწერალი საკუთარ თავზე ახალგაზრდა კაცის პერსპექტივიდან გვიამბობს. ეს არის მცდელობა ეპოქისთვის დამახასიათებელი სოციალური დინამიკის ჩვენებისა და მასში ვულფის ცხოვრებისეული გამოცდილების შერწყმისა. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ მთავარი პერსონაჟი დაკვირვებებზე აგებს ცხოვრებას. ის ოჯახს, ამბიციებს, საკუთარ თავს და მისი პროგრესისა თუ რეგრესის დინამიკას იკვლევს. ამ ლიტერატურული მოვლენის ასახსნელად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მარსელ პრუსტის გმირი, შარლიუ, გავიხსენოთ. ის შემთხვევით აღმოჩნდება იმ ფორმაციის ოჯახურ გარემოში, სადაც მასზე ყველაფერს გულწრფელად ლაპარაკობენ. თითქოს ამის მიღწევა უნდა ვულფის გმირს და ამას ემყარება თითოეული დაკვირვება. სიმბოლოებსაც თავად ქმნის, ხშირად ჩვეულებრივი, კლასიკური რომანისთვის დამახასიათებელ საზღვრებს ივიწყებს და წარმოსახვას და რეალობას თქვეფს ერთმანეთში, – ეს კი ბორხესიანული ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი, განსხვავებით ამ მიდგომისგან, უილიამ ტრევორმა წარმოსახვასა და რეალობას შორის ზღვარი გაამკვეთრა.

ვულფის შემოქმედების ზემოთქმულ ნარატივებს პარალელურ ხაზად მიუყვება სამხრეთის ცხოვრების ასახვა. ავტორი ყოველივე ამის მიმართ მოსიყვარულე და კრიტიკულია,  – სწორედ ამ ორმხრივი ხედვის შედეგია რეგიონის სირთულეების იდეალური ასახვაც. ყოველივე ამაზე დასაკვირვებლად მისი გმირის, ევგენი განტის ცხოვრების ასახვა ახალგაზრდობიდან ზრდასრულობამდეც საკმარისი იქნებოდა… „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ ვულფის თვალით დანახული ამერიკული ოცნების ელემენტებზე გვიამბობს და სოციალურობის გავლენის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. ევგენი განტზე დაკვირვებამ პასუხი გასცა მთელ რიგ ეგზისტენციალურ საკითხებს, საზოგადოებრივ მოლოდინებსა და პირად მისწრაფებებს შორის ხიდის ჩატეხის მიზეზებზე გვიამბო, და სწორედ ამიტომაცაა გენიალური. 

 

თომას ვულფის შემოქმედებითი გავლენა ეპოქის საზღვრებს გასცდა. მან კვალი მთელ ამერიკულ ფილოსოფიურ ლიტერატურას დაატყო. მაგალითად, ვულფამდე მწერლებს უჭირდათ ესაუბრათ პირადი და სოციალური ასპექტების თანაარსებობის სირთულეებზე. ყოველივე ამან პოსტმოდერნიზმამდეც მიგვიყვანა. მიუხედავად ამ უზარმაზარი როლისა, მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე ვულფს ძალიან ბევრი საქმე დარჩა დაუმთავრებელი, იყო მუდმივი დაძაბულობები რედაქტორებთან, შემოქმედებითი კრიზისი და სხვა. ყოველივე ამან იმდენად იმძლავრა, რომ რომანი „შინ ვეღარასდროს დაბრუნდები“ დაიწერა. 

ამერიკელი მწერალი ადრეულ ასაკში, 37 წლის გარდაიცვალა. არც ისე ხანგრძლივ სიცოცხლეში ავტორმა ძალიან ვრცელი რომანების შექმნა მოასწრო და მსოფლიო ლიტერატურულ სიაში ძალიან მუქი ასოებით ჩაეწერა. ლირიკული ინტენსივობა, ფართო მასშტაბი, პირადისა და სოციალურის რთულად ჩამოსაყალიბებელი  კავშირი, ის თემებია, რომლებიც მის ყველა ნამუშევარში გვხვდება. სწორედ ამ მარადიულ საკითხებზე დაკვირვების გამო, ვულფი ლიტერატურათმცოდნეების ყურადღების მიღმა არასოდეს დარჩენილა. 

თომას ვულფის შემოქმედება დიდ მისტიკურ საიდუმლოდ დარჩა. ეჭვგარეშეა, მისი ნაწერი ღრმა პიროვნული სიბრტყეების მიმოხილვაზეა აგებული და ინდივიდუალურის ფართო საზოგადოებრივთან შერწყმას ემყარება, მაგრამ, გარდა ამისა, ავტორი მკითხველს იდენტობის, ამბიციების და საკუთარი მნიშვნელობის პოვნისკენ უბიძგებს. თომას ვულფის წერის სტილი სწორედ ამიტომაა ინოვაციური – ის საკუთარ თავზე დაკვირვებით გვიამბობს ფართო ადამიანურ ასპექტებზე. 

ამდენად, თომას ვულფის შემოქმედება ლიტერატურის მიზნისა და იდეის ძიებად გვევლინება. მან აჩვენა, რომ ადამიანის გარშემო არსებულ ქაოსთან გამკლავების ხერხია ლიტერატურა და ყოველივეს ბრწყინვალე ასახვით დაიმკვიდრა თავი მსოფლიო ლიტერატურულ პანთეონში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.