fbpx

საუკეთესო ქვიარ ფილმები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ფილმებს გარდა მხატვრული შინაარსისა, ტრანსპორტირების და ცნობიერების ამაღლების უნარი აქვთ. კინოს ერთდროულად რამდენიმე ემოცია შეუძლია გამოიწვიოს: გაგვაცინოს, გვატიროს ან თუნდაც სათქმელის გარეშე დაგვტოვოს. ბოლო რამდენიმე წელია, კინემატოგრაფიას ახალი “მისია” დაეკისრა – მარგინალური  ხმა და გამოცდილება გლობალურ აუდიტორიას მიაწვდინოს, კერძოდ – LGBTQ+ ნარატივი. 

LGBTQ+ კინოს ისტორია დღესაც მწვავე კამათის საგანია, ნაწილობრივ იმის გათვალისწინებით, რომ ის ჯერ კიდევ ვითარდება. თუმცა, აშკარაა, რომ ქვიარ შინაარსმა ეტაპობრივად მეინსტრიმში გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, კინემატოგრაფიაში არცთუ ისე ბევრი ფილმია, რომელიც სიყვარულისა და სიცოცხლის სრულყოფილად ცხოვრების მნიშვნელობის მძაფრ ხედვას გადმოგვცემს. 

საინტერესოა, რა არის ის კომპონენტი, რომელიც ქვიარ ფილმს ქმნის? აკრძალული სიყვარული, დერეკ ჟარმანის 1980-იანი წლების სულისკვეთება, 90-იანი წლების “ახალი ქვიარ კინოს” მოძრაობა თუ 21-ე საუკუნის ქვიარ კინოს ეპოქა, რომელშიც LGBTQ+ ნარატივი მსხვილი კინოსტუდიების must-ადაც კი იქცა და მეტიც, საოსკარე ასპარეზზე ყველაზე დიდ კონკურენტად მოიაზრება? 

ქვიარ ფილმის ჯადოსნურობა მის ცვალებადობაშია. ეს შეიძლება იყოს გულისამაჩუყებელი სიყვარულის, drag და მეჯლისის კულტურის ისტორია ან თუნდაც ტიპური ჰოლივუდის ვარსკვლავებით სავსე ფილმი, როგორიცაა ტომ ფორდის “მარტოხელა მამაკაცი” (A Single Man). 

 

პარიზი იწვის, 1990 (Paris Is Burning)

ჯენი ლივინგსტონის კლასიკური დოკუმენტური ფილმი იშვიათი და პიონერული ფანჯარაა სამეჯლისო კულტურის (დიდწილად ფარული) სამყაროში. ექსცენტრიკული და ეკლექტური გმირები, რომლებიც ძირითადად მეამბოხე შავკანიანი, ლათინო-ამერიკელების და ტრანსგენდერებისგან შედგება, უამრავი გამოწვევის და სოციალური ჩაგვრის მსხვერპლი არიან. ფილმი რასას, კლასს, სიღარიბეს, ძალადობასა და შიდსის კრიზისს ეხმაურება და პატივს მიაგებს მათ, ვინც მათი ცხოვრების წესის გამო მაშინდელი საზოგადოების ნორმებში არ ჯდებოდა. ამაღელვებელი Vogue-ს (საცეკვაო მოძრაობა) სცენებითა და თვალწარმტაცი პოდიუმით, “პარიზი იწვის” ქვიარ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკრანული რეპრეზენტაციაა.  

 

ყველაფერი დედაჩემის შესახებ, 1999 (All About My Mother)

მიუხედავად იმისა, რომ პედრო ალმოდოვარის 1980-90-იანი წლების  შემოქმედების თითქმის უმეტესობა გარკვეული დოზით ქვიარ შინაარსს ეხმაურება, არცერთ მათგანს არ ჰქონია ისეთი კულტურული და მსოფლიო მასშტაბის გავლენა, როგორიც ფილმს – “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის ოსკარი აიღო. ფილმი მარტოხელა დედის, მანუელას შესახებ გვიამბობს, რომელიც ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, გადაწყვეტს ბიჭის მამას დაუკავშირდეს – ახლა უკვე ტრანსგენდერ ქალს. ესპანელი რეჟისორის კლასიკა ტრანს საზოგადოების ჰუმანიზებულ და მგრძნობიარე პორტრეტს წარმოაჩენს. ამასთან ერთად, ფილმი დედობისა და არჩეული ოჯახის შესახებ უამრავ კითხვას იწვევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” ალმოდოვარის გვირგვინის ყველაზე კაშკაშა სამკაულია.

ლურჯი ყველაზე თბილი ფერია, 2013 (Blue Is the Warmest Colour)

“ლურჯი ყველაზე თბილი ფერიას” პრესტიჟული პალმის რტო გადაეცა და ოქროს გლობუსზე და BAFTA-ზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტების სიაში მოხვდა. თუმცა, 2013 წლის კანის კინოფესტივალზე, პრემიერის შემდეგ, ის არაერთი სკანდალის და კრიტიკის საგანი გახდა, გრაფიკული სექსის სცენებისა და რეჟისორ აბდელატიფ კეჩიჩეს გადასაღებ მოედანზე არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამო. მიუხედავად ამისა, ლესბოსური დრამა ქალის სექსუალურობის აღმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კინემატოგრაფიული სახეა. ადელი ფრანგი მოზარდია, რომელსაც მასზე უფროსი,  ხელოვნების სკოლის სტუდენტი, ლურჯთმიანი ემა შეუყარდება და წლების განმავლობაში მათი ცხოვრების გზები, განშორების შემდეგაც კი, მუდმივად იკვეთება. ფილმში ყველაზე გამორჩეული ლეა სედუს და ადელ ექსარკოპულოსის პერფორმანსებია, რომლებმაც რეჟისორთან ერთად დამსახურებულად მიიღეს პალმის რტო. 

120 დარტყმა წუთში, 2017 (120 BPM)

ფილმში მოქმედება 90-იანი წლების საფრანგეთში ვითარდება და ის აივ/შიდსის აქტივისტების ენერგიული, მაგრამ კონფლიქტური ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს. “120 დარტყმა წუთში” LGBTQ+-ს ისტორიაში გარდამტეხ მომენტს ასახავს, რადგან სწორედ ACT UP მოძრაობის რადიკალური და პირდაპირი მოქმედების მეთოდის მეშვეობით დაიმკვიდრა ამ  საკითხმა თავი მეინსტრიმში. ფილმმა კანის კინოფესტივალის გრანპრი მიიღო, მის ჩვენებას კი თითქმის 5-წუთიანი ოვაცია მოჰყვა. 

 

შენი სახელით მომმართე, 2017 (Call Me By Your Name)

სამი ოქროს გლობუსის, ორი BAFTA-ს და ოთხი ოსკარის ნომინანტმა (მათ შორის – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო მსახიობი) ფილმმა -“შენი სახელით მომმართე” ტიმოთი შალამე გლობალურ სენსაციად აქცია. ანდრე ასიმანის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებულ ფილმში შალამე მოზარდი ელიოს, ხოლო არმი ჰამერი ამერიკელი სტუდენტის როლს ასრულებს, რომელიც ელიოს ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში დროებით რჩება. ორი მამაკაცის ურთიერთობას ანტაგონისტური დასაწყისი აქვს, რომელიც შემდეგ მგზნებარე სასიყვარულო რომანში იზრდება. რეჟისორი ლუკა გუადანინო ელიოს ახლად აღმოჩენილ სექსუალობას, პირველი სიყვარულის გამოცდილებასა და გულისტკივილს მსახიობის გულწრფელი პერფორმანსით წიგნის ფურცლებიდან ეკრანზე იდეალურად გადმოსცემს. 

და ჩვენ ვიცეკვეთ, 2019

2019 წლის კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ჰიტი, მისი ქვიარ შინაარსიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ულტრა კონსერვატორულ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და გახმაურებულ ფილმად იქცა. მეტიც, ფილმის პრემიერას კინოთეატრ “ამირანში”  არაერთი საპროტესტო აქციაც კი მოჰყვა. ქართველ-შვედი რეჟისორის, ლევან აკინის სენსაცია 2019 წლის კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბი, ტრადიციული ქართული ცეკვის ანსამბლის წევრია, რომელსაც ახალი მოსწავლე, ირაკლი შეუყვარდება. ქართული ცეკვის მასკულინურ დისციპლინაში “სისუსტე” და “სექსი” თავისთავად არ მოიაზრება, შესაბამისად, ქართული ცეკვისა და მამაკაცებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის კავშირი ქართველი ჰომოფობიური საზოგადოებისთვის ნამდვილი სახეში შემოლაწუნება იყო. “და ჩვენ ვიცეკვეთ” ლუკა გუადანინოს “შენი სახელით მომმართეს” ელემენტებს მოიცავს, თუმცა იტალიური ვილა მერაბის სამყაროსგან ძალიან შორს არის. ლევან გელბახიანი, რომელსაც ამ  ფილმამდე სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონია, მისი მგრძნობიარე და ავთენტური პერფორმანსით სიცოცხლით ავსებს ეკრანს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.