fbpx

125, 126, 127, 128 – ანუ გვერდები, რომელიც ყურადღებით უნდა წამეკითხა


გააზიარე სტატია

 

თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, ეკა ქადაგიშვილის, ჩემი მეგობრის, თანამებრძოლის და ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტის ნაჩუქარი წიგნი გადავშალე და კითხვას შევუდექი. მარია რესას “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”. მარია რესა ფილიპინელი ჟურნალისტია, ნობელის პრემიის მფლობელი და ფილიპინებზე დიდი ცვლილებებისა და ძვრების გამომწვევი მებრძოლი ქალი.

თავისი წიგნის პირველივე გვერდებზე წერს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიომ ყურადღება ფილიპინებისკენ მიაპყროს. ძალიან ჰგავს ჩვენი ისტორია ფილიპინების ისტორიას და საერთოდ ქვეყნები, სადაც ადამიანებს ბრძოლა უწევთ დიქტატურასთან, სიღარიბესთან და სხვა ამგვარ სიმახინჯეებთან, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

ეკამ წარწერა დამიტოვა წიგნზე, განსაკუთრებული ყურადღებით რამდენიმე გვერდის წაკითხვას მთხოვდა. ცხადია, ვერ მოვითმინე და გადავახტი გვერდებს და მითითებული გვერდების კითხვას შევუდექი.

თუ ეს წიგნი ხელში ჩაგივარდებათ, ეს გვერდებია: 125, 126,127,128.

“ყველა სიძნელის მიუხედავად” – ამ სიტყვებით იწყება 125-ე გვერდი. მარია რესა გვიყვება, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, საოცარი შეგრძნება იყო ემართათ ყველაზე დიდი საინფორმაციო კამპანია და რომ ამ რთულმა წლებმა დაანახა, რამხელა ძალა აქვს ჟურნალისტიკას საზოგადოების ტრანსფორმაციასა და დემოკრატიის გაძლიერებაში. ეს გვერდები ეკამ მიმითითა, ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენს ხელში დიდი საინფორმაციო იარაღია მედიის სახით და რომ ამ წლების განმავლობაში არ დაგვიშურებია ძალა და ენერგია ადამიანებისთვის მიგვეცა პლატფორმა, საიდანაც გაისმებოდა მათი ხმა, როგორც სახელმწიფოსგან დევნილის, როგორც სახელმწიფოსგან დაჩაგრულის, ადამიანების ხმა, რომელიც არ ისმოდა, არ ისმოდა ისე მკაფიოდ და გარკვევით, როგორც ამას ისინი იმსახურებდნენ.

ბრძოლა არ დაგვიწყია გუშინ, ბრძოლა დავიწყეთ ბევრი წლის წინ, როცა მუვმენთიშევქმენით, მარტოებმა, ჩვენი ხელით, თავით და გულით. სივრცე, რომელიც მალევე გახდა სანდო მაყურებლისთვის და მიუწვდომელი მათთვის, ვისი ხმაც სამთავრობო მედიებიდან ისმოდა.

მახსოვს, ერთ-ერთ ახალ წელს ჩვენს დამკვეთებს, ინფლუენსერებს და მუვმენთის მაყურებელს ჩანთები გავუგზავნეთ წარწერით: “თავისუფლება ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას”.  ეს ჩანთები ამ მესიჯით მივიდა დიდი კომპანიების დირექტორებთან, მარკეტინგის ხელმძღვანელებთან, ინფლუენსერებთან, რომელთა ნაწილი ხშირად დუმს. მაშინ ისეთი დრო იყო, საჩუქარს რომ გამოგიგზავნიდნენ, უნდა დაგედო შენს გვერდზე, სთორიში ან ფეისბუქის კედელზე, ვიღაცებმა თავი შეიკავეს, თუმცა უმრავლესობამ დადო და ასე მოედო ვირუსივით დაჩაგრულთა ხმა ელიტურ ბაბლებს.

ვთხოვეთ თამრას (თამუნა ქარუმიძეს), რომ გაეკეთებინა დიზაინი, რადგან ზუსტად ამ პერიოდში თამრას ტანსაცმელი მოსწონდათ და ყიდულობდნენ თინეიჯერები. გარდა იმისა, რომ თამუნა ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლია, იდეა ის იყო, რომ თინეიჯერების ყურადღებაც მიგვექცია, ძალიან უხეშად ვიტყვი, მაგრამ თითქოს გვინდოდა, მოდაში შემოგვეტანა დაჩაგრულის დაცვა და მოდიდან გაგვეყვანა დუმილი, გამაყრუებელი დუმილი.

იმ დროს ეს გამოგვივიდა. გვწერდა უამრავი ახალგაზრდა და გვთხოვდნენ ჩანთებს – წარწერით “თავისუფლება ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას”, კარტოგრაფებს, რომლებსაც სახელმწიფო მიწების გასხვისებაში, სახელმწიფო ღალატში დებდნენ ბრალს.

მანამდე იყო ზაზა სარალიძე, კახა კალაძის ბიუროს საახალწლოდ განათებული თბილისის თავზე დრონი ავაფრინეთ და ამ კადრებს ზაზა სარალიძის ხმა დავურთეთ, სადაც შვილმკვდარი მამა იხსენებს, როგორ ატარებდა ახალ წელს თავის შვილთანერთად, მამამ, რომელმაც იშიმშილა კიდეც, რომ საკუთარი შვილის მკვლელები დასჯილიყვნენ.

შემდეგ იყვნენ ეროვნული მუზეუმიდან უმიზეზოდ გათავისუფლებული მეცნიერები, მათ შორის ადამიანები, ვინც ვანის გათხრებში მიიღო მონაწილეობა და იპოვა არტეფაქტები, რომლებიც მსოფლიოს აუწყებს, რომ საქართველო უძველესი ევროპული ცივილიზაციის ქვეყანაა.

და სამწუხაროდ, კიდევ რამდენი რამ…

ჩვენი საქმიანობის გამო, ჩემი ოჯახის წევრების დასჯა, მუდმივ შიშსა და სიფრთხილეს შორის ფეხაკრეფით სიარული.

ბევრი რამ იყო ამ წლების განმავლობაში, ბევრ ადამიანს დავუმაგრეთ მიკროფონი გულზე, ბევრმა ადამიანმა შემოიხედა და წარადგინა საკუთარი თავი ჩვენს ობიექტივში.ინტერვიუს შემდეგ პატარა პაუზა იყო და მერე  ეტყოდა ეკა რესპონდენტს, ახლა კამერაში იყურეთ და წარადგინეთ საკუთარი თავი და ამბობდნენ:

“მე ვარ ზაზა სარალიძე, მოკლული დავით სარალიძის მამა”,

ან

“მე ვარ გია ყანჩელი, ვარ თუ არა კომპოზიტორი, ეს 50 წლის მერე გაირკვევა”,

ან

“მე ვარ მარიამ გოგიცაშვილი და ვარ 8 წლის და ვცხოვრობ სოფელ ავლევში” (საზღვრისპირა სოფელი),

ან

“მე ვარ მაკო გომური და ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ 20 ივნისი არ მომხდარა”…

 

რაც არ უნდა რთული წარმოსადგენი იყოს ვიღაცებისთვის, ამ ყველაფრის კეთებისთვის ჩვენთვის არასდროს არავის არაფერი გადაუხდია. ზუსტად ეს არის, რაც ამ მთავრობამ ადამიანებს წაართვა, რწმენა, სიმართლისთვის ბრძოლის სურვილი, რთული, მაგრამ ძალიან დიდი სულიერი ჯილდოს მომტანი. ამის გარეშე ცხოვრებას რა აზრი აქვს. ჩვენთვის არ აქვს აზრი ამის გარეშე ცხოვრებას.

 

მარია რესა წერს:

“ნება მიბოძეთ, გითხრათ, რატომ არის აუცილებელი, მსოფლიომ მიაქციოს ყურადღება იმ მოვლენებს, რომლებიც ფილიპინებზე ვითარდება. 2021 წელს ექვსი წელი შესრულდა, რაც ფილიპინელები მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტ დროს ატარებენ სოციალურქსელებში”. 

 

ახლა კი ნება მიბოძეთ, მე გითხრათ, რატომ უნდა მიაქციოს საქართველოს ყველა მოქალაქემ ყურადღება ქვეყანაში განვითარებულ ამბებს, არ დაიჯეროს დეზინფორმაცია და ყველაფერი გულდასმით გადაამოწმოს, სანამ დაიჯერებს:

$4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) – ეს არის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-ისგან 28 წლის განმავლობაში მიიღო. CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.

ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენს.

 



ევროკავშირის დახმარების უმსხვილესი 10 ბენეფიციარია შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტები:

  • 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები
  • 101,4 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო
  • 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო
  • 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის

სამინისტრო და სააგენტოები

  • 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და

სააგენტოები

  • 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
  • 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის

სამინისტრო

  • 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია

მე-11 ადგილზეა საქართველოს პარლამენტი, 4.8 მილიონი ევრო.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ევროკავშირის 46,1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:

  • ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა – 8.6 მილიონი ევრო
  • დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია – 8 მილიონი ევრო
  • ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება – 7.9 მილიონი ევრო
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა – 4.9 მილიონი ევრო
  • კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები – 4.6 მილიონი ევრო
  • ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის – 4 მილიონი ევრო
  • დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება – 3.9 მილიონი ევრო
  • გარემოს დაცვა და კლიმატი – 2 მილიონი ევრო
  • საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა – 1,2 მილიონი ევრო
  • იურიდიული და სასამართლო სისტემა – 1 მილიონი ევრო

წყარო: რადიო თავისუფლება, ნეტგაზეთი


 

და ამ დროს, გვეტყვიან, რომ ევროკავშირი და ამერიკა ჩვენი მეგობრები არ არიან, ჩვენი მეგობარი – რუსეთია, რომელსაც მშვიდობა სურს ქვეყანაში, რომლის 20% დღემდე ოკუპირებული აქვს, საზღვარს ყოველდღე მოაჩოჩებს ქვეყნის მთავარი მაგისტრალისკენ და იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს.

ჟურნალისტურ, მოქალაქეობრივ თუ აქტივისტურ გზაზე ვიღაც გეტყვის, დამშვიდდიო, რატომ ლაპარაკობ ხმამაღლაო, მეზობელი არ მოგესალმება და მეზობლის ცოლი თავის დაქალებთან გიჟად შეგრაცხავს, მაგრამ აი, მე რას გეტყვით ასეთებს: ჩვენ კი ნუ გვამშვიდებთ, თქვენ რატომ არ გიჟდებით?!

დღევანდელ სამყაროში, სადაც მოქალაქე-ჟურნალისტი არსებობს, ყველას ხელთ აქვს ინფორმაციის გავრცელების საშუალება, ეს უნდა გამოიყენოთ, თუ ამ საქმეს ახლა იწყებთ, იცოდეთ, რომ არავის მიაქციოთ ყურადღება. სიმართლის გზაზე ბევრი გადაგეღობებათ, არაფერია ამაში ახალი. ბევრი გეტყვით, რომ არ გამოგივათ, რომ სიგიჟეა დაიჯერო იდეა, მაგრამ იცოდეთ, რომ სამყაროს იდეალისტები ქმნიან. ამ გზაზე შეიძლება შეგცივდეთ, მოგწყურდეთ და ხანდახან მოგშივდეთ, გეწყინოთ და იტიროთ, მარტოობა იგრძნოთ, ხანდახან გაგეცინოთ და ისევ უფრო მეტი სირთულე შეგხვდეთ, რადგან ჩვენი საზოგადოების ელიტურ-საბჭოური წრეები, რომლებთანაც თანაცხოვრება გვიწევს, შემგუებელია, სადაც თბილა, იქ უნდათ, სხვანაირად იქნებ არც მათ იციან? არც მათ ასწავლეს? ან იქნებ მხოლოდ ეს ასწავლეს?

ამიტომ რთულია, ასეთ გარემოში დაიჯერო იდეის,  ასეთ დროს კი არსებობს ფაქტები და როგორც მარია რესა წერს, ფაქტები, ფაქტები და კიდევ ფაქტები არის ჩვენნაირი ქვეყნების მხსნელი, სადაც დეზინფორმაციამ ყველაფერი წალეკა.

ხანდახან როდესაც დიდი ხნით მოგიწევთ იმ ადამიანების მოსმენა და ყურება, რომლებიც თქვენს მოტივაციას, იდეას და შემართებას ერთი ნათქვამი სიტყვით წყალში გადაგიყრიან, გარეთ გადით, ცაში აიხედეთ და უთხარით საკუთარ თავს, რომ სამყარო გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ვიწრო დიალოგები, კომენტარები და აზროვნება, სამყარო გაცილებით მშვენიერი და ლამაზია, ვიდრე ქართული ოცნების ბანერები, სამყარო გაცილებით საინტერესო და გულუხვია, ვიდრე ერთპარტიული მიზნები და დატოვეთ ეს ადამიანები ერთმანეთთან, თქვენი ადგილი მათ შორის არ არის.

კი, 26 ოქტომბერს მრავალწლიანი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და გამოიღებს იმიტომ, რომ სამყარო იდეალისტებისაა და ყველა იდეალისტი არჩევნებზე წავა, ყველა, ვინც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთაა, ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა და შანსი აქვს! მჯერა ისე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ ამ არჩევნებზე ერთმანეთს დავინახავთ და ვიტყვით 27 ოქტომბრის დილას:

“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“ და დავბრუნდებით სახლში, რომელსაც ყოველთვის მივეკუთვნებოდით. სად მივდივართ ევროპაში!

პ.ს. ამ წერილის ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იბრძოდა, ვინც არ დანებებულა, ვინც არ გატყდა, ვინც ჩანდა და არ ჩანდა, და ყველას, ვისაც ჯერ იმედი არ დაუკარგავს! 

 

გაიმარჯვე საქართველო!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.