fbpx

მცდარი სტრატეგია


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთა ლიგის ტურნირზე პრაქტიკულად უკვე მხოლოდ საქართველოს ნაკრები არსებობს და ეს ბუნებრივიცაა იმ ასპარეზობის ხარისხიდან გამომდინარე, რომელსაც ოქტომბრის შეხვედრებამდე გუნდი თანდათანობით აუმჯობესებდა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი ფლეიოფის მატჩებიდან დაწყებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნები სულ უფრო მატულობს ფეხბურთელთა მიმართ და ისინიც გრძნობენ რა ამგვარ დამოკიდებულებას, საკმაოდ ძლიერ ზეწოლას განიცდიან, რაც როგორც უკრაინასთან, ისე ალბანეთთან შეხვედრაზე აისახა.

მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ სამი თამაშის მოგება მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებმა შეძლო და იქ, სადაც ინგლისის ნაკრები შინ საბერძნეთთან მარცხდება, ალბათ უნდა შევეგუოთ ალბათობის ფაქტორსაც, რომელიც საქართველოს ნაკრების კატეგორიის გუნდს, პრაქტიკულად ართმევდა ზედიზედ მესამე მატჩის მოგების შესაძლებლობას.  

თუმცა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მატჩის ბოლოს ზურიკო დავითაშვილის გოლის დაფიქსირებას ორიოდე სანტიმეტრი დააკლდა. ანგარიშის გათანაბრების შემთხვევაში კი არავინ იცის, რა მოხდებოდა შემდეგ.

უკრაინელებთან ერთადერთი ბურთი ჩვენებმა მატჩის 35-ე წუთზე გაუშვეს, იქამდე კი იყო პოზნანის სტადიონზე შუქის ჩაქრობის ეპიზოდი, რომელიც დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. 

ამ ეპიზოდთან ერთად მინდვრის საფარის სამარცხვინო მდგომარეობამ კი პოლონეთი უფრო საბჭოთა კავშირის ძველ მოკავშირეთა ბლოკის და არა ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნად დაგვანახვა.

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ პოლონეთის რვაგზის ჩემპიონის და ხუთგზის თასის მფლობელი გუნდის სტადიონი ალბათ მეტი პატივისცემით და არა მსგავსი უპასუხისმგებლობით უნდა დახვედროდა უეფას პარტნიორი ქვეყნების ნაკრებებს.

თვით პოლონეთის ნაკრები, ასევე შინ, პორტუგალიასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა. დამაჯერებელ მოგებაში საკუთარი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმაც გაიღო, რომელმაც მგლის ალღოთი ძელიდან ასხლეტილი ბურთი ერთი შეხებით  პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა.

სახალისოდ განვითარდა მოვლენები ხორვატიის და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრაში, რომელიც ხორვატებს თითქოს უწყინრად უნდა მიეყვანათ ანგარიშით 2:1 მოგებამდე.

მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე პერიშიჩის ნაცვლად მასპინძლებმა იაკიჩის შემოყვანით დაცვა „გააძლიერეს“. ამ უკანასკნელმა კი საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, ბურთი პირველივე შეხებით საკუთარ კარში ჩაჭრა.

ხორვატებისთვის საბედნიეროდ, ამ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, თორემ ევროპის ჩემპიონატზე იტალიასთან და ალბანეთთან ბოლო დარტყმებით გოლების გაშვების შემდეგ, მესამე ანალოგიური ეპიზოდი „ჟირონას“ მიერ ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გაშვებულ ხუთ ავტოგოლს დაემსგავსებოდა. 

ბელგიასთან მატჩში უკვე 24-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით დაწინაურების შემდეგ, თითქოს ახლოს იყო ზედიზედ მესამე მატჩის მოგებასთან იტალიის ნაკრები, მაგრამ მოედანზე „უსაქმოდ დარჩენილი“ „სკუადრა აძურა“ არაერთხელ დასჯილა მსგავს ეპიზოდებში.

მალე სპალეტის გუნდის ხერხემალი – პელეგრინი გააძევეს მოედნიდან და ბელგიელებმა ერთი ბურთის გაქვითვა უკვე შესვენებამდე შეძლეს. მეორე ტაიმში კი მათ ანგარიში გაათანაბრეს და ხელი შეუწყვეს ჯგუფში სიტუაციის დაძაბვას, რადგან იტალიელები ფრანგებს სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ.

იტალიელთაგან განსხვავებით ორბურთიანი სხვაობა ხელიდან არ გაუშვა გერმანიის ნაკრებმა, რომელმაც გასვლაზე ანგარიშით 2:1 სძლია ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს. მეორე შეხვედრაში ნიდერლანდების ანგარიშით 1:0 დამარცხებით კი გერმანელებმა პრაქტიკულად გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი.

უაღრესად მოსაწყენი დაპირისპირების გმირად ჯეიმი ლეველინგი იქცა. „შტუტგარტის“ შემტევმა ნახევარმცველმა ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო მატჩის პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, რომელიც მსაჯმა, VAR-ის ჩარევის შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

მაგრამ ლეველინგმა მიზანს მეორე ტაიმში მაინც მიაღწია, როდესაც საშუალო დისტანციიდან შესანიშნავი დარტყმა განახორციელა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. 

დანიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ საკუთარ ჯგუფში ლიდერის პოზიცია ესპანეთმაც დაიკავა.

ერთადერთი გოლი ევროპის და ერთალიგის მოქმედ ჩემპიონთა შორის „სოსიედადის“ ნახევარმცველ მარტინ სუბიმენდის ანგარიშზეა. 

მან თანაგუნდელთა მიერ ბურთის ხანგრძლივი და მეტოქისათვის მომქანცველი გათამაშების შედეგად, კასპერ შმაიხელს წამიერი დაბნევა და უყურადღებობა შეატყო, შორიდან მოულოდნელად დაურტყა და ისეთი ბურთი გაუტანა, რომელიც დანიელთა გამოცდილ მეკარეს ალბათ დიდხანს მოსვენების საშუალებას არ მისცემს…

ჩვენ კი ალბანეთთან წაგება, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში გვემახსოვრება, რადგან გულშემატკივრებისთვის მატჩი ჯერ კიდევ დაწყებამდე გამოცანად იქცა გუნდის ტაქტიკური სქემის აშკარა უცნაურობიდან გამომდინარე.

ქოჩორაშვილის არყოფნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ექსპერიმენტების საფუძვლად მიიჩნია. მან მოხსნა მესამე ცენტრალური მცველი და მოედანზე ერთბაშად სამი ფორვარდი – დავითაშვილი, მიქაუტაძე და ზივზივაძე შეუშვა.

ასეთი სათამაშო სტრატეგიიდან გამომდინარე, სატურნირო ცხრილში ჩაუხედავი ადამიანი იფიქრებდა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ალბანეთთან დაპირისპირება სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო.

სინამდვილეში კი, წაგების შემთხვევაში, ალბანელებს გადაეწურებოდათ და არა ჩვენ ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვების ყოველგვარი შანსი. 

ამიტომ გაკვირვებას იწვევს საქართველოს ნაკრების განსაკუთრებულად შემტევი შემადგენლობა. 

ბუნებრივია, რომ ჩვენი ფეხბურთელების განახლებულ წყობას ერთგვარი დაბნეულობა უნდა შეეტანა მეტოქის საპასუხო ქმედებებში, რომლისთვისაც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო ჩვენი თავდამსხმელების უკან დახევასთან თუ ერთიმეორის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები.

მაგრამ, როგორც ჩანს, პირველი ტაიმის შემდეგ ალბანელთა ბრაზილიელმა მწვრთნელმა სილვინიომ მარტივად შეაფასა საქართველოს ნაკრების სუსტი მხარეები და ის სიცარიელეები, ხაზებს შორის რომ შეინიშნებოდა წინ ზედმეტი ფეხბურთელების გამო…

სამწუხაროდ თავდამსხმელთა რაოდენობა ხარისხში ვერ გარდაისახა და გოლის გატანის შემდეგ სტუმრებს ანგარიშის გაზრდის კიდევ სამი რეალური შესაძლებლობა მიეცათ, რასაც ჩვენებმა უდიდესი ძალისხმევის ფასად, ერთადერთი საგოლე ეპიზოდით უპასუხეს.

საბოლოოდ კი სექტემბრის შესანიშნავი სტარტის შემდეგ, ოქტომბერში ნაკრებმა ორი მატჩი გატანილი ბურთის გარეშე დათმო. 

ჩვენი გუნდის შემტევი სტრატეგია მცდარი რომ იყო, მოგვიანებით ჩატარებული უკრაინა – ჩეხეთის მატჩის ფრედ დასრულებამაც ცხადყო, რადგან თუკი საქართველოს ნაკრებიც ქულას მოიპოვებდა, ის ჯგუფში პირველ ადგილს შეინარჩუნებდა და ბევრად უკეთეს მდგომარეობაში შეხვდებოდა ნოემბრის გადამწყვეტ მატჩებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.