fbpx

ოსკარ უაილდი – ოღონდ უზომოდ


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ფიოდორ დოსტოევსკის თხზულებების კრებულს თომას მანმა წინასიტყვაობა გაუკეთა და ის ასე დაასათაურა, – „დოსტოევსკი, ოღონდ ზომიერად“. გერმანელი კლასიკოსი, რუსი მწერლის შემოქმედებაზე დაყრდნობით, ზომიერებაში ბევრ რამეს გულისხმობდა, მაგრამ ყველაზე კარგად ესსეს არსი მერეჟოვსკის სიტყვებშია ასახული: „გაშინებს მისი ყოვლისმცოდნეობის, სხვის სინდისში წვდომის უნარი. ჩვენ მასთან ჩვენსავე იდუმალ ზრახვებს ვხვდებით, რომელსაც არათუ მეგობარს, საკუთარ თავსაც არ ვუმხელთ ხოლმე.“ მკვლევრის ეს სიტყვები მიაჩნდა თომას მანს დოსტოევსკის შემოქმედების მთავარ გასაღებად, ჩვენც ეს ყოველივე შეგვიძლია ოსკარ უაილდზე სასაუბროდ წავიმძღვაროთ წინ.

ოსკარ უაილდი XIX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე უდაოდ გამორჩეული ფიგურაა. ერთ მხარესაა განსაცვიფრებელი თხრობის ხერხები და თვალუწვდენელი სიღრმე, ხოლო მეორე მხარეს პირადი ტრაგედია, – ეს ორი კი ირლანდიელი გენიოსის შემოქმედებაში გადაიხლართა და, ალბათ, ამიტომაცაა ყველა დროის საუკეთესო.

1854 წლის 16 ოქტომბერს დუბლინში, შეძლებულ ოჯახში, ოსკარ უაილდი დაიბადა. როგორც ამბობენ, ბავშვობიდანვე შემეცნების სიყვარულით იყო დაჯილდოებულიო, ხელოვნებასა დალიტერატურაზე გიჟდებოდაო, მერე ეს ინტერესი უნივერსიტეტის ნიშნებშიც ასახულა. ოსკარ უაილდს სწამდა, რომ ხელოვნება მორალისა და სოციალური მესიჯებისგან დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს და სწორედ ამ აზრში ხედავდა ლიტერატურის მთავარ დანიშნულებასაც, – ჩასწვდომოდა ადამიანს ყველაზე ღრმა შრეს, – სინდისს. მხოლოდ ერთი რომანი დაწერა – „დორიან გრეის პორტრეტი“, და გადაწყვიტა ესთეტიკა გამოეკვლია, მორალზე დაეწერა, სილამაზეზე, მშვენიერებაზე, სიყვარულსა და სხვაზე, ოღონდ ახალგაზრდა კაცის პერსპექტივიდან, მარადიული ახალგაზრდობის სურვილის ტყვეობაში რომ არის. ამ რომანზე ლაპარაკი ამოუწურავია, საერთოდ მწერალია ეგეთი, შეიძლება, არც ისე ბევრი ნაწარმოებით, მაგრამ მაინც უსასრულო და უძირო. ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, პიესებში უფრო ჩანს მისი გენიალურობაო და „სალომეს“, „იდეალურ ქმარს“ და სხვებს იშვეილებენ ამ აზრის დასტურად. პიესებიც ძალიან დიდ სივრცეს ქმნიდნენ, საზოგადოებრივ ნორმებს აკრიტიკებდნენ, ქორწინების ფენომენსა და იდენტობას განიხილავდნენ, თითქოს მაგიდას შემომსხდარი ადამიანები ყოფილიყვნენ განსხვავებული და ღრმა მოსაზრებებით.

The Picture of Dorian Gray eBook by Oscar Wilde | Official Publisher Page | Simon & Schuster India

1884 წელს უაილდმა კონსტანს ლოიდთან იქორწინა, ორი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ეს ქორწინებები და სასიყვარულო ურთიერთობები მწერლის კიდევ სხვა მხარეა, ბნელითმოცული, მისტიკური და საიდუმლოებებით სავსე, ინგლისში ჰომოსექსუალებს სჯიდნენ, უაილდმა აღიარა მისი სიყვარული ლორდ ალფრედ დუგლასისადმი და, თითქოს, საკუთარ თავს გამოუტანა ამით განაჩენიო. ამას მოჰყვა დიდი ზიზღი მწერლის მიმართ. ალფრედ დუგლასის მამამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ მწერალი დაეპატიმრებინათ. 1895 წელს სასამართლომ თქვა: „მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, უხამსობისთვის.“ ალბათ, ყველაზე მწარე და ცინიკური დღე იყო მის ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება მშვენიერებასა და სილამაზეს უმღეროდა და სიყვარულის ბრალდებით რედინგის მკაცრი რეჟიმის საპატიმროში აღმოჩნდა. იქიდან წერილი გამოგზავნა „DE PROFUNDIS”, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულ ენაზე.  ეს აღსარება წერილია ალფრედ დუგლასისადმი, წერილი, რომელიც ღმერთის, ხელოვნების, ადამიანის იდეიდან დაწყებული, ყველა იმ ემოციას ეხება, რაც კი ოდესმე რომელიმე ცოცხალ არსებას განუცდია. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ცუდად მოექცნენ, ერთხელაც არ უსაყვედურია დუგლასისა და მისი მამისთვის, – ეს საყვედური არ იყო, ეს მოვლენების მთელი იმ ქრონიკის ასახვა გახლდათ, რომელიც მათ დაატრიალეს. ოსკარ უაილდმა თავისი, მიკერძოებისგან დაცლილი სასამართლო შექმნა ამ წერილით და გაიმარჯვა კიდეც. როცა ვკითხულობდი, თავს ვატყობდი, რომ ხშირად ვბრაზდებოდი ავტორზე, რადგან წარმოუდგენელი იყო, როგორ არ სტოვებდა ემპათია, როგორ არ უშვებდა გულში ზიზღს, ყოველივე ამის შემდეგაც კი…

C:\Users\User\AppData\Local\Microsoft\Windows\INetCache\Content.MSO\F455EF5A.tmp

მისი ნაწარმოებები, მსოფლიოში ასეთი პოპულარობით რომ სარგებლობს, ხშირად ახალ თვისებათა აღმოჩენებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები მგონია. თითქოს, ინსტრუქციააო სწორად ცხოვრების, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და ასე უსასრულოდ. შემიმჩნევია, და ძალიანაც ლოგიკურია, მისი შემოქმედება იცვლებოდა ცხოვრების შესაბამისად. 1897 წელს, როცა საპყრობილე დატოვა, მწერალი ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში წერა განაგრძო, რამდენიმე ლექსი და ბალადა შექმნა, პატიმრების ტანჯვას გამოეხმაურა, სასამართლო სისტემა გააკრიტიკა… მერე ჯანმრთელობა გაუუარესდა, პატიმრობამ დიდი დაღი დაასვა. სიკვდილის მიზეზიც ეს იყო…

1900 წლის 30 ნოემბერს, პარიზში, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ თან დარჩა, –  მარადიულობას შეუერთდა. ასეთი ფრაზები ხშირად ბანალურად ისმის, მაგრამ მის შემთხვევაში ნამდვილად ასე იყო. მწერალი, რომელმაც არაერთ სხვა ავტორსა თუ მკითხველზე დატოვა უდიდესი კვალი, მწერალი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა უსამართლობასთან ბრძოლას, სიცოცხლე შესწირა იდეას, მუდამ უფრო და უფრო დიდი ინტერესით იკითხება. ეს ბევრი რამის დამსახურებაა, მაგრამ, ალბათ, პირველ რიგში იმისა, რომ ზუსტად გამოიცნო რაზე უნდა დაეწერა, – შეუძლებელია მის შემოქმედებასა თუ ცხოვრებაში გაელვებულ ურთულეს ასპექტებს კაცობრიობამ ოდესმე გვერდი აუაროს. ამიტომ დარჩება ის, როგორც ყველა დროის საუკეთესო.

ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მისი ცხოვრება იყო ტრაგედიის, ირონიის, ბრწყინვალების, აღმასვლისა და დაცემის შერწყმა. მისი ცხოვრება ადამიანის არსებობის სირთულის ასახვა, მან დაამტკიცა ხელოვნების ძალის მნიშვნელობა, დაამტკიცა ადამიანის უდიდესი გავლენა სამყაროზე და შეძლო, მიეთითებინა თითოეული ჩვენგანისთვის საკუთარი ნამდვილი მეს შეცნობისაკენ.

აი, ასეთი მნიშვნელოვანი ავტორია ის, ასეთი მარადიულია მისი ყველა ფრაზა. ამიტომ არ შეიძლება მასთან სიტყვა „ზომიერის“ გამოყენება, ამიტომ უნდა ვიკითხოთ ის უზომოდ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.