fbpx

ეკა გაგუა – სათქმელი ძალიან ბევრია: DW Akademie-ს პროექტი ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა გაგუა

სათქმელი ძალიან ბევრია

ეკას ბლოგი

ძნელი ყოფილა 3 წლის შემდეგ „კალამთან“ დაბრუნება. ემოციების გარეშე წერა არასოდეს გამომდიოდა. ტელევიზიაში მუშაობის დროსაც  სიუჟეტის ტექსტს გადაღებიდან დაბრუნებული სასწრაფოდ ვწერდი, სანამ ეს ემოცია ცოცხალი იყო. საქართველოდან წამოსვლის შემდეგაც ბევრი ემოცია იყო, თუმცა რუტინული, გულს მიღმა... 

ამ სამი წლის განმავლობაში წერის სურვილი მხოლოდ ერთხელ გამიჩნდა, ჩემი შვილის ხელა ბავშვები თბილისი ქუჩებში საპროტესტოდ გამოსულები რომ დავინახე. განათლებულები, მიზანმიმართულები, ერთიანები და რაც მთავარია, თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულები. მინდოდა იმხელა ხმაზე მეყვირა, რომ ჩემი ხმა „აქედან“ „მანდ“ გაეგოთ. მაგრამ გულში ვყვიროდი. წერითაც სათქმელს მხოლოდ ჩემთვის ვწერდი. ხმამაღლა თქმის შემრცხვა. შემრცხვა, რომ ჩემს გასაკეთებელს ჩემი შვილები აკეთებდნენ. ასეთი სიამაყის გრძნობა 9 აპრილის შემდეგ არ მქონია. მთელი ცხოვრება ზუსტად ამას ველოდი, ამისთვის ვიბრძოდი და როდესაც ეს გაერთიანების და გამოღვიძების დრო დადგა, შორიდან ვუყურებდი. ეს ქართული პოლიციის მიერ მოქნეულ ხელჯოხზე უფრო მტკივნეულია და თვალებსაც ცრემლსადენ აირზე მეტად წვავს

ბევრი ვიფიქრე, რა დამეწერა დღეს... არა იმიტომ, რომ სათქმელი არაა, სათქმელი ძალიან ბევრია. მეც ბევრს დავწერდი პოზიტივზეც და ცუდზეც. რომ ვფიქრობ, სამწუხაროდ, ცუდი უფრო ბევრია. მაგალითად, ქართულ ოპოზიციაზებავშვებმა რომ ბრძოლის ველი მოუსუფთავეს, მათი გასაკეთებელი გააკეთეს, მსოფლიო აალაპარაკეს და მათგან მხოლოდ ერთიანობას ითხოვდნენესეც კი ვერ შეძლეს; ქვეყანა რომ ისევ ერთ კაცზე ჩამოკიდებული, რუსული ორიენტაციის ხელისუფლების დღის წესრიგით აგრძელებს ცხოვრებას

თუმცა დღეს სხვა ამბავზე მინდა დავწერო. იმაზე, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპაში ხდება

იმ დღეებში, როდესაც საქართველოს რუსული მთავრობა რუსულ კანონს ამტკიცებდა და ჩვენი შვილები ხელებაწეულები იდგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელების წინაშე, ყველაზე დიდი სურვილი მქონდა ქუჩაში გავვარდნილიყავი და თუნდაც შორიდან მადლობა მეთქვა მათთვის. აქციაც დაიგეგმა. სოციალურ ქსელში ჯგუფიც შეიქმნა და სწორედ ამ ჯგუფმა გადაასხა ცივი წყალი ყველა ემოციას და ყველა წამოწყებას. ქართული ოპოზიციისა არ იყოს, მთავარი განსახილველი საკითხი ის გახდა, ვინ იქნებოდა აქციაზე და ვინ ვის გვერდით დადგებოდა. თუმცა ყველაზე მთავარი და ჩემთვის გამაოგნებელი აქ მცხოვრები ქართველების პოზიცია იყო თვითონ ამ კანონთან და აშკარა რუსულოლიგარქიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია ევროპაში ცხოვრობენ, რომლებიც ყველა იმ სიკეთით სარგებლობენ, რასაც ცივილიზებული სამყარო აძლევს, მაინც რუსეთს მისტირიან. ევროპას ლანძღავენ, მმართველ პარტიას აქებენ. სულ ვფიქრობ, ნეტა პარიზის ნაცვლად ტაგანროგში რომ გადაასახლო, როგორ ხასიათზე დადგებიან. ევროპას უწუნებენ კანონებს, უწუნებენ დამოკიდებულებას, უწუნებენ წესებსა და ხასიათს. და მაინც გასროლილი თოფივით ეშინიათ, უკან არ დააბრუნონ, საქართველოში. არ ეთმობათ ეს „საშინელი“, „საზიზღარი“ ევროპა, რომელმაც მე პირადად მიმიღო, მომცა სახლი, მომცა სამსახური, დამეხმარა ფეხზე დადგომაში, მაქვს უფასო სამედიცინო მომსახურება, და რაც მთავარია, ჩემს შვილს აძლევს განათლებას. ლიცეუმში მისთვის ცალკე პროგრამა შექმნეს, სწავლის დაწყების დღიდან ინდივიდუალური გაკვეთილები დაუნიშნეს, რომ თანაკლასელებს არ ჩამორჩენოდა. მალე სამი  წელი გახდება, რაც აქ ვართ. დღეს ჩემი შვილი უკვე სტუდენტია. სამი უნივერსიტეტიდან მოუვიდა მოწვევა. მისცეს ცალკე ბინა. სწავლაში რომ ხელი არ შეეშალოს, ფულს უხდიან.

საქმისადმი და სწავლისადმი მიდგომაზე მინდა რამდენიმე სიტყვის დაწერაც. როდესაც ჩემი შვილის საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა, თითქმის მაშინვე რამდენიმე მასწავლებელმა დაურეკა და უბრალოდ მათი ემოციები უნდა გენახათ... დარწმუნებული ვარ, ყველა მოსწავლეს ასე, ინდივიდუალური მიდგომით ეპყრობიან, პიროვნებებს ზრდიან და არა ნაცრისფერ მასას. მოკლედ, რას გვიშვრება ეს „საშინელი“, „საზიზღარი“ ევროპა

ამ ყბადაღებულ ტრადიციებზე და ოჯახის პატივისცემაზეც მინდა რამდენიმე სიტყვის თქმა. აქ თითქმის ყველა ოჯახში წესია ერთად სადილობა, დასვენების დღეების ერთად გატარება. პირველად, როდესაც ჩემმა აქაურმა მეგობარმა მითხრა, რომ კაფეში, სადაც დავგეგმეთ წასვლა, დედაც უნდა წამოეყვანა, ცოტა გამიკვირდა. თუმცა რაც უფრო უკეთ გავიცანი აქაურები, მივხვდი, რომ მშობლებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. შრომის გადანაწილება სახლში თუ გარეთ ჩვეულებრივი ამბავია და რაც მთავარია – უზარმაზარი სამოქალაქო თვითშეგნება

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით: რამდენიმე თვის წინ დედა მესტუმრა. ქალაქის დათვალიერების დროს ჩანთა დაკარგა, სადაც პასპორტი, საბანკო ბარათები, საფულეში კი ფული იდო. საბუთების დაკარგვამ განსაკუთრებით დაგვამწუხრა. ერთ კვირაში საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო და მგზავრობისას ცხადია, პრობლემა შეიქმნებოდა. ჩემი გასაჭირი აქაურ მეგობარს მოვუყევი და მაშინვე მირჩია პოლიციაში მოიკითხეო. სიმართლე გითხრათ, მეორე დღეს პოლიციაში უიმედოდ მივედი. მორიგე თანამშრომელი კარში შეგვხვდა და ჯერ სათქმელიც კი არ მქონდა ნათქვამი, დედაჩემს ღიმილით უთხრა, მომავალში ჩანთა აღარ დაკარგოო. როგორც აღმოჩნდა, პასპორტის სურათით იცნო. გვითხრა, რომ მოქალაქემ იპოვა და მიიტანა. არათუ საბუთები, საფულიდან ერთი ცენტიც კი არ იყო აღებული

აი ყველაფერი ეს, რაც მოგიყევით, არის ევროპა. აი რატომ გვინდა ვიყოთ ამ დიდი ოჯახის ნაწილი, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა და უნივერსიტეტდამთავრებულები არა სადღაც, კუთხის სუპერმარკეტში მუშაობდნენ გროშებზე, არამედ თავისი პროფესიით შეძლონ ღირსეული სამსახურის შოვნა. რომ მშობლები, როდესაც ბავშვი ავად გაუხდებათ, იმას კი არ ნერვიულობდნენ, მკურნალობის ფული სად იშოვონ, არამედ ბავშვის გვერდით იდგნენ მშვიდად, რადგან დანარჩენს სახელმწიფო და პროფესიონალი ექიმები მიხედავენ

კიდევ ძალიან ბევრი რაღაც მინდა დავწერო, მხოლოდ იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც მე მივიღე. მაგალითად, ის, რომ აქ მშიერს და მწყურვალს არავინ დაგტოვებს. თუ სამსახური დაკარგე, სანამ სხვას არ მოძებნი, სახელმწიფო დაგეხმარება. დასაქმებულთა ინტერესები მაქსიმალურადაა დაცული. უბრალოდ შრომა არ უნდა გეზარებოდეს და ყველაფერს მიაღწევ

აი ეს არის ევროპა და ამიტომ მინდა, რომ ამ ყველაფერს ჩემს ქვეყანაში ვუყურებდე და დარწმუნებული ვიყო, რომ ჩვენს შვილებს გარანტირებული, უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი ექნებათ


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.