IAMNIKITA – სად მივდივარ? – DW Akademie-ს პროექტი ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე
ავტორი: IAMNIKITA
ფოტო: KOI
რატომ მივდივარ
კარგი კითხვა იქნებოდა, სად მივდივარ?
სადმე კარგ ადგილას? დასასვენებლად?
მეკითხებიან ხოლმე “რა ქვეყანას ფიქრობთ?”- გვაქვს კი არჩევანი?
არჩევანი თითქმის არცაა, იქ მივყავარ თავს, სადაც ოდნავ მეტი შანსია, რომ ცოცხალი ვიყო, ცოცხალი როგორც ასეთი. როცა მეკითხებიან როგორ ხარ? ვპასუხობ, რომ ვარსებობ. უბრალოდ არსებობ და ვფიქრობ ხვალ სასიცოცხლო მინიმუმი რითი შევივსო: “კატის საჭმელი, მერე ჩემი და სიგარეტიც მოგვივა”. გონებრივ სასიცოცხლო მინიმუმზე საუბარისას ცოტა მეღიმება კიდეც. კი, დიდ სიბნელეშიც შეიძლება აიმაღლო საწიერი და მიეცე თავს, მაგრამ იქ, სადაც მე ვარ, იმ მედიუმში ამ ყველაფრის ერთად შეკრება ჭირს ზოგჯერ.
მუსიკის ტექსტები შუაზე იხევა და კონტექსტებიც კი ერთმანეთში იზილება. რაზე ვწერო დღეს? ჩვენს ქვიარულ სიყვარულზე თუ როგორ გადავარჩინოთ ერთმანეთი ამ ჯოჯოხეთში? იქნებ საერთოდ ვერ დავწერ დღეს, რადგან არანაირი ძალა აღარ შემწევს.
მივდივარ, რომ ვცადო იქნებ სადმე ოდნავ დაცულად ვიგრძნო თავი. ბევრი რამე მერევა თავში. იქნებ შევძლო რაღაც ახალი, რაც აქ ვერ ვქენი. არვიცი.
გაქცევა მიწევს. არ მომწონს ეს წიტყვები, მაგრამ, მემგონი, ასეა, ჩემი ოჯახისგან ვიცი რა არის შენი სახლიდან დევნილი იყო, მაგ გამოცდილებებს ვაზიარებთ ერთმანეთში, უბრალოდ ახლა ოდნავ სხვა ქეისია, მაგრამ ესმით, იციან, გამოუცდიათ მათაც რაღაც ასეთი.
მეშინია გარეთ მარტო გასვლა და უკვე აღარ შემიძლია ამ ტვირთით ყოველდღე გადაადგილება. ალბათ ბევრისთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა გარეთ არ გადის იმიტომ რომ “emergency” ტაქსის ფული ბარათზე არ აქვს და რამე რომ მოხდეს, უცებ ვერ გამოიქცევა სახლში. ბევრჯერ ყოფილა ეგ შემთხვევა. ალბათ ბევრისთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა მეგობრის ან მეგობრების გარეშე გარეთ რომ არ გადის, იმის შიშით რომ გზაში რაღაც დაემართება.
თინეიჯერობიდან გამომიმუშავდა ის ჩვევა რამდენიმე ფეხის ნაბიჯის შემდეგ უკან რომ იყურები, ვინმე ხომ არ მოგყვება, ან ის, როდესაც გარკვეულ უბნებში ტვინში შავ რუკას ადგენ თუ როგორ მოუარო ისეთ “მწვავე” ადგილებს, სადაც შეიძლება “არასასურველი” ხალხი დაგხვდეს და შენს სიცოცხლეს საფრთე შეექმნას. მახსოვს შემთხვევები, როცა აშკარად “აკიდებული” ბიჭების ჯგუფს როგორც ვუსხლტებოდი მეტროს სხვა და სხვა სადგურებზე, რომ თუ გამომყვებოდნენ, სახლი ვერ ეპოვათ ჩემი.
ბეტონის ჯუნგლებს ვახსენებთ ხოლმე ბევრ კონტექსტში, მაგრამ რეალურ არსს მაშინ მიხვდები როცა კორპუსიდან კორპუსამდე თუ ქუჩიდან ქუჩამდე ბოასავით გადასრიალდები ისე, რომ უკან მოიტოვო მტაცებლები. ახალ უბანში მისვლისას რამოდენიმე ბ გეგმა უკვე რომ გაქ რამე რო მოხდეს, როგორ გამოძვრე.
ჯგუფი “წერილის” ერთი ტექსტი სულ მახსენდება ხოლმე თბილისში გასვლისას:
“შენ უკვე იცი ამ წესებით თამაში და აბა ფრთხილად იარე ქალაქში”
ინსტიქტებს მივყვები, პრიმალურ ინსტიქტებს–გადარჩენის. მეორე მხარეს მახსენდება რომ ხელოვნებაში ვარ და აქ უნდა ვთარგმნო ჩემი ტკივილი და მიუხედავად ბევრი მენტალური დაბრკოლებისა მივდივარ იქამდე რომ გადმოვიტანო ეს და სხვებსაც ვაგრძნობინო, რომ მარტო არც მე ვარ და არც ისინი.