დორის ლესინგი – დიდ ლიტერატურას საზღვრები არ სჭირდება
ავტორი: მათე წიკლაური
ბევრ ისეთ თემას შეეხო, რომლისთვისაც აქამდე მსოფლიო ლიტერატურულ მემკვიდრეობას გვერდი არ აუვლია, მაგრამ მაინც სხვა იყო, სხვანაირი შეფუთვა შექმნა და რაღაც საკითხის გადამღერება კი არა, კონკრეტული ასპექტის ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.
დორის ლესინგი 1919 წლის 22 ოქტომბერს ირანში დაიბადა…
დიდი სამწერლო კარიერა ჰქონდა, მეოცე საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო და სიკვდილამდე გაგრძელდა. ლესინგისთვის ადამიანის არსებობის საზრისი პოლიტიკისა და სოციალური ასპექტების გარემოცვაში იბადება. სწორედ ესაა მისი შემოქმედების მთავარი ხაზი, ამ დიდი წვლილისთვის იღებს 2007 წელს ნობელის პრემიას და მუქი ასოებით ეწერება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
ბრიტანელი მამისა და შოტლანდიელი დედის ქალიშვილის ბავშვობა სტრესული იყო. პატარა დორის ლესინგს ოჯახთან ერთად ზიმბაბვეში მოუწია გადასვლა, რამაც, სხვა გენიოსებისა არ იყოს, დიდი კვალი დატოვა მის მსოფლმხედველობასა და მწერლობაზე. აფრიკის პეიზაჟებით მოხიბლულმა, კოლონიალიზმის სოციალურ-პოლიტიკური დინამიკის ქარცეცხლში გახვეულმა ავტორმა იდენტობა აქ ჩამოიყალიბა. სამხრეთ როდეზიაში ყოფნისას ლესინგმა რასის, კლასისა და სქესის მიმოხილვა დაიწყო და შემოქმედების ცენტრალურ ასპექტადაც იქცია.
როგორც აღვნიშნე, მრავალ ისეთ თემას გამოხედა თავისი, სრულიად განსხვავებული პრიზმიდან, როგორზეც თითქოს სხვადასხვა ავტორებს აქამდე ბევრი ულაპარაკიათ. 1944 წელს გამოდის რომანი „ბალახი მღერის“. ესაა წიგნი ჩაკეტილი ქალის ბედზე მკვეთრად პატრიარქალურ საზოგადოებაში, ლესინგი გვერდს არ უვლის რასობრივ დისკრიმინაციაზე აგებული ურთიერთობების ტრაგიზმს და სრული სიცხადით გვიამბობს ყოველივე ამის შესახებ. რომანზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ნახევრად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ლესინგის პროზა ამ კუთხით ბორხესიეულ ლიტერატურასთან გვაახლოებს. თუ უილიამ ტრევორი წარმოსახვითსა და რეალურს შორის არსებულ გამყოფ ხაზს ამკვეთრებდა, ბორხესი მაგიასა და რეალობას ერთმანეთში ურევს და ზღვარს საერთოდ შლის. ლესინგმა გამონაგონსა და საკუთარ თავზე განცდილს შორის წაშალა ეს ზღვარი და ამ ნიშნით ბორხესიანულ ლიტერატურას დაუახლოვდა.
ამას მოჰყვა მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი – „ოქროს რვეული“. ლიტერატურათმცოდნეების შეფასებით, წიგნი ფემინისტურ კლასიკადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. პროტაგონისტი მწერალი ანა ვულფია, რომელიც ჩანაწერებს ოთხ რვეულში აკეთებს, მეხუთე კი ყოველივეს შესაჯამებლად სჭირდება. შავ რვეულში მეორე მსოფლიო ომამდე, სამხრეთ როდეზიის ისტორიებს ჰყვება, წითელ რვეულში – კომუნისტური პარტიისგან მიღებულ გამოცდილებაზე გვიამბობს, ყვითელში სასიყვარულო ურთიერთობების ტრაგიზმს გადმოსცემს, ხოლო ლურჯში კი მომავალსა და წარსულს აერთიანებს და ოცნებებსა და მოგონებებზე გვიყვება. მეხუთე რვეული ოქროსია, ყველაფრის შემაჯამებელი და გამაერთიანებელი, საზღვრების გამქრობი და ცხოვრების პუნქტებად დაყოფის უარმყოფი.
სწორედ ამ საზღვრის წაშლამ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს შორის ლესინგი XX საუკუნის ლიტერატურის წამყვან ხმად აქცია. რომანში ძალიან დიდი ადგილი ეთმობა ადამიანის ფსიქიკის ღრმა გაგებას, ამდენად, სიუჟეტმა აქტუალობის ტესტი ჩააბარა და დიდ ლიტერატურულ ფაქტად ჩამოყალიბდა. საზღვრების წაშლის შესახებ მსჯელობას რომ გავყვეთ, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ მწერლის თხრობის სტილი ერთ-ერთი მთავარი მეთოდია მხატვრულ ლიტერატურასა და ავტობიოგრაფიას შორის მტკიცე კავშირის შესაქმნელად. ლესინგი ბევრს წერდა, ჩვენ მისი არაერთი რომანი, მოთხრობა თუ ესე წაგვიკითხავს, მაგრამ, ეჭვგარეშეა, თითოეული ახალი საკითხის დამუშავება იყო. ნაწარმოებში „მეხუთე ბავშვი“ ლესინგმა ოჯახური სიყვარულისა და დინამიკის შესახებ ბავშვის თვალსაწიერიდან მოგვითხრო და დედობის თემასაც არ აუარა გვერდი.
ლესინგის შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ განშტოებას ეგზისტენციალიზმი და ფილოსოფია წარმოადგენს. მწერალი იკვლევს იდენტობას, თავისუფლების არსს, ადამიანური ურთიერთობის სირთულეებს და ცდილობს იპოვოს ეგზისტენციალური შეკითხვები, მისი მიზანი ნაკლებადაა ამ კითხვებისთვის პასუხების გაცემა, ეს კი ხშირად ბუნებრივად, უნებლიედ ხდება… ცნობიერებისა და გონების კვლევასთან ერთად, ლესინგის შემოქმედებას რეფრენად გასდევს ფემინისტური ნარატივი, რომელიც ამ სიტყვის ტრადიციული გაგებისგან გარკვეულწილად განსხვავდება. ლესინგის პერსონაჟები ხშირად აკრიტიკებენ ტრადიციულ ფემინისტურ მოძრაობებს და ებრძვიან საზოგადოებაში გაჩენილ მოლოდინებს ქალების მიერ თუ ქალთა მიმართ.
დორის ლესინგი, როგორც ვთქვით, პოლიტიკისგანაც არ იყო შორს. როგორც თავად ამბობდა, აფრიკაში მიღებულმა გამოცდილებამ და კოლონიალიზმთან შეხვედრამ მას უსამართლობის ზიზღი და თავისუფლების სიყვარული ჩაუნერგა. 1950 წელს ის ბრიტანეთის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა და სანამ არ აღმოაჩინა, რომ კომუნიზმი ზუსტად ის იყო, რაც სძულდა, იქამდე აქტიურად მოღვაწეობდა პარტიის სახელით. ლესინგმა დაინახა, რომ აქ არაფერია გარდა უსამართლობისა, აქ არაფერი სძულთ გარდა თავისუფლებისა და დატოვა პარტია. ძალიან აწუხებდა სოციალური საკითხები და გენდერული თანასწორობა, ბევრს წერდა ამაზე და იბრძოდა, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ლოზუნგებად დარჩა მისი ფრაზები და უშედეგო იყო.
დორის ლესინგის წვლილი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში განუზომელია. მან ახალი გზები გაუხსნა ავტორ ქალებს. მის წერის სტილში დაბადებულმა სიახლეებმა ავტორთა უმრავლესობა საზოგადოებრივი სირთულეების შესწავლაზე დააფიქრა.
ამდენად, დორის ლესინგის ლიტერატურული მოგზაურობა ურთულეს და ძალიან ღრმა შრეებში უმნიშვნელოვანესი გამოდგა. ყოველივე ამით ლესინგი სამუდამოდ ჩაეწერა ლიტერატურული ისტორიის ლეგენდარულ სიაში. მისი ნამუშევრების კითხვისას ჩანს, რომ თითოეული იქ მიმოხილული ასპექტი აქტუალობას არასოდეს დაკარგავს, ჩვენი ვალი კი ამ სირთულეების გადალახვაა, რის ინსტრუქციასაც დორის ლესინგი ერთი ხელის გაწვდენაზე გვიტოვებს.