fbpx

დიდი არგენტინელი სრული სვლით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სანაკრებო კვირის მიმოხილვაში ნამდვილად ზედმეტად მიგვაჩნია მარადონას და მესის მოძველებული და ყბადაღებული შედარებითი დახასიათების ჩართვა, მაგრამ ამ უკანასკნელის მორიგი გაბრწყინების ფონზე, როგორ არ ვახსენოთ კიდევ ერთხელ არგენტინელთა ამჟამინდელი ათიანის „ბარსელონას“ შემდგომი ზღაპრული კარიერა, რასაც ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონობა, ორჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა და გარდა ამისა, აშშ-ს რიგით კლუბ „ინტერ მაიამისთან“ ერთად MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონის ტიტული და ლიგის თასის მოპოვებაც უკავშირდება.

გასულ კვირას არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ანგარიშით 6:0 ბოლივია გაანადგურა, ლიონელ მესიმ კი ამ შეხვედრაში „ჰეთთრიკი“და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მოწინააღმდეგის სისუსტის მიუხედავად, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა სათამაშო ხარისხის მიხედვით აშკარა გზავნილი გამოუშვა 2026 წლის ტურნირზე ტიტულის შენარჩუნების დაუოკებელ განზრახვასთან დაკავშირებით. 

ბოლივიასთან მატჩი ერთი ფეხბურთელის ირგვლივ თავმოყრილი ეტალონური გუნდურობის დემონსტრირებად იქცა. ეს ფეხბურთელი კი მოედანზე არიგებდა პასებს, გოლებს და რაც მთავარია სპორტის ამ სახეობის განვითარების საუკუნოვანი ისტორიის ამსახველ უდიდეს სიბრძნეს აფრქვევდა.

ბუენოს აირესის ესტადიო მონუმენტალის გადაჭედილ ტრიბუნებზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრებს იხილავდით და ბევრი მათგანი სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა არგენტინელთა დიდი ათიანის შემყურე და ეს ცრემლები ქვეცნობიერი სევდის გამოძახილიც იყო, რადგან შესანიშნავი სათამაშო ფორმის მიუხედავად, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი ლეგენდარული ფეხბურთელისთვის, როგორც ჩანს, უკანასკნელი იქნება.

ასე რომ,  კიდევ ორი წელიწადი მაინც გვექნება ლიონელ მესის საყურებლად, რომლის მსგავსი ოცწლეულიც ფეხბურთში არც არავის შეუქმნია და ალბათ ვერც ვერასოდეს შექმნის… 

ფეხბურთს სხვებიც თამაშობენ უმაღლეს დონეზე, მაგრამ მათი შემცვლელები ყოველთვის გამოჩნდებიან და სპორტის ეს სახეობაც გააგრძელებს წინსვლას, რაც ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესების ხარჯზე ტემპის ზრდის განმაპირობებელი იქნება.

ჰარი კეინის კარიერის უდიდესი ნაწილი უკვე წარსულის კუთვნილებაა, მაგრამ ინგლისის ნაკრების ლიდერი რომ „ბაიერნის“ უმთავრეს ფიგურად ყალიბდება, ეს „შტუტგარტთან“ განვლილი ტურის ცენტრალურ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 

მეორე ბუნდესლიგიდან ცოტა ხნის წინათ დაბრუნებული და გასული სეზონის მეორე ადგილოსანი „შტუტგარტი“ გერმანიის ნაკრებისთვის ახალი ფეხბურთელების მიწოდების მთავარი დონორია. 

წლეულს გუნდის არათანაბარ ასპარეზობაზე კვალი დაატყო ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლამაც, სადაც მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა, მაგრამ გერმანიის ჩემპიონატში მან უკვე მოასწრო დორტმუნდის „ბორუსიას“ განადგურება. 

„რეკორდმაისტერი“ მატჩის 55-ე წუთზე აშკარა გოლს გადაურჩა ურჩ მეტოქესთან შეხვედრაში, რომელიც იქამდე თანაბარ დონეზე ეთამაშებოდა მას და რამდენიმეჯერ ახლოს იყო კიდეც დაწინაურებასთან.

მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თამაში საკუთარ თავზე აიღო კეინმა, ბურთი მოიპოვა მეტოქის კარისგან მოშორებით და მოულოდნელად დაურტყა „შტუტგარტის“ მრავალნაცად გოლკიპერს, რომელმაც ვერ მოასწრო რეაგირება.

„ალიანს არენის“ ტრიბუნებმა იქუხა და „შტუტგარტი“ ერთბაშად გატყდა, მისმა დამარბეველმა კი მალე „ჰეთთრიკი“ შეასრულა, რასაც მატჩის მიწურულს კინსლი კომანის გოლიც დაემატა. კეინს წარმატებას მხოლოდ გნაბრი არ ულოცავდა… 

„ბაიერნმა“ 4 უპასუხო გოლის გატანას ნახევარი საათი მოანდომა და „ლაიპციგთან“ ერთად ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. იქვეა „ლევერკუზენიც“, რომელმაც „აინტრახტთან“ შეხვედრაში პირველი გოლის გაშვების მიუხედავად, „ნევერლუზერობა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მსაჯი და იღბალიც დაიხმარა და საბოლოოდ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეში კი კვლავ „ნაპოლია“, რომელმაც გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 1:0 „ემპოლის“ სძლია. 

ჩვენთვის ამ მატჩში საინტერესო იყო ორი ქართველი ფეხბურთელის – ხვიჩა კვარაცხელიას და საბა გოგლიჩიძის დაპირისპირება. 

ხვიჩამ პოლიტანოს „წაქცევისათვის“ დანიშნული ნაჩუქარი პენალტი გამოიყენა, საბამ კი იტალიის სერია A- ში უშეცდომოდ და შეუცვლელად უკვე ზედიზედ მეექვსე მატჩი ჩაატარა. 

აქედან გამომდინარე, ვილი სანიოლი ალბათ უკვე მოუძებნის მას ადგილს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ჩეხეთთან და უკრაინასთან ერთა ლიგის ტურნირის ნოემბრის გადამწყვეტ მატჩებში. 

„ნაპოლის“ მსგავსად ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს მისმა მდევრებმა – „იუვენტუსმა“, „მილანმა“ და „ინტერმა“. 

„იუვემ“ კაცნაკლულ „ლაციოს“ მატჩის მიწურულს გატანილი ავტოგოლით სძლია, ხოლო „მილანი“ კი „უდინეზესთან“ დაპირისპირების დებიუტში დაწინაურების შემდეგ, მალევე თავად აღმოჩნდა მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით. 

შეხვედრის დამატებით მე-5 წუთზე „როსონერი“ ორი ქულის დაკარგვას VAR-ის ჩარევის შედეგად გოლის გაუქმებით  ბეწვზე გადაურჩა.

„ინტერმა“ გასვლაზე „რომა“ ლაუტარო მარტინესის მიერ მატჩის მე-60 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა. რომაელები ბევრს ეცადნენ წონასწორობის აღდგენას, მაგრამ ერთი რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს იტალიის მოქმედი ჩემპიონის კართან. 

მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია ლონდონის „არსენალმა“. „ბორნმუთთან“ შეხვედრაში საკუთარ კარში მიღებული ორი უპასუხო ბურთის გარდა, მწვრთნელ მიკელ არტეტას ალბათ საკუთარი ფეხბურთელების მოედანზე ქცევაზე მართებს ყურადღების გამახვილება, რადგან „არსენალი“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე მატჩს ამთავრებს მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით.

მძიმე მატჩი ჰქონდა „მანჩესტერ სიტისაც“, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში.

ფილ ფოდენის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ყველას ჯონ სთოუნზმა დაასწრო და თავით გადაგზავნა იგი პრემიერლიგის აუტსაიდერის კარის ბადეში, რომელსაც აქამდე ჩატარებულ რვა მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული.

პრემიერლიგის განვლილი ტურის ცენტრალურ მატჩში კი „ლივერპულმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა, „მანჩესტერ სიტის“ მსგავსად, ანგარიშით 2:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

„ჩელსის“ ფეხბურთელები ბევრს ეცადნენ მატჩის გადარჩენას, მეორე ტაიმში მათ ანგარიში გაათანაბრეს კიდეც, მაგრამ მეორე გოლი მყისვე გაუშვეს და სრულიად სამართლიანად დათმეს მატჩი კლასით გაცილებით მაღლა მდგომ მეტოქესთან შეხვედრაში.

საფრანგეთის ლიგა I-ში „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში „ლანსის“ წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, მაგრამ მეტოქე აშკარად უფრო ძლიერი აღმოჩნდა დებიუტანტზე და ორი უპასუხო გოლით დაასაჩუქრა იგი. 

გიორგი მიქაუტაძემ კი საგოლე გადაცემა მიითვალა „ჰავრთან“ შეხვედრაში, რომელიც „ლიონმა“ გასვლაზე ანგარიშით 4:0 მოიგო. 

ქართველი ფორვარდი მოედანზე მატჩის 72-ე წუთზე შეუშვეს. იმ დროისათვის მატჩის ბედი უკვე კარგა ხნის გადაწყვეტილი იყო…

ესპანეთის ლა ლიგის გათამაშებაში „რეალმა“ და „ბარსელონამ“ მორიგი გამარჯვებებით სატურნირო ცხრილში სამქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს. მომავალ ტურში ისინი ერთმანეთს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაუპირისპირდებიან. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.