fbpx

ნიკოლოზ ნადირაშვილი: რატომ დავტოვე ქვეყანა? – DW Akademie-ს სტატიების სერია ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე


გააზიარე სტატია

უკანასკნელი რამდენიმე წლის სტატისტიკით საქართველო განსაკუთრებით ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან ინტელექტუალურ რესურსს წარმოადგენდნენ. DW Akademie-სთან ერთად At.ge სწორედ ამ ადამიანებს გაგაცნობთ. სტატიების სერიაში გიამბობთ მათ ისტორიებზე, ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე, მიზნებსა და იმ კავშირზე, რომელიც საკუთარ ქვეყანასთან აქვთ.  

34 წლის ნიკოლოზ  ნადირაშვილმა საქართველო 2023 წლის აგვისტოში დატოვა და შეერთებულ შტატებში, სიეტლში გადავიდა. ის თანამედროვე ხელოვნების მკვლევარია. საქართველოში ნიკოლოზის საქმიანობა ძირითადად კვლევითი და საგამოფენო პროექტების მართვას მოიცავდა და რამდენიმე წლის განმავლობაში  ლექციებსაც კითხულობდა.

რა იყო ქვეყნიდან წასვლის მოტივაცია?

მოტივაცია საკმაოდ ბევრი იყო: უპირველესად არსებული პოლიტიკურ გარემოში აღარ შემეძლო ყოფნა. თუმცა ჩემი წასვლის მიზეზი საკმაოდ კონკრეტულმა გარემოებამ განაპირობა: ვაშინგტონის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ დოქტორანტის ვაკანსია შემოეთავაზებინა. ქვეყნიდან წავედი სასწავლებლად და, პრინციპში, სამუშაოდ, რადგან აქ იყო დოქტორანტი, ნიშნავს პარალელურად მუშაობდე სხვადასხვა  აკადემიურ პოზიციაზეც.

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ? 

ვფიქრობ, რომ რადიკალურად შეიცვალა. უმთავრესი, ალბათ ის არის, რომ ვაკეთებ იმას, რაც მაინტერესებს, მსიამოვნებს, მიყვარს.  ჩემი საქმის აქ სჯერათ სხვებსაც და ამაში ინვესტიციასაც დებენ. ამასთან, მაქვს შესაძლებლობების მუდმივი განცდა. აქ ძალიან ბევრი რესურსია უნივერსიტეტის ბაზაზეც და მის მიღმაც, რომლის გამოყენებითაც შემიძლია, მაგალითად, ჩემი საკვლევი თემის  შესახებ საერთაშორისო აუდიტორიას მოვაწვდინო ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიმართულება ხელოვნების ისტორიაა, ჩემი პროექტი პოლიტიკურ შინაარსს ატარებს: ყველა ჩემი მოხსენება იწყება ან სრულდება საქართველოს მიმდინარე რეჟიმის და ზოგადად ნეო-საბჭოთა სისტემის კრიტიკით.

რით განსხვავდება საქართველოში არსებულ გარემოსგან ის ქვეყანა, სადაც თქვენ ცხოვრობთ? 

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ რასაც ვიტყვი, მაგრამ, ჩემი აღქმით, ცენტრალური და დასავლეთ ევროპა უფრო განსხვავდება საქართველოს ე.წ. მენტალობისაგან, ვიდრე შეერთებული შტატები. აქაური მოსახლეობის ღირებულებათა სპექტრი, ფაქტობრივად ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რაც პოლიტიკურად “რესპუბლიკელობასა” ან “დემოკრატობაში” ითარგმნება. შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს, ვინ ან როგორია “ამერიკელი.” ვფიქრობ, ერთ-ერთი სწორედ ეს პოლარული სოციალური მოცემულობაა, რითაც ამერიკა ჰგავს საქართველოს. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ აქ დემოკრატებიც და  რესპუბლიკელებიც ქვეყნის ინტერესიდან გამოდიან მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებით ხელმძღვანელობს.

 

სხვა მხრივ განსხვავებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი სოციალური, კულტურული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური პერსპექტივით. ამიტომაც, მოდი, იმას აღვნიშნავ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც  – აქ კონსტიტუციურად არის აღიარებული, რომ ადამიანს აქვს უფლება, ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ.

რას მოღვაწეობთ ამჟამად და რა არის თქვენი უახლოესი კარიერული გეგმები?

მეორე წელია, რაც ხელოვნების ისტორიის მიმართულებით სადოქტორო პროგრამაზე ვსწავლობ. ჩემი სადისერტაციო კვლევის საგანია თანამედროვე ხელოვნების ის გამოვლინებები, რომლებიც, თავის მხრივ, გარკვეულ ეხება   რელიგიასაც – იქნება ეს იკონოგრაფია, სარწმუნოებრივი კონცეპტები თუ სხვა. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, პროექტი პოლიტიკურია: ვცდილობ დავადგინო, როგორ ისახება ნეო-საბჭოთა პერიოდის აღმავალი რელიგიური და ეთნო-ნაციონალიზმი შემოქმედებით პროცესებში. ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო განსხვავებები იკითხება რუსეთის, საქართველოს და უკრაინის კონტექსტებს შორის. წესით, ნაშრომზე მუშაობას 4-5 წელიწადში დავასრულებ. მანამდე, ალბათ, არაერთგზის შევიცვლი კვლევის ტრაექტორიას, გამომდინარე იქიდანაც, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები რეგიონში.

რამდენი ხნით გეგმავთ დარჩენას ან, საერთოდ, აპირებთ თუ არა დაბრუნებას?

არ ვიცი, აქ რამდენ ხანს დავრჩები – იქნება ეს სიეტლი თუ ზოგადად შეერთებული შტატები. ზოგადად მიმაჩნია, რომ იდეალურ სცენარში ყველანი მსოფლიო მოქალაქეები ვართ. შესაბამისად, მინდა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ვნახო, კიდევ უფრო მეტ განსხვავებულ ადგილას ვიცხოვრო… ასე რომ, საქართველოში დაბრუნებას არ ვგეგმავ.

 

თუ არის რაიმე გარემოებები, რაზეც დაბრუნებაა დამოკიდებული?

თუკი პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ხანმოკლე ვიზიტები მეტად სასიამოვნო იქნება ჩემთვის. ამ ეტაპზე ხანმოკლე ვიზიტებზეც ვერ ვფიქრობ. საქართველოში ყოფნას და მოქმედებას ისეთი სიმამაცე სჭირდება, როგორიც ლაზარე გრიგორიადისს, გიორგი შანიძეს, ნანა მალაშხიას და სხვა ბევრ გმირს აქვს. მე არ ვარ ასეთი.

ამ  დროისათვის, როცა საქართველოში არ ხართ, როგორ ხედავთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს? 

ბევრი მიფიქრია, თუ რა არის პრობლემის სათავე: არის ეს კიდევ უფრო დიდი კაპიტალის მოხვეჭის სურვილი? ან არის ეს მხოლოდ განპირობებული რუსეთის პირდაპირი და ირიბი რეპრესიული პოლიტიკის შედეგი? ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერი, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც ის მგონია, რომ ხელისუფლებაში ერთდროულად ძალიან ბევრი ტრავმირებული  ადამიანი მოხვდა. ამ ტრავმების მქონე ადამიანებმა კი, ნაცვლად პროფესიონალებთან კონსულტაციებისა, გადაწყვიტეს ტრავმების ეროვნული მასშტაბით წარმოება და მთავარ ამომრჩევლადაც საზოგადოების კიდევ უფრო მეტად ტრავმირებული წევრები შემოიკრიბეს.

 

საზოგადოების ამ წევრებს დააჯერეს, რომ მათი ტრავმა არსად და არასდროს გაქრება და თითქოს ზავიც დადეს, რომ მათი მიზანი საზოგადოების სხვა წევრების ბედნიერების ხელყოფაა. სწორედ ეს “ტრავმაზე დაფუძნებული ეკონომიკა”  მგონია ყველაფრის სათავე. ვფიქრობ, საჭიროა, რომ ოპოზიციის პოლიტიკურმა ელიტამ ამ ხალხს გააგებინოს, რომ ყველაფერს შეიძლება ეშველოს.  ქართველმა ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ ბედნიერება შესაძლებელია. როდესაც ეს მოხდება, ადამიანები საკუთარი ბედნიერებისაკენ დაიწყებენ სწრაფვას და  ნაკლებად ექნებათ სხვისი უბედურებით კმაყოფილების მიღების სურვილი. შეიძლება ეს ყოველივე პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური გზავნილებით შეიძლება ამ ახალი ცნობიერების ფორმირება.

თუ გეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და რა არის თქვენი გზავნილი თანამოქალაქეებისთვის?

რასაკვირველია, ვგეგმავ! გზავნილს რაც შეეხება, ამას წინათ  გადავაწყდი იმ ცნობას, რომ ძველ ბერძნებს ჰქონდათ კონკრეტული სახელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეობრივი მოვალეობის  შესრულებაზე უარს ამბობდნენ. მათ იდიოტებს ეძახდნენ.

თქვენი მეგობრები, ახლობლები თუ განიხილავენ არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან წასვლას? როგორ შეიძლება  შეცვალოს არჩევნების შედეგებმა მათი ცხოვრება? 

რაც დრო გადის, მით მეტად მესმის უშუალოდ ჩემი თანატოლებისაგან, რომ არჩევნებში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ემიგრაციაზე ფიქრობენ. და ამაზე ფიქრობენ არა მაინცდამაინც საკუთარი თავის გადასარჩენად, არამედ იმიტომ, რომ ბევრ მათგანს ჰყავს შვილი.












მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.