fbpx

ABSEA STUDIO: რიტმისა და ბითების ტალღები ბათუმში – აჭარის მუსიკალური მემკვიდრეობა


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი
ფოტოები: ირაკლი ძნელაძე

აჭარა დიდი ისტორიის მქონე რეგიონია, ქართული კულტურისა და ხელოვნების განსაკუთრებული ქვაკუთხედი. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა მუსიკალური განვითარების კერად იქცა, ადმინისტრაციულ ცენტრში, ბათუმში არსებობდა „რკინის თეატრი“, დღევანდელი ცირკის შენობის ადგილას. თეატრის სცენაზე იდგნენ იმ პერიოდის გამორჩეული მუსიკოსები: შალიაპინი, ფიგნერი, ქორიძე, ჟირალდონი და სხვა. 1889 წელს ბათომში მნიშვნელოვანი მომენტი დადგა – შეიქმნა მუსიკოსთა საზოგადოება, რამაც განავითარა მხატვრული გამოსახვის  ფორმები. ამ პერიოდში გამოჩნდა სხვადასხვა კამერული ჯგუფები და დაიწყო მუსიკალური ფოლკლორის აყვავება. ადგილობრივი ფოლკლორის მთავარი სიმდიდრე მრავალხმიანი არანჟირება და მდიდარი შინაარსი გახლდათ.

ინსტრუმენტებმა, როგორიცაა ჩონგური, ჭიბონი, გუდის ჭიბონი, დიდი დოლი და სხვა. სიცოცხლე შესძინეს ტრადიციულ მუსიკას. აჭარული ფოლკლორის გამორჩეული ნიმუშებია ოთხხმიანი ნადური, რომელსაც ორპირი, ანუ „გადაბმული“ გუნდი ასრულებს. აღსანიშნავია ასევე: „ძველი აბადელია“, „ტბეთური“, „ჟამიელი“, „მაყრული“, „საფერხულო“, „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“, გურულ-აჭარული შედევრები: „შავი შაშვი“, „შვიდკაცა“, „ხასანბეგურა“, „ალი-ფაშა“ და სხვა. აჭარული მუსიკა ქმნის ღრმა ემოციურ რეზონანს და წარმოადგენს ხიდს ქართველი ხალხის კულტურული არსის გასაგებად.

კულტურული ევოლუცია და მხატვრული გავლენა

დღესაც, როგორც XIX საუკუნეში, აჭარის რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, ისტორიული საფუძვლები აქვს. თითქოს ადგილობრივი ფოლკლორის მატრიცაში ჩაწერილი მელოდიურობა და ჰარმონია დნმ-შია აღბეჭდილი და განაგრძობს თაობიდან თაობაში გადასვლას, არსებობას სხვადასხვა ეპოქაში. ბათუმის მთავარი თვისება მის სინთეზურობაში მდგომარეობს, აქ ყოველთვის ერთმანეთს ხვდებოდნენ სხვადასხვა კულტურები, ენები, იდენტობები და ჟღერადობები, აქ თვალწარმტაცი ზღვისპირა ფონი გახვეულია მწვანე საფარში და შორიდან მომზირალ კავკასიონში, რაც, რა თქმა უნდა,  თავისდაუნებურად გავლენას ახდენს ხელოვნების შექმნის პროცესზე.

თუკი ძველ დროში შალის მოკლე ზედატანით, ფართოუბიანი შარვლითა და საყელოიანი ახალუხით გამოწყობილი კაცი იდგა სცენაზე და ჭიბონის დაკვრით ქმნიდა მუსიკალურ დღესასწაულს, თანამედროვე მსოფლიოს რიტმიდან გამომდინარე, სურათი შეცვლილია, დღეს სცენა ელექტრონულ მუსიკას აქვს დაპყრობილი, ეს ერთგვარი კულტურული რენესანსია – დასავლური მუსიკალური ტენდენციების გავლენამ გააძლიერა და ახალ ეტაპზე გადაიყვანა ადგილობრივი სცენა, გაჩნდა დასაკრავი სივრცეები და რაც მნიშვნელოვანია ელექტრონული მუსიკის ინჟინერიისა და დიჯეინგის სტუდიები, სადაც საქმეს ეუფლებიან და ყალიბდებიან პროფესიონალი მუსიკოსები. ბათუმი მდიდარია უამრავი ნიჭიერი არტისტით და სულ უფრო და უფრო ხშირად აღწევენ  აღიარებას როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ სცენაზე, ქმნიან ძველისა და ახლის ენერგიულ შერწყმას, რომელიც საბოლოოდ აყალიბებს რეგიონის დინამიკურ სულს.

ABSEA STUDIO – დაარსება

ABSEA STUDIO 2018 წელს დააარსა მუსიკოსმა ლაშა კუკულაძემ (სცენური სახელი – გურული) ის უძღვება Dj კურსს, სტუდიაში ასევე ისწავლება მუსიკის წარმოება, (Audio music production) რომელსაც მოწვეული მენტორი, ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი ალბერტ არაკელოვი (Dj Babba) ხელმძღვანელობს. სტუდია დაარსების დღიდანვე გახდა მუსიკოსებისა და დამწყები არტისტების თავშესაფარი. სტუდიამ შეავსო მნიშვნელოვანი ხარვეზი ქალაქის მხატვრული ცხოვრებისთვის და მალევე გადაიქცა შეკრების ადგილად ყველა ასაკის მუსიკოსისთვის. სტუდიის სახელი ანბანის პირველი ორი ასოსა და ზღვის ინგლისური თარგმანის შერწყმითაა შექმნილი, ეს უკანასკნელი მის სანაპირო მდებარეობას მიანიშნებს, ანბანის მოცემული ასოების შერჩევა კი გულისხმობს სტუდიის მისიას, იყოს მუსიკალური გამოხატვის ფუნდამენტური ტალღა. ეს არის ადგილი, სადაც ზღვის სიღრმიდან მონაბერი ხმები ხვდება ქალაქის რიტმს და ქმნის სიმფონიას, რომელიც ჟღერს მთელ საზოგადოებაში.

სტუდიის მეთოდი

სტუდიაში სწავლა სცილდება ტრადიციულ საკლასო პირობებს, ABSEA ხშირად მასპინძლობს სემინარებს, რომელსაც უძღვებიან უცხოელი დიჯეები და ინდუსტრიის სხვა პროფესიონალები. სემინარები მოიცავს მუსიკის წარმოებისა და დიჯეინგის ფართო თემებს. გარდა ვორქშოპებისა, ხშირად ეწყობა ღია საუბრები, რომელიც ეძღვნება როგორც ტექნიკურ ნაწილს, ასევე მუსიკალური სცენის ანალიზს, ეს კი  აყალიბებს მნიშვნელოვან კულტურულ ღირებულებებს და ხელს უწყობს კავშირებს მონაწილეებს შორის, რაც ქმნის თანამოაზრე ინდივიდების ძლიერ საზოგადოებას.

სწავლების პროცესი ძირითად შემთხვევაში ინდივიდუალურად მიმდინარეობს, თუმცა სურვილისამებრ, შესაძლებელია ჯგუფში 2 ადამიანიც იყოს, რადგან უფრო ღრმად შეძლონ სტუდენტებმა საკითხის შესწავლა.

სტუდიის ბაზაზე გახსნილია რადიო – ონლაინ პლატფორმა, სადაც ხშირად არის პოდკასტების სერიები, ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ჩანაწერები. რადიო ხელს უწყობს დამწყებ არტისტებს რეალიზებასა და პოპულარიზაციაში. ესე იგი, სტუდია ერთდროულად ასწავლის მუსიკის შექმნას  და ეხმარება შეძენილი ცოდნის გავრცელებაში, რაც თანამედროვე ხელოვნებისთვის მნიშვნელოვანი ატრიბუტია – შექმნასთან  ერთად რეალიზება.

გარდა ამისა, წლის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში ეწყობა რადიოს საღამოები, სადაც მოწვეულები არიან მუსიკოსები, ვისაც რადიოში გამოშვებული აქვს თავის პოდკასტი.

ABSEA STUDIO აღჭურვილია როგორც თანამედროვე აპარატურით, ასევე ძველი კლასიკური ინსტრუმენტებით, რაც  სტუდენტებს საშუალებას აძლევს  იმუშაონ მნიშვნელოვანი ჟღერადობის მქონე ინსტრუმენტებთან. მრავალწლიანი შრომისა და ენთუზიაზმის ხარჯზე სტუდიამ შეძლო ინფრასტრუქტურის მკვეთრი განვითარება და ის დღეს საქართველოში ინსტრუმენტების ძალიან დიდ კოლექციას ფლობს: სინთეზატორები, დრამ-მანქანები, ეფექტ-პროცესორები – როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე და სხვა. ასევე შესაძლებელია სტუდიის დაჯავშნა ტრეკის შესაქმნელად და სეტის ჩასაწერად.

ინსპირაცია

სტუდიის დაარსების ინსპირაცია მუსიკოსების ცხოვრების სტილი გახდა, რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, ჰქონდეს სტუდია, სადაც იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტი, ფროდაქშენისთვის განკუთვნილი სივრცე. თავიდან ჩაფიქრებული იყო დამოუკიდებელი სტუდიის გაკეთება, თუმცა მალევე გაჩნდა სურვილი ცოდნის გაზიარების, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გახდა, რადგან მოთხოვნილება მაღალი იყო, ხოლო სასწავლებლად ძირითადად თბილისში უწევდათ წასვლა. სტუდიის ბევრი მოსწავლე, წარმატებული DJ გახდა საქართველოს სხვადასხვა კლუბებში.

ABSEA STUDIO-ს სივრცეში განსაკუთრებული ისაა, რომ ოთახები აკუსტიკურად იდეალურადაა მოწყობილი, უკვე ვახსენეთ ინსტრუმენტების მრავალფეროვნება, ასევე დიდია მიქშერების არჩევანი.  ის, რაც  სტუდიას გამოარჩევს, არის მისასალმებელი ატმოსფერო – ოჯახური გარემო, სადაც მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს გამოიკვლიო საკუთარი მუსიკალური ნიჭი. პროფესიონალი მენტორები სთავაზობენ მხარდაჭერას და ხელმძღვანელობას, რათა დაეხმარონ სტუდენტებს უნარების განვითარებაში.

სტუდია აგრძელებს მოსწავლეების მიღებას 15 ოქტომბრიდან იწყება ახალი სეზონი და მიღება დეიჯეის ხელოვნებისა და მუსიკის წარმოების კურსებზე.

ABSEA STUDIO იზრდება, ხდება მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქისთვის და მთლიანად ინდუსტრიისთვის, ლაშას კი აქვს ამბიცია და გეგმები, საკუთარი საქმე გააფართოოს, მისი  მიზანია მომავალში ახალი კურსების დამატება და ამასთან ერთად პედაგოგების რიცხვის გაზრდა.

როდესაც ქალაქზე ტალღების ნაპირებზე შეჯახების ხმები გადმოედინება და ირევა მშენებლობების, მანქანების და ურბანული ქსოვილის ხმოვან განზომილებაში, ყურები ხმებს იწოვენ, აგროვებენ, მისგან კი უნიკალურ მუსიკალურ მოტივებს ქმნიან.






მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.