სამ დურაკ, ანდა ჩემი შენ გითხარიო
ავტორი: ნინო დარასელი
ერთ-ერთი პირველი დეტექტივი, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე, “მთვარის ქვა იყო. წინა საუკუნეში მოხდა და, რათქმაუნდა, დეტალები არ მახსოვს, თუმცა მნიშვნელოვანი, რაც მთელი ცხოვრებით გამომყვა, და რამაც ჩემს თავში მუდმივი ეჭვი გამიჩინა, მთავარი ამბავია. “მთვარის ქვა”, რომელიც ბრიტანელმა ოფიცრებმა ინდოეთში, ღვთაების ქანდაკებიდან მოიპარეს, საუკუნეების შემდეგ რიჩელ ვერინჯერის ოჯახში აღმოჩნდა და ძვირფას მემკვიდრეობად იქცა. ერთხელაც ქვა მოულოდნელად ქრება და მთავარი გმირი იწყებს გამოძიებას. მას ეჭვი ეპარება და ბრალს დებს ყველას, ვინც კი ქვის გაქრობის დღეს მათთან სახლში იმყოფებოდა…
არ ხართ წამკითხავები მაინც ახლა, რა დროს 26 ოქტომბრის წინ წიგნების ფურცვლაა. ჰოდა ბარემ დაგასპოილერებთ: მოკლედ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ “გამომძიებელმა” ქვა თავად მოიპარა. მას შემდეგ ცხოვრებაში რამე თუ გამქრალა ჩემგან, უბრალოდ ვიღაცის რაღაც დაკარგულა, ვინმე თუ ცუდად მომქცევია, უწყენინებია, უღალატია, ჯერ ეჭვი საკუთარ თავზე მიმაქვს. ვიწყებ ფიქრს, მე ხომ არ ავიღე, მე ხომ არ მოვიპარე, მე ხომ არ ვაწყენინე, მე ხომ არ… მოკლედ, ასე შემდეგ. ხომ ბევრს შეგმთხვევიათ მსგავსი რამ? აი იქით რომ გადანაშაულებენ იმაში, რაც თავად ქნეს, იქით რომ გაბრალებენ, უტიფრად გაწერენ იმას, რაც თავად არიან, არ გენდობიო, გეუბნებიან თავად მოღალატენი?! დასაწყისში ამას რაღაც უცნაური მოულოდნელობის ეფექტი აქვს, ცოტა ხანი იბნევი, თავს იმართლებ, ცდილობ, ახსნა, დაამტკიცო…
რადგან მარტო მე არ ვიქნებოდი ასე დაკვირვებით… და ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად… ფსიქოლოგებიც დაინტერესებულან ამ ამბით და როგორც ჩემი ბავშვობის მეგობარი ბიჭები იტყოდნენ, “ნახალკის შეტენვას” თუ “თავების მარხვას” ფსიქოლოგიაში პროექცია ჰქვია თურმე.
აი დავგუგლე და ვკითხულობ:
პროექცია – სხვა ვინმესთვის ან რაიმესთვის იმ თვისებების, გრძნობებისან განზრახვების მიწერა, რომელიც თავად ადამიანში არსებობს. საკუთარი აკრძალული სურვილების სხვებისთვის მიკუთვნება. ან, პროექცია (projection ლათ. – გარეთ გადატანა) – არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს. იგი გულისხმობს საკუთარი აზრების, ემოციების, მოთხოვნილებების, მდგომარეობის გადატანას, ანუ მიკუთვნებულობას სხვა ადამიანზე ან საგანზე.
ჰოდა, უცებ მივხვდი, ჩვენი ხელისუფლება ამდენი წელი არა ოსტატურად იყენებს ამ მეთოდს – პროექციას, რომელიც ალბათ თავის დროზე მშვენივრად დაამუშავეს კგბ-ში.
ხელისუფლება გეძახის: უსამშობლოს, როდესაც თავად, მაგალითისთვის ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ენგურის ხიდთან კი არა, აგერ ერგნეთშიც კი არ ყოფილა და მხოლოდ მაშინ ჩავა, როცა საჭირო იქნება. სულ ვფიქრობ, მოეტყუებინა მაინც, ვინ შეუმოწმებდა, ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ არა, შეგნებულად “უსამშობლოა”. ქართველობის წართმევას გაბრალებს და თავად საყდრისს აფეთქებს, გელათს გაუგებრობაში ტოვებს და ქოროღოს კოშკს ანგრევს. დავით გარეჯი კი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება და იქვე ივიწყებს.
– გათხრების საშუალებას აღარ აძლევს მეცნიერებს, მაგალითისათვის ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე, გათხრებზე არ უშვებს მეცნიერებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დმანისთან აღმოაჩინეს ევრაზიის უძველესი ადამიანების ახალი სადგომი.
ევროპელი და დასავლელი პარტნიორებს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ეკლესია-მონასტრებზე დახარჯულ მილიონებს არ უთვლის და ამასობაში “ერთმორწმუნე რუსეთისგან” დაბომბილ დაგანადგურებულ ძეგლებს არ იმჩნევს.
ეკლესიის მაგინებელს შენ გიწოდებს და თავად სუს-ის კრებსებში მღვდლებს უსმენს და იწერს. საქართველოს კათოლიკოსის, ამბროსი ხელაიას სტენსილებსაც კი შლი სქუჩაში.
უცხო ქვეყნის აგენტობას გაბრალებს, თავად შენი ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის აგენტი? ბოლო-ბოლო, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ომის დაწყებას გაბრალებს, შენ კი არა, მთლად საკუთარ ქვეყანას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. გლობალური ომის პარტიას გიწოდებს და თავად მსოფლიოში მთავარ ომის გამჩაღებელთან და შენი ქვეყნის ოკუპანტთან დატოვებას გიპირებს. არადა თვითონაც ხომ იცის, რომ სწორედ ევროპაა ჩვენი მშვიდობის გარანტი და რომ გაერთიანებული ევროპის ფარგლებში ომი არ ყოფილა.
პოლიტიკოსს, და არაერთს, მაგალითისთვის სომხობას კომპრომატად უდებს და მერეთავადვე ეკითხება არ გრცხვენიათო?
ომში მყოფუ კრაინელებს აგინებს და უკრაინელების შესაბამისი პასუხით აღშფოთებულია.
კონსტიტუციას არღვევს, როდესაც ივიწყებს 78-ე მუხლს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს და ამ დროს ქვეყანაში ამბოხის მცდელობაში შენ გადანაშაულებს.
დედა დედა რომაა და მამა – მამა, შენ გასწავლის და გეუბნება, რომ დასავლეთში ბავშვებს რყვნიან, რამსებს ურევენ და იქ შესაძლოა, მამა ბებია და ბაბუა მამიდა აღმოჩნდეს და დაამასობაში საკუთარ შვილებს ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლის.
…ეს ოფშორა და ბევრ ნულიან თანხებზე მოსაუბრე ხალხი შენ გტენის “რევოლუციის მომზადებისთვის თანხების გადმოტანას ჩანთით” დაააა…. აუ, ეს რა გამახსენდა, ჩემი და ნინო დვალის კალვერა ბანდა გალისა ოპერაცია.
ჰოდა, აქ ბარემ გვაბრალებენ და ზრდილობა, კულტურა და IQ-ც დავივიწყოთ და ისე ვთქვათ: მილიონის გადმომტანის და ჩამჯიბავის ჩვენ და თქვენ შორის… არა, ეს მგონი, ზედმეტია, მაშინ ასე: მილიონის გადმომტანიც დაჩამჯიბავიც თავი გაბიათ, და ვნახოთ, აბა 26-ში ვის ეტყვის საქართველო – Сам дурак.
აბა შენ იცი, საქართველო!
View this post on Instagram