fbpx

პიტო სეთური: რატომ ვრჩები ჯერ კიდევ საქართველოში – DW Akademie-ს და At.ge-ის სტატიების სერია


გააზიარე სტატია

 

ალბათ ყველა ჩვენგანის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს ან ემიგრაციაზე სულ უფრო ხშირად ფიქრობენ. შესაძლოა, თავად თქვენ, ამ სტატიის მკითხველებსაც არაერთხელ გიფიქრიათ, რომ უპერსპექტივობის განცდისგან თავის დაღწევის საშუალება საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა და იმ სახელმწიფოში ახალი ცხოვრების დაწყება, სადაც საზოგადოებრივი კეთილდღეობა მეტად ხელშესახებია. 

ბოლო პერიოდში საქართველო განსაკუთრებით ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და მიუხედავად რეალური შესაძლებლობებისა, რომ სხვა ქვეყანაში კარიერულ წარმატებასაც კი მიაღწიოს, ჯერ კიდევ საქართველოში რჩება. DW Akademie-ის და  At.ge-ის ერთობლივი სტატიების სერიიდან დღეს ქართველი არტისტის, პიტო სეთურის ინტერვიუს გთავაზობთ.  მიუხედავად საქართველოს საზღვრებს მიღმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრებისა, მან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება არჩია და სჯერა, რომ ეს სივრცე ოდესმე იქნება ის ადგილი, სადაც ყველას ღირსეული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები ექნება.  

პიტო სეთური 31 წლის არის და მისი საქმიანობა ბევრ სხვადასხვა სფეროს მოიცავს, თუმცა ყველაფერი შემოქმედებასთან, რაიმე ახლის შექმნის სურვილთან იკვეთება. ამ ეტაპზე ის აქტიურად მუშაობს პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინზე და იმ

ხელოვანების რიგებს განეკუთვნება, რომლებიც  ცდილობენ, საქართველოში კარიერა შეიქმნან.  პიტო 16 წლიდან მოგზაურობს და უამრავი ქვეყნის კულტურას და ცხოვრების წესს იცნობს. 

თუ დიდხანს ცხოვრებაზე ვისაუბრებთ, პიტოს შემთხვევაში ბერლინი და ნიუ-იორკი უნდა ვახსენოთ, სადაც 2023 წელს წავიდა და თითქმის ერთი წელიწადი გაატარა. 

რა იყო ქვეყნიდან წასვლის წინაპირობა? 

სხვა რეალობაში ყოფნის  და კომფორტის ზონიდან გასვლის სურვილი გამოჩნდა. ვფიქრობ, სხვადასხვა კულტურის გაცნობა და მათთან დაახლოება ჩვენს იდენტობას კიდევ უფრო კარგად გვაჩვენებს.  ბოლო ერთი წელი გავატარე ბერლინსა და ნიუ-იორკში. ამ ქალაქებში ბევრი  მუშაობა გიწევს და ბევრ რამეს სწავლობ. გიხდება  ახალ გარემოსთან ადაპტირება, ახალ რეალობასთან მორგება,  რაც გამოცდილების დიდი ტალღაა. 

 

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ? 

სხვა ქვეყანაში ადაპტირება დიდი ბიუროკრატიული პროცესია და ამ პროცესში ბევრ გამოწვევას ვხვდებით. ეს შეიძლება იყოს სამუშაო, ან ე.წ. არტისტ ვიზა, ცხოვრების უფლება, საკუთარი პროდუქტის გატანა ამ დიდ ბაზარზე. ამ პროცესების კვალდაკვალ ბევრი საინტერესო ადამიანი ჩნდება, ბევრი შესაძლებლობა იხსნება და უამრავი პროექტისა თუ კოლაბორაციის მონაწილე შეიძლება გახდე.

რით განსხვავდება საქართველოში არსებული გარემოსგან ის ქვეყანა, სადაც თქვენ ცხოვრობთ? 

ჩემთვის პირადად საქართველო ბევრად თბილი და კომფორტულია გარემოა. თუმცა, მეორე მხრივ, დემოკრატიით და ადამიანის უფლებების დაცვით საქართველო ძალიან ჩამორჩება. ეს კი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს. ამიტომაც ვარ ამ ეტაპზე ასე – ვერც საქართველოს ვთმობ და ვერც ნიუ-იორკს.  

 

თუ არის გარემოებები, რაზეც თქვენი წასვლა ან დარჩენაა დამოკიდებული? 

როგორც ალბათ ყველა თავისუფალი ადამიანისთვის, ასევე ჩემთვისაც ეს დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ გეზზე, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მძაფრად აისახება. თუ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ანტიდასავლური მიმართულებით, ბუნებრივია, აქ  ვერაფერი გამაჩერებს, რადგან თავისუფლებას ვერაფერი გადაწონის. 

თქვენი საქმიანობიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორ ხედავთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს? 

ქვეყნის ძირითადი გამოწვევა, ვფიქრობ, რომ განათლებაა. აუცილებელია საზოგადოების ყველა ფენაში ცნობიერება ამაღლდეს. განათლება ერთნაირი პრიორიტეტი უნდა  იყოს როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში. ეს ავტომატურად გაამარტივებს ახლის მიმღებლობას. მე პირადად ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო გარემო, სადაც ადამიანები  შეძლებენ თავიანთი იდეების განხორციელებას. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ახალგაზრდა თაობა ქვეყნის მომავალია და მათ მეტი რესურსი უნდა მიეცეთ.

თუ გეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და რა არის თქვენი გზავნილი თანამოქალაქეებისთვის?

ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის არის დიდი  მნიშვნელობის დღე და ყველა მოქალაქის ვალია, რომ წავიდეს არჩევნებზე და საკუთარი ქვეყანა გადაარჩინოს იმ მოსალოდნელი საფრთხეებისგან, რაც უკვე მიმდინარეობს და ეს საფრთხე პრორუსული გზაა. სწორედ ამიტომ –  კი, აუცილებლად წავალ არჩევნებზე და მოვუწოდებ ყველა ადამიანს და მოქალაქეს, რომ აიღოს ეს პასუხისმგებლობა და აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი. ალბათ სადღაც ყველას გვიფიქრია გეგმა “ბ”- ზე, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა გეგმა ჩვენი ქვეყნის და უფლებების დაცვისაკენ უნდა იყოს მომართული და ვფიქრობ, ასეც არის. ეს  ძალიან კარგად გამოჩნდა იმ დღეს, როცა რიყე მთლიანად შეივსო იმ მოქალაქეებით, ვინც თავისუფლება აირჩია!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.