fbpx

თინა მახარაძე: რატომ დავტოვე ქვეყანა? – DW Akademie-ის სტატიების სერია ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე


გააზიარე სტატია

ფოტოები: We The Love by Mimi Abintra 

 

DW Akademie-ის და  At.ge-ის ერთობლივი სტატიების სერიის ფარგლებში საქართველოდან წასული კიდევ ერთი ხელოვანის ინტერვიუს გთავაზობთ. თინა მახარაძე იმ ადამიანებს შორისაა, რომელიც თავის შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, ყოველთვის გამოირჩეოდა სამოქალაქო აქტივიზმით და კრიტიკული პოზიციით. 2017 წელს თინა სასწავლებლად  ნიუიორკში გაემგზავრა და დღემდე  იქ ცხოვრობს. 

 

თინა მახარაძე: 

ქვეყნიდან სასწავლებლად წავედი. ჩავაბარე კინორეჟისურის მაგისტრატურაზე ფეირსტეინის კინოსკოლაში. აქ გადმოსვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იდეალური პირობებით მომიწია ნიუ-იორკში ჩამოსვლა და ცხოვრებაც, ცვლილებების შედეგად მიღებული სტრესის ფაქტორი ძალიან დიდი იყო. უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნებისას ხშირად ქუჩაში ჩამოვმჯდარვარ და მიტირია, მაგრამ ჩემი პოზიციის პრივილეგიასაც ყოველთვის ვაცნობიერებდი – ვსწავლობდი საყვარელ საქმეს ნიუ-იორკში და ვიყავი საოცნებო გარემოში სრული დაფინანსებით. გარშემო კი მხოლოდ კეთილისმსურველები და გულშემატკივრები მყავდა. თბილისიდან დიდ აგრესიას გამოვექეცი, რაც საქართველოში სხვადასხვა ფორმით მუდმივად თან მდევდა. როცა ამ აგრესიისგან შორს დავიწყე ცხოვრება, ბევრად უფრო ლაღად ვიგრძენი თავი, როგორც ქალმა და როგორც ხელოვანმა. ნიუ-იორკში გადმოსვლის შემდეგ იმდენად დატვირთული გახდა ჩემი ცხოვრება პირველი სამი წელი, რომ ხშირად უნივერსიტეტის სამონტაჟო ოთახში საძილე ტომარაში ან იოგის მატრასზე მიწევდა დაძინება, რადგან სახლში წასვლას ხშირად ვერ ვასწრებდი. ასეთმა გრაფიკმა და ასევე იმის გაცნობიერებამ, რომ დაახლოებით 18 წლიდან არასდროს მიცხოვრია საზოგადოების ყურადღების მიღმა, მიმახვედრა, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა იზოლაცია. მჭირდებოდა, რომ გამეგო, რას ნიშნავს იცხოვრო პირადი სივრცის მაქსიმალური დაცვით ისე, რომ ჩემს ცხოვრებას მუდმივად გამადიდებელი შუშით არ აკვირდებოდნენ. 

რა გამოწვევები შეგხვდათ? 

მთავარი და უდიდესი გამოწვევა ოჯახის გარეშე ცხოვრებაა. მეორე მთავარი გამოწვევა ფინანსური მხარე იყო, რადგან  ნიუ-იორკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ მუშაობს და ასეთი ამ ქალაქში, მგონი, მხოლოდ მე ვარ – ამაზე ხშირად ვხუმრობ. ჩამოსვლის დღიდანვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ კინოს გარდა ყურადღება არაფრისთვის დამეთმო. ასეთი ცხოვრების სტილი კი დიდი, მაგრამ უზომოდ ძვირი პრივილეგიაა. კინო ისედაც ძვირი ხელოვნებაა და ამას ემატება ნიუ-იორკის მაღალი გადასახადები. შესაბამისად, ახალგაზრდა ხელოვანებს ხშირად უწევთ დამატებითი შემოსავლის ძიება სხვადასხვა სფეროში, რაზეც მე თავიდანვე უარი ვთქვი, რადგან ჩემი აბსოლუტური პრიორიტეტი კინოა. 

რით განსხვავდება საქართველოში არსებულ გარემოსთან ის ქვეყანა, სადაც თქვენ ცხოვრობთ? 

უპირველეს ყოვლისა ეს არის თავისუფლების ხარისხი. ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა. მთელ ამერიკაზე არ ვისაუბრებ, უზარმაზარი ტერიტორიაა და ნიუანსები შტატების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ნიუ-იორკში თავისუფლება იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. ადამიანების პირადი სივრცის პატივისცემა და თანასწორობა, იდენტობის განურჩევლად, არის ყველა ნიუიორკელის უპირველესი პრიორიტეტი. ამ ქალაქში ყველგან და ყოველთვის გრძნობ, რომ დახმარებისთვის ყველა მზად არის, თუ შენ ეს გჭირდება. ხოლო  თუ რამე არ გჭირდება, თავს არასდროს მოგახვევენ. თბილისისგან განსხვავებით, ნიუ-იორკში არავინ გიყურებს ამრეზით. ხალხი აქ გაცილებით ნაკლებად დასტრესილია, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აქაური მუშაობის ტემპი ნამდვილად გაცილებით აღემატება ქართული მუშაობის ტემპს, შრომის შედეგად მიღებული ქართული და ამერიკული ანაზღაურებაც რადიკალურად განსხვავდება. ეს სავსებით გასაგებია, რადგან, სამწუხაროდ, საქართველო უღარიბესი ქვეყანაა, ამერიკა კი – უმდიდრესი.  

საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, სადაც  ინდივიდის პირადი თავისუფლება დაცულია და მოსახლეობა საკუთარი შრომის შედეგად ღირსეულ ანაზღაურებას იღებს, საზოგადოება ბევრად ლაღი და ბედნიერია. ეს სილაღე, პერსონალური თავისუფლების ფაქტორი, მატერიალური კეთილდღეობა და ამ ყველაფრის შედეგად მიღებული ზოგადი ბედნიერების კოეფიციენტი წარმოადგენს ძირითად განსხვავებას ჩემს სამშობლოსა და საცხოვრებელ ადგილს შორის. 

რა მიმართულებით საქმიანობთ ამჟამად? 

ჩემი საქმიანობა კინოა.

რაც ნიუ-იორკში ჩამოვედი, როგორც მსახიობს, არცერთ კასტინგში არ მიმიღია მონაწილეობა. ზოგადად, არ მიყვარს კასტინგები და საქართველოშიც, თუ თვითონ არ მიმიწვევდნენ, მე, ძირითადად,  არასდროს დავდიოდი კასტინგებზე. ამ ჩვევის შესაბამისად, აქაც არ გამჩენია სურვილი, კასტინგებზე მევლო. კინორეჟისურაა ჩემი მთავარი ფოკუსი და აბსოლუტური პრიორიტეტი, ამიტომ მსახიობობისგან პაუზის აღებას ვგეგმავდი, თუმცა არ გამომივიდა, რადგან არც ამ პროფესიის გარეშე შემიძლია.

რეჟისორებს უყვართ ჩემთან მუშაობა და მეც განსაკუთრებულ შემოთავაზებებს ვთანხმდები ჩემი მეგობარი რეჟისორებისგან. სამსახიობო ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი. არგენტინელ-ჰოლანდიელი რეჟისორის, ხაიმე ლევინასის (Jaime Levinas)  მოკლემეტრაჟიან ფილმს Midnight Coffee, სადაც მთავარ როლს ვთამაშობ და რომელიც როტერდამის კინოფესტივალის ოფიციალური სელექცია იყო. 

ასევე ამ ზაფხულს შედგა ბრუკლინის კინოფესტივალზე ბელგიელი რეჟისორის, ვიტო როულენდსის (Vito A. Rowlands) სრულმეტრაჟიანი ფილმის, “ოვიდი, ნიუ-იორკი” პრემიერა, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ და საკვანძო მონოლოგს, სხვათა შორის, ქართულ ენაზე ვკითხულობ. ამ ფილმის ჩვენება გაიმართება დეკემბერში ბრუკლინში, Nitehawk Cinema-ში და ნიუ-იორკში მცხოვრებ დაინტერესებულ მაყურებელს ვურჩევ, დაესწრონ. 

რაც შეეხება რეჟისურას: ამ ეტაპზე ვასრულებ ჩემს სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობას, რომელიც მეორე კურსზე, სრულიად უბიუჯეტოდ, გადავიღე და რომელიც პრესტიჟული FIDLab Marseilleს ოფიციალურ სელექციაში მოხვდა 2020 წელს. 

პარალელურად ვმუშაობ ახალ ფილმზე, სახელწოდებით “მიწისძვრა”, სადაც მოქმედება  არტისტი ქართველი ქალის გარშემო ვითარდება მანჰეტენზე. 

კიდევ რამდენი ხნით გეგმავთ დარჩენას ან, საერთოდ, აპირებთ თუ არა დაბრუნებას?

თბილისი ხშირად მენატრება. ყოველ ღამე სიზმარში საქართველოში ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში ცხოვრება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე აბსოლუტურად ვერ წარმომიდგენია. საქართველოში ბოლოს 2019 წელს ვიყავი. ამ დროს ჩემი ნიუ-იორკში წასვლიდან ორი წელი იყო გასული, თუმცა ამ ორი წლის განმავლობაში მომხდარი რეგრესი, რაც დამხვდა, შოკისმომგვრელი იყო. წარმოუდგენელი გაჭირვება, ნიჰილიზმი და აპათია ხალხში, აგრესია ქუჩებში, უიმედობისა და სასოწარკვეთილების განცდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგრძნობლად გაზრდილი კრიმინალი და ნარკომანია, ძალიან შორს წაგვიყვანს ჩამონათვალი. იმხელა ემოციური სტრესი გადავიტანე და იმდენად დაუცველად ვიგრძენი თავი, მას მერე საქართველოში ჩამოსვლის სურვილი არ გამჩენია. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ანტი LGBT რიტორიკამ და ხელისუფლების მიერ მიღებულმა გენდერული დისკრიმინაციის კანონმა საშინლად გამაბრაზა. 

თუმცა დაბრუნებას საბოლოოდ აუცილებლად ვგეგმავ და ვაპირებ, ახლო მომავალში ვიცხოვრო ე.წ. ორკონტინენტური  ცხოვრებით – ევროპასა და ამერიკას შორის. 

მე კოსმოპოლიტი ადამიანი ვარ და ჩემთვის, რაღაც მომენტში, ნიუ-იორკიც პატარავდება ხოლმე. ამიტომ სულ მჭირდება ღია საზღვრები და იმის შეგრძნება, რომ ჩემთვის ყველა კარი ყველგან ღიაა. ამერიკაში იქამდე დავრჩები, სანამ ეს ჩემს კინოს სჭირდება. ასევე ძალიან მინდა საქართველოში კინოს გადაღება, თუმცა ამ ეტაპზე დაბრუნების, ცოტა არ იყოს, მეშინია. 

 

თუ არის რაიმე გარემოებები, რაზეც თქვენი დაბრუნებაა დამოკიდებული?

დიახ – პირველ რიგში ეს არის ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ამჟამინდელი რუსული პოლიტიკური რეჟიმი პირდაპირი საფრთხეა ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისთვისაც პირადი თავისუფლება არის ყველაფრის ქვაკუთხედი.  

გულწრფელად ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხებთ და შევცვლით ამ ხელისუფლებას, საქართველოს ძალიან დიდი და ბრწყინვალე მომავალი აქვს. ჩვენნაირი შესაძლებლობებისა და ისტორიის მატარებელი ქვეყანა დიდი განძია მთელი მსოფლიოსთვის. მსოფლიოს ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება მსოფლიო. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს, რომ გავცეთ და ამ გაცემის შედეგად მიღებული ჯილდოც უაღრესად დიდი იქნება. მთავარია რუსმა ბატონმა არ გადაგვიყვანოს ციმბირს გზაზე. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს საქართველოში არის: ბოროტი, პრორუსი ხელისუფლება,  მოსახლეობაში განათლების საშინლად დაბალი დონე და სიღატაკის უმაღლესი მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თუ გეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და რა არის თქვენი გზავნილი თანამოქალაქეებთან?

ცხადია! დავრეგისტრირდი და ერთი სული მაქვს, როდის შემოვხაზავ კანდიდატს, რომელიც ქართული ოცნება არ არის! ჩემი გზავნილი თანამოქალაქეებისთვის არის – გთხოვთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გადავირჩიოთ რუსის ბატონი. 

მინდა, თავისუფალ საქართველოში ვიცხოვრო! და ამ სიტყვათშეთანხმებაში –  “თავისუფალი საქართველო” – ძალიან ბევრი რამ მოიაზრება. პირველ რიგში მინდა, საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება არის კანონის ძალით დაცული. კანონის წინაშე კი, როგორც მოგეხსენებათ, ყველა თანაბარია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.