„ბარსა“ დაბრუნდა!
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო დღე „ბარსელონას“ და „რეალის“ ბენეფისად იქცა, როდესაც მათ შესაბამისად, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ დიდი ანგარიშებით – 4:1 და 5:2 გაანადგურეს.
ასეთი შედეგი კი, იმავდროულად, ესპანური ლა ლიგის დომინირებასაც მოასწავებს ამ ბოლო ხანს აშკარად პროგრესირებად გერმანიის ბუნდესლიგაზე. მაგრამ რამდენად სწორია ეს აზრი?
თუკი „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ამ დაპირისპირებაში თამაშს ერთ-ერთი მწვრთნელი ყოველთვის იგებს ხოლმე.
გავიხსენოთ „ბაიერნის“ ტრიუმფის წელიწადი, როდესაც მან „ბარსელონა“ ანგარიშით 8:2 გაანადგურა. მაშინ „რეკორდმაისტერს“ სწორედ ის ფლიკი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ამჯერად უკვე „ბარსელონამ“ დაამარცხა გერმანული ფეხბურთის ლიდერი.
საგულისხმოა, რომ „ბარსელონასთვის“ იმ ავადსახსენებელი მატჩის შემდეგ „ბაიერნს“ ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჰქონდა მოგებული მესის შემდგომი პერიოდის ესპანურ გრანდთან ჯამური ბურთების სხვაობით 11:0!
ამჯერად კი ბრაზილიელმა რაფინიამ მატჩის პირველივე წუთზე დააწინაურა მასპინძლები, რასაც „ბაიერნის“ ფეხბურთელთა შტურმი და საპასუხო გოლი მოჰყვა. თამაშმა ისეთი ელფერი მიიღო, თითქოს ტრადიცია არ უნდა დარღვეულიყო და „ბარსელონას“ ამჯერადაც არ უნდა ასცდენოდა მარცხი მძვინვარე „რეკორდმაისტერთან“ შეხვედრაში.
მაგრამ გოლის გატანის შემთხვევაში სათამაშო ინიციატივის მეტოქისთვის გადაცემა თურმე ჰანს-დიტერ ფლიკს წინასწარ ჰქონია განზრახული, რამაც მისი გამოუცდელი კოლეგა ვინსენ კომპანი და „ბაიერნის“ ფეხბურთელები თავდაპირველად ეიფორიაში, ხოლო შემდეგ კი საგონებელში ჩააგდო.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორ გაგრძელდებოდა ეს მატჩი, თუკი „ბაიერნის“ მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი იქნებოდა, მაგრამ ვინსენ კომპანის ჰანსი ფლიკმა სამწვრთნელო გაკვეთილი რომ ჩაუტარა, ეს აშკარაა.
„ბაიერნისგან“ ჩვენ დაჩვეულნი ვართ, რომ როცა იგი სისხლის სურნელს შეიგრძნობს, მაშინ მეტოქის ნოკაუტიც მოახლოებულია, მაგრამ „ბარსელონა“ თითქოს საკუთარ კარში გოლს ელოდაო, მყისიერად სწორედ იმ გუნდად იქცა, რომელმაც მატჩის პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში და შესვენებამდე სრულიად დემორალიზებული „რეკორდმაისტერის“ კარში კიდევ ორი ბურთი გაიტანა.
საბოლოოდ ლევანდოვსკიმ ერთი გოლით ისახელა თავი, ხოლო რაფინიამ კი ჰეთთრიკი შეასრულა.
წინა დღით ასევე ჰეთთრიკი მისმა თანამემამულე ვინისიუსმაც მიითვალა, როდესაც „დორტმუნდთან“ მატჩში მადრიდის „რეალმა“ შესვენებამდე საკუთარ კარში ორი ბურთი გაუშვა, მეორე ტაიმში კი ხუთი გოლის გატანას სულ რაღაც 30 წუთი მოანდომა!
ფეხბურთის მოყვარულებისთვის კი მთავარი საჩუქარი ის იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ და „ბარსელონას“ტრიუმფს ესპანეთის ჩემპიონატში მათი დაპირისპირება უნდა მოჰყოლოდა.
ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ამ ეტაპზე „ელ კლასიკო“ ნამდვილ საფეხბურთო ზეიმად უნდა ქცეულიყო, რადგან გერმანული გრანდების დიდი ანგარიშით დამარცხება ესპანური ფეხბურთის ორივე ლიდერის შესანიშნავ სათამაშო ფორმას მოასწავებდა, რაც ანჩელოტისა და ფლიკის დუელს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.
თამაშმა მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ბევრისთვის მოულოდნელად მასპინძელთა განადგურებით დასრულდა.
სინამდვილეში კი საოცარი სისწრაფით განვითარებადმა ძლევამოსილმა გუნდმა დაჯაბნა უბრალოდ ძლევამოსილი გუნდი, რომელიც მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობიდან თუ ახერხებდა მეტოქის კარში გოლის გატანას.
ფლიკმა სამწვრთნელო გაკვეთილი ამჯერად უკვე თვით ანჩელოტისაც ჩაუტარა, რომლისთვისაც „რეალში“ – მეორე ტაიმში ურთულესი მდგომარეობებიდან გამოსვლა ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ბარსელონასთან“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეხვედრაში შესვენების შემდეგ მადრიდის „რეალმა“ ოთხი უპასუხო ბურთი მას შემდეგ გაუშვა, რაც ჰანსი ფლიკმა მოედანზე დანი ოლმო და დე იონგი შეუშვა…
ლევანდოვსკი და რაფინია მოედანზე დაფრინავდნენ. დუბლის შემსრულებელი პოლონელი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, მაგრამ „ბარსელონას“ წარმატება უპირველეს ყოვლისა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა სიმრავლემ განაპირობა, რაც დანი კარვახალის ტრავმის შემდეგ ბოლომდე აღმოიფხვრა მადრიდის „რეალში“.
შარშანწინ ანალოგიურად ანგარიშით 4:0 და თანაც გაცილებით დიდი უპირატესობით კარლო ანჩელოტის გუნდი პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიმაც“ გაანადგურა, მაგრამ „ბარსელონასთან“ მარცხი იტალიელი მწვრთნელისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და შეიძლება კარიერაში უმძიმესიც იყოს, რადგან მას ჩემპიონთა ლიგის მოგებაც კი ვერ დაფარავს ბოლომდე…
ამ მოგების შემდეგ ლა ლიგის გათამაშების ცხრილში „ბარსელონამ“ უკვე ექვსი ქულით გადაასწრო „რეალს“. ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით კი ეს გუნდი ამჟამად შესაძლოა ყველაზე დახვეწილ ფეხბურთსაც თამაშობდეს ევროპაში, რადგან სამი დღის განმავლობაში „ბაიერნის“ და „რეალის“ ერთიმეორის მიყოლებით განადგურება მსოფლიოს უძლიერეს კლუბს თუ ძალუძს.
ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქე „მანჩესტერ სიტი“ მატჩის დებიუტში გატანილი ერთადერთი გოლით დაკმაყოფილდა აუტსაიდერ „საუთჰემპტონთან“ შეხვედრაში, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა სატურნირო ცხრილის სათავეში განსათავსებლად, რადგან ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მისმა უმთავრესმა მდევრებმა „არსენალმა“ და „ლივერპულმა“ ქულები გაიყვეს.
ლონდონელები ორჯერ დაწინაურდნენ ამ შეხვედრაში, მაგრამ მერსისაიდელებმა ორივეჯერ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და თამაშის სცენარიდან გამომდინარე, სამართლიანი შედეგის დაფიქსირება.
ჩვენ კი ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ გაგვახარეს, რომელთაც საფრანგეთის ლიგა I-ში განვლილ უიკენდზე დუბლი შეასრულეს და თანაც თითო გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმებით გაიტანეს.
სამწუხაროდ „სენტ-ეტიენი“ უშუალო კონკურენტ „ანჟესთან“ გასვლაზე ანგარიშით 2:4 დამარცხდა, მაგრამ ზურიკო ამ გუნდის გამოხატული ლიდერია და საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მას უკვე ხუთი ბურთი აქვს გატანილი და ორი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
გიორგი მიქაუტაძემ კი სადებიუტო გოლი გაიტანა „ლიონის“ შემადგენლობაში „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილს მატჩის უკანასკნელ წუთზე გაშვებული პენალტის შემდეგ მოუწია საკუთარი კარის ბადიდან ბურთის გამოტანა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე მან ახლო მანძილიდან დარტყმული ზედიზედ ორი ურთულესი ბურთი მოიგერია, გადაარჩინა რა თავისი გუნდი მორიგ მარცხს.
სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ გასვლაზე ქულა მოიპოვა „პარმასთან“ შეხვედრაში. ახალგაზრდა ქართველმა მცველმა კი ტრადიციულად უშეცდომოდ და შეუცვლელად ითამაშა, რაც მორიგი გზავნილია საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლისთვის ნოემბრის მატჩებში მისი ძირითად შემადგენლობაში დასაყენებლად.
ხვიჩა კვარაცხელია „ლეჩესთან“ მატჩში ანტონიო კონტემ 70-ე წუთზე შეიყვანა, შემოინახა რა იგი უკვე მომდევნო ტურში „მილანის“ წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის. საინტერესოა, რომ „ნაპოლიმ“ გამარჯვების გოლი ქართველი ფეხბურთელის მოედანზე გამოჩენისთანავე გაიტანა.
საოცარი გამოდგა „ინტერის“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა, რომელიც ფრედ 4:4 დასრულდა.
მატჩის გმირად ილდიზი იქცა, რომელმაც მოედანზე 62-ე წუთზე შესვლის შემდეგ დუბლით აღმოფხვრა იტალიის მოქმედი ჩემპიონის ორბურთიანი უპირატესობა, რითაც „ნაპოლის“ დიდი კმაყოფილებაც გამოიწვია, რადგან აწი ანტონიო კონტეს გუნდი „მილანთან“ წაგების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას…