ანანო ბაკურაძე ქვეყნიდან შორს ცხოვრებასა და არჩევნების შედეგებზე – DW Akademie-ის სტატიების სერია ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე
At.ge და DW Akademie საერთო პროექტის ფარგლებში კვლავაც აგრძელებენ სტატიებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამჟამად ემიგრაციაში არიან და ქვეყნისგან მოშორებით უწევთ ცხოვრება. თითოეული ჩვენი რესპონდენტის შემთხვევა განსხვავებულია. ზოგიერთმა საცხოვრებლად სხვა ქვეყანა აირჩია, ზოგი სამუშაოდ გადავიდა, ზოგი კი დროებით სასწავლებლად არის წასული.
ანანო ბაკურაძე – 32 წლის ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი – ამჟამად პარიზში ცხოვრობს. ის საქართველოდან 2021 წელს პარიზის კინოსკოლაში მაგისტრატურის გასაგრძელებლად გაემგზავრა. ამჟამად კინოდოკუმენტალისტიკის მიმართულებით სწავლობს და პირველ საავტორო სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. “ჯერჯერობით დაბრუნებას არ ვგეგმავ, თუმცა თუ შეიცვალა მთავრობა, უფრო მეტ დროს გავატარებ საფრანგეთსა და საქართველოს შორის”. ანანო ბაკურაძე ყველასთვის ცნობილი ონლაინ მედია პლატფორმის, Movement-ის თანადამფუძნებელია და სწორედ ამის გამო დღემდე პროფესიულად დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან ამ პლატფორმისათვის დისტანციურად მუშაობს.
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ?
იქიდან გამომდინარე, რომ განათლება საფრანგეთში მაქვს მიღებული, 2010-2014 წლებში და ამ ქვეყანასთან კავშირი მას შემდეგ არცერთი დღე არ შემიწყვეტია, ჩემთვის საფრანგეთში დაბრუნება ადვილი იყო. ფრანგულ ენაზე ვსაუბრობ და ეს ქვეყანა ჩემთვის უცხო გარემო არ ყოფილა. გამოწვევები სახლიდან შორს ცხოვრებას ყოველთვის ახლავს. საბუთებთან დაკავშირებული სირთულეები, კულტურული განსხვავებებით განპირობებული გამოწვევები. თუმცა მიმაჩნია, რომ სახლი თუ არ დატოვე და კომფორტის ზონიდან არ გამოხვედი, განვითარების ნაკლები შანსი გაქვს.
რით განსხვავდება საქართველოში არსებულ გარემოსგან ის ქვეყანა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
საფრანგეთში ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია. უფასოა ჯანდაცვა, განათლება. იაფი ღირს წამლები. თუ სამსახურს დაკარგავ, სახელმწიფო გიხდის უმუშევრობის დახმარებას. იაფია ტრანსპორტი და საკვები პროდუქტები. აქ კანონი უზენაესია, თავს დაცულად გრძნობ და თავისუფლად გამოხატავ შენს აზრს, სულ რომ ვინმეს არ მოსწონდეს ის. აი, ეს ფუნდამენტური განსხვავებებია საფრანგეთსა და საქართველოს შორის.
ახლა როცა საქართველოში არ ხართ, როგორ ხედავთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს?
ვფიქრობ, ქვეყანა ბოლო წლებში სტაგნაციას განიცდის. უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ევროპული კურსის დაბრუნება და რუსული გავლენისგან გათავისუფლებაა.
როგორია თქვენი განწყობა 26 ოქტომბრის არჩევნებია შემდეგ?
მე პირადად ძალიან დაბნეული ვარ. რამდენიმე დღეა, ვცდილობ ვიპოვო ძალა და გზა, როგორ გავაგრძელო მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგა. ალბათ, ჩემსავით ყველა დაბნეულია. შიშის განცდაც
მქონდა და ბრაზისაც. მე იმდენად არ ვენდობი მთავრობას, რომ არც მათი ჩატარებული არჩევნების მჯერა, მითუმეტეს, რომ გაყალბების ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა. ხელისუფლებამ სულ ერთი ხმაც რომ გააყალბოს, ჩემთვის არჩევნები გაყალბებულად ჩაითვლებოდა. ახლა კი ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ათასობით ხმა გაყალბდა. ამ არჩევნებს მე, როგორც რიგითი მოქალაქე, გაყალბებულად მივიჩნევ.
ჩვენ პროტესტებს მიჩვეული ვართ, სამწუხაროდ. მაგრამ 26 ოქტომბრამდე ყველას გვეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარ საქმეს დავუბრუნდებოდით, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა რამენაირად უნდა გამოვნახოთ ძალა და შემართება, რომ ბრძოლა განვაგრძოთ. ალბათ ცოტა დრო გვჭირდება ყველას, რომ ამ შოკიდან გამოვიდეთ და სურათი მკაფიოდ დავინახოთ.