ყველა დროის საუკეთესო საშინელებათა ფილმები
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
ოქტომბერი, როგორც წესი, ჰელოუინთან, ჰელოუინი კი საშინელებათა ფილმებთან ასოცირდება. მონსტრები, შეშლილი მეცნიერები, ვამპირები და კლოუნები 31 ოქტომბრის კოსტიუმების განუყოფელი ნაწილია. Spooky-ის სეზონთან ერთად, თემატურია გადავხედოთ იმ ფილმებს, რომლებიც ჰელოუინის ტრადიციად და ამ ჟანრის კლასიკად იქცნენ.
Nosferatu (1922)
დრაკულას პერსონაჟი და მისი ისტორია არაერთი ფილმის შთაგონებად იქცა. თითოეული მათგანი საკუთარი ორიგინალური და მხატვრული ვერსიით გამოირჩევა, თუმცა ეს ი ფილმები სათავეს 1922 წლის კლასიკიდან, „ნოსფერატუდან“ იღებენ – ესაა დრაკულას ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ვერსია საშინელებათა ჟანრის ფილმებს შორის. „ნოსფერატუ“ ბრემ სტოკერის ცნობილი რომანის, „დრაკულას“ არაოფიციალური ადაპტაციაა. რეჟისორი ფრიდრიხ მურნაუ ამ ჟანრის პიონერია, რომელმაც პერსონაჟი და ვამპირის მითოლოგია ფართო აუდიტორიას გააცნო. მარტივად რომ ვთქვათ, ფილმი დრაკულას პერსონაჟის, საშინელებათა ჟანრის, გერმანული ექსპრესიონიზმის და ზოგადად, კინემატოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Frankenstein (1931)
1816 წელს მერი შელი, პერსი შელი და ლორდ ბაირონი ერთმანეთს შეეჯიბრნენ, თუ ვინ დაწერდა საუკეთესო საშინელებათა ისტორიას. დღეების ფიქრის შემდეგ მერი შელი შთაგონებული იყო მეცნიერით, რომელმაც შექმნა სიცოცხლე და შეძრწუნებული იყო თავისი ქმნილებით. შელი 60 წლისაც არ იყო, როდესაც გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა სამ სხვადასხვა საუკუნეს მოიცავს. ფრანკენშტაინი და მისი ურჩხული, საშინელებათა ჟანრის კინოს ისტორიაში ორი ყველაზე ხანგრძლივი პერსონაჟია. ისინი ეკრანზე პირველად 1910 წელს 16-წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდნენ. ორი ათწლეულის შემდეგ, 1931 წელს, რეჟისორმა ჯეიმს უაილმა შელის რომანის პირველი სრულმეტრაჟიანი ადაპტაცია გადაიღო. ფილმში ბორის კარლოფის მიერ შესრულებული მონსტრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰელოუინის კოსტიუმის საწყისი გახდა.
Psycho (1960)
Slasher ჟანრის ფილმები, როგორც წესი, დინამიკური ბოროტმოქმედებით არ გამოირჩევა. მასების დასაკმაყოფილებლად მკვლელს ნიღაბი, დანა და მარტივი მოტივი სჭირდება. თუმცა, ალფრედ ჰიჩკოკის მიერ რობერტ ბლოხის რომანის, „ფსიქოს“ ადაპტაცია ფსიქოლოგიურ კომპლექსურობას ბევრად უფრო ღრმა ჭრილში წარმოაჩენს. შხაპის სცენა ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სცენაა ფილმის ისტორიაში – მამაკაცი დანით უბრალო ბოროტმოქმედი არ არის, ის პირველია თავის კინემატოგრაფიულ სახეობაში: ურჩხული, რომელიც 100 პროცენტით ადამიანია – არა მოჩვენება ან რაიმე სხვა სახის მონსტრი; მასზე ვერასოდეს იფიქრებთ, რომ ზიანის მოტანა ან ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ასევე საინტერესოა, რომ მიუხედავად ფილმის გრაფიკული ხასიათისა, ჰიჩკოკი მის ყველაზე საზარელ ეპიზოდს შხაპის ფარდის მიღმა გვთავაზობს. დღეს დიდი ეკრანი სერიული მკვლელებითაა სავსე, შესაბამისად, რთული წარმოსადგენია, რამდენად შოკის მომგვრელი და შემაძრწუნებელი იყო საკუთარი დედით შეპყრობილი ნორმან ბეიტსი 1960 წელს, თუმცა სამართლიანია ითქვას, რომ მან ხელახლა განსაზღვრა საშინელებათა ჟანრი.
The Birds (1963)
გასაკვირი არ არის, რომ ამ სიაში ალფრედ ჰიჩკოკის ორი ფილმი მოხვდა, რადგან რთულია საშინელებათა ფილმებზე ამ ჟანრის „მამის“ გარეშე საუბარი. რეჟისორის 1963 წლის აპოკალიფსურ კლასიკაში სოციალისტი მელანი დენიელსი მომხიბლავ ადვოკატს ყურისპირა ქალაქში მიჰყვება, სადაც თოლიები, ყვავები და კიდევ სხვა ფრინველები ადამიანის ხორცს ეტანებიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, რომ ფილმი მკვლელი ფრინველების შესახებ შემზარავია, „ჩიტები“ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელი საშინელებათა ფილმისა და ტრილერის ჰიბრიდად რჩება.
The Shining (1980)
სტენლი კუბრიკის „ნათება“ გამოსვლისთანავე კრიტიკოსების ფავორიტად და საშინელებათა ჟანრის კლასიკად დასახელდა, რომელიც ლეგენდარული სტივენ კინგის კუბრიკისეულ ვერსიას გვთავაზობს. ფილმი ჯეკ ტორანსის და მისი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ზამთარში მიტოვებულ სასტუმროში გადადიან საცხოვრებლად. ცხადია, პერფორმანსები და რეჟისორის ხედვა ტრანსცენდენტურია, თუმცა ფილმის ყველაზე საზარელი ნაწილი მისი კონცეფციაა, რომელიც ალკოჰოლიზმის, ძალადობისა და ოჯახური დისფუნქციის თემებს იკვლევს. „ნათება“ ოსტატურად აერთიანებს შემზარავ ზებუნებრივ შიშებს ფსიქიკური დეგრადაციის შემაშფოთებელ ისტორიასთან, რომელთაგანაც არც კი ვიცით რომელი უარესია. ფილმის ფინალურმა სცენამ საფუძველი დაუდო კინოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და ჯერ კიდევ მიმდინარე შეთქმულების თეორიას, რომელზე პასუხიც დღემდე არ გვაქვს.
Get Out (2017)
ჯორდან პილმა „თავს უშველეთი“, შეიძლება ითქვას, რომ საშინელებათა ჟანრში სახელი დაიმკვიდრა. რეჟისორის ოსკაროსანი სცენარით ბევრ აქტუალურ თემაზე საუბრობს, მათ შორის რასიზმზე ამერიკაში, უფრო კონკრეტულად კი სისტემურ რასიზმზე. პილი საშინელებათა, კომედიის და სოციალური კრიტიკის შერწყმით უაღრესად ორიგინალურ ისტორიას გვთავაზობს, რომელიც უცნაურ ნათესავებსა და ტვინის გადანერგვას მოიცავს.
Hereditary (2018)
არი ასტერის „მემკვიდრეობა“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშინელებათა ჟანრის დებიუტია, რომელმაც რეჟისორს ოსტატის სტატუსი მიანიჭა. ბოლო ათწლეულის ყველაზე შემაშფოთებელი ფილმი ოჯახის მწუხარებას ასახავს, რომლის სიუჟეტიც მუდმივად მოულოდნელი მიმართულებით ტრიალებს. „მემკვიდრეობის“ ვიზუალი ისეთივე შემზარავია, როგორიც შინაარსი, რომელიც ჩინებულად არის აღბეჭდილი კინემატოგრაფისტის, პაველ პოგორზელსკის მიერ. თუმცა, ფილმის ნამდვილი ვარსკვლავი ტონი კოლეტია, რომლის პერფორმანსიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ კინოაკადემიის აღიარებას უსათუოდ იმსახურებდა.