ზაალ სამადაშვილი და მომღიმარი სიტყვები
ავტორი: მათე წიკლაური
დიეგო მარადონას ავტობიოგრაფიულ წიგნში წამიკითხავს, სახლიდან სკოლაში ფორთოხლის კენწვლით მივდიოდიო. ეს სიტყვები არგენტინელის და ბურთის გულწრფელ, კეთილშობილურ ურთიერთობაზე მაფიქრებდა, თითქოს ეს ფრაზა, ეს დამოკიდებულება იყო მიზეზი მისი გენიალური საფეხბურთო კარიერისა. ზუსტად ასეთი განცდა მაქვს ზაალ სამადაშვილის თითოეული მოთხრობის კითხვისას, – სიტყვებს უყვართ მწერალი და მწერალსაც უყვარს სიტყვები.
თუ ვინმეს გამოვარჩევდი თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან, სწორედ მას, თუ ვინმეს კრებულს დავლოდებივარ მოუთმენლად, სწორედ მისას. არსებობენ მწერლები, რომლებსაც ერთი ნაწარმოების, ერთი კრებულის განხილვა უხდებათ, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც მათი შემოქმედების სრულად შეფასება ახარებთ, ზალიკო ორივეს საშუალებას გვაძლევდა. ამიტომ, რამდენიმე მოთხრობის კეთილშობილებას გაგახსენებთ და მერე, იქნებ, მთლიანად შემოქმედებაზეც ვთქვა რამე. „სამაგიდო წიგნებს მხოლოდ მამაცები წერენ“ მისი ერთი ძალიან კარგი მოთხრობის სათაურია. ეს მოთხრობა, რომ წავიკითხე, მივხვდი, რატომ არ ვუშვებ ხელიდან მის არცერთ კრებულს, რატომ მივდივარ მის მოთხრობებთან როგორც მოწყენილობის, ისე სიხარულის ჟამს, – იმიტომ, რომ ის მამაცი მწერალია, ყველაზე გულწრფელი და კეთილშობილური ქართულ ლიტერატურაში, ასე წერაზე უფრო დიდი სითამამე კი არაფერს არ სჭირდება. მამაცი კაცის დაწერილია „იუნკერ ერისთავის ბუცები“.
2015 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ „იუნკერ ერისთავის ბუცები“ გამოსცა. როგორც აღვნიშნეთ, ეს გახლავთ ჩანაწერებისა და ნოველების კრებული, რომელშიც მკითხველმა მწერლის განცდების, აღქმებისა და ემოციათა ფონზე ეპოქა უნდა დაინახოს და მიხვდეს, თუ რა პრობლემები და მანკიერი მხარეები ჰქონდა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, როგორი იყო საბჭოთა მკითხველი, რატომ ხვდებოდა ამერიკული კევი შავ ბაზარზე, როგორ აპატიმრებდნენ უდანაშაულო ადამიანებს, რა იყო აგვისტოს ომის მთავარი საშინელება და სხვა. აღნიშნული დეტალების აღმოჩენა მკითხველში გააღვიძებს იმ განცდებს, რომლებიც შეიძლება თავადაც აქვს, მაგრამ დიდი ხანია მეხსიერებაში აღარ ამოუტივტივებია. კრებულის ერთ გამორჩეულ ასპექტს საგმირო, რაინდული, რომანტიკული პათოსის რეფრენად გადევნება წარმოადგენს, ყოველივე ამას კი წიგნის მთავარ სათქმელამდე მივყავართ – თავისუფლების მოპოვება ერის უმთავრესი ამოცანაა და მასზე ძვირფასი ქვეყნად არაფერი არსებობს.
კრებულში ერთი ავტობიოგრაფიული ნოველაა „თვრამეტი წლის რომ ხარ“. მწერალმა თავისი და კლასელის ბავშვობა გაიხსენა, მოგვაგონა, შიმშილი ჩვეულებრივი ამბავი რომ იყო, ის ეპოქა. „ძალით დაბოხებული ხმით კრეტინობების“ მოსაუბრე ხალხი ჭარბობდაო და ფერადოვნება ადამიანებს ისე ეზიზღებოდათ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ემუქრებოდა: „ომის დროს შენისთანას ტრიბუნალს გადავცემდიო.“ ამ ტიპის მწერალია, რამდენიმე ამბავს გეტყვის და მერე შენ ეპოქას ხედავ, მთელ ნაცრისფერ, საბჭოთა ეპოქას, სადაც თავისუფლება ნაპერწკალივითაც არ მოჩანს. წარსულში გადაფრენაზეა „არდონის ქუჩის პურიც“, რომელიც ვფიქრობ, მთელი რიგი მახასიათებლებით გამოირჩევა სხვა ნოველებისა თუ ჩანაწერებისაგან. ერთი მხრივ, ზაალ სამადაშვილმა არც აქ გადაუხვია კრებულში შემავალი ნამუშევრების გამაერთიანებელ ხაზს, მან კვლავ განაგრძო დროში მკითხველთან ერთად მოგზაურობა და არ დაუვიწყებია ეპოქის რეალური სახის წარმოჩენა, მაგრამ ამ ნაწარმოებში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს მწერლის ოსტატობას. სულ რამდენიმე გვერდში მკითხველი ავტორის ბავშვობიდან 2008 წლის აგვისტოში გადაინაცვლებს. ეს პასაჟი კი, დამეთანხმებით, ძალიან მოულოდნელია და განცვიფრებას იწვევს. ეს არის ტექსტი იმის შესახებ, რომ, გარდა ზოგადი ტრაგედიისა, ომისაგან განცდილი საშინელება და, საერთოდ ყველანაირი ტკივილი, აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურ წვრილმანზე გადის. მწერლისთვის ეს პურის რიგში დანახული ბავშვია, რომლის ისტორიასაც ნოველაში მოკლედ და ამომწურავად ვიგებთ.
ზაალ სამადაშვილმა მკითხველი იცოდა, ბორხესივით… ბუენოს-აირესში ჩატარებული ლექციების კვირეულის უკანასკნელი შეხვედრა ბორხესმა მკითხველთან სიბრმავეზე სასაუბროდ გამართა. არგენტინელმა გენიოსმა ლექცია შემდეგნაირად დაიწყო: „ჩემი მრავალი ლექციის კითხვისას შევნიშნე, რომ მსმენელები უპირატესობას ანიჭებენ პირადულს საზოგადოსთან შედარებით, კონკრეტულს – აბსტრაქტულთან შედარებით.“ ამიტომ წერდა პირადულს, ოღონდ ისე, რომ საზოგადოსთვის მოგერგო, ისე რომ თავადვე გექცია საზოგადოდ და რაღაცა დიდი ემოცია დაგრჩენოდა.
„იუნკერ ერისთავის ბუცებზე“ ერთხელ ვუთხარი, პარიზის დაგეგმარებას მაგონებს-მეთქი, – მართლაც, ლამაზი ქუჩა-მოთხრობებით შალვა ერისთავზე დაწერილ ცენტრალურ მოთხრობასთან მიდიხარ და იქ იკვრება ყველაფერი. შალვა დადიანის და იმ პატარა ბიჭის ისტორიაა, არცერთ მატჩს რომ არ აკლდებოდა და შალვას ყველა ცრუმოძრაობა თუ სხვა საფეხბურთო ფანდი ბრწყინვალედ ჰქონდა დამახსოვრებული. მოთხრობაში აღწერილია იუნკრების ომში წასვლის პროცესი ისე, რომ მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. სულისშემძვრელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ ყოფთ ქუჩა შუაზე ახალგაზრდა მებრძოლებსა და მათ გამცილებლებს, როგორ ისვრის ვიღაცა აივნიდან ყვავილებს და როგორ არ წყდება ქვითინი. „კვლავ ისმოდა ქვითინი…“ – წერს ზაალ სამადაშვილი და, თითქოს საკუთარი თავი შეჰყავს ნაწარმოებში. ეს მისი ემოციაა, რომელიც მთელ კრებულს რეფრენად გასდევს. მოთხრობაში შალვა ერისთავი ბიჭს ბუცებს უტოვებს და საჩუქრის ნახვამდე კვლავ ვხვდებით საოცარი მწერლური ოსტატობით გაჯერებულ აღწერას, – ბავშვი ნებისმიერ საჩუქარზე თანახმაა, მას უნდა, რომ სიამაყით მოჰყვეს ყველგან, რა დაუტოვა საუკეთესო ფეხბურთელმა. ეჭვგარეშეა, რომ კითხვის პროცესში შენც ის პატარა ბიჭი ხდები, რომელიც თავისი კუმირისგან საჩუქარს მიიღებს და აღტაცებას ვერ მალავს. ამ ბიჭისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო, ახალი ცხოვრება დაიწყო შალვასთვისაც და, თუ, მართლაც, ადამიანს ბევრი სიცოცხლე აქვს, შალვა ერისთავმა სიკვდილით მიაღწია ახალ, სიცოცხლის უკანასკნელ, მაგრამ მარადიულ ფაზას და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს მეხსიერებაში, რის დასტურადაც ეს ფანტასტიკური ნაწარმოები და ნოველათა კრებული გვევლინება.
როცა ზალიკოს თბილისურ ამბებს კითხულობ, გინდება, რომ ფეხით წახვიდე და შემოუარო ქალაქს, მისი თვალით დააკვირდე რიკულებიან აივნებს, მორბენალი ბავშვებით გახალისებულ ქუჩებს, სევდა შემოხვეულ უბნებსა და ათასი წვრილმანით სავსე ქალაქს, როცა ამერიკულ კევზე გიყვება, ერთი სული გაქვს, სადმე მაღაზიაში შეხვდე წიგნში წაკითხულს და გემო გაუსინჯო, ჰემინგუეიზე გეტყვის რამეს და გეგონება, იცნობდა და მეგობრობდაო, კეთილი შური გიპყრობს, რატომ არ გამაცნოო? მის ერთ კრებულს „ოსტატთან შეხვედრა“ ჰქვია, სულ ეს განცდა მქონდა მისი ნახვისას და უილიამ ტრევორი მაგონდებოდა, მოთხრობა, რომ თვალის მოკვრის ხელოვნებად მიაჩნია, ის ირლანდიელი კაცი. ზაალ სამადაშვილიც ეგრე წერდა, ამიტომ იყო ყველაზე მართალი, ამიტომ არ გეზედმეტებოდა არცერთი სიტყვა, ამიტომ გავცდი ავტობუსში მჯდომი, ჩემს გაჩერებას.
ბოლო წიგნის ფესტივალზე ორ დღეს ვიყავი, პირველად ვერსად დავლანდე და მერე მივხვდი, რომ გული დამწყდა, წიგნზე ფიქრი და ლაპარაკი მის გარეშე ვერ წარმომიდგენია, განცდა მქონდა, რომ წიგნის ფესტივალზე წიგნები არ იყო, მაგრამ მეორე დღესაც მივედი და შემხვდა. თითქოს ამ მხრივ დაცარიელებული გული შემევსო, თანაც აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე წიგნები გვიყიდია. რთული გასააზრებელია, რომ მის კრებულს აღარ დაველოდები, მაგრამ მისი განცდილი მილან კუნდერაზე, ჰემინგუეიზე, თბილისზე, სპარტაკას დუქანზე, იუნკრებსა და თავისუფლებაზე, ყოველთვის დარჩება ჩემთან, ყოველთვის მივუბრუნდები და დამაწყნარებს, ოღონდ ამ სიმშვიდეს ახლა მუდმივი უკმარისობის განცდა აედევნება თან, – ვეღარ მოვუყვები ჩემი აღტაცებების შესახებ, მხოლოდ მისი სიტყვები გამიღიმებენ, ზუსტად ისე, როგორც თავად მიღიმოდა და მე კი ილუზიას შევიქმნი, რომ კვლავ ცოცხალია. აბა, ამაზე კეთილშობილური რა უნდა იყოს?