fbpx

ნაკრების თამაშების მოლოდინში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ნოემბერი  უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან სულ რაღაც ორიოდე კვირაში როგორც ეროვნულ, ისე 21 წლამდელთა ნაკრებებს სამომავლო სტრატეგიის განმსაზღვრელი გადამწყვეტი დაპირისპირებები ელით.

ამიტომ გულშემატკივრები დადარაჯებულნი არიან ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით თითოეულ მატჩს და ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მათი თამაშის ხარისხს.

საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ლილისა“ და „ლიონის“ შეხვედრაში წინა მატჩში შესრულებული დუბლის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძეს, სამწუხაროდ, მხოლოდ 10 წუთი მიეცა მოედანზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

ზანტი და მოუქნელი ლაკაზეტის ნაცვლად ქართველი თავდამსხმელის გამოსვლის შემდეგ „ლიონის“ შემტევი ხაზი გაცილებით მობილური გახდა და მატჩის დამატებულ წუთზე ფოფანამ წონასწორობა აღადგინა.

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ კი სეზონში მეორე „მშრალი“ მატჩი ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა „სტრასბურგთან“ დაპირისპირებაში, რაც მას მომდევნო შეხვედრის მოგების შემთხვევაში გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს.

საგულისხმოა, რომ მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, როდესაც „ლიონი“ „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლებს.

ზურიკო „სტრასბურგის“ წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში თავისი გუნდის შეტევების ორგანიზატორი და სტანდარტული სიტუაციების შემსრულებელი იყო, თუმცა ამჯერად გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.

საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გუნდები საკმაოდ მჭიდროდ არიან განლაგებულნი და მეექვსე ადგილზე მყოფი „ლიონი“ მე-16 ადგილოსან „სენტ-ეტიენს“ სულ რაღაც ხუთი ქულით უსწრებს. სატურნირო ცხრილის სათავეში კი „პარი სენ-ჟერმენია“, რომელიც „მონაკოს“ და „ლილს“ ექვსი ქულით უსწრებს.

ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდმა“ გასვლაზე „შეფილდ უენსდი“ ანგარიშით 6:2 გაანადგურა. გიორგი ჩაკვეტაძემ მთელი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სამაგიეროდ ავსტრიის ბუნდესლიგის ცენტრალურ მატჩში, ათკაციანი ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ, „შტურმის“ მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გადაწყვიტა, რომ თამაში მოგებულია და ოთარ კიტეიშვილი შეცვალა. 

„რაპიდმა“ კი მეტოქის ტაქტიკურ მონახაზში მცირეოდენი არეულობით ისარგებლა, დარჩენილ დროში გათამაშების ლიდერთან წონასწორობა პენალტით აღადგინა და მასთან სამქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

„ნაპოლისა“ და მისი გულშემატკივრებისთვის გასული კვირა ვნებათაღელვით აღსავსე გამოდგა, რადგან „მილანთან“ გასვლაზე ბრწყინვალედ მოგებულ მატჩს შინ, „ატალანტასთან“ სრული ფიასკო მოჰყვა, რამაც მომდევნო ტურში, „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე „ინტერთან“ დაპირისპირების წინ ანტონიო კონტეს უამრავი საფიქრალი გაუჩინა.

„ატალანტას“ მწვრთნელი ჯუზეპე გასპერინი ჩინებული სტრატეგია, რომელმაც შარშანდელ სეზონში თავი უპირველეს ყოვლისა ევროპის ლიგის ფინალის სამწვრთნელო დუელში თვით ჩაბი ალონსოს ძლევით დაგვამახსოვრა. 

მთელი სეზონის განმავლობაში  გერმანიის ჩემპიონ „ლევერკუზენის“ ერთადერთი წაგების მთავარ შემოქმედად კი იმ  მატჩში სამივე გოლის ავტორი ადემოლა ლუკმენი იქცა.

ლუკმენმა „ნაპოლის“ ორჯერ გაუტანა და ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა შარლ დე კეტელარემ შეასრულა. მესამეჯერ კი მასპინძელთა კარი მატეო რეტეგუიმ მსაჯის მიერ დამატებულ დროში დალაშქრა, „გაალამაზა“ რა მატჩის საბოლოო შედეგი. 

იმ დროისათვის ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე უკვე აღარ იმყოფებოდა, რადგან უიმედოდ მყოფმა ანტონიო კონტემ იგი 70-ე წუთზე შეცვალა, შემოინახა რა იტალიის სერია A-ს სექტემბრის ს საუკეთესო ფეხბურთელი „ინტერთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის, რომელთან დამარცხების შემთხვევაში „ნაპოლის“ უკვე მოუწევს სატურნირო ცხრილში „სკუდეტოს“ მოქმედი მფლობელის ლიდერის პოზიციაზე გაშვება.

„ნაპოლიმ“ „ატალანტასთან“ შეხვედრაში ხეირიანი ვერაფერი შექმნა, გარდა დებიუტში მაკტომინეის მიერ გარტყმული ძელისა და ხვიჩას შესანიშნავი გადაცემისა, რომელსაც ლუკაკუ რატომღაც ვერ გამოეხმაურა. ლუკაკუს ადგილზე ლუკმენი კი ალბათ მცველებს დაასწრებდა და ანგარიშსაც გახსნიდა… 

საოცრად დრამატული გამოდგა „ინტერის“ და „ვენეციას“ მატჩის უკანასკნელი დამატებითი მე-7 წუთი, როდესაც ყველასათვის მოულოდნელად სტუმრებმა გოლი გაქვითეს იტალიის ჩემპიონთა კარში, თუმცა VAR-ის ჩარევის შემდეგ ხორვატ შვერკოზე ხელით თამაში დაფიქსირდა და „ინტერმაც“ სამი ქულა შეინარჩუნა.

როგორც გერმანიის ბუნდესლიგაში, ისე ინგლისის პრემიერლიგაში, გასულ კვირას უაღრესად საინტერესო ამბები დატრიალდა.

„დორტმუნდის“ და „ლაიპციგის“ შეხვედრაში სტუმრები კი დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ „ყვითელ-შავი კედლით“ გამხნევებულ მასპინძელთა ულმობელ ზეწოლას ვერ გაუძლეს და ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ. 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სეზონში ეს მარკო როზეს გუნდის პირველი მარცხია, რამაც „რეკორდმაისტერს“ „უნიონის“ანგარიშით 3:0 დამარცხების შემდეგ, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერად განთავსების საშუალება მისცა.

ტურის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი „ლევერკუზენსა“ და „შტუტგარტს“ შორის ფრედ 0:0 დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდებმა ერთიმეორის კართან მრავალი საგოლე მომენტი შექმნეს.

ამ მხრივ ჩაბი ალონსოს გუნდი დომინირებდა, რომელმაც ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი, მაგრამ „ნევერლუზერისთვის“ ტრადიციულად უხერხულმა მეტოქემ მაინც შეძლო მასთან გასვლაზე დამსახურებული ქულის მოპოვება.

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტური კი ავტორიტეტთა ფიასკოთი აღინიშნა, რადგან როგორც „მანჩესტერ სიტიმ“, ისე „არსენალმა“ თავ-თავიანთი მატჩები წააგეს.

პეპ გვარდიოლას გუნდისთვის „ბორნმუთთან“ მატჩში მარცხი მიმდინარე სეზონში პირველია, „არსენალმა“ კი ამავე „ბორნმუთთან“ წაგების შემდეგ, გასვლაზე ზედიზედ მეორე მარცხი უკვე „ნიუკასლთან“ შეხვედრაში იწვნია.

„ნიუკასლმა“ მატჩის დებიუტშივე გახსნა ანგარიში და სამი ქულის შენარჩუნება მტკიცე დაცვითი ზღუდეების აგების წყალობით, საკმაოდ მარტივად შეძლო, რადგან სახიფათო კონტრიერიშებს თავადაც არ ერიდებოდა, რაც სტუმრებს შეტევაში მთელი ძალებით ჩართვის საშუალებას არ აძლევდა.

განვლილ ტურში გაუჭირდა „ლივერპულსაც“, რომელმაც „ბრაიტონთან“ შეხვედრაში მეორე ტაიმში შემოატრიალა თამაში, რომელთანაც ანგარიშით 2:1 გამარჯვების შემდეგ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „მაჩესტერ სიტი“ ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ შინ „არსენალის“ და „მანჩესტერ სიტის“ ზედიზედ დამარცხებებს შორის, „ბორნმუთმა“ გასვლაზე „ასტონ ვილასთან“ ფრედ ითამაშა, რაც პრემიერლიგის ამ საშუალო კატეგორიის გუნდის საოცარ წინსვლაზე მეტყველებს.

უიკენდის დაუვიწყარი ჩვენება კი კვლავ „ბარსელონამ“ მოაწყო, თუმცა ამჯერად „ესპანიოლის“ სახით მას იმდენად სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მისი რბევა უხერხულიც იქნებოდა.

„ბარსელონამ“ სამივე ბურთი პირველ ტაიმში გაიტანა, შესვენების შემდეგ კი სათამაშო ინიციატივა მეტოქეს გადაულოცა და უკვე მის ნერვებზე დაიწყო თამაში, ეთამაშა რა „ბაიერნის“ და „რეალის“ მსგავსად, თამაშგარე მდგომარეობის ზღვარზე.

ამის შედეგად, „ესპანიოლის“ ფეხბურთელებს 90 წუთის განმავლობაში  ორი ბურთი გაუუქმდათ, თუმცა პრესტიჟის გოლის გატანა მათ მაინც შეძლეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი დუბლის ავტორი დანი ოლმო აღიარეს, რომელიც მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მატჩის 56-ე წუთზე შეცვალა.

ამჟამად „ბარსელონას“ თამაშების ცქერა უდიდესი სიამოვნებაა, რადგან ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მისი ახალგაზრდა ფეხბურთელები საოცარი ხალისით ატარებენ მატჩებს. მათ მიერ მოწყობილი სპექტაკლები კი არამცთუ ნეიტრალურ ქომაგებს, არამედ თვით მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებსაც არ უნდა ტოვებდეს გულგრილს…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.