7 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე გემრიელი ხინკალი დაგხვდებათ
ხინკალი ქართველი გურმანებისათვის მხოლოდ გემრიელი კერძი არ არის – ის ქართული კულტურის ნაწილია. კულინარიული ტრადიციების დაცვით მომზადებული თითოეული ხინკალი ხელით იქმნება, რაც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხინკალს დამახასიათებელი ტექნიკითა თუ ინგრედიენტებით ამზადებენ, რაც ამ კერძს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. ქართულ კულინარიაში მისი განსაკუთრებული ადგილის გამო, ადგილობრივი თუ გურმანი ტურისტები ყოველთვის ცდილობენ აღმოაჩინონ სივრცეები, სადაც სრულყოფილად მომზადებულ ხინკალს დააგემოვნებენ. ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთი ადგილის რეკომენდაციას გაგიზიარებთ.
„საჭაშნიკე” – ასე ჰქვია თბილისში, კოსტავას 60 ნომერში მდებარე ახალ სივრცეს, რომელიც სტუმრებს სასიამოვნო გარემოში გემრიელი კერძებით მასპინძლობს. საჭაშნიკეს მენიუში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ხინკალს უკავია. „საჭაშნიკეს” ხინკალი ჩვენი ქვეყნის კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების დაცვით, ხელით მზადდება. ხინკლის დასამზადებლად „საჭაშნიკეში” სპეციალურად მოიწვიეს ქალბატონი ფასანაურიდან, რომელიც სახელგანთქმული ფასანაურული ხინკლის დამზადების ოსტატია და „საჭაშნიკეს” სტუმრებს ამ კერძს თავისი უნიკალური რეცეპტით სთავაზობს. „საჭაშნიკეში” თითოეული ხინკალი ხელით მზადდება. ცომიც ხელნაკეთია, მომზადების დრო კი 30-40 წუთია. აქვე უნდა ვახსენოთ ხარისხი – ხინკალი ახალი ხორცით მზადდება და მას მხოლოდ შეკვეთის მიღებისას აზავებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგემოვნებთ ხინკალს, რომელსაც სრულყოფილი გემო და არომატები აქვს და ზუსტად გამოხატავს იმ კულინარიულ ჯადოსნობას, რამაც ხინკალი მსოფლიოში ერთ-ერთ სახელგანთქმულ კერძად და ქართული სამზარეულოს უცვლელ სიმბოლოდ აქცია.
მას შემდეგ, რაც თბილისში, ათონელის 29 ნომერში კაფე „დაფნა” გაიხსნა, ამ ადგილმა მალევე გაითქვა სახელი თავისი ე.წ. სახლური ხინკლით. თუკი ტურისტების შეფასებებს და უცხოური გზამკვლევების რეკომენდაციებს
გადავხედავთ, „დაფნას” ხინკალს ყველგან განსაკუთრებით კარგი შეფასება აქვს. “დაფნას” ხინკლის მენიუ მრავალფეროვანი ვარიაციებით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ: დამბალხაჭოს, კარტოფილის, მთიულური, საქონლის, სოკოს, ქალაქური ხინკალი, ასევე ყველისა და კარტოფილის შიგთავსით. 2024 წლის ზაფხულში კაფე „დაფნამ” ფილიალი ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერშიც გახსნა.
„ამო რამე ბანი” სტუმრებს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. ერთგულმა სტუმრებმა კარგად იციან, რომ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ხინკალი აქ მზადდება. მენიუში რამდენიმე სახეობის ხინკალი დაგხვდებათ: საქონლის ხორცის, ხაჭოს, და კარტოფილის. აღსანიშნავია, რომ „ამო რამე ბანი“ სტუმრებს ხშირად სთავაზობს მუსიკალურ საღამოებს, სადაც გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება სასიამოვნო გარემოშია შესაძლებელი. „ამო რამე ბანი” აღმაშენებლის 68 ნომერში მდებარეობს.
„ზოდიაქოს” ხინკალი უკვე მრავალი წელია ქართველი გურმანების რჩეულია. მენიუში ხინკლის განსაკუთრებით მრავალფეროვან ვარიაციებს აღმოაჩენთ, მათ შორის არის: ქალაქური, ხაჭოს, ნადუღის და საფირმო ხინკალი. განსაკუთრებული პოპულარობით ნადუღის და საფირმო ხინკალი სარგებლობს. წლების განმავლობაში მოპოვებული რეპუტაციის გამო, „ზოდიაქოს” ხშირად სტუმრობენ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ტურისტებიც. „ზოდიაქოს”. საქართველოში ამჟამად ორი ფილიალი აქვს – თბილისში, ჭანტურიას ქუჩის 6/2 ნომერში, ხოლო თელავის ფილიალს ქართული უნივერსიტეტის ქუჩის 2-ში აღმოაჩენთ.
ხინკალი არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც რესტორანი „ლუდის სახლი ვარაზი” ქართული სამზარეულოს მოყვარულებს შორის პოპულარობით სარგებლობს. აქ ის ტრადიციული მეთოდით მზადდება. მენიუ რამდენიმე სახეობის ხინკალს აერთიანებს – ქალაქურს, მთიულურს, სოკოს, კარტოფილის. მომხმარებლები ვარაზის შეფასებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ გარდა გემრიელი კერძებისა, აქ სასიამოვნო ინტერიერი და მომსახურების მაღალი სერვისია. რესტორანი „ლუდის სახლი ვარაზი” თბილისში, ვარაზისხევის 2 ნომერში მდებარეობს.
Palmebi თბილისში, კონსტიტუციის ქუჩის 4 ნომერში მდებარე ახალი სივრცეა, რომელიც ცნობილი რესტორნის, Honore-ს გუნდმა შექმნა. სივრცე Honore-ს მსგავსად, თანამედროვე ინტერიერით გამოირჩევა. სტუმრებს შეუძლიათ განთავსდნენ როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში. მენიუ მრავალფეროვანია და აერთიანებს როგორც ქართულ ტრადიციულ კერძებს, ასევე ევროპულ სამზარეულოს. ქართული კერძების მენიუში დიდი პოპულარობით სარგებლობს ხინკალი. ხინკლის სახეობებს შორის არის: ქალაქური, მთიულური, სოკოს ხინკალი, ასევე ხინკალი ყველისა და კარტოფილის შიგთავსით. Palmebi by Honore ყოველდღე, 12:00-იდან 02:00-მდე მუშაობს. ფოტო
რესტორანი „ქართული სახლი” რამდენიმე სივრცეს აერთიანებს, მათ შორის არის ტრადიციული თბილისური დუქნის კონცეფციის „ტიფლისი”. დუქანი ოდითგანვე ქართული გურმანებისათვის გასტრონომიული აღმოჩენებისა და გართობის ადგილი იყო. „ტიფლისის” სივრცეში ეს ტრადიცია ცოცხლდება ყველა დეტალში, პირველ რიგში კი – მენიუში. მენიუში გამორჩეული ადგილი უკავია ხინკალს. აქ ტრადიციული ზომის რამდენიმე სახეობის ხინკალს აღმოაჩენთ. მათ შორისაა ქალაქური და ყაზბეგური ხინკალი. ასევე ხინკლის ვარიაციები ყველის, სოკოს და კარტოფილის შიგთავსით. „ქართულ სახლს” შეგიძლიათ თბილისში, გიორგი ცაბაძის 2 ნომერში ესტუმროთ.