“ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” – ირინე ჟორდანიას ფილმის მსოფლიო პრემიერა
ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინომოვლენაზე, 9 ნოემბერს ირინე ჟორდანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” (Air Blue Silk) მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
“ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” მოგვითხრობს ორი ადამიანის შინაგან მოგზაურობაზე, რომლებიც საკუთარ თავთან და გარემოსთან კავშირის ძიებაში არიან. ფილმი გახსნის პროგრამას “ყვავილები არ არიან ჩუმად” (Flowers Are Not Silent. Georgian Independent Film On The Rise), რომელსაც საქართველოს კინოინსტიტუტი წარადგენს.
“ქართული სფოთლაითის” სექციის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმი – “ლურჯი მოცვი” და ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი – “წმინდა ელექტროენერგია”.
აღსანიშნავია, რომ ტალინის კინოფესტივალი წელს ხაზგასმით უჭერს მხარს დამოუკიდებელ ქართულ კინოს: ფესტივალის სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება ქართული ფილმები, კინოპროექტები და კინოკლასიკის ნიმუშები. ხოლო ფესტივალის სპეციალურ სტუმრად წელს რეჟისორი ლანა ღოღობერიძეა მიწვეული.
ფესტივალზე “ქართული სფოთლაითის” გახსნის და ირინე ჟორდანიას ფილმის მსოფლიო პრემიერის მთავარი მხარდამჭერია “კოკა-კოლა Bottlers Georgia”.