fbpx

ჭარბწარმოების კრიზისი დღევანდელ ფეხბურთში


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ტურნირი ეშხში შედის და თანდათანობით ავლენს იმ ეფექტს, რასაც მისი ახალი ფორმატის იდეის ავტორები ელოდნენ, რადგან ყოველ სათამაშო დღეს 3-4 ცენტრალური მატჩია, რომელთა შორისაც საყურებლად ფეხბურთის მოყვარულებს არჩევანის გაკეთება უწევთ. 

სხვა საკითხია, რომ მოულოდნელად ევროპული ფეხბურთი, კონკრეტულად კი მისი ელიტარული კლუბები, სასტიკმა კრიზისმა მოიცვა, რაც ზოგიერთი მათგანის ბოლოდროინდელ შედეგებზეც აისახა.

„ჭარბწარმოების კრიზისის“ უპირველესი მსხვერპლი მადრიდის „რეალია“, რომელმაც „ელ კლასიკოში“ სასტიკი მარცხის შემდეგ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ზედიზედ მეორე მატჩი უკვე „მილანთან“ წააგო.

„რეალის“ ერთკვირიანი ფიასკოს მიზეზები არასოდეს გასაჯაროვდება, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ „სამეფო კლუბში“ ფეხბურთელებს შორის არაჯანსაღი დამოკიდებულებაა გამეფებული და არაერთი ფეხბურთელია განაწყენებული საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით.

გუნდში მბაპეს მისვლის შემდეგ როდრიგო მეორეხარისხოვან თავდამსხმელად იქცა. მასთან ერთად კი უკმაყოფილოა ბრაიმ დიასიც, რომელსაც მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, გუნდისთვის ამჯერადაც მბაპეზე მეტი სარგებელი აქვს მოტანილი. 

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჯუდ ბელინგემსაც ვერ ვცნობთ, რომლის გარეშე ინგლისის ნაკრები სავარაუდოდ, მეოთხედფინალამდეც ვერ მიაღწევდა. მილიტაომ კი „ბარსელონასთან“ მატჩში თანამემამულე რაფინიას მიმართ სასტიკი უხეშობით გამოიჩინა თავი, რაც თვით მადრიდის „რეალის“ ქომაგებსაც არ უნდა მოსწონებოდათ.

როგორც ჩანს, კარლო ანჩელოტიმაც დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო ჰანსი ფლიკის გაკვეთილის შემდეგ და რამდენიც  უნდა ილაპარაკოს, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და „ბარსელონასთან“ მატჩში „რეალს“ უბრალოდ არ გაუმართლა, გულის სიღრმეში ხომ ხვდება გამოცდილი სპეციალისტი, რომ ჰანსი ფლიკი ამჟამად მასზე ძლიერია!  

განვლილ უიკენდზე „რეალმა“ შინ „ოსასუნა“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა, ვინისიუსმა ჰეთთრიკი შეასრულა და ჯუდ ბელინგემმაც 6 თვის თავზე პირველი გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში, მაგრამ ეს გამარჯვება უფრო „რეალის“ სიძლიერის, თუ „ოსასუნას“ უუნარობის შედეგი იყო, მომავალი გვიჩვენებს.

კარლო ანჩელოტის პეპ გვარდიოლაც „ეხმიანება“, რომლის გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში „ბორნმუთთან“ მინიმალური ანგარიშით წაგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე სასტიკი მარცხი იწვნია ლისაბონის „სპორტინგთან“ შეხვედრაში, რომელშიც ცალი თვალით მადრიდის „რეალისკენ“ მომზირალმა ერლინგ ჰალანდმა პენალტი გაანიავა.

ჰალანდმა კი გახსნა ანგარიში პრემიერლიგის მომდევნო მატჩში „ბრაიტონთან“, მაგრამ „მანჩესტერ სიტი“ ამჯერადაც დამარცხდა და სატურნირო ცხრილში „ლივერპულს“ უკვე ხუთი ქულით ჩამორჩა.

„მანჩესტერ სიტის“ ბოლო მოუღო მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე მოედანზე გამოსულმა ჟოაო პედრომ, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა განახორციელა. 

პეპ გვარდიოლას გუნდს ტრავმის გამო როდრი, რუბენ დიაში, სტოუნზი და გრილიში აკლია, მაგრამ თუნდაც დე ბრიუინეს დაბრუნების შემდეგ, ასეთი შესაძლებლობების მქონე გუნდისთვის ყოვლად გაუმართლებელია ზედიზედ მეოთხე მარცხი, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა დიდი მწვრთნელის კარიერაში.

კრიზისმა მოიცვა სულ ცოტა ხნის წინ დაუმარცხებელი „ლევერკუზენიც“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განვლილ ტურში „ლივერპულმა“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

უკვე ახლავე ჩანს, რომ „ლევერკუზენი“ ბუნდესლიგის ტიტულის შესანარჩუნებლად ვერ იბრძოლებს, რადგან განვლილ უიკენდზე მან აუტსაიდერ „ბოხუმთან“ მოგებაც ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, კარლო ანჩელოტის და პეპ გვარდიოლას მსგავსად, ჩაბი ალონსოც გადაიღალა და კლუბიდან წასვლას გეგმავს. შემთხვევით ის სწორედ „რეალის“ ან „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელი მწვრთნელების ჩანაცვლებას ხომ არ აპირებს? სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ რომელიმე მათგანმა იურგენ კლოპს მიჰბაძოს და ცოტა ხნით ფეხბურთისგან დაისვენოს. 

„მოწყენილი“ მწვრთნელების სიას „არსენალის“ მიკელ არტეტაც შეუერთდა, თუმცა ის შედარებით მცირე მასშტაბის სპეციალისტია აქ ნახსენებ სამეულთან შედარებით. ტენ ჰაგი კი უკვე გაუყენეს გზას, თუმცა მისი შემცვლელის თუ შემცვლელების ხელში, ნაკლებად სავარაუდოა უახლოეს მომავალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ საგრძნობი წინსვლა.

ყურადღების ცენტრშია არნე სლოტი, რომლის გაწვრთნილი „ლივერპულიც“ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და პრემიერლიგასაც ლიდერობს. 

შესანიშნავად გამოიყურება სიმონე ინძაგის „ინტერიც“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის განვლილ ტურში ლონდონის „არსენალს“ მინიმალური ანგარიშით, თუმცა დამაჯერებლად მოუგო.

გამოცდილი ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით წლევანდელი „ბარსელონა“ კი მისივე პერიოდის „ბაიერნის“ გზას ადგას, ცნობილი ტერმინი – „ბაიერნი და სხვები“ რომ შექმნა 2020/2021 წლების სეზონში, როდესაც „რეკორდმაისტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი მოიგო.

„ბარსელონა“ გვაოცებს თამაშის ხალისით, აზარტით, მახვილგონივრულობით, ტემპერამენტით და ყველა ბოლოდროინდელ მატჩში თამაშგარე მდგომარეობის ზღვარზე თამაშით, რასაც მის კარში გასული გოლების გაუქმება და მეტოქეების მწყობრიდან გამოსვლა მოსდევს ხოლმე. ეს ამბავი საკუთარ ტყავზე ყველაზე მტკივნეულად ფლიკის ყოფილმა გუნდმა – „ბაიერნმა“ გამოცადა.  

ევროთასებზე წარმატებულს ვერ ვუწოდებთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ასპარეზობას, რომელთა კლუბებიდანაც „ლიონმა“ გასვლაზე ფრედ 2:2 ითამაშა „ჰოფენხაიმთან“, ხოლო „შტურმმა“ და „სლოვანმა“ კი ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგეს შესაბამისად, „დორტმუნდთან“ და „ზაგრებთან“. 

ჩემპიონთა ლიგაზე „იანგ ბოისთან“ თავისი პირველი შეხვედრა მოიგო „შახტარმა“, მაგრამ ირაკლი აზაროვს არ უთამაშია.

უიკენდზე კი გუნდები თავ-თავიანთ ჩემპიონატებს დაუბრუნდნენ. წინა ტურში წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებული საბა გოგლიჩიძის გარეშე დარჩენილი „ემპოლი“ „ლეჩეს“ ეწვია და ფრედ 1:1 ითამაშა.

იტალიის სერია A-ს ცენტრალური მატჩი კი „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე შედგა, სადაც მილანის „ინტერმა“ გათამაშების ლიდერს -„ნაპოლის“ უმასპინძლა. 

მატჩის 23-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი კუთხურიდან რაჰმანის ჩააწოდა, მან მაკტომინეი გამონახა, ამ უკანასკნელმა კი ოსტატურად გადაგზავნა იგი იტალიის მოქმედი ჩემპიონის კარში.

ანგარიში ჩალჰანოღლუმ ეფექტური შორეული დარტყმით შესვენებამდე გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი მან „ინტერის“ შემადგენლობაში კარიერაში პირველი პენალტი გაანიავა. 

„ნაპოლის“ ურთულეს მატჩში, რომელშიც მეტოქე უპირატესობას ფლობდა, ბოლო დარტყმით თამაშის მოგებაც შეეძლო, მაგრამ იტალიის ჩემპიონთან გასვლით შეხვედრაში მოპოვებული ქულა და სანაკრებო პაუზის წინ ლიდერობის შენარჩუნება ნამდვილად მნიშვნელოვანია ანტონიო კონტეს გუნდისთვის. 

12 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ „ატალანტას“, „ფიორენტინას“, „ინტერს“ და „ლაციოს“ ერთი ქულით უსწრებს, „იუვენტუსს“ კი ორით.

სანაკრებო პაუზის წინ საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-5 ადგილზე განთავსდა „ლიონი“, რომელმაც ლაკაზეტის ერთადერთი გოლით ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ დაამარცხა. 

მეორე ტაიმში თამაშში გიორგი მიქაუტაძეც ჩაერთო, რომელიც „ლიონის“ კიდევ ერთი, ოღონდ გაუქმებული გოლის თანამონაწილე გახდა.

სანაკრებო პაუზის წინ ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდი“ – „ოქსფორდის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს გიორგი ჩაკვეტაძე. მისმა გუნდმა ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო ეს შეხვედრა და სატურნირო ცხრილში ამჟამად მე-6 ადგილზე იმყოფება.

ჩვენ მიერ ნაქებმა „ბარსელონამ“ კი გასვლაზე „სოსიედადთან“ მინიმალური ანგარიშით წააგო, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დაუმარცხებელი წლევანდელ სეზონში არავინაა.  

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.