fbpx

Porcelain and Flowers- must see მათთვის, ვისაც ლამაზი ნივთები უყვარს


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი ვაშაგაშვილი

როგორც კი მარჯანიშვილის თეატრიდან უზნაძის ქუჩაზე, ძველ ქალაქში ჩაუხვევთ, გერმანელების აშენებულ  შენობას დაინახავთ. ვიტრაჟებიანი ფასადიდან ვინტაჟის და ანტიკვარული ნივთების პატარა მაღაზია თავისკენ გიხმობთ.

ვისაც ლამაზი ნივთები უყვარს, შემოვლილი ექნება თბილისის ე.წ. შავი ბაზრობები – მშრალი ხიდიდან დაწყებული, სამგორის ბაზრით დამთავრებული. ხან საჩუქრის, ხან კი უბრალოდ საინტერესო და ლამაზი ნივთების აღმოჩენის სურვილით… მე ნამდვილად მათ შორის ვარ და  უკვე ვხვდები, რომ სამოთხეში მოვხვდი.

ვინტაჟური და ანტიკვარული ნივთები სიძველესთან და ისტორიაში მოგზაურობასთან ასოცირდება, თუმცა აქ სიძველის სუნი არ დგას, პირიქით, სივრცე მზის სხივებს გაუვსია, თეთრი კედლები და იატაკი გასული საუკუნის ფაიფურის და ფერადი შუშის ათინათებს ირეკლავს. ჯადოსნური ეფექტით გაბრუებული ნამდვილად დროში მოგზაურობას იწყებ, სივრცის მფლობელი და მასპინძელი კი ამ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს. მაღაზია კონცეპტუალურია, სხვადასხვა დროისა და ეპოქის იშვიათი ჭურჭელი, სამკაული, დეკორატიული ფიგურები თუ სხვა ნივთები უზუსტესი გემოვნებით და სიფაქიზით არის შერჩეული, ესენიც შავი ბაზრობებიდანაა, ოღონდ ამჯერად ევროპის.

როგორ და რატომ გაგიჩნდათ იდეა, გაგეხსნათ მსგავსი მაღაზია? – ვეკითხები ეკა ღვანიას, რომელიც პროფესიით კინომცოდნეა.

ჯერ კიდევ პანდემიის დროს მოწყენილი ვიჯექი სახლში, როდესაც მეგობარმა, რომელიც ჰოლანდიის ერთ-ერთ  პატარა ქალაქში ცხოვრობს, შემომთავაზა, მე გამოგიგზავნი ნივთებს, შენ კი ონლაინ მაღაზია გახსენიო, ასე რომ იდეა მას ეკუთვნის და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ისე, მსგავსი ნივთები სულ მიყვარდა, სახლისთვის  ვაგროვებდი ლამაზ ჭურჭელს – დედამ რაც მაჩუქა, იმას ვამდიდრებდი, თავისუფალ დროს მშრალ ხიდზეც დავდიოდი და როცა საზღვარგარეთ ვხვდებოდი, იქაურ შავ ბაზრებსაც ყოველთვის ვსტუმრობდი, ამბობს ეკა და აგრძელებს:

ვფიქრობ, ეს სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, როცა მამა დედას ლამაზ ნივთებს აჩუქებდა და თვითონაც ძალიან უყვარდა ლამაზი ჭურჭელი. მამა საოპერო მომღერალი იყო და ხშირად უწევდა ე.წ. გასტროლებზე სიარული. გახსოვთ ალბათ, საბჭოთა პერიოდში აქ იოლად არ იშოვებოდა ლამაზი ნივთები და მამას საზღვარგარეთიდან თავის ნივთებში, თავის პერანგებში გახვეული ჭურჭელი ჩამოჰქონდა, რომ არ გატეხილიყო და დაზიანებულიყო. დღემდე მაქვს და მოვიხმართ ჩემი ბავშვობისდროინდელ ნაკრებებს, ყავას მამას ავსტრალიიდან ჩამოტანილი იაპონური ფინჯნით ვსვამ და ეს პროცესი ისეთი საინტერესო ხდება, იმდენი მოგონება  იშლება, თითქოს ყოველ დილით კარგ წიგნს ვკითხულობ ან კარგ ფილმს ვუყურებ. შესაძლოა მე ვარ ზედმეტად მგრძნობიარე, მაგრამ ჩემთვის ეს ასეა.

რაიმე კონცეფცია თუ გაქვთ, რა პრინციპით არის თქვენს მაღაზიაში მოგროვებული ნივთები წარმოდგენილი?

ფაიფურით დავიწყე, ბევრი ჭიქა მქონდა, ეგოისტს რომ ეძახიან – თითო-თითო ლამაზი ფინჯანი და ლამბაქი. მერე გამოჩნდა ნაკრებებიც და შიგადაშიგ შუშის ვაზებიც. გავაკეთე გვერდი ინსტაგრამზე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, დავიწყე მუშაობა და ამასობაში კოლექციაც გამდიდრდა.

რაც შეეხება კონცეფციას, მე გული შუშებისკენ უფრო მიმიწევს. ფერადი, 60-70- იან წლებში ნამუშევარი შუშა უფრო მიზიდავს, სხვადასხვა ტექნიკით დამუშავებული ბროლი ყველაზე ლამაზი მგონია, საბჭოთა ქვეყნებში წარმოებულიც და ავსტრიულიც. ამიტომ სწორედ ახლა მივდივარ კონცეფციისკენ, რომ მქონდეს ბევრი ფერადი ბროლი, მიზეზი კი მაღაზიის ბუნებრივი განათებაა მინდა, გავაკეთო დიდი თარო, სადაც იქნება ეს შუშები და მზის შუქით საოცარი სანახაობა შეიქმნება.

მასპინძელი ამბობს, რომ გასაყიდი ნივთები ხანდახან ისე უყვარდება, რომ მათთან განშორება უჭირს. ცხადია, ვხუმრობო,  ამატებს, თუმცა ვხვდები, რომ ამ ხუმრობაში სიმართლეც არის. ფაიფურის არჩევანი დიდია: რუსული წარმოების ნივთები, რევოლუციამდელი და რევოლუციის შემდგომი. არის ევროპიდან ჩამოტანილი მეცხრამეტე საუკუნის ფაიფურიც. თუმცა აქვე ჰოლანდიელი სტუდენტი გოგოს 20 წლის წინ შექმნილ უნიკალური დიზაინის ჭურჭელსაც ნახავთ.

რადგან მაღაზიაა, მომხმარებელს თანამედროვე ჭურჭელსაც ვთავაზობ, – ამბობს მასპინძელი. მაღაზია მაძლევს საშუალებას, რომ არჩევანი მრავალფეროვანი იყოს. მაქვს იშვიათი კერამიკაც, რომელიც განსაკუთრებული ტექნიკით მზადდება, მაქვს სამკაულიც. ამასაც ევროპაში ვაგროვებ. 70-იანი წლების პარიზი მიზიდავს ამ ეპოქის ფილმებს თუ გაიხსენებთ, აუცილებლად გეცნობათ ეს საყურე, ე.წ. ”კლიფსები”, შუშის მძივები.

როცა ნივთის შექმნიდან 50 წელია გასული, უკვე შეგვიძლია ვინტაჟი ვუწოდოთ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ნივთები აქტუალურია არამარტო საქართველოში, ევროპაშიც, თქვენი აზრით,  რა არის ამის მიზეზი?

მე ვფიქრობ,  რომ ეს დიზაინის და ხარისხის დამსახურებაა. დღეს წარმოების ტექნოლოგიები გამარტივებულია, რაც ვიზუალზეც აისახება, ის ძველი კი თითქოს მეტი პასუხისმგებლობით არის შესრულებული, ხანდახან მხატვრის ხელით არის მოხატული, ამასთან, ხშირად ეს ნივთები ოჯახიდან არის გამოტანილი, რომელსაც თავისი ისტორიაც მოჰყვება და ალბათ ამიტომაც არის გამორჩეული და საინტერესო.

ბოლოს კი,  დამშვიდობებისას მასპინძელს წარმატება და ბიზნესის გაფართოება რომ ვუსურვე, მიპასუხა: გმადლობ, მაგრამ ბიზნესის გაზრდას არ ვგეგმავ, სულის გასახარად ესეც საკმარისიაო. ასე რომ, მიბრძანდით დიმიტრი უზნაძის 61 ნომერში და სულსაც გაახარებთ და გულსაც.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.