ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმი “ძაღლი ყეფს” “Tokyo Gap-Financing Market”-ზე და სოლო გამოფენა “SCAI THE BATHHOUSE”-ში
ვაჟიკო ჩაჩხიანის სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც “ Tokyo Gap-Financing Market”-ზე შეირჩა, პირველი ქართულ-იაპონური კო-პროდუქცია იქნება. პროდიუსერები: “ფუგა ფილმი” და “ნუში ფილმი” საქართველოს მხრიდან და “Tomo Suzuki Janap LTD” იაპონიიდან. “TGFM”-ის პლატფორმა ტოკიოს კინოფესტივალთან ერთად გაიმართა. ფილმის იდეა ქართველ რეჟისორს ვაჟიკო ჩაჩხიანს ეკუთვნის, სცენარზე კი იაპონელმა ავტორმა საკიჩო სატომ იმუშავა.
ქართველი არტისტი, ვაჟიკო ჩაჩხიანი 1985 წელს თბილისში დაიბადა. ის ცნობილია თავისი მრავალშრიანი ინსტალაციებით, რომლებიც მეტაფორულად ადამიანის შინაგან, ფსიქოლოგიურსა და სოციალურ მდგომარეობებს გამოხატავენ. ამჟამად, “TGFM”-ის ფესტივალის გარდა, უკვე მეორედ “SCAI THE BATHHOUSE”-ში, 6 ნოემბრიდან- 21 დეკემბრის ჩათვლით, მისი სოლო გამოფენა იქნება წარმოდგენილი. გარდა ქანდაკებებისა, გამოფენაზე ვიდეო ინსტალაციის ნახვაც იქნება შესაძლებელი, რომლის პროდიუსერიც თავად ვაჟიკო გახლავთ. ნამუშევრების მთავარი თემა ურთიერთსაწინააღმდეგო მცნებების გარშემო ტრიალებს. ყოფნა-არ ყოფნა, ოჯახი და ეკონომიკა, ისტორია და ბუნება, ქმნიან ცენტრალურ პრობლემებს არტისტის პრაქტიკაში.
ვიდეო ინსტალაცია “დიდი და პატარა ხელები” შთაგონებულია, ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ლექსით. აქაც, თემა სიცოცხლისა და სიკვდილის დიალოგის გარშემო იშლება. ავტორის თქმით ფილმში, კაპიტალისტური სამყაროს არასაიმედო გარემოს გავლენაა ადამიანზე წარმოჩენილი, სიმბოლური, ვიზუალური ენის დახმარებით. ფილმის ყურებისას მაყურებელი ავტო-ავარიის თვითმხილველი ხდება, რომელშიც ხილის გამყიდველი-დაღლილობისაგან ჩაძინებული მძღოლი, შემთხვევით ბავშვს ეჯახება მანქანით. საზარელი ავარია ბავშვის მონაწილეობით, მთავარი სიუჟეტური ხაზია, მაგრამ ამავდროულად ვიდეოში მონაცვლეობს სხვა ხასიათის კადრებიც: საქართველოს სოფლის პეიზაჟები, ზაფხულის თბილი დღეები, ყოველდღიურობა, სამი დის სიმღერა და დასასრულს ავარიის მომსწრე საზოგადოების თვალის გამოსახულებები გაიელვებს. ჩაჩხიანი იკვლევს თემას, თუ საიდან ისმის ნამდვილი ხმა? ფსიქიკის ღრმა, დაფარული შრეებიდან, თუ ოჯახის ფორმირებული საერთო ისტორიიდან, ადგილმდებარეობიდან და სოციუმიდან? დამწვარი ტოტები, ძველი ხის დაფები და პატარა სახლი, როგორც ნამუშევრები, კედლებსა და იატაკზე განლაგებული, ასევე ფილმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.
“დიდი და პატარა ხელები” – იკვლევს რამდენიმე თემას, პოლიტიკას, ეკონომიკას, ოჯახსა და ისტორიას. რეჟისორი ძალაუფლების სტრუქტურას სხვა და სხვა შრეებად შლის, რომლის ქვეშაც უძლურება იმალება. ფილმი ეჭქვეშ აყენებს მატერიალურ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანის ფსიქოლოგიასა და სოციალურ მდგომარეობას ირეკლავს და მისი კონტროლი ნებისმიერი ძალაუფლების ფარგლებს გარეთ რჩება.