არ გამოგრჩAT თბილისის წიგნის დღეები
ავტორი: მათე წიკლაური
დღესასწაული წიგნის მოყვარულთათვის კვლავ ბრუნდება. 15-17 ნოემბერს ტრადიციულად ექსპო ჯორჯიაში გაიმართება თბილისის წიგნის დღეები. ფესტივალი ათეულობით გამომცემლობას უმასპინძლებს. გარდა გამოფენა-გაყიდვისა, როგორც ყოველთვის, წიგნის დღეებზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სტუმართათვის მომზადდება კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამა. რადგან დიდ საფიქრალად იქცევა ხოლმე, თუ რა შევიძინოთ წიგნის ფესტივალზე, გადავწყვიტეთ, რამდენიმე კარგი წიგნი გირჩიოთ და დაგეხმაროთ წიგნების ლაბირინთებისაგან გზის გაგნებაში.
- ისმაილ კადარე – „სიზმრების სასახლე“
შესანიშნავი ალბანელი მწერლის შემოქმედებას ქართველი მკითხველი ორი რომანით იცნობს – „გახლეჩილი აპრილი“ და „მკვდარი არმიის გენერალი“ ის ნაწარმოებებია, რომლებმაც ერთხელ უკვე დაგვატყვევა. „სულაკაურის გამომცემლობა“ ახალ საჩუქარს გვიკეთებს და კადარეს მორიგ შედევრს გვთავაზობს. დიდმოხელეთა ოჯახის წარმომადგენელი მარკ-ალემი მუშაობას იწყებს სიზმრების შემგროვებელ და გადამრჩევ ადმინისტრაციაში. მთავარ გმირს მათი კლასიფიკაცია და ინტერპრეტაცია ევალება. მიზანი მთავარი სიზმრის არჩევაა, რათა ტირანის ბედისწერა და იმპერიის მომავალი განისაზღვროს. მარკ-ალემი აღწევს დიდებას, მაგრამ მის წინ ურჩხულივით აღიმართება ბიუროკრატია. რომანი შიშებზეა, რომელმაც შეიძლება მთავარი გმირის თავგადასავალი განსაზღვროს.
- კამილო ხოსე სელა – „პასკუალე დუარტეს ოჯახი“
ესპანელი ნობელიანტი მწერლის შედევრი 1942 წელს გამოქვეყნდა. ნაწარმოებში 1882-1937 წლებია აღწერილი. ამ დროს ესპანეთის სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები დიდი არასტაბილურობით გამოირჩეოდა და დღემდე ეს ეპოქა ყველა მღელვარე პერიოდად მიიჩნევა. კამილო ხოსე სელა ერთ კონკრეტულ პერიოდზე დაყრდნობით თითქოს მთელი ესპანეთის ისტორიას გვიყვება. საზოგადოებისგან გარიყული გმირები, მათი ტკივილები და ტანჯვა კამილო ხოსე სელას ხელწერაა. ის არაერთი პერსონაჟის პერსპექტივიდან გვიჩვენებს ამბავს, მაგრამ მთავარი მაინც პასკუალე დუარტე და მისი პრიზმიდან დანახული მოვლენებია, სოფლის დიალექტზე დაყრდნობით რომ გადმოგვცემს ამბავს. გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდების თვალიერებისას კამილო ხოსე სელას ბრწყინვალება არ უნდა გამოგვრჩეს.
- ჯონ უილიამსი – „სტოუნერი“
ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ უილიამსი ამერიკელი მკითხველის ერთ-ერთი ძალიან საყვარელი ავტორია, რადგან მისმა რომანმა „სტოუნერი“, დიდი გავლენა იქონია მოსახლეობის ლიტერატურულ გემოვნებაზე. წიგნი სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, რწმენასა და მეგობრობაზეა და, გარდა ჩამოთვლილისა, ისეთ თემებს აერთიანებს, როგორებიცაა პრინციპების ერთგულება, ოჯახური სირთულეები და სხვა. მთავარი გმირი უილიამ სტოუნერია, რომელიც მშობლიურ სახლში დაბრუნებას უნივერსიტეტში სწავლას ამჯობინებს. შექსპირის პიესებით შთაგონებული ლიტერატურას იქცევს ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად და ამ რწმენით აგრძელებს ცხოვრებას. ნინო თევზაძის შესანიშნავი თარგმანი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა და ქართველ მკითხველს ნამდვილად კარგი საჩუქარი გაუკეთა.
- ვიგდის იორთი – „ანდერძი და მემკვიდრეობა“
ნაწარმოები ეჭვგარეშედ ყველაზე პოპულარულია ვიგდის იორთის შემოქმედებაში. 2022 წელს წიგნი ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა. ჟურნალის რედაქტორი და წარუმატებელი დრამატურგი სამი შვილის დედა და ორი შვილის ბებიაა. ყველაფერი მშვიდადაა მანამ, სანამ მოხუცებული მშობლები საკუთარი მემკვიდრეობის ოთხ შვილზე განაწილებას გადაწყვეტენ. ამ ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირება მთავარ გმირს წარსულთან აბრუნებს, ღრმავდება უფსკრული და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება შემზარავი საიდუმლოს ისტორია, რომელსაც ოჯახი წლებია მალავს. წიგნი არის შესანიშნავი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ითრევს ერთი არასასიამოვნო მოვლენა ჰარმონიულ ოჯახს უსიამოვნებათა მორევში. ნათია სებისკვერაძის თარგმანს „სულაკაურის“ გამომცემლობა სერია „ლიტოდისეას“ ფარგლებში გვთავაზობს.
- იუკიო მიშიმა – „გაჭენებული ცხენები“.
იუკიო მიშიმას ტეტრალოგიის მეორე ნაწილს „სულაკაურის გამომცემლობა“ ლიტოდისეას სერიაში გვთავაზობს. XX საუკუნის 30-იანი წლების იაპონიის პოლიტიკური და სოციალური კრიზისი და ისაო ინუმა, რომელიც იმპერატორის ძალაუფლების აღდგენას ცდილობს. მას დასავლური გერმანიის გავლენისგან სურს ქვეყნის გაწმენდა. ყოველივეს მიღმა მიშიმა ტრადიციასა და მოდერნიზაციას შორის დაპირისპირებას იკვლევს და ისეთ საკაცობრიო ასპექტებს ეხება, როგორებიცაა კონფლიქტი, სიკვდილი, გმირობა და სხვა…
არ გამოგრჩეთ ეს წიგნები და მოიწყვAT დაუვიწყარი ლიტერატურული დღეები შესანიშნავ ავტორებთან ერთად.