ასტრიდ ლინდგრენი – რაც წიგნებში აუცილებლად უნდა იპოვო
ავტორი: მათე წიკლაური
პირველად რომ წიგნის ფესტივალზე ვიყავი, ვნახე მსუქანი, პროპელერიანი კაცის მუყაოსაგან გაკეთებული ძეგლი და უმალვე მომაგონდა ილონ ვიკლენდის ილუსტრაციათა ციკლი სახურავის ბინადარ კარლსონზე. ლიტერატურაში არიან პერსონაჟები, რომლებიც მათმა საქციელმა უნდა გაგვაცნოს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ვიზუალური წარმოდგენა სჭირდებათ. კარლსონი არ დაგამახსოვრდება, თუ ფიქრობ, რომ მას ჭამა არ უყვარს და საერთოდ უკვალოდ გაქრება შენი მახსოვრობიდან, თუ ის ისეთი არ წარმოგიდგენია, როგორც ილუსტრატორ ილონ ვიკლენდს.
ბავშვობა
XX საუკუნის მხატვრული ლიტერატურა შვედი გენიოსის გარეშე წარმოუდგენელია. ასტრიდ ლინდგრენი შვედეთის პატარა სოფელ ვიმერბიში 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა და თუ ვინმეს შეგვიძლია მივუსადაგოთ სიტყვა გავლენიანი, სწორედ მას. ეჭვგარეშეა, ასტრიდი ყველაზე პოპულარული საბავშვო ავტორია. მან ემილის, კარლსონის, პეპისა და სხვა პერსონაჟთა სახით შექმნა ახალი სიტყვა მეოცე საუკუნის ლიტერატურისა. ლინდგრენის ტექსტებმა ყველა ენასა და კულტურაში მოახერხა თავის დამკვიდრება, რადგან ის თემები, რომლებსაც მწერალი ირჩევდა, სავსე გახლდათ კეთილშობილებით, იუმორით, შეფარული სევდითა და სიმართლით. ის, რომ ასტრიდი სამართლიანობაზე წერდა, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა, – მწერალი აქტიურად იყო ჩართული ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და მწვავედ აკრიტიკებდა მსოფლიოში არსებულ უსამართლობას.
ფერმერ საბუელ ავგუსტ ერიქსონისა და მასწავლებელ ჰანა ლინდგრენის ქალიშვილმა ბავშვობა შვედურ სოფლებში გაატარა და, როგორც ჩანს, ცხოვრების ამ პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა მისსავე შემოქმედებაზე. როგორც ამბობენ, მწერალს მამა ძალიან ეხმარებოდა და უვითარებდა ფანტაზიის უნარს, უნერგავდა წიგნების სიყვარულსა და სამართლიანობის განცდას. მიუხედავად ყველაფრისა, ასტრიდი ბავშვობის მძიმე ტრავმას მაინც ვერ გადაურჩა. ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, რასაც დედის გარდაცვალება დაერთო თან, თუმცა, ფაქტია, ასტრიდმა თითოეული ეს მძიმე განცდა სამართლიანობისა და ჰარმონიის შესაყვარებლად გამოიყენა და შემდგომ ეს ყველაფერი შემოქმედებაშიც ასახა. საბოლოო მოტივატორი, დაეწყო წერა 1931 წელს მომხდარი ამბავი გახდა – ასტრიდ ლინდგრენს შვილი გაუჩნდა.
პეპიზე უნდა ვილაპარაკოთ
1914 წელს ლიტერატურულ ასპარეზზე გამოდის მოთხრობა პეპი გრძელწინდას შესახებ, რომელშიც უცნაური და უშიშარი, თავისუფლების მოყვარული გოგონას ისტორიაა მოთხრობილი. პეპი წითელი თმით, ერთი შეხედვით უკონტექსტო წინდებითა და ზეადამიანური ძალით შორდება მორჩილი ქალის პერსონაჟს და ახალ ხმად იქცევა მსოფლიო ლიტერატურაში. ლინდგრენის შემოქმედების მრავალშრიანობა იქაც ვლინდება, რომ პეპის ისტორია სასაცილოსთან ერთად, დამაფიქრებელიცაა. მას უყვარს თავისუფლება, მკითხველმა კი თუ რამე უნდა იპოვოს ლიტერატურაში, ეს თავისუფლების განცდაა. სწორედ ამისკენ გვიბიძგებს ლინდგრენი და ამიტომაცაა საუკეთესო.
ნაწარმოები ძალიან ჩქარა გახდა პოპულარული, ის ასტრიდისეული კულტურისა და მორალის სიმბოლოდაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ, პეპი ამსხვრევს კლიშეებს, გაურბის საზოგადოებაში არსებულ გაუგებარ და მიუღებელ შეზღუდვებს, – მიაქანებს მკითხველს თავისუფალ, ლაღ სამყაროში. ერთი მხრივ, ის წინააღმდეგია საზოგადოებაში დადგენილი წეს-ჩვეულებებისა, მაგრამ, მეორე მხრივ, პეპის თან სდევს სიკეთე, რომელიც საერთოდ ლინდგრენის შემოქმედებას გასდევს რეფრენად.
თავისუფლება ემოციური და ინტელექტუალურია
ლინდგრენის პერსონაჟები ხშირად აწყდებიან გამოწვევებს, რაც მათ დამოუკიდებლად ფიქრისა და ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს. პეპის მსგავსად, ემილიც ასეთია – სულ პრობლემების წინაშე, ოღონდ ამ პრობლემებთან ბრძოლისას ხაზს უსვამს შემოქმედებითი აზროვნების უარს და საკუთარი შეცდომების აღიარებაც არ ერიდება.
ლინდგრენის სამყაროში ხშირად ფანტაზიასა და რეალობას შორის საზღვრები ბუნდოვანია. მისი მოთხრობები მკაცრად გაწერილ ლიტერატურულ კანონს არ მიჰყვება და ხშირად წესების მკაცრ სტრუქტურას უარყოფს, ლინდგრენს არაპროგნოზირებადი განწყობის პერსონაჟები უყვარს, ზუსტად ისე, როგორც არაპროგნოზირებადი სიუჟეტები და ასეთივე ლიტერატურა. ასტრიდს ბავშვებისთვის წერა ყველაზე დიდ პასუხისმგებლობად მიაჩნია, რადგან იცის, რომ წარმოსახვა არ არის სათამაშო, ის გზაა, შეიცნო საკუთარი თავი და სამყარო უფრო ღრმად.
რა მხატვრული ხერხი არ გვინახავს და გაგვიგია, მაგრამ ასტრიდი ერთადერთია ლიტერატურულ სამყაროში, ვინც თავისუფლება, როგორც შეგრძნება მხატვრულ ხერხად აქცია. სწორედ ესაა მთელი მისი შემოქმედების რეფრენი, ეს აერთიანებთ კარლსონს, ემილის, პეპის, ბულერბიელ ბავშვებს, სალტკროკელებსა და ყველა სხვას.
ასტრიდ ლინდგრენი ადამიანის დასაცავად და პოლიტიკური ჩართულობა
ლიტერატურული მოღვაწეობის გარდა, ასტრიდი ბავშვთა უფლებებსაც იცავდა და სოციალური სამართლიანობა უმთავრეს ღირებულებად მიაჩნდა. მან თავისი პოპულარობა გამოიყენა ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის გასაპროტესტებლად. 1979 წელს ის გამოდის შვედეთის მთავრობის წინააღმდეგ და აპროტესტებს სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირების შესახებ კანონს. ასტრიდმა ამ თემაზე გამოაქვეყნა წერილი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და საბოლოოდ შედეგიც დადგა – სოციალური დახმარებები აღარ შემცირებულა.
პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას უფრო შედეგიანს ხდიდა ასტრიდის პოპულარობა. მისი ნამუშევრები არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. ამდენად, ასტრიდი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტორად მიიჩნევა და ეს გასაკვირი სულაც არაა, იუმორის, თანაგრძნობისა და მორალური სირთულეების ნაზავით მწერალი ბავშვების ყურადღებასაც იქცევს და უფროსებისასაც.
… და ბოლოს …
2002 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი შემოქმედება კვლავაც აჯადოებს მკითხველს. ასტრიდის თითოეული ნაწარმოები გვახსენებს, რომ ლიტერატურას ძალიან დიდი ძალა აქვს, რომ მას ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება შეუძლია. ასტრიდმა იცის, რომ სამყარო ხშირად ძალიან უსამართლოა, მაგალითად, მაშინ, როცა დიდებს თავი პატარებზე ჭკვიანები ჰგონიათ, მაგრამ ამ უსამართლობიდან თავის დასაღწევ გზას მწერალი გვთავაზობს და ეს მისი გენიალური შემოქმედებაა.
„საყვარელი მწერალი“ – ასე მგონია, ამ სიტყვათა შეთანხმებაზე მკითხველთა უმრავლესობას ასტრიდი მოსდის თავში. მისი განხილული თემები ყველაზე ახლოსაა თითოეული მკითხველის შინაგან სამყაროსთან. ლინდგრენის შემოქმედება ყველასთვისაა, იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გუფთების მოყვარულ პროპელერიან კაცზე, ან იმ გოგონაზე კი არ არის, რომელიც თავს ისჯის ხოლმე, არამედ თავისუფლებაზე, ისევ და ისევ თავისუფლებაზე. ამიტომ დარჩება ისტორიაში სულ, ამიტომაა ყველა დროის საუკეთესო…