ჟოზე სარამაგუ – შუქნიშანზე მდგომს თუ ჩაგეძინა…
ავტორი: მათე წიკლაური
ჟოზე სარამაგუს რომანი „სიბრმავე“ შუქნიშანზე ყვითელი ფერის ანთებით იწყება. მწერალი პირდაპირ ისვრის მკითხველს ნაწარმოების სიუჟეტში და დასაწყისშივე ატყობინებს, რომ აქ სიბრმავე ეპიდემიასავით გავრცელდება, უბრალოდ, ეს ჯერჯერობით მხოლოდ შუქნიშანთან გამოვლინდა. ასე გავრცელდა უკვდავებაც – სიკვდილი რომ ისვენებს იმ ამბავში და სახელმწიფოები ჩამოანგრია. არადა ხალხი სულ ვიღაცის გარდაცვალებას მისტირის, თურმე უკვდავებაც არ ყოფილა ბოლომდე პოზიტიური მოვლენა, – ეკონომიკა მოიშლება ბოლოს და ბოლოს… სარამაგუ მოუთმენელი კაცია.
XX-XXI საუკუნეებში პორტუგალიურ ლიტერატურულ რუკაზე ყველაზე მუქად ჟოზე სარამაგუ წერია. 1922 წლის 16 ნოემბერს ცენტრალური პორტუგალიის პატარა სოფელში დაიბადა თურმე სამომავლოდ ფილოსოფიურ ეგზისტენციალიზმთან დაჭიდებული კაცი. 1998 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს და განმარტეს, რომ იმსახურებს ინოვაციური თხრობის სტილისა და სოციალური ასპექტების მძაფრი შეგრძნებით, რომ ადამიანის მდგომარეობის ღრმად გათავისება კარგად გამოსდის. სარამაგუ მოუთმენელი კაცია.
ახალგაზრდობის წლები სიღარიბეში გაატარა, მუშათა კლასის ოჯახში დაბადებულმა, სოფლის ცხოვრების სირთულეები დეტალურად იცის. სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ბოლოს თვითგანათლების გზა აირჩია და ფილოსოფია, ისტორია, ხელოვნება მაინტერესებსო, – განაცხადა. თავიდან რედაქტორად და მთარგმნელად მუშაობდა და მეოცე საუკუნის 40-იან წლებში დაწყებულმა ლიტერატურულმა კარიერამ დიდად სახელი ვერ გაუთქვა. დიქტატურის დაცემის შემდეგ კომუნისტურ პარტიას შეუერთდა და სოციალურ სამართლიანობაზე დაიწყო აქტიურად საუბარი, – მერე ეს იდეოლოგია წიგნებშიც გადაიტანა და სტილი ჩამოიყალიბა, დააგრძელა წინადადებები, უარი უთხრა სასვენ ნიშნებს, იწვალა, მკითხველს ვერ გაეგო, ეს დიალოგია თუ გაბმული თხრობა, სივრცე და დრო მოსპო და პერსონაჟებს მიუსაჯა ტანტალოსის ტანჯვა. მის გმირებს სულ ცხვირწინ აქვთ გასაღები, რომლითაც ოთახიდან უნდა გავიდნენ, მაგრამ როგორც კი გასაღების საკეტისთვის მორგებას დააპირებენ, კარი ქრება. სარამაგუ მოუთმენელი კაცია…
ბორხესთან პარალელი ვის არ უყვარს? – გავავლოთ. “ნიღბიანი მღებავი ჰაქიმი მერვიდან”. ეს გახლავთ ისტორია კაცზე, რომელმაც ღმერთად, სამყაროს ბატონად ქცევა განიზრახა და ამის ასეთი მეთოდი გამოიგონა: გააგდო ხმა, რომ არავის არ უნდა დაენახა, თორემ დაბრმავდებოდა. თავიდან ადამიანებს სასაცილოდ არ ეყოთ ეს ისტორია, მაგრამ უცბად ლეოპარდი დაბრმავდა და ხალხმაც იწამა ჰაქიმისა. გადიოდა დრო, ჰაქიმი ბატონობდა, ჰარემი მოეწყო, სადაც ყველა ქალი ბრმა იყო და თავს ღმერთად აცხადებდა, მაგრამ ერთხელაც გაირკვა, რომ ჰარემში ყველა ქალი ბრმა არ ყოფილა, ვიღაცამ დაინახა, რომ ჰაქიმს ფრჩხილები და თითი აკლდა და ნიღაბი ჩამოგლიჯა გაღმერთებულ მზაკვარს. ნიღბის მიღმა კეთროვანი სახე იმალებოდა… მისი ბოლო სიტყვები იყო: ”თქვენი ცოდვების გამო არ შეგიძლიათ ჩემი ბრწყინვალების დანახვა”, თუმცა ეს სიტყვები არავის გაუგია, ისე განგმირეს შუბით. ადამიანი სამარაგუსთან ნიღბიანიცაა და უნიღბოც, ოღონდ ის ზოგჯერ კეთრს ფარავს, ზოგჯერ უბრალოდ ორპირია, ზოგჯერ ბოროტი, ზოგჯერ კი ყველაფერი ერთად. სარამაგუ ამ ტიპის მარტივ ფორმულას გვთავაზობს და იცინის, რადგან სარამაგუ მოუთმენელი კაცია
– ადამიანი გასაღებით ხელში, მაგრამ მაინც ჩაკეტილ ოთახში და ამასთან ერთად ცინიზმი ვახსენეთ. რომანში „კაენი“ ღმერთის ოპონენტი, ძმის მკვლელი კაენი, „რა უგზოდ დადის“ უნდა ნახოთ. იტყვის, რომ ღმერთი დიქტატორია და მის უსამართლობას დაამხობს. სარამაგუ მოუთმენელი კაცია, რის დასტურადაც „სპილოს მოგზაურობას“ შეგახსენებთ. ავტორს სახუმარო შემოელია და ევროპაში სპილოს პირველად გამოჩენაზე დაიწყო წერა, ავსტრიის ერცჰერცოგმა რომ იქორწინა, პორტუგალიის მეფემ უსაჩუქროდ ვერ დავტოვებო და ძღვნად მიართვა, მაგრამ ლისაბონიდან ვენამდე რომ შორია, რა ვქნათ? – სპილო სულეიმანი და მისი მომვლელი ვის აღარ ნახავენ გზად.
ევროპაში არავინ იცის სპილო რა არის, ყველა გაოცებულია, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს რომანი სპილოზეა. მწერალს უნდა მიგახვედროს, რომ გაოცებული ევროპელი შენ ხარ, სპილო კი – თავისი შემოქმედება, არასდროს არაფერი მსგავსი რომ არ გინახავს და ვერ იგებ რატომ, მაგრამ მაინც იცინი. სარამაგუ მოუთმენელი კაცია.
საუბარი კი არა და, წერა დავიწყე სარამაგუს „სიბრმავეზე“, მაგრამ დასაწყისის გარდა არაფერი ვთქვი. ერთადერთი, რაც აღვნიშნეთ შუქნიშნის ეპიზოდიდან დაწყებული, პანდემიად ქცეული სიბრმავე რომ არის მთავარი გმირი ნაწარმოებისა, ეგ, თქვენ, ვეჭვობ, წარმოიდგინეთ რა სიგნალები და გინება ატყდებოდა შუქნიშანზე მდგომი პირველი მანქანის მძღოლის მისამართით, რომელიც დაბრმავდა, მაგრამ ეს „შემყურე სიბნელისა“ ხალხი, კიდევ რაღაცის სიმბოლო იქნებიან. სარამაგუს აინტერესებს მხედველობით წარმართული ცხოვრების გადაკვალიფიცირება მორალურ, სოციალურ და ემოციურ პარადიგმაში. ის მკითხველს სოლიდარობის გამოცდაზე იბარებს. სარამაგუ ხდება ჯონ ლენონი – “And no religion too”, ანუ ქრისტეზე ვილაპარაკოთ, ოღონდ ადამიანურად, – ყველაზე ხშირად ქრისტეზე ადამიანური პერსპექტივიდან მსჯელობაა „რთული“. ტრადიციული რელიგიური ნარატივები და ასე შემდეგ აქ არ არის, ქრისტე ადამიანია, გადასარევი და ბრწყინვალე, მაგრამ ადამიანი… და ცდება ხოლმე. მამას თავისი შვილი აინტერესებს და ხანძარში მის ოჯახთან გამორბის და ყველა სიცოცხლე მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი არაა. იოსებს შივდება, იოსებს სექსი უნდება, იოსებს სცივა-სცხელა, სწყურია და იოსები ადამიანია. ამის დაწერას წარმოუდგენელი ამბები მოჰყვა, ქართველმა მკითხველმა უნდა იცოდეს, როგორ გაილანძღა კონსტანტინე გამსახურდია ჯვრის მოწამვლის ფანტასტიკური ლიტერატურული გადაწყვეტის გამო, უარესი უქნეს პორტუგალიელს, მაგრამ სარამაგუ მოუთმენელი კაცია.
სარამაგუს რომანებს ხშირად ძველისა და ახლის შემაერთებელ ხიდად მიიჩნევენ. მაგიურ რეალიზმში ჩაძირული კაცი, რომელიც მკითხველს რთულ ფილოსოფიურ კითხვებზე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით უპირებს პასუხების გაცემას. ყველა რომანზე ბევრია სალაპარაკო. მომთმენი მწერლის რომანს დალაგებული მსჯელობა უხდება, მოუთმენლისას ქაოსური ბრეინშტორმინგი, სარამაგუ კი მოუთმენელი კაცია.
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწერლობა მოუთმენლობაა. მწერლობა არის დედისათვის გუფთების კარლსონური აწაპნა, როცა მწერალი კი არ გამასხარავებს, არამედ მისი სიტყვები, კარლსონი კი არ იპარავს, არამედ ბიჭუნას ხელები. სარამაგუ ისაა, ვინც დაუწერლობას ვერ ითმენს, ისაა, ვინც პირველი აჭერს სიგნალს ხელს, იმ საცობის გაფანტვის მოთხოვნით, რომელიც შუქნიშანზე წითელმა ფერმა გამოიწვია.