მთავარი მატჩების გასაყარზე
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
გასული და მიმდინარე კვირა უმნიშვნელოვანესია ქართული სანაკრებო ფეხბურთისთვის, რადგან სულ მალე გახდება ცნობილი ჩვენი როგორც ეროვნული, ისე ახალგაზრდული გუნდების წლიური ნამოღვაწარის შესახებ და გულშემატკივრებსაც სრული სურათი გადაეშლებათ მათ წარსულსა თუ მომავალზე სამსჯელოდ.
გადამწყვეტ მატჩებს წინ უძღოდა ჩვენი გუნდების მწვრთნელებთან კონტრაქტის განახლება, რაც სამწვრთნელო შტაბებს დამატებით სტიმულს სძენდა სათამაშო მოედნებზე თავიანთი იდეების წარმატებულად განსახორციელებლად.
სათამაშო ბატალიები კი მიხეილ მესხის სტადიონზე ხორვატიასთან დაპირისპირებით დაიწყო, რომელშიც საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა მწყობრი და გააზრებული ფეხბურთი წარმოადგინა.
იყო მცირედი შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც განმეორებით მატჩში უმნიშვნელოვანესი იქნება, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი ფეხბურთელები ორბურთიანი სხვაობით მოგებასაც იმსახურებდნენ მატჩის უკანასკნელ 30 წუთში მოედანზე რიცხობრივი უპირატესობის მიღწევის შემდეგ, როდესაც მათ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს.
მატჩის ერთადერთი გოლი ხორვატმა მცველმა სოლდომ საკუთარ კარში მეოთხე წუთზე გაიტანა.
ერთი მხრივ, საქართველოს ნაკრებმა ადრეული უპირატესობა მოიპოვა, მეორე მხრივ კი სტუმრებს მატჩის დებიუტშივე საპასუხო გოლის გატანის საღერღელი აეშალათ და ჩვენები პირველ ტაიმში ორჯერ გადაურჩნენ აშკარა გოლს.
მოლოდინისამებრ, მეორე ტაიმიც ხორვატიის ნაკრების ზეწოლით დაიწყო, მაგრამ სწორედ ამ რთულ სიტუაციაში ჩვენმა გუნდმა ძალების სრული მობილიზაცია მოახდინა, მეტოქეს ერთხელაც არ მისცა რეალური საგოლე მომენტის შექმნის შესაძლებლობა და თავად გაცილებით სახიფათოდ შეუტია.
მეტოქის ზურგში გადატეხის ეპიზოდიც მალე დადგა, როდესაც ჯერ გიორგი კვერნაძემ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა საკუთარ საჯარიმო მოედანზე, დიდი სისწრაფით ორ მეტოქეს შორის გაიჭრა, ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე გადაიტანა და ყვითელი ბარათიც აჰკიდა ერთ-ერთ მცველს.
ცოტა ხანში კი გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა ირაკლი აზაროვმა გიზი მამაგეიშვილის მისამართით გაგზავნა ბურთი, რომლის ჩაჭრის მოსურნე ხორვატთა მეკარემ ბურთის მიღებისას შეცდომა დაუშვა, ქართველი ფეხბურთელი წააქცია და წითელი ბარათიც დაიმსახურა.
სამწუხაროდ ჩვენებმა მეორე გოლის გატანა დარჩენილ დროში ვერ შეძლეს, მაგრამ მინიმალური ანგარიშით მოგებაც არ უნდა იყოს ურიგო შედეგი ძლიერ მეტოქესთან შეხვედრაში, რომელსაც ჩვენ უფრო მეტი ძალა დავანახვეთ…
ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩვენების მიერ გათამაშებული კუთხურები, რადგან თითქმის ყველა ჩამოწოდებას მეტოქის კართან გამწვავება მოჰყვებოდა. ეს კი სანდო იარაღი იქნება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის განმეორებით მატჩში, სადაც მათ სავარაუდოდ, არაერთი ელვისებური კონტრიერიშის განხორციელება მოუწევთ.
გადამწყვეტი გასვლითი მატჩი ელის საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც, რომელმაც კვლავ ვერ ჩააბარა სათანადო დონეზე გამოცდა უკრაინასთან შეხვედრაში.
ჩვენთვის საბედნიეროდ, პარალელურ მატჩში ალბანეთის და ჩეხეთის ნაკრებებს შორისაც ფრე დაფიქსირდა, ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ მეორე ადგილზე ვიმყოფებით და ჩეხებთან გასვლაზე მოგების შემთხვევაში ერთა ლიგაზე ამჯერადაც ჯგუფის გამარჯვებული ვიქნებით.
თუკი 21 წლამდელთა ნაკრებების შეხვედრაში მატჩის დებიუტში გოლი საკუთარ კარში მეტოქემ გაიტანა, ეროვნული გუნდების შეხვედრაში პირიქით მოხდა და გიორგი მამარდაშვილს უკვე მეშვიდე წუთზე მოუხდა საკუთარი კარის ბადიდან ბურთის გამოტანა.
ბუნებრივია, რომ ჩვენები გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, მაგრამ მთლიანობაში ეს უფრო მათ მცდელობას დაემსგავსა, რადგან უკრაინელები ბურთს გვართმევდნენ და შესვენებამდე საკმაოდ მშვიდად ახერხებდნენ თამაშის კონტროლს.
საქართველოს ნაკრებში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის უვნებელყოფაც მეტოქემ ვერაფრით ვერ შეძლო. მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში მან მორიგი დრიბლინგი განახორციელა და უძლიერესი დარტყმით უკრაინელთა კარის ხარიხა შეაზანზარა.
მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს არ იყო საკმარისი და საქართველოს ნაკრებს სჭირდებოდა საპასუხო გოლის გატანა, რასაც უკვე ზედიზედ მესამე მატჩში ვერ ახერხებდა. შეხვედრის დასრულებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა.
ასეთ დრამატულ სიტუაციაში ვილი სანიოლმა ისეთი ცვლილებები განახორციელა, რომელთაც დიდი ფიქრი არც სჭირდებოდა. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ამ ცვლილებებმა გაამართლა და საქართველოს ნაკრები წაგებისგან გიორგი მიქაუტაძის საგოლე ალღომ იხსნა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ბურთი ისეთი ტრაექტორიით გადაგზავნა მეტოქის კარში, რომ მეკარე ტრუბინმა მას მხოლოდ თვალი გააყოლა.
აწი უკვე მოგებისთვისაც საკმარისი დრო დარჩა საქართველოს ნაკრებს, რომელიც გულშემატკივრების შეძახილებით გამხნევებული, თავგანწირული შეტევებისთვის მოემზადა, მაგრამ საბოლოოდ წაგებისგან თავად გადარჩა, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა სწრაფი კონტრიერიშის დროს უკრაინელთა მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ზედიზედ ორი ბურთი მოიგერია.
თუნდაც ამ მოკლე აღწერიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩეხებთან მატჩში ჩვენებს ბევრი რამ ექნებათ გამოსასწორებელი. საბედნიეროდ მეტოქეც არ ბრწყინავს და ვილი სანიოლის გუნდს ძალების სრული მობილიზაციის და დაცვით ხაზში გარკვეული კორექტივების შეტანის შემთხვევაში, ნამდვილად შესწევს პატარა სასწაულის მოხდენის უნარი.
ეს კი ქართველ გულშემატკივრებს განვლილ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან ისტორიულ გამარჯვებას და ტურნირის მერვედფინალში გასვლას გაახსენებს.
პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის ტურნირის A კატეგორიის A ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა და განვლილ უიკენდზე შინ პოლონეთის ნაკრები ანგარიშით 5:1 გაანადგურა.
კრიშტიანუ რონალდუმ თავი დუბლით გამოიჩინა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ერთი გოლი მან პენალტით, ხოლო მეორე კი ულამაზესი მაკრატელათი გაიტანა.
განსაკუთრებით საინტერესო რაფა ლეაოს პირველი გოლი იყო პოლონელთა კარში. პორტუგალიელმა ფორვარდმა საკუთარ საჯარიმოში მოიპოვა ბურთი, მთელი მოედანი გაირბინა, ნუნუ მენდეშთან კედელი გაითამაშა და შეტევა ახლო მანძილიდან აუღებელი დარტყმით თავადვე დააგვირგვინა. დანიის ნაკრების გასვლაზე ანგარიშით 2:1 დამარცხების შემდეგ თავის ჯგუფში მოიგო ესპანეთის ნაკრებმაც. გერმანიის ნაკრებმა კი პირველი ადგილი ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრების ანგარიშით 7:0 მიწასთან გასწორებით აღნიშნა.
უილიან ნაგელსმანის გუნდში თანდათანობით ადგილს იმკვიდრებს „მიონხენგლადბახის“ თავდამსხმელი ტიმ კლაინდინსტი, რომელმაც ეს მატჩი სრულად ჩაატარა და დუბლიც შეასრულა.
დუბლი მიითვალა ფლორიან ვირცმაც და საგულისხმოა, რომ დანარჩენი ბურთებიც თავდამსხმელებმა ან შემტევმა ნახევარმცველებმა – მუსიალამ, ჰავერცმა და ამ უკანასკნელის შემცვლელმა ლეროი სანემ გაიტანეს.
ამგვარი სტატისტიკა კი აშკარად პროგრესირებადი გერმანიის ნაკრების გრანდიოზულ შემტევ პოტენციალზე მეტყველებს.
საფრანგეთის ნაკრებმა გასვლაზე იტალიელთა ანგარიშით 3:1 დამარცხებით, სრული რევანში აიღო „სკუადრა აძურასთან“ შინ ამავე ანგარიშით წაგებისთვის და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ სათამაშო დღეს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მწვრთნელმა დიდიე დეშამმა თვით კილიან მბაპე არ გამოიძახა, რაც სამომავლოდ ამ უდიდესი პოტენციალის მქონე გუნდში მთელი რიგი გარდაქმნების ნიშანია, როგორც შემტევი ხაზის გადახარისხების, ისე თვით დეშამის სამომავლო სტრატეგიის გათვალისწინებით, რადგან საჭირო დროს საჭირო ანგარიშით თვით იტალიის ნაკრების მისივე მოედანზე დამარცხება უკვე ახალი ძლევამოსილი გუნდის შექმნის მომასწავებელია.