პროექტ „ორთაჭალა“-ს შესახებ
ისეთი მულტიკულტურული ლოკაცია, როგორიც „ორთაჭალაა“ მნიშვნელოვანი ბუნებრივი სივრცეა ერთდროულად ინოვაციური სახელოვნებო ექსპერიმენტებისა და კულტურათაშორისი დიალოგის განსახორციელებლად.
პროექტი „ორთაჭალა“ ხელოვანთა მიერ თბილისის უძველესი, მულტიკულტურული უბნის – ორთაჭალის ისტორიულ-კულტურული, სოციალური, ეთნიკური თუ ბუნებრივი რესურსების კვლევასა და ამ რესურსების ინსპირაციით ექსპერიმენტული აუდიო ნამუშევრების შექმნის შედეგია.
ექსპერიმენტში ქართული ელექტრონული მუსიკის ორმა გამორჩეულმა აუდიო არტისტმა – ტუსია ბასილაიამ (night_oceann) და დიმა დადიანმა – მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში ორთაჭალის მიდამოებში გამოცხადდა „საბუკოსა“ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის ) და მუსიკოსების ერთობლივი – „ბერდვოჩინგის“ ტური. (Birdwatching – ფრინველებზე დაკვირვება).
ტურის ფარგლებში ჩაიწერეს ფრინველთა ხმები და ჩაატარეს კვლევა ექსპერიმენტული კომპოზიციების შესაქმნელად. პარალელურად გადაიღეს სამუშაო პროცესის ვიდეო მოკლე დოკუმენტური ფილმისთვის.
საბოლოოდ, ვიდეო მასალითა და ტურის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კომპოზიციებით შეიქმნა მულტიდისციპლინარული კონტენტი თბილისის გულის – ორთაჭალისა და მისი მიდამოების შესახებ, რომელიც აიტვირთა AT. ge-ს გვერდზე. ნამუშევრის კონტენტისთვის შეიქმნა რამდენიმე საგანმანათლებლო სტატია: ორთაჭალის მულტიკულტურულ გარემოზე, ორთაჭალის მიდამოებში გავრცელებულ ფრინველთა სახეობებზე და შექმნილ ინსტალაციაში მონაწილე ფრინველთა ხმებზე რუკის თანხლებით, სადაც აღნიშნულია ხელსაყრელი ადგილები თბილისში ფრინველების დასაკვირვებლად.
თბილისის ახუდნოვის სახ. აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის ფოტო. აზერბაიჯანული ხალიჩა
მთლიანობაში შეიქმნა სახელოვნებო-საგანმანათლებლო კონტენტი აუდიო ინსტალაციისთვის – „ორთაჭალა“.
პროექტზე მუშაობდნენ:
- მუსიკოსები – ტუსია ბასილაია (night_oceann და დიმა დადიანი;
- ვიდეო – გიორგი ნაზღაიძე, ლაშა ყაბანაშვილი;
- ნინო დარასელი – პროექტის ხელმძღვანელი;
- თეონა ჯაფარიძე – პროექტის კურატორი;
- თორნიკე ნოზაძე – პროექტის მენეჯერი;
- ნიკა ბუდაღაშვილი – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ ოფიცერი. ორნითოლოგი;