fbpx

ორთაჭალის აუდიო კვლევა


გააზიარე სტატია

 

ორთაჭალის აუდიო კვლევა პროექტის ცენტრალური ნაწილია, რომლის შედეგადაც შეიქმნა ორი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ტრეკი. მათი ავტორები ცნობილი ქართველი აუდიო არტისტები – ტუსია ბასილაია (night_oceann) და დიმა დადიანი არიან. 

ფაქტობრივად ეს იყო ორთაჭალის საუნდის ანთროპოლოგიური კვლევა ერთდღიანი საველე გასეირნების  დროს ორთაჭალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების  ჰაბიტატში. შეგროვილი ფრინველთა თუ ბუნებრივი ხმების ინსპირაციით საბოლოოდ შეიქმნა საინტერესო კომპოზიციები.

 

ტუსია ბასილაია, The Night of the Hunter

ტუსია ბასილაია ქმნის ექსპერიმენტულ მუსიკას, სახელწოდებით Night Oceann. მან პატარა ასაკიდან დაიწყო პოეზიის წერა, რაც შემდგომ გახდა მისი მუსიკის მთავარი ინსპირაცია.

2020 წელს გამოიცა მისი სადებიუტო მინიალბომი – „ჯადოქრის სიზმარი“ ადგილობრივ მუსიკალურ ლეიბლზე „Expeditions Above”. ის ასევე ქმნის მუსიკას ვიზუალური ხელოვნებისთვის.  პროექტ „ორთაჭალის“ ფარგლებში შექმნილ ტრეკს მუსიკოსმა The Night of the Hunter  (“მონადირის ღამე”) უწოდა. 

ტუსია ბასილაია. აუდიო არტისტი: „ტექნიკურად ტრეკი  აწყობილია მხოლოდ ბუნების/გარემოს ჩანაწერებით (field recording). ხმები გარდაქმნილია სხვადასხვა ეფექტებით – ტონალობის შეცვლით, სისწრაფის შენელებით და აჩქარებით. მინდოდა, რომ ეს ტრეკი მსმენელისთვის ყოფილიყო მუსიკალურიც, მაგრამ ამავე დროს ორგანულად რაც შეიძლება ახლოს, ბუნებრიობამდე  ახლოს  ყოფილიყო ბუნებასთან და ჩიტებთან. მინდოდა, მსმენელს შეგრძნება გასჩენოდა იმის, რომ თითქოს ერთი ღამე გაათენა ტყეში. ტრეკი ჰყვება ტყის ამბავს, რომელიც იწყება ღამით ღამის ჩიტებთან ერთად. ნელ-ნელა თენდება და ფინალში  იწყება ჩიტების გამოღვიძება (Wake up call). ტრეკის სახელწოდებაზე The Night of the Hunter – „მონადირის ღამე“ ინსპირაცია შევარდენმა და ღამის ფრინველებმა მომცეს.“

 

დიმა დადიანი, Orthachala

დიმა დადიანი პირველი თაობის ქართველი აუდიო არტისტია. ის ქმნის ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოკლე და მკაფიო  მინიმალისტური მესიჯები და კონცეპტუალური მინიშნებები  ვოკალით.

დიმა უკვე რამდენიმე წელია იკვლევს ძველი თბილისის ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის საუნდსა და თუ ფოლკლორს სახელოვნებო პროექტებისთვის თუ დამოუკიდებლად. სწორედ ასეა შექმნილი ამ რამდენიმე წლის წინ მისი ტრეკი –  „ორთაჭალა“.

ამჯერად  ჩვენი პროექტის ფარგლებში მან შექმნა „ორთაჭალა“ 2, სადაც ორთაჭალისა და მისი შემოგარენის ეთნიკურ სიჭრელესა და მაგიურ ისტორიას მუსიკით გვიყვება. ის არ ღალატობს თავის ხელწერას და ტრეკის ფინალში მოკლე მესიჯს გვიგზავნის ადგილობრივი, ორთაჭალის მკვიდრის –  „წყლის შაშვის“ გალობით და  გვეუბნება, რომ გარემო და ჰაბიტატი წარმოუდგენელია ადამიანებისა და მათ ირგვლივ მცხოვრები ბუნების მკვიდრთა ერთობის გარეშე. 

 

https://www.sabuko.org/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.