fbpx

რა შეიძლება შეცვალოს პროტესტმა? – რევოლუცია თუ მხოლოდ დროებითი აჟიოტაჟი


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი                                           

გამწარებული ეხეთქება ტალღა ქვა-ლოდებს,
ხან გაიბრძოლებს გრგვინვა ჩქარ-ჩქარი.
– გალაკტიონი

 

ის, რაც ოდესღაც ჩურჩული იყო, რომელსაც შავი ზღვის ბრიზი დაატარებდა, ახლა ქარიშხლად გადაიქცა და ბათუმის სანაპიროზე მდებარე შოთა რუსთაველი სახელობის უნივერსიტეტს პროტესტის ტალღად დაეჯახა. უნივერსიტეტის კედლები მკვეთრმა ლოზუნგებმა და ბოიკოტმა მოიცვა, ბათუმის სანაპირო ზოლიდან დაწყებული წინააღმდეგობამ ძალა მოიკრიბა და აღმოსავლეთისკენ დაიძრა, საბოლოოდ კი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წინ დაიდო ბინა. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში სწორედ აქ დაირწა ქართული აქტივიზმის აკვანი.

უნივერსიტეტები – სწავლისა და სიმშვიდის კერები – გადაიქცნენ იდეოლოგიური აჯანყების ბრძოლის ველებად, მიზეზი მოპარული არჩევნებია, ხალხის მოთხოვნაც შესაბამისი – დაბრუნდეს ხმები. ბათუმელი სტუდენტების დაუმორჩილებლობის ციმციმი ახლა დედაქალაქში მკვეთრად ანათებს.

ჩვენში ბრაზი წლებია მწიფდება, ის ხშირად ამოხეთქავს ხოლმე, შემდეგ მიწყნარდება, თუმცა ეს ბრაზი გროვდება, დღითიდღე უფრო და უფრო იწევს ტემპერატურა და შინაგანი რისხვა გამოდის პასიურობის მდგომარეობიდან. დედაქალაქის გულში დაგროვილმა ბრაზმა კიდევ ამოხეთქა, რომელმაც საპროტესტო აქციებში იპოვა თავისი ხმა და დაიწყო სიმართლის ქალაქის კედელზე წერა. 

წლების განმავლობაში ვცხოვრობთ ყალბი რეალობით, ჩაგვრით, მოტყუებით და მუდმივი სტაგნაციის განცდით, მაგრამ ახლა განსაკუთრებით იზრდება უსამართლობის განცდა. ბორბლები დაიძრა და ძრავის ხმასთან ერთად კითხვებიც ჩნდება: საით წავა მანქანა და ვინ დაჯდება საჭესთან? – ვფიქრობ, მთავარია ეს მოძრაობა მივმართოთ მიზანმიმართულად და მკაფიო ხედვით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სწრაფვა ჭეშმარიტი და უკეთესი მომავლისკენ ისევ შორეულ პერსპექტივაში არ გადაიდოს.

ახალგაზრდების ვნება, დატენილი უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით, აქციებს ასაზრდოებს, მათი ენერგია არის ძლიერი ძალა, რომელიც მოითხოვს ცვლილებებს, მაგრამ ანთებული ცეცხლი მალევე რომ არ ჩაქრეს, სჭირდება მყინვარწვერივით გონიერი ადამიანები. წინააღმდეგობა არ არის შეზღუდული პოლიტიკური ხაზი, მას უკავშირდება უკეთესი ხვალინდელი დღის საერთო ხედვა. თბილისის ქუჩებში, როცა ერთმანეთის მხარდამხარ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები დგანან, საჭიროა ბევრად უფრო მეტი საკითხის წინ წამოწევა. პროტესტი არ უნდა იყოს ლიმიტირებული და სწორედ საერთო საკითხების წინა ფლანგზე გამოწევა გააუქმებს საზოგადოებაში დათესილ მოჩვენებით პოლარიზაციას, რაც საბოლოო ჯამში გადაიზრდება ხანგრძლივ აჯანყებაში, უკეთესი ქვეყნის მშენებლობის გზაზე.

რევოლუცია უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე სიმბოლური: ფრანგული მაგალითი და ბრძოლა 

უკეთესი მომავლისთვის 1960-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში მრავალმა საპროტესტო მოძრაობამ იფეთქა – ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო, ანტიფაშისტური, ფემინისტური,  მოძრაობები სამოქალაქო უფლებებისთვის. სტუდენტების გამოსვლით დაწყებული საპროტესტო ტალღა საფრანგეთს რთულ თვეებს უქადდა. უნივერსიტეტის აუდიტორიებში ახალგაზრდული ჟინით დაწყებული ამბოხი ნელ-ნელა სოციალური, შემდეგ კი პოლიტიკური გადატრიალების პრელუდია გახლდათ. კაპიტალისტური სისტემის, უნივერსიტეტში გამეფებული კონსერვატორული განათლებისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სტუდენტებს 10 მილიონამდე მშრომელი შეუერთდა. 1968 წლის 22 მარტიდან 2 მაისის ჩათვლით საფრანგეთის დიდ ქალაქებში დაიწყო მუშათა და სტუდენტთა დემონსტრაციები, რომლებსაც ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჩახშობის მცდელობები ახლდა. დემონსტრანტები ერთიანდებოდნენ სამართლიანი ქვეყნის, სამომხმარებლო კულტურის, საუნივერსიტეტო კონსერვატიზმის, გაზრდილი უმუშევრობის, ბაზრის გლობალიზაციის პრობლემების გარშემო.

60-იანი წლების საფრანგეთის რევოლუცია ყველაზე მასშტაბური იყო თავისი ჩართულობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი შედეგები შორს იყო ღრმა, გარდამტეხი ცვლილებებისგან, რასაც ხალხი ელოდა. ის, რაც დაიწყო, როგორც მოძრაობა პოლიტიკური თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ხშირად ჩრდილავდა უფრო ზედაპირულ ბრძოლებს. ეს იყო უფრო სექსუალური რევოლუცია, ვიდრე საზოგადოების სტრუქტურების ჭეშმარიტი ამბოხი – ფოკუსირებული უფრო მეტად ემოციურ და სიმბოლურ თავისუფლებაზე, ვიდრე ხალხის მატერიალურ საჭიროებებზე. ახალგაზრდობამ შეამჩნია ის, რასაც პროფესიონალი ანალიტიკოსები ამჩნევდნენ: საშუალო კლასი გახდა ინერტული, კმაყოფილი და მოუქნელი. ამ დროს არ არსებობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდობა დაეყრდნობოდა და შეუერთდებოდა. მათი აზრით, სოციალ-დემოკრატები უკვე დიდი ხანი იყო, რაც “გაბურჟუაზდნენ”, კომუნისტების უმეტესობა კი ორიენტირებული იყო საბჭოთა კავშირზე და სტალინისტურ მეთოდებზე, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს ასევე არ მოსწონდათ.

წარმოიქმნა სიტუაცია, სადაც ახალგაზრდებს უნდა მოეძებნათ ახალი ავტორიტეტები. აჯანყებამ, მიუხედავად მისი თავდაპირველი მიზნისა, ვერ მიაღწია სისტემური ცვლილებების უფრო ღრმა შედეგებს. იგი გაიტაცა ფრაგმენტულმა იდეოლოგიებმა და მოკლევადიანმა ვნებებმა, არა თანმიმდევრულმა და მდგრადმა ბიძგმა ყველასთვის უკეთესი ცხოვრების გზაზე.

ქვეყნის მომავალი პროტესტის ტალღის ქვეშ

ეს არის ის საფრთხე, რომელსაც დღეს ვაწყდებით. წინააღმდეგობა მკაფიო, პროგრესული დღის წესრიგის გარეშე არ გამოიწვევს რეალურ ცვლილებებს. საპროტესტო აქციები, რაც  უნდა სასტიკი იყოს,  დამთავრდება უშედეგოდ, თუ ისინი არ იქნება დაფუძნებული გაუმჯობესების პრაქტიკულ, შორს მიმავალ მოთხოვნებზე. ბრძოლა უნდა იყოს რაღაც უფრო ღრმა, ვიდრე უბრალოდ ავტორიტეტის გამოწვევა – ეს უნდა იყოს ყველასთვის მომავლის ხელახალი ფორმირება. სტუდენტები, მუშები და მოქალაქეები იმსახურებენ არა მხოლოდ პროტესტის უფლებას გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ; მათ უნდა მოითხოვონ განათლების, საცხოვრებლის, ჯანდაცვის, უკეთესი სამუშაო პირობებისა და მათი ძირითადი ადამიანური ღირსების პატივისცემა. მომავალი არ არის უკან დახევა ან შენარჩუნებულის შენარჩუნება, ის პირველ რიგში არის წინსვლის მოთხოვნა. სოციალური ცვლილებების პროცესი არ არსებობს  მხოლოდ კრიტიკით, ასევე საჭიროა აქტიური მონაწილეობა და განსაზღვრა მომავლის, როგორც ჟან-პოლ სარტრი აღნიშნავდა, ინტელექტუალებმა და ხელოვანებმა არა მხოლოდ უნდა გააკრიტიკონ არსებული სისტემა, არამედ თავად უნდა იყვნენ ცვლილებების ინიციატორები, იგივე პრინციპი შეიძლება ითქვას მთლიანად საზოგადოებაზე – თითოეულმა ჩვენგანმა, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივი ცვლილებების პროცესში. ანალოგიურად, ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“ არის  შეხსენება იმისა, თუ როგორ დევს რევოლუციის ჭეშმარიტი სულისკვეთება საერთო სიკეთისთვის ბრძოლაში, საზოგადოებისთვის, რომელიც შესაძლებლობას და თანასწორობას აძლევს ყველას და არა მხოლოდ პრივილეგირებულებს.

საქართველოში ეს მოწოდება უკეთესი ცხოვრებისკენ აქტუალურია. ქუჩაში მებრძოლმა სტუდენტებმა არ უნდა მოითხოვონ მხოლოდ პოლიტიკური ჩაგვრისგან გათავისუფლება, არამედ უნდა მოითხოვონ ცხოვრების უკეთესი ხარისხი ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. უნივერსიტეტები არ უნდა იყოს მიუწვდომელი მათთვის, ვისაც საშუალება არ აქვს და საცხოვრებელი არ უნდა იყოს პრივილეგია რამდენიმესთვის. შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა უნდა გაფართოვდეს ლოზუნგების მიღმა. მოთხოვნა უნდა იყოს: ყველა სექტორში თითოეულ მუშაკისთვის სამართლიანი ხელფასი, ჰუმანური სამუშაო პირობები და შესაბამისი სოციალური დაცვა. ბათუმის სანაპირო ზოლიდან თბილისის ქუჩებამდე წინააღმდეგობა უნდა დადგეს პროგრესული საზოგადოების შესაქმნელად, სადაც ყველას ექნება წვდომა იმ რესურსებზე, რაც მათ ღირსეულად ცხოვრებისთვის სჭირდება. ამჟამინდელი მონაცემები ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ბევრი ოჯახი და პენსიონერი დგას, რაც ხაზს უსვამს გადაუდებელ საჭიროებას საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. შემაშფოთებელია, რომ ოჯახების 12% ვერ ახერხებს საკვებზე თანხის გამოყოფას, 31,5%-ს კი სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ მთელი თავისი რესურსი მხოლოდ საკვებზე დახარჯოს,  პენსიონერთა 39%-ზე მეტს აწუხებს საპენსიო სესხები, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ ფინანსურ დაუცველობას. ეკონომიკური სიდუხჭირის საპასუხოდ, ოჯახების 20%-მა შეიტანა განაცხადი  შემწეობაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი იბრძვიან თავიანთი ცხოვრებისათვის. უფრო მეტიც, ოჯახების 18%-ს ჰყავს მინიმუმ ერთი წევრი, რომელიც ცხოვრობს ემიგრაციაში, რომელიც ეძებს უკეთეს შესაძლებლობებს საზღვარგარეთ. ეს სტატისტიკა ასახავს კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას, უფრო სტაბილური და აყვავებული მომავლის შესაქმნელად, სადაც ყველა ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს ძირითადი საჭიროებები, პენსიონერები რომ აღარ იყოს დამძიმებული სესხებით და ადამიანები რომ  არ იყვნენ იძულებულნი დატოვონ ოჯახები და უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად წავიდნენ საზღვარგარეთ. ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა დაიწყოს ამ აქტუალური ეკონომიკური რეალობის განხილვით.

ჩვენ ვართ ერი, რომელმაც გადაიტანა უამრავი განსაცდელი – ომი, შემოსევები, ღალატი და ჩაგვრა. თავისთავად სასწაულია, რომ ჩვენ დღეს აქ ვდგავართ, ეს ჩვენი ისტორიის ქსოვილში ჩატანილი გამძლეობის დასტურია. და მაინც, ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უფსკრულზეა ჩამოკიდებული, უბრალოდ გადარჩენა საკმარისი არ არის. დროა წინ ვიაროთ – არა თავდაყირა, გაყოფილი და დაშლილი – არამედ ერთიანი, საერთო მიზნებით და საერთო ხედვით უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. წინააღმდეგობა არ უნდა იყოს მხოლოდ ანტაგონისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა – უნდა გვქონდეს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ახალ, უკეთეს მომავალს უქადის ჩვენს საზოგადოებას. ამ პროცესში კოლექტიური ძალისხმევა და ერთიანობა გადამწყვეტი იქნება.

კითხვები, როგორიცაა: “რისთვის ვიბრძვით?” და “როგორ მოვიგებთ?” დღესაც რჩება აქტუალური, რადგან, როგორც დასაწყისში ვთქვი, ბორბლები უკვე დაიძრა და ახლა მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – ვის ხელში აღმოჩნდება საჭე? პროგრესის თუ რეგრესის, ან სტაგნაციის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.