სიხარული და სინანული
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
გასული კვირა იმდენად მრავლისმომცველი და ემოციურად დატვირთული იყო, რომ საქართველოს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წლევანდელ შედეგებზე სალაპარაკო მომავალ დაპირისპირებებამდე არ გამოგველევა და ვნებათაღელვა არ დაცხრება, რადგან როგორც არ უნდა შეფასდეს ჩვენი გუნდების ასპარეზობა, ფაქტია, რომ მეტოქეები მათ უკვე სრულფასოვან ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ, რაზეც განსაკუთრებით ბოლოდროინდელი შედეგები მეტყველებს.
ეროვნული ნაკრების ობიექტურ შეფასებას კი ალბათ ზუსტად იმდენივე დრო დასჭირდება, რამდენიც მისი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობასთან გვაშორებს, სადაც საქართველომ თვით პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან მატჩში კი ანგარიშის გახსნა და პირველი ტაიმის ფრედ დასრულება შეძლო.
ერთა ლიგის გათამაშების პირველ ორ ტურში მოგებების შემდეგ თითქოს უკვე ძალზედ ახლოს ვიყავით მომავალ ტურნირზე იმავე ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიის და ევროპის სხვა ელიტარული გუნდების წინააღმდეგ A კატეგორიაში საასპარეზოდ, თუმცა განგებამ სამწუხაროდ, კვლავ უკან დაგვხია და აწი სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში B კატეგორიაში ადგილის შესანარჩუნებლად მოგვიწევს ბრძოლა.
ერთი მხრივ, არასასიამოვნოა ეს ფაქტი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენმა გუნდმა კოლოსალური გამოცდილება და მებრძოლი თვისებები გამოიმუშავა, რაც წარუმატებელი მატჩების მხოლოდ მინიმალური სხვაობით წაგებებში გამოვლინდა.
ვუშვებდით ცოტას, მაგრამ დიდი შემტევი პოტენციალის მიუხედავად, ვერც გაგვქონდა. ამიტომ არასასურველი მესამე ადგილი სამწუხაროდ, ლოგიკურია და სათანადო სტაბილურობის და თანმიმდევრულობის გამომუშავების გარეშე, წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია.
ამისი საუკეთესო მაგალითი კი ჩეხებმა გვიჩვენეს, რომელთაც თავიდანვე გაგვიტანეს გოლები და შემდეგ ყველანაირი – სპორტული თუ არასპორტული ხერხით მიიყვანეს თამაში მოგებამდე.
საგულისხმოა, რომ სტაბილურობით და თანმიმდევრულობით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მათმა ახალგაზრდა კოლეგებმა აჯობეს, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიის მოგებით მოიპოვეს.
ხორვატიის ნაკრები ჩვენებთან შეხვედრაში ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცით და შეუპოვრობით, საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ შეცდომის დაშვება ფატალური მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს, სხვა დროს კი მისი გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია…
ასე იყო ლუკა გაგნიძის შემთხვევაში, როდესაც მან ჯერ საკუთარი საჯარიმო მოედნის მახლობლად დაუშვა შეცდომა და ხორვატებმა ანგარიში გახსნეს, შემდეგ კი საშუალო მანძილიდან აუღებელი დარტყმით აღადგინა წონასწორობა, რამაც მასპინძლები ტაიმის ბოლომდე წელში გატეხა და ბურთის ფლობა და ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენს გუნდს მიანიჭა.
გულშემატკივრებით გამხნევებულმა მასპინძლებმა მეორე ტაიმში ჩვენებს კვლავ შემოუტიეს და შემთხვევითი თერთმეტმეტრიანის რეალიზების შემდეგ ხელახლა დაწინაურდნენ, მაგრამ ძალზედ მძიმე მომენტში, როდესაც მესამე ბურთის გაშვება ჩვენი გუნდისთვის უკვე ფატალურიც შეიძლებოდა ყოფილიყო, ხასიათის სიმტკიცე გორის „დილას“ ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ გამოავლინა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა თამაში საკუთარ თავზე აიღო, ჩინებული დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საბოლოოდ, მის წინააღმდეგ თამაშში მასპინძლები დაჯარიმდნენ.
სტანდარტული სიტუაციის გათამაშებისას ირაკლი აზაროვმა ხორვატი მცველების ყურადღება მზერით მათი საჯარიმო მოედნის შორეული მხარისკენ გაიტყუა, ბურთი კი იქვე ლომინაძეს გადასცა, რომელმაც გამიზნული ჩახვეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
ჩვენები ყველანაირად ეცადნენ საყაიმო შედეგის შენარჩუნებას, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე მეტოქემ მაინც შეძლო კიდევ ერთხელ დაწინაურება და თამაშის დამატებით დროში გადატანა.
ეს 30 წუთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის, რომელთაც თითქოს უკვე როგორც ფიზიკურმა, ისე მორალურმა ძალებმაც უმტყუნეს, მაგრამ თურმე არა…
მატჩის შემდგომი პენალტების სერიის დაწყების წინ ქართველ გულშემატკივრებს ძალაუნებურად განვლილ ევროპის ჩემპიონატზე ისრაელის ნაკრებთან პლეიოფის მატჩის ასეთივე სერიაში წაგება გაახსენდათ.
ირაკლი აზაროვის განიავებული თერთმეტმეტრიანის და მეტოქის მიერ ცივსისხლიანად შესრულებული საპასუხო დარტყმის შემდეგ კი უსიამოვნო მოგონება გამძაფრდა.
ჩვენ გუნდს მხსნელად ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი მოევლინა, რომელმაც განა მარტო მე-2, მე-3 ან მე-4 პენალტის, არამედ მეტოქის მიერ შესრულებული უკანასკნელი მე-5 და თანაც ურთულესი დარტყმის მოგერიება შეძლო, რომლის გაშვების შემთხვევაშიც, ჩვენებისთვის ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა.
სერია პენალტის გაფუჭებამდე გაგრძელდა, ხარატიშვილმა კი აქაც იმარჯვა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
საინტერესოა, რომ ბათუმის „დინამოს“ მეკარემ ხორვატიიდან დაბრუნების შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატშიც ურთულესი პენალტი მოიგერია პირველობის ლიდერ „იბერია 1999“-თან მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა შინ ანგარიშით 0:1 დათმო.
ნუ დავივიწყებთ იმ ფეხბურთელების ღვაწლსაც, რომელთაც ზედიზედ შვიდი თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს. ასეთი შედეგი კი ნებისმიერი გამოცდილი გუნდისთვისაც დიდად საპატიოა.
წარმატებულად იასპარეზა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმაც, რომელმაც გასვლაზე ესტონეთის ნაკრებთან ქულა მოიპოვა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში გავიდა.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების და ლატვიის „რფს“-ს წამყვანი ნახევარმცველი ლაშა ოდიშარია, რომელმაც ერთი თვის წინ ევროპა ლიგაზე „გალათასარაის“ გაუტანა.
ნაკრებების შედეგებით გამოწვეული სიხარული და სინანული უიკენდზე ჩვენი ფეხბურთელების თავ-თავიანთ კლუბებში ასპარეზობამ ჩაანაცვლა.
ბუდუ ზივზივაძე „ფიურტთან“ შეხვედრაში გატანილი გოლით და საგოლე გადაცემით 13 ტურის შემდეგ „კარლსრუეს“ მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე განთავსებაში დაეხმარა.
ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენი“ – „მონპელიეს“ მატჩის წინ საფრანგეთის პირველობის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადაეცა. მისმა გუნდმა კი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა ტურნირის აუტსაიდერთან შეხვედრაში, რითაც გასავარდნ ზონას განერიდა. ზურიკო მატჩის დასასრულს დაცვის გაძლიერების მიზნით შეცვალეს.
გიორგი მიქაუტაძემ „რეიმსის“ და „ლიონის“ მატჩის უკანასკნელი 15 წუთი დაყო მოედანზე და გამიზნული გადაცემებითა თუ ეფექტური დრიბლინგით მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა თანაგუნდელთა შემტევი ხაზი. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა დაწინაურება ვერ შეძლეს და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კი „ბეტისის“ ანგარიშით 4:2 დამარცხების შემდეგ თავი დააღწია ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს.
„რომასთან“ მატჩში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა „ნაპოლიმ“, რითაც სასტიკი კონკურენციის პირობებში სერია A-ს ლიდერობა შეინარჩუნა.
ხვიჩა კვარაცხელიას უკვე 75-ე წამზე ცოტა დააკლდა ანგარიშის გახსნამდე. ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებით შესვენებამდე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მასპინძელთა შორის, როდესაც ეფექტური დრიბლინგით არაერთხელ შეძლო თამაშის გამწვავება.
მატჩის ერთადერთი გოლი ლუკაკუმ გაიტანა დი ლორენცოს გადაცემით, რის შემდეგაც მასპინძლები ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდნენ და როგორც კვარაცხელია, ისე ლუკაკუ შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ „რომა“ მოედანზე ახალმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ გაიყვანა. 73 წლის სპეციალისტის მრავალ მიღწევათა შორის გამორჩეული ალბათ მისი ხელმძღვანელობით 2016 წელს „ლესტერის“ მიერ ინგლისის პრემიერლიგის მოგებაა.