fbpx

ქეთო ჩანთაძე: რატომ დავტოვე საქართველო, როდის ვაპირებ დაბრუნებას და როგორ მესახება ქვეყნის მომავალი – DW Akademie-ის სტატიების სერია ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე


გააზიარე სტატია

 

დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოები ახალგაზრდა თაობისათვის ის სივრცეა, რომელიც პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობებს ქმნის. სწორედ ამიტომ ხშირად გვესმის ისტორიები ადამიანებზე, რომლებმაც საქართველო დატოვეს და სამუშაოდ თუ სასწავლებლად ევროპასა და შეერთებულ შტატებში გადავიდნენ.  

DW Akademie-სთან ერთად At.ge სწორედ ამ ადამიანებს მათი პერსპექტივიდან დანახულ საქართველოს მომავალზე  ესაუბრება. 

ქეთო ჩანთაძე ვიზაჟისტია, რომელმაც საქართველო 2021 წელს დატოვა და შეერთებულ შტატებში წავიდა. 

 

 რა იყო ქვეყნიდან წასვლის მოტივაცია?

ამერიკაში წასვლა ადრეული ასაკიდანვე მქონდა გადაწყვეტილი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად  საკუთარი თავის პოვნისა და განვითარებისათვის უფრო დიდი სივრცე მჭირდებოდა.  განსაკუთრებით ქალებს ჩვენს ქვეყანაში ბევრი წნეხისა და შეზღუდვის გამოცდილება გვაქვს და  ეს ყველაფერი ბევრი მიმართულებით უშლის საკუთარი თავის გაცნობას ხელს. გარდა ამისა, არტისტებისათვის საქართველოში პატარა ბაზარია.  მინდოდა, რომ პროფესიულად მეტად განვვითარებულიყავი, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად საქართველოდან ამერიკაში გადმოვედი. ამასთან ერთად მოგზაურობა და ახალი სივრცეების გაცნობაც  ყოველთვის მიზიდავდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში აღარ დავბრუნდები. ზოგადად, არ მგონია ჭეშმარიტება, როცა ამბობენ, რომ ვინც წავიდა, ძირითადად აღარ ბრუნდება. მე ვფიქრობ, რომ ყველა დაბრუნდება – უბრალოდ, ეს მაშინ მოხდება, როცა ამის დრო მოვა. 

 

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ? 

ამერიკაში სამუშაოდ და საცხოვრებლად გადმოვედი. ნიუ-იორკში ცხოვრება ძალიან რთულია. ზოგადად, ამ ქალაქის ტემპთან და სისტემასთან შეწყობა, სტრესთან გამკლავება ცალკე უნარია. მითუმეტეს, თუ მარტო ხარ, ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება. ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსი აქვს. არის რაღაცები, რაც ძალიან მენატრება – ძირითადად ადამიანებთან ურთიერთობები. არის რაღაცები, რასაც თავიდან ვსწავლობ – პროფესიული მიმართულებით, სამუშაო სპეციფიკის მიმართულებით. აქ ისეთი ტემპია, რომ მოდუნების და მოშვების უნარი არ გაქვს, თუმცა ეს ყველაფერი მოტივაციასაც გაძლევს. 

რით განსხვავდება საქართველოში არსებულ გარემოსგან ის ქვეყანა, სადაც თქვენ ცხოვრობთ? 

ამერიკასა და საქართველოში ადამიანების პრობლემები რადიკალურად განსხვავდება. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჩემი მშობლების თაობასაც და ჩემს თაობასაც უწევდა, რომ მუდმივად პროტესტის რეჟიმში ყოფილიყო, რათა ქვეყნის მომავალი დაეცვა. აქ ეს პრობლემები არ არის და ადამიანები მეტად საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე არიან ფოკუსირებული, ვიდრე საზოგადო პრობლემებზე. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ქართველებს ურთიერთობებში ბევრად მეტი სითბო და მზრუნველობა გაქვს ერთმანეთის მიმართ. 

 

რამდენი ხნით გეგმავთ დარჩენას ან, საერთოდ, აპირებთ თუ არა დაბრუნებას?

ჯერჯერობით არ ვიცი როდის, მაგრამ მომავალში აუცილებლად ვაპირებ ჩამოსვლას. მგონია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლა ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ქვეყნიდან ვარ. ძალიან ვამაყობ ჩემი ოჯახით, ვამაყობ რაჭით, საიდანაც ვარ და ამ ყველაფრის მიტოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვფიქრობ, ჩვენ ყველა, ვინც ქვეყანა დავტოვეთ, აუცილებლად დავბრუნდებით და ბევრ რამეს შევცლით. 

 

ამ დროისათვის, როცა საქართველოში არ ხართ, როგორ ხედავთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს? 

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან რთული ვითარებაა, ჩვენი ქვეყანა გადაურჩა ლენინს და სტალინს, პუტინს და მითუმეტეს ამ ხელისუფლებასაც გადავურჩებით. მე პირადად  დიდი გეგმები მაქვს და დავბრუნდები ძალიან დიდი ძალითა და შემართებით. საქართველოს აქვს პერსპექტივა, იყოს ძალიან კარგი ქვეყანა, რადგან აქ  კარგი  ხალხი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის შესაცვლელი, პირველ რიგში მენტალური ცვლილებებია საჭირო. ამჟამად ისეთი მენტალური წყობაა, რომ ეს საერთოდ უნდა ჩამოინგრეს და ბევრ საკითხს ხალხმა სხვა პერსპექტივიდან უნდა შეხედოს. ამიტომ, ვფიქრობ, ქვეყნის მშენებლობა ჩვენი მენტალური მშენებლობიდან უნდა დაიწყოს.

როგორ გესახებათ საქართველოს ისეთი მომავალი, რომელშიც გინდათ, რომ იცხოვროთ? 

საქართველოს მომავალი მესახება მტრის – რუსეთის გარეშე. ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ხელისუფლებაში არიან განათლებული და ემპათიური ადამიანები. ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი მმართველი ძალა, რომელიც ზრუნავს და ასრულებს ადამიანების ნებას. ვფიქრობ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძირითადი პრინციპები, რაც იქნება ყველასათვის ამოსავალი წერტილი. აქ არ უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც მტერს თავს უხრიან, რადგან ჩვენს წინაპრებს იმისთვის არ უწვალიათ, რომ ვიღაცამ პირად ინტერესებზე გაცვალოს მომავალი. როდესაც საზოგადოება იქნება მენტალურად დაპურებული და საზოგადოებაში იქნება ღირსების განცდა, როდესაც ჩვენი ძვირფასი კულტურა, ისტორია  შეერწყმება მომავალს – მაშინ ყველაფერი იქნება კარგად! როდესაც აღარ იქნებიან ადამიანები, რომლებიც  სხვას განსხვავებული ორიენტაციის გამო მოკლავენ, დაჩაგრავენ, იძალადებენ, როცა ჩვენს ლიბერალურ ფესვებს დავუბრუნდებით, რაც საბჭოთა კავშირამდე გვქონდა, მაშინ ეს ქვეყანაც დაიბრუნებს თავის სიძლიერეს. და ეს შესაძლებელია, რადგან ქართველი ადამიანი თავისი არსით გონებაგახსნილია და სამყაროს მიმღებლობა აქვს.

 

როგორია თქვენი განწყობა არჩევნების შედეგების შემდეგ?  

არ ვიცი, რატომ ჰქონდა ბევრს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” არ გააყალბებდა შედეგებს და არჩევნების გზით დათმობდა ძალაუფლებას. ცხადი იყო, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვფიქრობ, რომ ეს დასასრულია და გამოუვალი მდგომარეობაა. უნდა მოვიდეს ძალა, რომელიც განათლებული და პასუხისმგებლობიანი ხალხისგან იქნება დაკომპლექტებული. უნდა გაჩნდეს ძალა, რომელსაც ეყვარება თავისი ქვეყანა და  ეცოდინება, როგორ ააგოს სწორი პოლიტიკური სისტემა. უნდა არსებობდეს გეგმა და იყოს ძლიერი ოპოზიცია. ვფიქრობ, ცოტა ხანს საქართველომ უნდა გაუძლოს მძიმე ვითარებას, უნდა მოვიკრიბოთ ძალები. ამას ვაკეთებთ ჩვენც – ის ხალხი, ვინც ქვეყნიდან დროებით წავედით. მომავალი ჩვენი თაობაა, რომელიც განათლებით და სწორი მენტალური წყობით, ღირებულებებით შეცვლის ამ ქვეყნის ბედს. ძალიან ლამაზი საყურებელია ახალი თაობის თავდადება, შეუპოვრობა და სიყვარული ქვეყნისადმი. ამ პატრიოტულ სულისკვეთებაზე ლამაზი, ჩემი აზრით, არაფერია.  ასევე, გეგმის გარეშე პროტესტისა და აქციის აზრს ვერ ვხედავ, ამიტომ ეს მუხტიც, ჩემი აზრით, ცოტა სხვა მიმართულებით უნდა გაიშალოს. თუმცა მე არ ვკარგავ იმედს და ვფიქრობ, რომ მომავალი ჩვენს ხელშია, მთავარია სწორი სტრატეგია არსებობდეს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.