fbpx

ბერდვოჩინგი (Birdwatching) და „თბილისელი“ ჩიტები


გააზიარე სტატია

 

ტერმინი  ბერდვოჩინგი (Birdwatching) პირველად ბრიტანელი ნატურალისტისა და ორნითოლოგის – ედმონდ ზელოუისმა (Edmond Selous) მიერ იქნა გამოყენებული. მისი ლეგენდარული წიგნი „ფრინველებზე დაკვირვება“ (1901 წ.) პიონერული ნაშრომია ბუნების მხატვრულად აღწერის  სფეროში, რომელიც აერთიანებს მეცნიერულ დაკვირვებას ლირიკულ პროზასთან.  

ბერდვოჩინგი – როგორც სამოყვარულო სპორტი და აქტიური დასვენების ფორმა –  აშშ-ში განვითარდა, როდესაც დაიბადა იდეა, ფრინველებზე ნადირობის ნაცვლად, ერთმანეთს  შესჯიბრებოდნენ უმოკლეს დროში ფრინველთა ყველაზე მეტი სახეობის გამოცნობაში.  

თანამედროვე მსოფლიოში და საქართველოშიც ბერდვოჩინგ ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მსოფლიოში. მიზეზი – აღმოსავლეთ შავი ზღვის ფრინველთა სამიგრაციო დერეფანია, სადაც საშემოდგომო მიგრაციის დროს ყოველწლიურად 35 სახეობის 1000 000-ზე მეტი ფრინველი გადაიფრენს.

ბერდვოჩინგის განვითარებას საქართველოში იშვიათი და ენდემური სახეობებიც უწყობენ ხელს, რომელთა სანახავადაც ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. თბილისში სულ 2018 სახეობის ფრინველია აღრიცხული. 

ეს არის ხელსაყრელი ადგილები თბილისის ფრინველებზე დასაკვირვებლად. დაკვირვებისათვის ხელსაყრელი ადგილები მონიშნულია რუკაზე. თუ გადაწყვეტთ ორნითოფაუნის შესწავლას დრო დაუთმოთ, ან უბრალოდ ბუნებაში  დროის საინტერესოდ გატარება გსურთ, ეს რუკა და „საბუკო“ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) აუცილებლად დაგეხმარებათ. WWW.SABUKO.GE

თბილისში  სულ 2018 სახეობის ფრინველია აღრიცხული. აქვე კი გთავაზობთ იმ ფრინველთა არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც თბილისის შემოგარენში, ბაღებსა და სკვერებში გვხვდებიან:

  1. თოხიტარა (Aegithalos caudatus )

ამ სახეობისთვის ყველაზე გამორჩეული ნიშანია პატარა  სხეული და გრძელი ვიწრო კუდი, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელიც. მკერდი და მუცელი მოთეთრო ფერისაა, აქვს მომრგვალებული თავი და ძალიან მოკლე  ნისკარტი.  თოხიტარები გამრავლების სეზონის შემდეგ იკრიბებიან და ქმნიან პატარ-პატარა  გუნდებს. იკვებებიან პატარა  მწერებით, ობობებით,  კვირტებით და კენკრით. ბინადრობენ წიწვოვან და შერეულ ტყეში, ოვალური ფორმის ბუდეს იკეთებენ ხის ტოტზე, მისი შეფერილობა შეხამებულია გარემოსთან, ერთგვარი „კამუფლაჟია“, რის გამოც ძნელია მისი შემჩნევა.

 

  1. ფრთაწითელი კლდეცოცია (Tichodroma muraria)

ბუმბულის შეფერილობა ძირითადად ლურჯი, რუხი ფერისაა, გვერდებზე აქვს წითელი ფერის ლაქები. ბინადრობს კლდოვან ადგილებში, ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში. მათი ნახვა თბილისში მეტეხის ხიდთან ახლოს მდებარე კლდეებზე შეგიძლიათ. 

 

  1. მოლურჯო წივწივა (Parus caeruleus)

სხეულის ქვედა ნაწილი ყვითელი ფერისაა. ზრდასრულ მამრებში მუცელზე შესამჩნევია პატარა მუქი ფერის ზოლი. მომრგვალებულ თავზე ლურჯი ფერის თხემი აქვთ. მამრების თავები მუქი ლურჯი შეფერილობისაა, მდედრების – ღია ლურჯი. იკვებებიან მცენარეთა დაავადების გამომწვევი მწერებით.გვხვდებიან ბაღებსა და სკვერებში. თუმცა უპირატესობას წიწვოვან ტყეებს ანიჭებენ. 

 

  1. რუხი ბოლოქანქარა (Motacilla cinerea)

მისი ოჯახის სხვა სახეობებისაგან გამოირჩევა თეთრი წარბებით და შავი ყელით. აქვს გრძელი კუდი და მაღალი ფეხები. კუდქვეშა მფარავი ბუმბული ყვითელია, მკერდი და მუცელი ღია ყვითელი. ბინადრობს მცირე  ნაკადულების სანაპიროებზე.თბილისში შეხვდებით აბანოთუბანსა და ლეღვთახევის ხეობაში. 

 

  1. კაჭკაჭი (Pica pica)

ადვილად გამოსაცნობია გრძელი კუდითა და შავ-თეთრი შეფერილობით. აქვს თეთრი მუცელი და გვერდები, შავი ფრთების ბოლოებზე გადაჰკრავს ლურჯი ფერი. გრძელ კუდზე გასდევს მომწვანო ფერი.იკვებება მცენარეული და ასევე ცხოველური წარმოშობის საკვებით, მინდვრის თაგვებით, ხშირად ჭამს სხვა ფრინველების კვერცხებს. კარგად ეგუება ადამიანების ახლოს ცხოვრებას. ხშირად გვხვდება სკვერებსა და ბაღებში.

 

  1. შავთავა ოვსადი (Saxicola maurus)

აქვს მოკლე კუდი და გრძელი ფეხები. ზრდასრული მამრის თავი შავი ფერისაა, გვერდებზე აქვს თეთრი საყელო, რომელიც ნახევარ რგოლს ქმნის კისრის გარშემო.წითელი-მოყვითალო მკერდი მუცლის მიმართულებით ღიავდება. კუდქვეშა ბუმბული თეთრია. იკვებება მწერებით და კენკრით.გვხვდება ბაღებსა და სკვერებში.

 

  1. სკვინჩა (Fringilla coelebs)

აქვს თეთრი გვერდები, რუხი, მომწვანო ზურგი, რუხი-მონაცრისფრო თხემი და კისერი. ლოყები, მკერდი და მუცელი მოწითალო ფერისაა. კუდქვეშა ბუმბული თეთრია. იკვებება მცენარეების კვირტებით და თესლებით, კენკრით. გამრავლების სეზონის დროს სკვინჩას რაციონი იცვლება და ის ჭამს მწერებსა და მუხლუხოებს.ადვილად ეგუება ადამიანის საცხოვრისს, თბილისში გვხვდება ბაღებსა და სკვერებში. 

 

  1. მიმინო (Accipiter nisus)

ფრთები შავ-თეთრად აქვს დაწინწკლული. მდედრი უფრო დიდია, ვიდრე მამრი. მამრს უფრო მომცრო ფორმის თავი აქვს მოწითალო  ღაწვებითა და ლოყებით. მკერდი დაწინწკლულია. კუდისქვეშ ბუმბული – თეთრი. იკვებება მცირე ზომის ფრინველებით.უპირატესობას ანიჭებს ტყიან ჰაბიტატებს. გვხვდება აგრეთვე პარკებსა და ტყეპარკებში. თბილისში ბინადრობს  9 აპრილის პარკში.

 

  1. რუხი ყვავი (Corvus cornix)

აქვს რუხი ფერის სხეული, შავი ფერის თავი და ფრთები. კუდი მასიური, მოგრძო, შავი შეფერილობის ნისკარტი, მკერდზე ჩამოუდის  შავი ლაქა. გვხვდება წყლის პირას, ტბების ირგვლივ. 

 

  1. სომხური თოლია (Larus armenicus)

აქვს ყვითელი ფერის, სქელი, მასიური ნისკარტი, რომლის ბოლოც წითელი ფერით  ბოლოვდება. ფრენის დროს ქვედა მხრიდან თეთრი ფერისაა. სხვა მსგავსი სახეობისგან განსხვავებით აქვს მუქი ფერის თვალის გუგა. იკვებება თევზეულით, ხშირად მოიპოვებს ნაგავსაყრელზე  საკვების ნარჩენებს. ბუდეს იკეთებს ლერწმიან ჰაბიტატში. თბილისში შეხვდებით მტკვრის სანაპიროზე. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.