fbpx

რატომ გალობენ ფრინველები?… – ინტერვიუ ნიკა ბუდაღაშვილთან


გააზიარე სტატია

 

პროექტ „ორთაჭალას“ ფარგლებში ბერდვოჩინგის ტურს მუსიკოსებთან „საბუკოს“ კონსერვაციის ოფიცერი, ორნითოლოგი, ეკოლოგიის მაგისტრი – ნიკა ბუდაღაშვილი  გაუძღვა. მისი თქმით, ბერდვოჩინგ ტურიზმის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში. მიზეზი – აღმოსავლეთ შავი ზღვის ფრინველთა სამიგრაციო დერეფანია, სადაც საშემოდგომო მიგრაციის დროს, ყოველწლიურად, 37 სახეობის 1 000 000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. 

 

რატომ გალობენ ფრინველები და რას ნიშნავს მათი  ძახილი? შეტყობინებები? 

ნიკა ბუდაღაშვილი: როგორც წესი, ფრინველების გალობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პოტენციური მეწყვილისთვის თავის მოწონება და თავიანთი ტერიტორიის დაცვა. გალობით, როგორც წესი, მამრები გამოირჩევიან, რომლებიც მომიჯნავე ტერიტორიებზე მყოფ იმავე სახეობის მამრებს ამცნობენ, რომ ის ტერიტორია, საიდანაც გალობენ, დაკავებულია, მათ ეკუთვნით, იქ შესვლა კი სარისკო.

 

ფრინველთა რა თანასაზოგადოებებია გავრცელებული  ორთაჭალასა და მის მიმდებარე უბნებში, ძველ თბილისში?

ნიკა ბუდააშვილი: მეტეხთან, მდინარე მტკვართან არსებული მცენარეული საფარი (ხეები და ბუჩქნარები) ხელსაყრელი საბუდარი ადგილი აღმოჩნდა მცირე თეთრი ყანჩებისთვის (Egretta garzetta), ღამის ყანჩებისთვისა (Nycticorax nycticorax) და დიდი ჩვამებისთვის (Phalacrocorax carbo). მეტეხის ძირას მობუდარ კოლონიას დიდი ინტერესით აკვირდებიან ნავების ტურებით მოსეირნე  ტურისტებიც. ნარიყალას ციხის დიდი კედლები საკვებით, მწერების დიდი მრავალფეროვნებით მასპინძლობს თბილისში მოზამთრე ულამაზეს კლდეცოციასაც, რომელიც ზამთარში კავკასიონის მთების მკაცრ სიცივეს გაურბის და თბილისსა და სხვა შედარებით რბილი კლიმატის მქონე ადგილებს აფარებს თავს, სანამ ისევ მთებს დაუბრუნდება.

 

რომელ ფრინველებს ვხვდებით ორთაჭალის მიდამოებში შემოდგომაზე, რომელი სახეობა  მიფრინავს თბილ ქვეყნებში, რომელი იზამთრებს და რჩება ორთაჭალის  შემოგარენში?

ნიკა ბუდააშვილი: შემოდგომით ცაში შესაძლოა ბევრი საინტერესო ფრინველი შევამჩნიოთ, განსაკუთრებით თბილისის თავზე და განსაკუთრებით ორთაჭალაში, სადაც ქედებთან არსებული თბილი ჰაერის მასები (თერმალები) ძალიან კარგ სალივლივო პირობებს სთავაზობს მიმომფრენ დიდი ზომის მტაცებელ ფრინველებს – არწივებს, კაკაჩებს. მცირე ზომის ბეღურისნაირი ფრინველები მიგრაციისას  ორთაჭალის ჯერ კიდევ შემორჩენილ მწვანე საფარს აფარებენ თავს, განსაკუთრებით გამოირჩევა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, სადაც 140 სხვადასხვა ფრინველის სახეობაა დაფიქსირებული. ეს ის სახეობებია,  რომლებიც ტყესა და მწვანე საფარს აფარებენ თავს ან, უბრალოდ, ბოტანიკურ ბაღსა და ძველ თბილისს გადაუფრენენ. 

რას ნიშნავს ლივლივი თერმალებზე?

ნიკა ბუდააშვილი: დიდი ზომის ფრინველებისთვის ფრთების ხშირი მოძრაობა  ენერგეტიკულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მათ ევოლუციურად ჩამოუყალიბდათ თერმალებზე ლივლივის ადაპტაციის შეუდარებელი უნარი. თერმალები დედამიწის ზედაპირის გათბობის ხარჯზე წარმოიქმნება და დიდი ზომის ფრინველებს საშუალებას აძლევს, ერთი თერმალიდან მეორეზე გადასვლის ხარჯზე ენერგია დაზოგონ – მათ მიგრაციისას დიდი მანძილების დაფარვა შედარებით მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით შეუძლიათ. სწორედ ამიტომ არიდებენ ისინი თავს ზღვებს და ოკეანეებს, რადგან მათ თავზე თერმალები არ წარმოიქმნება.

 

რა ფენომენია, როდესაც გუნდურად ფრენისას  ჩიტები უცნაურ ფორმებს ქმნიან?

ნიკა ბუდააშვილი: ეს არის „მურმურაცია“, როდესაც ფრინველების დიდი გუნდები (ამას ხშირად აკეთებენ შოშიები) ერთად დაფრინავენ რთული, დინამიკური და ერთი შეხედვით კოორდინირებული სტრუქტურით. ეს განსაცვიფრებელი საჰაერო შოუ ხშირად ხდება დილას და საღამოს, როდესაც ფრინველები იკრიბებიან კვებამდე და დასასვენებელ ტერიტორიებზე გადანაცვლებამდე. თუ რატომ ასრულებენ ფრინველები ასეთ “ცეკვებს”, ამას მარტივი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი  მიზეზია  მტაცებლებისგან თავდაცვა –  ფრინველების მკვრივში ფრენა და მუდმივად ცვალებადი ფორმები აბნევს ისეთ მტაცებლებს, როგორიცაა ქორი და შავარდენი,  ურთულებს მათ ცალკეულ ფრინველებზე ფოკუსირდნენ და დაიჭირონ. ეს კი, თავისთავად, დიდ გუნდში ცალკეული ინდივიდების გადარჩენის მაჩვენებელს ძალიან ზრდის.

რას წარმოადგენს GPS გადამცემი და როგორ ხდება მისი საშუალებით ფრინველებზე დაკვირვება. გვიამბეთ ბექობის არწივის მართვეების მოგზაურობასა და მათ მიგრაციაზე,  რომელსაც „საბუკო“ GPS გადამცემით აკვირდებოდა.

ნიკა ბუდაღაშვილი: ფრინველთა მონიტორინგის მეთოდები, უკანასკნელ ათწლეულებში მაქსიმალურად დაიხვეწა. შეიქმნა GPS გადამცემები, რომლებიც მზის ენერგიაზე იმუხტება და ბატარეების ოპტიმალური პირობებით, მოწყობილობებით მონიშნული ფრინველების ადგილის  შესახებ ინფორმაციას ყოველ 20 წუთში ერთხელ იღებს და შეგროვებულ მონაცემებს დღეში ერთხელ გადასცემს ონლაინ ბაზას, რომელსაც მკვლევრები აკონტროლებენ. გადამცემების ნავარაუდევი ფუნქციონირების პერიოდი ერთ წელზე მეტია, რა დროსაც მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გროვდება.  GSM ქსელის გარეშე გადამცემებს შეუძლია დამატებით შეინახოს დაახლოებით 2,000,000 ჩანაწერი და გაგზავნოს ისინი ბაზაში, ქსელთან დაკავშირების შემდეგ. გადამცემები ფრინველებს ზურგზე უმაგრდებათ, რაც მათ მზეზე დამუხტვას აადვილებს. GPS გადამცემების დახმარებით შეგროვებულ მონაცემებს მკვლევრები აანალიზებენ და ქმნიან სამეცნიერო ლიტერატურას. 

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო – 2015 წლიდან ნიშნავს ბექობის არწივის მართვეებს GPS გადამცემებით. დღესდღეობით ჯამში სულ 17 ბექობის არწივი მოგვინიშნავს გადამცემით, რისი დახმარებითაც ბევრი მნიშვნელოვანი მონაცემი შევაგროვეთ, მათი მოძრაობის, ასევე  საფრთხეების შესახებ და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან გამოჩეკილი ბექობის არწივის მართვეები ხანდახან ეგვიპტემდეც კი მიფრინავენ. ირანი, აზერბაიჯანი, ერაყი, იორდანია და არაბეთი კი მათი ძირითადი ფავორიტი ქვეყნებია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.