გენიოსი ფეისბუქზე და მისი ქარდები | „ეს საქართველოა“
ავტორი: მათე წიკლაური
ყველაზე ძნელად მისაწვდომია მარტივი, ვერ მისწვდები, ვერ დაეწევი, მაგრამ მაინც მარტივია… შეგრძნებაზე ვამბობ, შეგრძნებაა მოწყენაც, რუსთაველისა არ იყოს, ადამიანს აქვს პერიოდი, რომ მასზე იტყვი: „ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები“, ან შეიძლება, მოგწყინდეს ბევრი რამე, მაგალითად, სიცოცხლე და:
როგორ მომწყინდა სიცოცხლე,
ვნახო, სიკვდილი რა არის?
თუ ზღვაა, იქნებ გავცურო,
მაგრამ, იქნება ცა არის,
თუ ცაა, საწუთროსავით
იქნება გრძელი გზა არის.
და, უბრალოდ ნახო, სიკვდილი რა არის. რა მარტივია, მაგრამ მიუღწეველი, ზღვა რომ ზღვა არ გამოდგეს და არც ცა – ცა, ეგენი ხომ პოეზიაში მნიშვნელობაცვალებადი სიტყვები გახლავთ, რას გაიგებ, მაგრამ საქართველო ხომ ვიცით რა არის?
მე თურმე ეგეც არ მცოდნია, ერთი გენიოსის ფეისბუქი ვარდება ხოლმე სქროლვისას ხშირად, იქ დამპატიჟა გვერდმა, შევუარე და მაგაზე მინდა მოგიყვეთ:
საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში რომ გაიმარჯვა, კიდევ ერთხელ გადავიკითხე ბესიკ ხარანაულის ლექსების კრებული „ეს საქართველოა“ და მივხვდი, სწორად დავიწყე ფიქრი, როგორია ჩვენი ქვეყანა, არადა, ალბათ, ამაზე მეტი არც არაფერზე არ მიფიქრია. ბესიკ ხარანაული ეგეთი მწერალია, სწორად ფიქრს გასწავლის და მერე ეგ არის შენი დადებული აგური ქვეყნისა და კაცობრიობის განვითარების გზაზეც. ვაჟა-ფშაველას წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ იმას ამბობს, რომ ყოველმა ერმა უნდა იძალოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროშიო. ეგრეც არის, მაგრამ შენ თუ სწორად ფიქრი და აღქმა არ შეგიძლია, ვერაფერს შეიტან… ჯოხს პოეტი მოგაწვდის და ამ ჯოხით ივლი-იფიქრებ, ერთი და იგივეა. აი, თუ არ გჯერა:
„-აჰა, მოგიჭრი ჯოხს, წამო, ვიაროთ“.
ასე „ეჰ, ბესარიონ“ იწყება, „ეს საქართველოა“ კი ასე:
„ნუ დაყოფთ პოეტს,
ყველა ლექსი სამშობლოზეა“.
ყველაფერზე წერია კრებულში, 30 წლის ქრონიკაა და საქართველოზე ბევრი დაგროვდებოდა სათქმელი, აქ „მარტო შავი შეუხედავი შაშვი ამბობს სიმართლეს“, გამოდებს პოეტი ძველ ლექსს და ჰგონიათ, ახალია – „საქართველოში დრო არ იცვლება“. არ იცვლება, მაგრამ ამ უცვლელობით მიდის „თავის მორთულ გზაზე“ ღმერთისკენ. ადრე საქართველოზე არ ვწერდიო, ამირანივით ჯაჭვშემოვლებულ ქვეყანაზე კი არა, წამომართულზე უნდა წერო, ოღონდ ამ წამომართვას ბევრი რამ უნდა, თავისუფლების ყიჟინას ყველა შესძახებს, მაგრამ ცოტა მივა მაქამდისო.
„სიტყვა ადვილია
საქმე კი -ძნელი“
ეს პრობლემა გვაქვს და კიდევ ეს:
„არც სავსე ვარგა ადამიანი, არც ნაკლული.
სავსე დაგეღვრება, ფეხებს დაგისველებს,
ნაკლული კი ყანყალით გაგტანჯავს“.
წონასწორობის ლაბირინთი გაუკვალავი არ ყოფილა, მთავარია, „ადგე, ტანი დაძრა“ – ყიჟინას ქმნა არჩიო. ილიასი არ იყოს, „მოძრაობა და მოძრაობა“ და საქართველოზე, როგორც შენ თავზე. ამას თუ იზამ, მერე გადი გვერდზე და იქიდან უყურე, „ასპარეზზე გამოვლენ ახლები“. პოეტმაც ეს არჩევანი გააკეთა. ზოგან გეგონება, რომ საქართველოზე აღარ არის და სხვა განცდებზეა, რაღაც X-სა და Y-ზე, მაგრამ მერე გამოხედავ და შენზე არის, შენ კიდე საქართველოს ნაწილი ხარ, ფეტვის გროვის მარცვლისნაირი, და ასკვნი, ესეც ჩვენზე ყოფილაო. ასეთი ამბავია საკუთარი ადგილის და კომფორტის ზონის ძიება, რადგან, როგორც კრებულიდან ვიცით, კაცი თუ იქ არის, სადაც არ უნდა, მკვდარია… თუ დღე არის და ღამე უნდა? თუ ღამეა და დღე უნდა? ამაზე შეგიძლია ორი რამე თქვა:
სიცოცხლეს ითხოვ უბრალოდ.
საკუთარ ადგილს ეძებ.
მეორე უფროა, ეს გაწვალებს და გღრღნის, მაგრამ მერე უცბად პოულობ, ეგ არის კომფორტის ზონაც და საკუთარი ადგილიც, რაც არ გაქვს, ის გინდა და ბოლოს დანებდები, ჯანდაბას:
„იყოს ეს ცხოვრება,
იდინოს ჩემ ზედა“.
აქ ერთი ლექსი მკვდრების სიმღერაზეა, ერთმანეთს აგულიანებენ წინასწარ, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყოო, ოღონდ ეს მაშინ „როცა ყველა ეს კოშმარი არყოფნაში გადაინაცვლებს…“ საქართველო ყოფნაა თუ არ ყოფნაა, საქართველოა და შენია, მრავალფეროვანია და სხვას ვერ დაუთმობ. კავშირების არის, იდეურადაც და ფიზიკურადაც… კავშირით დაწყებული ენაა: „რომელმან შექმნა…“
ფურცელი ქვეყანაზე წერას არ ეყოფა, მრავალფეროვნება იქით და „რა, ბესიკია ქვეყანაზე მარტო ბოროტი?.. უსაყვარლესი პოეტია, სადღეგრძელო კი არა, პატრიოტული ლირიკა რომ შექმნა და მკითხველს კრებული ფეისბუქზე აუწყო. გაახელ თვალებს, ასქროლავ, რა არ დაგხვდება – „ეს საქართველოა“ – რობოკოპიც და ნამცხვრის რეცეპტიც, საინფორმაციო გამოშვებაც და სამკაულის ქაოსშეთვისებული ყუთივით დახვავებული კომენტარები მის ქვეშ, მერე კიდე ცოტას ჩამოუყვები და იქ ბესიკ ხარანაულის სტატუსია, იმ ველში დაწერილი: რას გვეტყვიო, ცუკერბერგი, რომ გვეკითხება – დიდი პოეტი ჯდება და ამბობს:
„ნეტა ვიყო მე ჭალა და მინდორი,
ვივლიდი და შენ გიმღერებდი,
ჩემო ქვეყანავ“.
საქართველო სახლია, რომელშიც მიხვალ და მაინც გურამიშვილს გასძახი, რამ ჩამოგიყვანაო, საქართველო სახლია – ადრე ერთი მყვირალით დასახლებული და ახლა – ორით. საქართველო სახლია, ბრმა შვილს არ შეუშვებ, ბოროტს – კი. ერთ ლექსში ამბობს, კენჭით შევეწიე ჩემს სამშობლოსო, კენჭი პატარააო, კი, პატარაა კენჭი, შეწევნა – დიდია. ფეისბუქ გვერდების ქარდზე რომ გამოჩნდება, წაკითხვამდე გიხარია, იცი, რაღაცა დაგრჩება – ის დღე, მერე სულ რომ დაიძინო, მაინც კაცი ხარ, იმ დღის ნაცხოვრები, მაგრამ გაიღვიძებ და ისევ სისულელეს დაეძებ: „მითხარი რამე, სისულელე, თორემ გავგიჟდები…“ და თუ პოეტი შეგხვდა, სისულელეს არ გეტყვის, თუ არადა მერე სისულელის გადარეცხვა ძნელია, მაგრამ ეს კიდევ სხვა სისულელეა. ამაზეც არის წიგნში რამდენიმე კარგი სიტყვა…
ეგეთი ლექსი როგორ დაწერო კი არა, ეგეთ ლექსზე როგორ თქვა, ისიც არ იცი კაცმა, გაყანყალებს ბესიკ ხარანაული, მაგრამ მაგ ყანყალში გაქვს შანსი წონასწორობა იპოვო. კრებული ისეთია, როგორიც საქართველო – მრავალნაირი, იმპულსური, ერთ წამს ისეთი, მაგრამ მეორე წამს – ასეთი. ისეთი და ასეთი, თითქოს რაა, ერთი გამოცვლილი ასოა, მაგრამ იმ „ი“-დან „ა“-მდე ძალიან შორია. მეც წინა წინადადების წერისას ისეთი ვიყავი, ახლა – ასეთი ვარ.
ასეთებზე დამაფიქრა ხარანაულმა, კი, საქართველო მრავალნაირია, არეულიც და დალაგებულიც. მაგრამ ეგ სულერთია, რადგან:
„ჩემო ახალგაზრდა კაცო,
მე კი ვიცი, სხვას რომ ვმღერი,
მაგრამ, რა ვქნა, ეს ბებერი,
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!“