ღვინის ფაქტორი – გამოფენა Vinum Divinum
ქართველებს ყველაფრის ისტორიის ჭრილში დანახვა გვიყვარს. მიზეზი ერთია, „ხსოვნის“ ასეთი ფორმის დემონსტრირებით, წარმოსახვის დონეზე მაინც აღვადგენთ იმ „კულტურული წყვეტების“ დანაკლისს, რაც განსაკუთრებით ბოლო 200 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ძალიან მძიმედ განვიცადეთ. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ბიზანტიის დაცემისა (1453) და სულხან-საბა ორბელიანის ჩავარდნილი ევროპული ვოიაჟის გამო, ფაქტობრივად, მთლიანად მოვწყდით ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარების ვექტორს და მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ ფორმირებულ უზარმაზარ ჩიხში ამოვყავით თავი.
„კულტურული წყვეტის“ უმძიმესი შედეგებიც სწორედ შემდეგი ისტორიული მოვლენების გამო გადავიტანეთ: სამეფო დინასტიისა და არისტოკრატიის გენოციდი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, რუსიფიკაციის პოლიტიკა, პირველი რესპუბლიკის დაცემა და წითელი ტერორი.
აქედან გამომდინარე, ტოტალიტარულ გარემოში კულტურული იდენტობის ფორმები ან უსიცოცხლო ეგზოტიკად ადაპტირდებოდა არსებულ რეალობასთან, ანდაც უჩვეულო და დამახინჯებული სახით აგრძელებდა არსებობას…
ყველაფერ ზემოთქმულზე სასაუბროდ ინსპირაცია თბილისში, ღვინის ქარხნის მულტიკულტურულ სივრცეში მოწყობილმა საინტერესო გამოფენამ გააჩინა. Vinum Divinum გამოფენის სახელწოდებაა, ხოლო ავტორები – გალა რეია და პატრიცია ტოკავ-სედი – საქართველოსა და საბერძნეთში მოღვაწე მხატვრები არიან.
ღვინის თემა იმდენად განსაზღვრავს გამოფენის მთელ კონცეფციას, რომ ადგილის სპეციფიკასთანაც (ღვინის ქარხანა) სრულ შესაბამისობაშია და ღვინოსთან დაკავშირებული ქართულ-ბერძნული კულტურული ხაზის შემოქმედებითად გადააზრების მცდელობაც გახლავთ.
მხატვარი ქალები ღრმად ჩადიან მითოლოგიურ და ისტორიულ საფუძვლებში და ცდილობენ, თანამედროვე ვიზუალური საშუალებების გამოყენებით, საგალერეო სივრცეში მასშტაბურად და დინამიკურად აჩვენონ ღვინის როგორც მისტიკური მედიუმის ფენომენი.
ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ტოტალიტარიზმის პირობებში არსებული კულტურული ფორმების სპეციფიკა საინტერესოდ იყო დაკავშირებული გამოფენის კონცეფციასთან. კერძოდ, რამდენად შეუძლია შემოქმედებით პროცესს კორექცია გაუკეთოს იდეოლოგიის მიერ დამახინჯებულ სინამდვილეს და დაუბრუნოს მას ის სილაღე და ნამდვილობა, რაც კულტურის ორგანული ნაწილი უნდა იყოს ყოველთვის?
„ღვინის სმა“ და ზოგადად ქართული სუფრა ისეთი ავთენტური ფენომენებია, რომელთა საშუალებით ყველაზე კარგად არის შესაძლებელი ზუსტად აღდგეს ის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გარემო, რომელშიც საქართველოს დასაბამიდან უწევდა აქტივობა. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყნის ორიენტაცია ღვინის კულტურის მიმღებლობით იყო განპირობებული.
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უამრავი კულტურული დინებისა და გავლენების მიუხედავად, სწორედ ღვინის კულტურის არეალში ყოფნამ განუსაზღვრა საქართველოს ადგილი ევროპულ ცივილიზაციაში.
წარმართობიდან მოყოლებული და შემდეგ ქრისტიანობის პერიოდში ღვინოს არასოდეს დაუკარგავს საკრალური მნიშვნელობა ქართველი ადამიანისათვის. მე-17 საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი ერთ-ერთი ქართული მეჯლისის აღწერის დროს ხაზგასმულად აღნიშნავს, რომ უამრავი სასმლის დალევის მიუხედავად, სუფრის ყველა წევრი მაქსიმალურად აკონტროლებდა საკუთარ თავს, რომ ყველა მათგანს შეენარჩუნებინა სიფხიზლე და ჰქონოდათ ერთმანეთთან საუბრისა და განსჯის უნარი. შარდენის მიერ მოთხრობილი ეს ეპიზოდი კარგ პარალელს იძლევა პლატონის ცნობილ „ნადიმთან“, სადაც ღრმა ფილოსოფიურ მსჯელობებს ღვინის სმის აუჩქარებელი პროცესი განაპირობებს.
ქართული მოდერნიზმის პირობებშიც ღვინის და ქეიფის თემა აგრძელებს თავის ისტორიულ ხაზს და ახლა უკვე ნიკო ფიროსმანის ორგანზომილებიან ჯადოქრობაში იმკვიდრებს ადგილს.
მე-19 საუკუნე იყო პერიოდი, რომელშიც ქართულმა სუფრამ თითქმის დაკარგა თავისი პირვანდელი შინაარსი. სუფრა გადაიქცა უფლებააყრილი ქართული არისტოკრატიის გულზე მჯიღის ცემისა და ყოველგვარ რეალობას მოკლებული, ყალბი სადღეგრძელოების დემონსტრირების ადგილად. ამას დაემატა მანამდე გაუგონარი, ღვინის ერთბაშად დიდი რაოდენობით დალევისა და სასმლის დაძალების მახინჯი ჩვეულება. თრობა გადაიქცა ქართული სუფრის თვითმიზნად. „წარსულ დროებაზე“ მგლოვიარედ მყოფი საზოგადოება ღვინოში ცდილობდა ჩაეკლა დარდი და ვარამი.
საბჭოთა კავშირის პირობებში მთელმა ამ დრამატულმა ვითარებამ კომიკურად იცვალა სახე. კომუნისტური კორუფციით გალაღებულმა ქართველებმა შეძლეს ქართული სუფრის კარიკატურული მოდელი წარმატებით გაესაღებინათ „ნამდვილ“ კულტურულ ფენომენად…
როგორც აღვნიშნეთ, გამოფენა Vinum Divinum-ის ფორმატში ჩატარებული შემოქმედებითი კვლევის პროცესი ღვინის ქართულ-ბერძნულ ტრადიციასთან დაკავშირებულ ყველაზე ღრმა შრეებს მოიცავს.
ღვინის თემასთან მაქსიმალურად ავთენტური კავშირის მიზნით, გალა რეია სხვადასხვა კულტურული ფორმის დამუშავებასთან ერთად ცდილობს, მის მიერ შექმნილი ნიმუშები ტექნიკური შესრულების თვალსაზრისითაც ქართული ვიზუალური ხელოვნების გამომსახველობით ტრადიციასთან იყოს ახლოს. კერძოდ, ქართული ხატწერისათვის დამახასიათებელი პრაქტიკული ელემენტები ბევრგან აქტიურად ჩანს გამოფენაზე წარმოდგენილ მის ნამუშევრებში. ისევე როგორც ნიკო ფიროსმანის სტილში შესრულებული ქართული სუფრის „ორგანიზების“ ტრადიცია, რომელსაც გალა რეია სამყაროში ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობის მოვლენად აჩვენებს.
გამოფენაზე პატრიცია ტოკავ-სედის „ბერძნული ხაზი“ თანამედროვე კოლაჟის ენისა და ბერძნული მითოლოგიის საინტერესო სინთეზია. თითქოს ოლიმპელი ღმერთები წუთით მოდუნებულან და დიონისეს ორგანიზებულ წვეულებაზე გართობა გადაუწყვეტიათ. საერთო სურათს ნამდვილად დააკლდებოდა სრულყოფილება, რომ არა კოლხური ოქროს საწმისის იმპროვიზებული ასოციაცია, ოღონდ შეცვლილი კონტექსტით და ამჯერად მშვიდობის დროშასავით გაშლილი გალერეის ცენტრალურ კედელზე.
რადგან გამოფენას საქართველო მასპინძლობს, შესაბამისად, ღვინოც ქართულია – იქვე, გალერეაში თიხის რიტუალურ საწნახელში ჩაწურული და დაყენებული.
ქართულში არსებობს ახლობლის მიმართ სიყვარულით ნათქვამი ერთი საყვედური: „პურმარილი დაგვიძველდა“ – ანუ დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს და არ მოგვილხენია. ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ტრადიციას ამ გამოთქმის შინაარსი საოცრად ესადაგება.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ გამოფენამ Vinum divinum ჩვენს ისტორიაში არსებული გამრუდებული ხაზების გასწორების შესაძლებლობა აჩვენა და მეტი ერთიანობისთვის საგამოფენო დარბაზის თავზე წითელი ქალღმერთი არიადნეს ძაფების ქსელით შეკრა, როგორც ყოველგვარი გაურკვევლობიდან და ლაბირინთიდან თავის დაღწევის უკვე აპრობირებული საშუალება.