ულიდერობის უპირატესობა – საქართველოში მიმდინარე პროტესტის კვალდაკვალ
ავტორი: ირაკლი რობაქიძე
ზოგადად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საპროტესტო პროცესებს ჰყავს ხოლმე გამოკვეთილი ლიდერი. როგორც წესი, ის არის ქარიზმატული პერსონა, რომელიც აფორმირებს პროტესტის მოთხოვნებს, სთავაზობს ხალხს გარკვეულ გეგმას, ორგანიზებას უწევს აქციებს, ბრძოლის სტიმულს აძლევს მომიტინგეებს, ზრდის საპროტესტო მუხტს და ა. შ.
ამდენად, ლიდერის არსებობას ბევრი უპირატესობა აქვს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტის შედეგებზე პასუხისმგებელიც ის არის.
თუმცა ბოლო პერიოდის საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესები განსხვავებულად ვითარდება.
ჩვენს ქვეყანაში დღემდე გრძელდება მასშტაბური, უწყვეტი დემონსტრაციები, რამაც გამოხატვის ფორმის კუთხით ბევრი სიახლე მოიტანა. მაგალითად, ბოლოდროინდელ აქციებზე აღარ გვხვდება სცენა და არც სიტყვით გამოსვლები ისმის. ამ სიახლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მიმდინარე პროტესტს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი.
28 ნოემბრის ცნობილი ბრიფინგის შემდეგ ხალხი თვითდინებით გამოვიდა ქუჩებში, დღემდე თვითორგანიზებით იმართება სხვადასხვა ხასიათის პერფორმანსები.
ამრიგად, ხალხი აღარ ელოდება (პოლიტიკოსს) გოდოს. მეტიც, ამჟამინდელი ქართული სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ კლასს არ ენდობა. ამიტომაც არის, რომ არცერთი პოლიტიკოსისა თუ პარტიის თუნდაც სწორ, სამართლიან მოწოდებას არ შეუძლია ქუჩებში იმდენი ადამიანის გამოყვანა, რამდენსაც ზემოაღნიშნული ბრიფინგის შემდეგ ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ აქციები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მოტივით, სწორედ პარტიების მიერ იყო ორგანიზებული და ისინი, ვერცერთი თვალსაზრისით, ვერც კი მიუახლოვდება 28 ნოემბრის ბრიფინგის შემდგომ მიმდინარე დემონსტრაციებს.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის გამოიკვეთა ერთი გამონაკლისი – სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ხალხის სახელით საუბრობს და ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ერთგვარი შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს, ის არ არის მიმდინარე დემონსტრაციების ორგანიზატორი, ლიდერი.
ამდენად, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ არსებული პროცესი გამოკვეთილი ლიდერის გარეშე ვითარდება.
დასაწყისში ლიდერის არსებობის უპირატესობებზე ვისაუბრე, ამჯერად კი ულიდერობის უპირატესობებზე გავამახვილებ ყურადღებას.
რაც მთავარია, ამ საპროტესტო პროცესის ულიდერობა თავისთავად განაპირობებს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოხსნას – ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ანულირდება ტრადიციად ქცეული ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელების რისკი, რადგან მიმდინარე პროტესტი არ გამოჰკვეთავს პერსონას, გმირს, რომელსაც მომავალში განუსაზღვრელი ძალაუფლების მოპოვების შანსი ექნებოდა. ასეთად ვერ ჩაითვლება სალომე ზურაბიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ზურაბიშვილს მართლაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მას არ აქვს საზოგადოების აბსოლუტური მხარდაჭერა, რაც ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩაგდების წინაპირობაა და თავად ზურაბიშვილი არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომ ამგვარი ლტოლვა ჰქონდეს. დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილს ქართული საზოგადოება იცნობს და, ბევრი შესაძლო პრეტენზიის მიუხედავად, მასთან დაკავშირებით არასდროს დასმულა ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ სწრაფვის საკითხი. მას არასდროს გამოუვლენია ამის რამე ნიშანიც კი, პირიქით – 26 ოქტომბრის არჩევნებზე ზურაბიშვილი ღიად უჭერდა მხარს ქვეყანაში კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას და ამისთვის ქმედით ნაბიჯებსაც დგამდა.
ასევე ულიდერობა იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ პროტესტსა და მის შედეგებზე პასუხისმგებელია არა ერთი კონკრეტული პერსონა, არამედ პროტესტის თითოეული მონაწილე. ეს მოცემულობა, ერთი მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს ხალხის მოდუნების შესაძლებლობას და, მეორე მხრივ, პროცესს აზღვევს ერთი ადამიანის (ანუ ლიდერის) შეცდომისგან, რასაც შეიძლებოდა მთელი პროცესი მნიშვნელოვნად დაეზიანებინა.
ულიდერობა სპონტანურობის, იმპროვიზაციის უფრო მეტ საშუალებასაც იძლევა, რასაც დამატებითი ეფექტის შექმნა შეუძლია. გასულ პერიოდში ეს ვიხილეთ კიდეც.
ასევე საფიქრებელია, რომ საქართველოში მოქმედ ე.წ. „გაშავების“ მძლავრ პროპაგანდას, გამოკვეთილი ლიდერის არსებობის შემთხვევაში, უფრო გაუადვილდებოდა ამ ერთი ადამიანის და, შესაბამისად, მის მიერ მართული საპროტესტო პროცესის დისკრედიტაცია.
მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ულიდერო, მასშტაბურ პროცესში თითოეულმა მონაწილემ თავად იპოვა საკუთარი თავი. ადამიანებმა დაინახეს ერთმანეთი და ირწმუნეს გაერთიანების ძალის, რაც წარმატების წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველად, ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს შანსი, მიიღოს არა ერთი გამოკვეთილი ლიდერის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანებითა თუ პოლიტიკური ჯგუფებით დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ რეალური კოალიციური ხელისუფლება, რომლის პირობებშიც, ძალაუფლება გადანაწილებული, დაბალანსებული იქნება.