fbpx

პროტესტი მხატვრულ ლიტერატურაში


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

უკვე ძალიან დიდი ხანია, ქართული პატრიოტული საზოგადოება იცავს ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლის იდეას. თითქმის ორი თვეა, რაც ყოველი ჩვენგან ხედავს, თუ რა მრავალფეროვანია ის პროტესტი, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ვის არ შეხვდებით აქ? – დაწყებული სტუდენტებიდან, დამთავრებული “ჩემი ცოლის დაქალების” ფანებით. საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის პრორუსული ნაბიჯებით ხალხში გამოწვეულმა ბრაზმა პოლიტიკური პროტესტების ფენომენზეც დაგვაფიქრა, რადგან მას როგორც რეალურ, ისე მხატვრულ, გამონაგონ სამყაროშიც დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სტატიაში შეგახსენებთ იმ რამდენიმე ბრწყინვალე ნაწარმოებს, რომლებიც პოლიტიკური პროტესტების მნიშვნელობასა და მახასიათებლებზე გვიამბობენ. 

მხატვრულ ლიტერატურაში პოლიტიკური პროტესტი წინააღმდეგობის მძლავრ გამოხატულებას ემსახურება. ეს ყოველივე კი მწერალს ეხმარება, უფრო ცხადი გახადოს საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებში არსებული გამოწვევები. ხშირად საზოგადოების საპროტესტო განწყობა მიმართულია უთანასწორობის, მჩაგვრელი რეჟიმისა და უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ, ცხადია, რომ თითოეული ტიპის პროტესტი მხატვრულ ლიტერატურაში ძალიან დიდი მნიშვნელობის წინააღმდეგობას ასახავდა  და უფრო მძაფრად წარმოაჩენდა ნაწარმოების სიუჟეტში განვითარებულ ისტორიას. 

პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანი „1984“. ტოტალიტარული რეჟიმი დიდი ძმის ხელმძღვანელობით თითოეულ მოქალაქეს აკონტროლებს, მაგრამ უინსტონ სმიტი ისაა, ვისაც კითხვები და ეჭვები არ ასვენებს, ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი დღიურში გადმოსცემს ანტიპარტიულ განცდებს. მიუხედავად იმისა, რომ რომანში განვითარებული მოვლენების პარალელურად სმიტი ზეწოლითა და დაშინებით „განიკურნება“ პარტიის წინააღმდეგ შეპყრობილი სენისგან და თავის ეჭვებსა და პრინციპებს უარყოფს, ის მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ გმირად, რომელიც რეჟიმს დაუპირისპირდა, დროებით, მაგრამ მაინც… რასაკვირველია, ორუელის ეს პასაჟი მასშტაბურ სახალხო დემონსტრაციას არ ასახავს და უფრო ინდივიდუალური, შიდა უთანხმოების სახე აქვს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ორუელმა მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ინდივიდუალური პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვინაიდან მთავარი პერსონაჟი მარცხდება საკუთარ მორალურ კანონთან ბრძოლაში და ამდენად, ნაწარმოების დასასრულიც პესიმისტურია, შეგვიძლია ვიფიქროთ, – ავტორი პოლიტიკური წინააღმდეგობის ტრაგიკულ პერსპექტივას გვთავაზობს, მაგრამ ლიტერატურული ტექსტის ანალიზის მრავალშრიანობა სწორედ მაშინ ვლინდება, როცა მკითხველი საკუთარ ინტერპრეტაციას აყალიბებს სიუჟეტის მიმართ, მითუმეტეს, თუ რეალურ სამყაროში თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით სრულდება. 

ორუელისეული სტილი პოლიტიკური პროტესტის აღწერისას ოლდო ჰაქსლის ასევე დისტოპიურ რომანშიც გვხვდება. „საოცარი ახალი სამყარო“ არის წიგნი საზოგადოების შესახებ, რომელმაც აღმოფხვრა სიღარიბე, ომი და ტანჯვა, მაგრამ დათმო თავისუფლება და კრიტიკული აზროვნება. ერთი შეხედვით, რომანში სიმშვიდეა და პოლიტიკური პროტესტიც არსაიდან არ ჩანს, მაგრამ მთავარი გმირი, ბერნარ მარქსი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის გარშემო არსებული საზოგადოების ფასეულობებს და ეჭვის სიმბოლოდ გვევლინება. ამ განწყობას პარალელურად გასდევს პროტესტის უფრო პირდაპირი ფორმა. სახელმწიფოს გარეთ გაზრდილ ჯონის სძულს ხელოვნური ბედნიერება და კონფორმიზმი. პერსონაჟი კვდება, ეწირება დეჰუმანური და თაღლითი საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლას, თითქოს ეს სიკვდილი დიდი პოლიტიკური პროტესტია, პირდაპირი, ყოველგვარი ფარული ეჭვებისა და კითხვების გარეშე. მწერალი პოლიტიკურ პროტესტს ინდივიდუალობის დაკარგვისა და მნიშვნელოვანი ადამიანური გამოცდილების პრიზმიდან განიხილავს. 

ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ქართველი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი. პერუელი მწერალი ძირითადად ლათინურ ამერიკაში არსებული დიქტატორული ჭაობის შესახებ გვიამბობს და სოციალური უსამართლობით განპირობებულ ტრაგიზმს წარმოაჩენს. „ვაცის ნადიმი“ დიქტატორ ტრუხილიოს სასტიკი რეჟიმის ბოლო დღეებს ასახავს. პოლიტიკურ პროტესტს ლიოსასთან აქვს ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების სახე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომანი კონკრეტული ინდივიდების მეამბოხე სულზე მოგვითხრობს. ურანია კაბრალის შემზარავი ისტორიისა და დიქტატორის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ხაზები ნაწარმოების ფინალში იკვეთება და სიმბოლურად დიქტატურაზე თავისუფლების გამარჯვებს გამოხატავს, მაგრამ საქმეს კორუმპირებული საზოგადოება ართულებს, რადგან ლიოსასთვის კორუფციაში ჩაძირულ ერებს ძალიან დიდი სირთულეები აქვთ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე. ავტორისთვის სასტიკ რეჟიმზე გამარჯვება ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ხალხს დაუღალავი შრომა და შეუპოვრობა სჭირდება. დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამის ნათელ მაგალითადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები თვეზე მეტია მიმდინარეობს, ლიოსას რომანში კი პროტესტს ინდივიდუალური ხასიათი აქვს, მსგავსებების პოვნა სასტიკ რეჟიმთან დაუმორჩილებლობაში, ვფიქრობ, მაინც მარტივად შეგვიძლია. 

ვარგას ლიოსამ არ გადაუხვია პოლიტიკური პროტესტის პერსონაჟთა შინაგანი წინააღმდეგობების ფონზე წარმოჩენის გზას და 1969 წელს გამოქვეყნებულ რომანში „საუბარი კათედრალში“ მანუელ ოდრიას კორუფციული რეჟიმის შესახებ გვიამბო. სანტიაგო და ამბროსიო ცდილობენ გასცენ პასუხი შეკითხვას: „როგორ ეტირა ყოფა პერუს?“ სანტიაგოს სძულს კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა და ამბროსიოსთან დიალოგით მიდის დასკვნამდე, რომ პოლიტიკური ჩართულობა იდენტობის ფორმირების პროცესში მთავარია.  რეალურად, ლიოსამ გვიჩვენა გულგრილი, დიქტატურის მარწუხებში გახვეული ადამიანების ცხოვრება, შეშინებული და ნიჰილიზმით შეპყრობილი მოქალაქეების ტრაგიკული ბედი, მაგრამ, ამავდროულად, ნაწარმოებს რეფრენად გაადევნა დასკვნა, რომ ადამიანის შინაგანი მისია, მიაღწიოს თავისუფლებას ქვეყანასთან ერთად, შემგუებლობის უნარის ამოძირკვაზე გადის. „საუბარი კათედრალში“ გმობს მიჩვევას და, ჩვენს რეალობას რომ მოვარგოთ, ზუსტად ისე ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს, როგორც ეს დღეს თბილისის ქუჩებში გამოსულ ადამიანებს წარმოუდგენიათ. 

პროტესტებსა და ძალადობრივ რეჟიმებზე საუბარი გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედების გარეშე შეუძლებელია. მაგიური რეალიზმის პრიზმიდან დანახული პოლიტიკური პროტესტი მის შედევრში ცოცხლდება. „მარტოობის ასი წელიწადი“ ბუენდიათა ოჯახის ისტორიაა. ნაწარმოებში მოქმედება ქალაქ მაკონდოში მიმდინარეობს. მაკონდო არასტაბილური, ქაოსური, გამოუცნობი „ერთი პატარა სოფელი იყო“, – ზუსტად ასეთია კოლუმბიაც. თუ ლიოსა, ორუელი და სხვა დიდი მწერლები პოლიტიკურ პროტესტს ერთი ინდივიდის შინაგან ამბოხებაში წარმოაჩენენ, მარკესმა წინააღმდეგობის მრავალმხრივი ფორმები აირჩია. უამრავი წაგებული აჯანყება, რევოლუციათა მცდელობა, გამოსვლები, გაფიცვა… ამ ყველაფერს გარსია მარკესთან შეხვდებით. მაგალითად, ერთ-ერთი ცენტრალური პროტესტი ბანანის პლანტაციაში მუშების გაფიცვაა. რეპრესიული კონტროლის ქვეშ აღმოჩენილი მუშები უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ. გაფიცვა სისხლისღვრით სრულდება – მთავრობის ბრძანებით, განურჩევლად ხოცავენ ათასობით მუშას. ამ პასაჟით მარკესს ავტორიტარული რეჟიმების სისასტიკის ჩვენება სურს და ტრაგიკული განცდის აღსაძვრელად პოლიტიკურ პროტესტს სისხლიანად აქცევს. რეალურად, თუ დავაკვირდებით, ყველა პროტესტი მარცხდება და უსასტიკესი ფორმებით სრულდება, მაგრამ მწერალს იმის თქმა კი არ სურს, რომ წინააღმდეგობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მარცხისთვისაა განწირული, არამედ იმის, რომ თითოეულ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენა დიდი და ხანგრძლივი პროტესტის ნაწილია, რომელიც ოდესმე აუცილებლად მივა გამარჯვებამდე. უიტმენი წერდა: 

„თუ გარწმუნებენ,

 კარგი არის გამარჯვებაო,

მე დამარცხების აუგს არ გეტყვი,

ბრძოლას წავაგებთ იმავ ღირსებით,

რა ღირსებითაც გავიმარჯვებდით.“

ეს ლექსი, თითქოს აჯანყებამოუბეზრებელ ბუენდიაზეა, თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილზეა, თითქოს იმ ხალხზეა, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლას არასოდეს წყვეტს. 

ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტშიც“ პროტესტია, ერთი კაცის, მაგრამ ძალიან მასშტაბური პროტესტი. ლექსი ჯარისკაცზეა, რომელმაც უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო პანამელი პატრიოტების დასჯაში. ჯარისკაცს სიკეთესა და ბოროტებას შორის საზღვრის პოვნა სურს, იმ ხიდის გადალახვა აინტერესებს, რომელიც ამ ორ ნარატივს შორის ასე მყარადაა აშენებული. ჭილაძის ლექსში არ არის საუბარი მრავალათასიან აქციაზე, ავტორი ერთი კაცის პროტესტს ირჩევს, რადგან ესმის, რომ სამყაროს ტრაგიზმი სიმართლის სიცოტავესა და ბოროტების სიმრავლეშია. მეტობა-ნაკლებობა კი სულაც არ ნიშნავს, რომ თავისუფლება, როგორც ყველაზე კეთილშობილური იდეა, დამარცხებისთვისაა განწირული, პირიქით, იდეა ამირანია, რომელზეც გვჯერა, რომ ჯაჭვს აუცილებლად გაწყვეტს. პროტესტია სელინჯერიც, პროტესტია ასტურიასიც, პროტესტია „შიმშილის თამაშებიც“, „მხევლის წიგნიც“, ფოლკნერის „ნიუორლეანური ჩანახატებიც“ და გარკვეულწილად ყველა წიგნი, რადგან წერა უკვე რეალობის გადაკეთებას ემსახურება და არა ასახვას, ეს უკანასკნელი მემატიანის საქმეა. მწერალი კი სიუჟეტს ან ნახავს, ან მოიგონებს, რადგან რეალობა არასდროს მოსწონს, ლიტერატურა ერთი დიდი მხატვრული ხერხია, რომელიც ცვლილებას ემსახურება, თუმცა აქ მკითხველის დატვირთვა არანაკლებია და ამ როლზე ბესიკ ხარანაული წერს: როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!“ 

 

გარდა მხატვრულ ნაწარმოებებში ასახული ინდივიდუალური თუ ფართომასშტაბიანი პროტესტებისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიტერატურა უკვე თავისთავად არის პროტესტის უძველესი ენა. ენა, რომელმაც ჩარჩოები დაანგრია, თავის თავში აირეკლა საზოგადოებრივი ყოფიერება და რეალობა, შექმნა პოეტური, გნებავთ, პროზაული ტექსტები, რომლებიც დაუმორჩილებლობის შესახებ გვიამბობენ. ირონიულად შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ მხატვრული ლიტერატურა არის „გლობალური პროტესტის პარტია“. მას თავისი ენა აქვს, ყველაზე ნამდვილი და მრავალფერი. 

მწერალმა იცის „სხვას რომ მღერის“, თუმცა სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „მაგრამ რა ვქნა?“, ჩვენ კი ვპასუხობთ, რომ პროტესტი სულ გვექნება, სანამ არ გაყვავილდება, სანამ ჯაჭვს არ გავწყვეტთ, რადგან დიდი მწერლები ასე გვკარნახობენ, რადგან რეალობა ამ სიმართლისკენ გვიბიძგებს, რადგან სინდისის ხმა არასოდეს ჩუმდება, რადგან საქართველო ევროპაა, რადგან რუსეთი საძულველია, რადგან ეს ქვეყანაა, რომელიც, – ისევ ხარანაული გვჭირდება: 

„სხვისი არავისი არის!“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.