fbpx

ქართული ლიტერატურის გმირების მარში


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

დიდი ქართული ლიტერატურა თავისუფლებისთვის მებრძოლი ხმაა. აქ ის აზრიც კი ჩნდება ხოლმე, რომ ჩვენ დიდი ნაწარმოები არა გვაქვსო, ან კი როგორ შევქმნიდით, სულ სახელმწიფოს შესანარჩუნებლად ვიბრძოდით და ვის ეცალა ზოგადსაკაცობრიო თემებისთვისო… ეგ რამდენად მართალია სხვა ამბავია, რაღაც სიმართლე სადღაც კი შეიძლება იმალებოდეს, მაგრამ ბევრი კარგი ქართული მოთხრობა თუ ლექსი წამიკითხავს, მეტიც, მგონია, ჩვენ წერის ქვეყანა ვართ, ლექსებს ხომ სულაც მუხლზე დადებულ ქაღალდზე ვწერთ… ლიტერატურის მარშიც იყო, „ვეფხისტყაოსნისაც“, ვაჟას სიტყვებიც ბევრ პლაკატზე შემოგვხვდა, ილიასიც, ბარათაშვილისაც… მოკლედ, ვისი აღარ?  ერთი რამე არ შეგვხვედრია და წარმოსახვას თუ დავიხმართ, თორემ აბა ისე ეს ამბავი არ გამოვა, მაგრამ ფიქრი მაგითაც არის საოცარი რამ, რომ წარმოუდგენლის წარმოდგენაც ეიოლება. ქართული ლიტერატურის გმირების მარშს ვნახავდი, – ქართული სულის ხმა, ალბათ, ყველაზე უფრო აქ ისმის.

საქართველო, ეჭვგარეშეა, სულ თავისუფლებისთვის იბრძოდა და ამ მებრძოლ სულს ლიტერატურა დიად პერსონაჟთა შექმნით გამოხატავდა. სტატიაში, რამდენიმე სიტყვა მინდა, გითხრათ იმ პერსონაჟებზე, რომლებიც რომ არა მათი მხოლოდ მწერალთა ფანტაზიაში არსებობა, დღეს ჩვენ გვერდით იდგებოდნენ და გაუძღვებოდნენ იმ მარშებს, რომლებიც აუცილებლად „სახელოვან გამარჯვებამდე“ მიგვიყვანს!

ავთანდილი

ყველაფერი წიგნებზე - #ქართველი_პერსონაჟები ავთანდილი კაცმა რომ თქვას, თუ პოემაში სიმბოლოები განაწილებულია და ტარიელი სიყვარულია ...

ავთანდილისთვის საქართველოს მომავალი აუცილებლად ევროპული იქნებოდა, თანაც იმდენად გაიმტკიცებდა ამ აზრს, რომ მარშზე იმ პლაკატით წარმომიდგენია, რომელსაც აწერია: „არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.“ ავთანდილს, გარდა იმისა, რომ ნაზრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი ურჩევნია, ქვეყნისთვის სიკვდილიც „თამაშად“ და „მღერად“ მიაჩნია. ის მარშის წინა ხაზზეა, „ლაღი“ და „უკადრი“. თუ ჟურნალისტი შეხვდება, ასე მგონია, ტარიელს გაეხუმრება და მის გასაგონად იტყვის: ვეღარ მივხედე სამეფოს, მუდამ ტიროდა წვიმადა.  რუსთაველი უკეთ იტყოდა, მაგრამ, ფაქტია, რომ ავთანდილში ქვეყნის სიყვარული არასოდეს გამქრალა. პირიქით, ყველაზე დიდი მიზანი სამშობლოა. არ შეიძლება კაცი, რომლის სიმღერაზეც „სმენად მხეცნი მოიდიან“, იქ არ იდგეს, სადაც მის ქვეყანას სჭირდება. „ნავდაულეწელი“ ავთანდილი მარშის წინა ხაზზეა, რადგან მას ყველაზე უფრო ივანიშვილისნაირი მატყუარები სძულს: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“ ჩვენი გადარჩენა რუსეთისგან თავის დაღწევაშია, ეს კი გარდაუვალი პროცესი გახლავთ, ოლიგარქმა კი უნდა იცოდეს, რომ ფათერაკს ვერ გადაურჩება, რადგან „ზეციურ დასთა დასი“ მის მხარეზე არ არის.

ლელთ ღუნია

ფაილი:ილია ჭავჭავაძე (Ilia Chavchavadze).JPG - ვიკიპედია

პროტესტი არ ჩაივლის ჩვენი მოხევის გარეშეც. წარმოიდგინეთ, კაცმა მთელი თავისი ცხოვრება იმისთვის გადადო, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ და ოღონდ უთავმოყვარეო, დამონებული მშვიდობა ნუ იქნება და რაც გინდა ის ყოფილა, აი, ასეთი კაცი, რომ ნახავს სლოგანს „მშვიდობით ევროპისკენ“, ასეთი კაცი, რომ გაიგებს რიტორიკულ შეკითხვას: „აბა, ომი გინდა?“, ის კაცი წყლის ჭავლს როგორ დაემალება. „ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის“, თერგივით კაცია, „ძილშიაც არ სძინავს“, მოძრავი, მოფიქრალი, ქვეყნის გულშემატკივარი, მისი გული „უწმინდური ჩინოვნიკისას“ არასოდეს დამესგავსება. მისი აღქმული რეალობა, რომ „რუსობაჩი ვართ“, აუცილებლად დასამთავრებელია, „უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის“. ასეთი კაცია ლელთ ღუნია, მონობით მიღწეულ მშვიდობას, ომი ურჩევნია, დამოუკიდებლობის დაკარგავას კი – სიკვდილი, ამიტომ მის ტრანსფარანტს მისივე სიტყვები დაამშვენებდა: „ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის“. ჩვენ კი ისღა დაგვრჩნია, ილიასავით მივუხვდეთ მოხევეს „რა ნესტარითაა ნაჩხვლეტი“.

ოთარაანთ ქვრივი

ამ აქციაზე ლუარსაბს და დარეჯანს ნამდვილად ვერ ნახავთ, მაგრამ ოთარაანთ ქვრივის გარეშე კი პროტესტი არ ჩაივლის. მეუღლის იარაღს ის ტყუილად არ წმენდს ყოველ ხუთშაბათს, ის იარაღი თან თითქოს აცოცხლებს ქმარს, თან კი სიმბოლოდ გვევლინება ქვეყანაზე ზრუნვისა. გიორგის დედაა, წესიერი შვილის გამზრდელია, სამართლიანი, ღირსეული, მართალი ფასეულობებით სავსე კაცისა. არასოდეს ეტყვის მტერს ტკბილ სიტყვას, ჟურნალისტი თუ შეხვდა და კომენტარი გამოართვა, მიუგებს: „რას მიქვიან ტკბილი სიტყვა?“ ალბათ, ყველაზე უფრო ერის დამონებისა და ჩაჭაობების დანახვა არ ენდომებოდა, ამიტომ შანსი არ არის, სწორი პოზიცია ვერ დაინახოს.

ბაში-აჩუკი

Georgian Cinema - ბაში-აჩუკი (1956)

მანქანით მომავალი, დინამიკზე ამხედრებული აკაკი წერეთლის გმირი, რომელიც იმ ცნობილ სიმღერას მხოლოდ იქ ააყოლებს ხმას: „შენთვის სიკვდილი მაღირსა“, რომელსაც კონკრეტულად ირანის ზიზღი კი არ აქვს, არამედ ზოგადად საქართველოს მტერს ვერ იტანს. თან კარგი სიზმარიც ექნება ნანახი, რომ პარლამენტის შენობას ცისარტყელა გადაჰკვრია თაღად, რაც უთუოდ გამარჯვების ნიშანი უნდა იყოს. მას დიდი გამოცდილება აქვს მრავალრიცხოვან მტერთან გამარჯვებისა, სწორედ ამიტომ აღუმართავს პლაკატი წარწერით: „ადრე მეუბნებოდნენ: „ირანს მეერევი შეენ?“

სოლომონ ლიონიძე და მისი ცოლი სოფიო

სოლომონ ლიონიძე - ბიოგრაფიული ლექსიკონი

ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ გმირებს ერეკლე მეფის გადაწყვეტილება, რუსეთთან შეერთების თაობაზე, არ მოსწონთ. სოლომონმა არ იცის, რა გვჭირს საიმისო, რომ „განვისყიდოთ თავისუფლება“. მას ვერ წარმოუდგენია რუსეთისა და საქართველოს მეგობრობა და ერთმორწმუნეობა არ მიაჩნია იმ მყარ არგუმენტად, რომელსაც დაეყრდნობა საქართველოს ბედის გადაწყვეტისას. სოფიოს პოზიცია კი, ერთი მხრივ, ძალიან სევდიანი, მაგრამ ამავდროულად მართალი, პრინციპული და პატრიოტულია. მისთვის უცხოობაში არაფერი „სიამე“ არ არის, მას არ ესმის, როგორ შეიძლება იყო ბედნიერი თავისუფლების გარეშე. ცოლ-ქმრის სულიერი ერთობა მაშინაც ვლინდება, როცა სოლომონი სხვა აზრის მოსმენას ელოდება მეუღლისგან, მაგრამ აღმოაჩენს, რომ მათი პოზიციები იდენტურია, – ის გადაეხვევა სოფიოს და კიდევ ერთხელ განიმტკიცებს რწმენას, რომ თავისუფლება ადამიანის უმთავრესი მონაპოვარია და მის დათმობას სიკვდილი სჯობს. ასეთი ხალხის გარეშე, ქართული ლიტერატურის გმირების მანიფესტაცია წარმოუდგენელია, ისინი მუდამ იქნებიან იქ, სადაც ჩვენი ბედი წყდება და შეიძლება ასეთი პლაკატიც კი ეპყრათ ხელთ: „ქართველებს არად მიაჩნით უბედურება, თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!“

იგი (გამართული)

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის მთავარი პერსონაჟი სიახლის, სიცოცხლეში ხელახალი დაბადების სიმბოლოა. მოხრილი იგი, დამონებულ, თავისუფლება წართმეულ კაცს ჰგავს, გამართული, მოფიქრალი და ბოროტი ძალისთვის მიუღებელი კი ილიასეულ მბორგავ, მოძრავ და მგრგვინავ თერგს მოგვაგონებს. იგის ხმა, მისი სულის ოხვრა, ტომში შიშს აჩენს. ეს შიში სიახლისაა, თავისუფლებისაა, ბორკილების დანგრევისაა და თანაც იმდენად მძლავრია, რომ იგის „დიდ დაძინების ქარაფზე“ აყვანასაც კი გადააწყვეტინებს ბრბოს. ქარჩხაძის პერსონაჟის გარეშე ეს მარში არ ჩაივლიდა, რადგან ის იქ უნდა იყოს, სადაც სიახლე, ცივილიზაცია და ჩვენი ნათელი მომავალია. ევროპული იდეალები კი ჰუმანიზმზე, წინსვლაზე, თავისუფლებასა და მიმღებლობის მაღალ შეგრძნებაზე დგას. გამართულმა იგიმ იცის, თუ რა მძიმეა სულიერად და გონებრივად მოხრილი ადამიანის ბედი… ეს ბედი კი არაფერია ახლა, თუ არა თავისუფლება დაკარგული ქვეყნის სიმბოლო, სწორედ ამიტომ განვითარების საფეხურზე ასული პერსონაჟი არ დაუშვებს საქართველოს რუსული უღლის ქვეშ მოქცევას.

ადამიანი გაზეთის სვეტიდან

ეს პანამელი ჯარისკაცზეა, რომელმაც პანამის არხის ზონაში მომხდარი სისხლისმღვრელი შეტაკების დროს უარი თქვა პანამელი პატრიოტების დასჯაზე, რის პასუხადაც თავისმა თანამებრძოლებმა მოკლეს. ის, რასაც ჭილაძის პერსონაჟმა ფიქრით სიკვდილის წინ მიაგნო, ნამდვილად გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ამ აზროვნების კაცი დღეს მარშს არ გამოაკლდებოდა. „ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი მარცვალი“, – ასე უწოდებს ის საკუთარ თავს, როემლსაც მიაჩნია, რომ ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, ისიც მონაა. მისთვის სულის საჭურისობაა მონობა… შიშობს, რომ შეიძლება მისი ეს გაბედული, პრინციპებით განმტკიცებული ნაბიჯი არ იყოს საკმარისი ბოროტების ძალის დასამარცხებლად, ჯონათან სვიფტსაც ეს სტანჯავდა, რამდენიმე თვეა გულივერზე დავწერე და სამყარო ისევ ბოროტიაო, მაგრამ რეალურად ეს სულერთია, პატრიოტი, თავისუფლებაზე შეყვარებული ადამიანები ყველაფრის მიუხედავად დებენ თავიანთ წილ აგურს კაცობრიობის უკეთესობისთვის. აბა, როგორ შეუშინდებოდა იმ ჯალათებს, წიწაკის სპრეითა და წყლისჭავლით, ფარებითა და იარაღებით ქუჩებში მორბენალთ, რომლებიც კაცებს, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა თუ ახალგაზრდებს, არავის არ ინდობენ, სახლებთან უსაფრდებიან, იჭერენ, სიკვდილამდე სცემენ. ამ ჯარისკაცმა იცის, რომ „სიცოცხლეს მხოლოდ სამშობლო მოსთხოვს ჯარისკაცს“,  – აი, ეს წარმომიდგენია პანამელი მებრძოლის პლაკატზე, ეს შემართება მგონია გამარჯვების მომტანი, სწორედ ეს გვაქვს ჩვენ, ამ მუხტს ვგრძნობთ ახლა და ამას არ დავთმობთ არაფრის ფასად.

ვაჟა-ფშაველა და მისი გმირები

ვაჟა-ფშაველა - საქართველოს ეროვნული არქივი

მხოლოდ ქართულ კი არა, მთლიანად მსოფლიო ლიტერატურაში ჩემთვის ყველაზე საყვარელი გმირით, ავთანდილით, დავიწყე მარშის წარმოსახვა და ასეთივე მნიშვნელოვანი ავტორითა და მისი უკვდავი მხატვრული სახეებით მინდა დავამთავრო. მჯერა, რომ ღირსეული ქართული საზოგადოების ცნობიერება ალუდა ქეთელაურის გარშემო ჩამოყალიბდა. კაცის, რომელსაც შეუძლია ატირდეს ვაჟკაცისათვის, განდევნოს ყველა ბნელი, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული ძალა და ამაღლდეს საკუთარ თავზე, არ შეუშინდეს განსხვავებულ აზრს და მაშინაც კი არ გაბრაზდეს ქვეყანაზე, როდესაც ის უსასტიკესად და უსამართლოდ მოეპყრობა მას. პათეტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, და ისე ვუპასუხოთ კითხვას, რა არის პატრიოტიზმი, მაშინ ალუდას ერთხელ უკან მობრუნებული, ცრემლიანი სახეც უნდა გავიხსენოთ, ბოლოჯერ რომ გამოხედა თავის სახლ-კარს, თავის ხალხს და ბოლო წამამდე დაიცვა სამოსახლოს ღირსება: „თემს ნუ სწყევთ“. ყველაფერი მისგან მოდის, რაც დიდებულია. ამ ხაზს აგრძელებს ვაჟა-ფშაველა ხუთი წლის შემდეგ და ჯოყოლაზე გვიყვება, ბრბოს სასტიკი, სისხლიანი უსამართლობის მიუხედავად, რომ მაინც დადგა საკუთარ სურვილებზე მაღლა, თითქოს, გაიაზრა ავთანდილის ნატვრა: „მომეც დათმობა სურვილთა“ და მარტო დაუხვდა მტერს. ეს ხომ არ არის უბრალოდ შატილელი, ქისტი და ფშავი ხალხის ისტორია, ეს ისეთი ადამიანების შესახებაა, რომელთა გარეშეც ვაჟას საქართველოს გაბრწყინების არ სწამს. ლელა ბაჩლელის პრინციპულობასა და გაუტეხლობაზე დგას საქართველოს ევროპული და თავისუფალი იდეა, იმ ქალის იდეაზე, რომელიც ავადმყოფ მამას ჩაენაცვლა ომში, კვირიაზე, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დაიღუპება ბახტრიონის აჯანყებისას, მაგრამ წამით არ ფიქრობს უკან დახევას. სანათაც საქართველოს სახეა, ქვრივი, შვილმკვდარი დედა, რომელიც არ გატყდა და პირნათლად შეასრულა საქართველოს სულიერი მისია. აი, სწორედ ეს არის ვაჟა-ფშაველასეული სამშობლოს წარმატების ფორმულა, ამ გმირების მსგავის ადამიანებით მიიღწევა სრულყოფილება და ამ წარმოსახვით მარშზე, ვაჟაც მის პერსონაჟებთან ერთად იდგებოდა იმ რწმენით, რომ ლუხუმს, როგორც საქართველოს ერთ-ერთ სახე-სიმბოლოს აუცილებლად „ეღირსება ლაშარის გორზე შადგომა“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.