fbpx

ვის ეშინია ხელოვნების?


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ხარატიშვილი

 

ხელოვანებზე ქილიკი და მათი ჯამბაზებად და უწყინარ იდიოტებად წარმოჩენა უმეტესწილად დიქტატურის დამყარების „პროლოგად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ერთგვარ სეისმოლოგიურ ბიძგად. რეალურად კი ამის საფუძველი ყოველთვის ზუსტადაც და ამ „ჯამბაზების“ შიშია!

ხელოვნება – და ეს მართლაც ყველა იდიოტმა იცის – მხოლოდ თავისუფლებაში იბადება და ყველა დიდი ხელოვნების ნიმუში პირველ რიგში აირეკლავს იმ დროს, რომელშიც ის შეიქმნა. ის ერთგვარი სარკეა საზოგადოების და ეპოქის. 21-ე საუკუნეში დაწერილი წიგნი, რომლის მოქმედებაც მე-18 საუკუნეში ხდება, პირველ რიგში 21-ე საუკუნეზე მოგვითხრობს.

როდესაც დღეს „ჰამლეტს“ ვუყურებთ, როგორი ისტორიული სიზუსტეც არ უნდა დაიცვან სცენაზე, ის პირველ რიგში ჩვენი დროის ჰამლეტია, ჩვენი ტრაგედიების გამოძახილი.

ნამდვილი ხელოვნება დროის პულსაციაა. იმ ტკივილის და სატკივრის, რომელიც თან ახლავს შემქმნელის ეპოქას. ყველა ხელოვანი, გარკვეულწილად, როგორი გარიყული და მეამბოხეც არ უნდა იყოს, იძულებულია ემსახუროს იმ საზოგადოებას, რომელშიც ის ცხოვრობს, ვინაიდან ის ამ საზოგადოების მკვლევარიცაა, დამკვირვებელიც და ხანდახან მოსამართლეც… ის იძულებულია, ერთი მხრივ, აკრიტიკოს ის და ამავდროულად, თანაგრძნობას გამოხატავდეს მის მიმართ. და რაც მთავარია: ხელოვნება ყოველთვის ექვემდებარება ინტერპრეტაციას.

მაგრამ დიქტატურა გამორიცხავს ინტერპრეტაციას. ყველა დიქტატურას, რომელ ეპოქაშიც და რომელ კულტურაშიც არ უნდა შექმნილიყო ის, აერთიანებს რამდენიმე ნიშანდობლივი თვისება. პირველ რიგში ეს არის „ჭეშმარიტებაზე“ უპირატესობის მოპოვების წყურვილი და მისი ხელში ჩაგდების საჭიროება. „ჭეშმარიტება“, რომელიც თავად მან შექმნა და რომელიც არ ექვემდებარება არავითარ ინტერპრეტაციას, ის მოცემულობაა, მათემატიკური განტოლება. „ჭეშმარიტება“, რომელიც განაგებს საზოგადოების ნორმებს, რომელიც გვიკარნახებს – რა არის სწორი და რა მცდარი, რა არის დაშვებული და რა აკრძალული. ამიტომ იყენებს უმეტესი დიქტატორული რეჟიმი რელიგიას გვერდში, რათა ინსტიტუციონალიზებული რელიგიის, როგორც სახელმწიფოს შემდგომ მეორე ძალაუფლების „ბოძის“ მეშვეობით, ბეჭედი დაასვას და „ღვთიური“ ძალის გამოყენებით გაამყაროს საკუთარი „ჭეშმარიტება“, და ასე და ამგვარად სრულიად ლეგიტიმური გახადოს თავისი მართვის ფორმა. ერთგვარი „გარდაუვალობის“ ილუზია შექმნას. ხანდახან ეს „ღმერთის“ სახელით ხდება, ხანდახან მითის შექმნით.

ასეთი მითით კვება რუსეთმა მსოფლიო და საკუთარი მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე, მითით რუსული ექსეფციონალიზმის შესახებ.
დღემდე არსებული „დიდი რუსეთის“ და „რუსული სულის“ მისტიფიცირებაც ამ მითოლოგიის ნაწილია. ეს მითი საბჭოთა კავშირამდე დიდი ხნით ადრე იშვა და საბჭოთა ნარატივში იქნა გადატანილი. რკინის ფარდის ჩამოშლის შემდგომ ალბათ ყველაზე დიდი შოკი, რაც საბჭოთა რუსეთმა მიიღო, იმაში მდგომარეობდა, რომ საკუთარი მორალური უპირატესობა ვერ გამართლდა დასავლური „ამორალურობის“ ფონზე და პუტინის აღზევების, განახლებული იმპერიალიზმის გამყარების, ძალადობრივი და ტერიტორიული სიმძლავრით მოპოვებული უპირატესობის განცდაც, ნაწილობრივ ამ „აღმოჩენასთან“ მგონია კავშირში.

მითი – ეს უწყვეტი, უსასრულო ნარატივია. ამბავი, რომელიც სულ ხდება და სულ მოხდება. ვინც ფლობს და აკონტროლებს „ამბავს“, ის აკონტროლებს საზოგადოებას.

მაგალითად, 1783 წელს, როდესაც რუსული ჯარი ყირიმს დაესხა თავს, ეკატერინე მეორემ ქალაქებს სახელები შეუცვალა: მარიუპოლი, სევასტოპოლი, სიმფეროპოლი და ა.შ. დაბოლოება „პოლი“ ბერძნული „პოლისისგან“ გამომდინარეობს, რაც ქალაქს ნიშნავს. ეს სიტყვა ერთგვარი ახალი მითის შექმნის მცდელობა იყო: რუსეთი, როგორც დიდი ბიზანტიის მემკვიდრე. ანტიკური საბერძნეთის მოშველიებით მან საკუთარ იმპერიალისტურ შიმშილს გამართლება მოუძებნა.

ხანდახან დიქტატურა, ღმერთის და მითების მიღმა, სხვა ხერხებსაც იყენებს საკუთარი ლეგიტიმაციისთვის. დეზინფორმაციას, ეგრეთწოდებულ fake news-ს, ხანდახან ზღაპრებს პროგრესზე და აყვავებაზე, ხანდახან გამოგონილი მტრის ხატის შექმნით გადააქვს ყურადღება რეალურად არსებული უფსკრულისაგან. ხანდახან არაპროგნოზირებადობით კეკლუცობს, რაც თავისთავად შიშს აღვივებს და მოსახლეობას მარად დაბნეულობაში ამყოფებს. თუ ეს გუშინ მიღებული იყო, ახლა რატომ არის დაუშვებელი? თუ ის, რაზეც გუშინ ითქვა, რომ სიმართლეა, რანაირად ირაცხება მეორე დღეს ტყუილად? სად არის მაშინ სიმართლე? ვინ ფლობს მას?

1940 წლის 11 მაისს სტალინის ბრძანებით რუსეთის სოფელ კატინის ტყეში ნკვდ-ს ოფიცრებმა მოკლეს და ჩამარხეს 4400 პოლონელი პოლიტპატიმარი: ოფიცრები, ინტელექტუალები, სასულიერო პირები.

მეორე მსოფლიო ომის დროს ანონიმური სასაფლაო ნაცისტების მიერ იქნა აღმოჩენილი და 1943 წელს გასაჯაროებული. საბჭოთა კავშირმა ნიურნბერგის პროცესზეც კი მოახერხა ნაცისტური გერმანიისთვის დაებრალებინა ეს სასტიკი დანაშაული. და 1990 წლებამდე „კატინის ტრაგედია“ ფაშისტებს ეწერებოდა.

1961 წლის 15 ივნისს გდრ-ის ნაციონალური თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ვალტერ ულბრიხტმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არავინ „აპირებს კედლის აშენებას“. იმავე წლის 13 აგვისტოს მანვე გასცა ბრძანება ბერლინის აღმოსავლეთ სექტორის დასავლეთის ნაწილისგან გამოყოფის, ამ ორ ნაწილს შორის კედლის აღმართვის შესახებ.

ბოლო 22 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, რუსეთმა მონაწილეობა მიიღო 12 შეიარაღებულ კონფლიქტში, იარაღით მოამარაგა სხვადასხვა სეპარატისტები, ითანამშრომლა სხვადასხვა დიქტატორულ რეჟიმთან, ჩაერია სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ჩაახშო სახალხო აჯანყებები თუ რევოლუციები, ფატალურად „იშუამდგომლა“ სხვადასხვა ქვეყნებს შორის არსებულ ან შიდა კონფლიქტებში.

აქედან 7 „ჩარევა“ თუ „შუამდგომლობა“ ცალსახად ომი იყო. ამას ემატება ბოლოს 22 წლის მანძილზე იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ძველ რომშიც შესაშური იქნებოდა: მოწამვლა, ჩაცხრილვა, ფანჯრებიდან გადმოგდება, შუა ქუჩაში სიკვდილით დასჯა და ა.შ. მისთვის არასასურველი კრიტიკოსების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტების, ადვოკატების, არასამთავრობოების წევრების და თავად მის მიერვე შექმნილი ოლიგარქების და კლეპტოკრატიების.

ამ უკანასკნელთა კატეგორიის ამოუხსნელი გარდაცვალებების მთელი სიაა დაფიქსირებული უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. დასავლეთის პრესა მათ „მისტიკურ სიკვდილებად“ მოიხსენიებს. 2022 წლიდან მოყოლებული ოფიციალურად 6 მილიონერის „სუიციდი“ აღინიშნა, როდესაც სუიციდამდე მთელი ოჯახი გაიჟლიტა, როგორც, მაგალითად, „გაზპრომბანკის“ ვიცეპრეზიდენტის, ვლადისლავ ავაიევის შემთხვევაში, რომელმაც თურმე ჯერ ცოლს და 13 წლის ქალიშვილს ესროლა, სანამ საკუთარ თავს გამოასალმებდა სიცოცხლეს. ან ენერგოკომპანიის, „ნოვატეკის“ მენეჯერი სერგეი პროტოსენია, რომელმაც საზაფხულო სახლის ბაღში დანით მოუსწრაფა სიცოცხლე შვილს და ცოლს, სანამ თავადაც იგივე ბედს გაიზიარებდა.

არცერთ ამ უკიდეგანო ძალადობის აქტს არ დაერქვა თავის სახელი, ისევე, როგორც 2022 თებერვლამდე რუსეთის მიერ წარმოებულ არცერთ ომს არ ეწოდა ომი.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ დიქტატურა ვერ გახდება დიქტატურა, თუ ის არ მართავს „ჭეშმარიტებას“, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაფერია ჭეშმარიტების გარდა, მაგრამ ის ამას ასე ასაღებს. მითუმეტეს 21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიების მეშვეობით ძალიან მარტივია ცალსახა ნარატივების შექმნა და მათი მართვა.(ჯერ მარტო 2022 წელს უკრაინის სპეცსამსახურებმა 13 რუსული ე.წ. ტროლ-ქარხანა აღმოაჩინეს, სადაც 100,000 სიმ-ბარათი ინახებოდა, რომლითაც გახსნილი იყო მილიონზე მეტი ყალბი პროფაილი სოციალურ ქსელებში.)

ჩვენს კომპლექსურ დროში, როდესაც მემარცხენე იდეოლოგიები კრიზისს განიცდიან მსოფლიო მასშტაბით, ხოლო ფაშისტური და პოპულისტური დაჯგუფებები ახლიდან იკრებენ ძალებს, როდესაც მსოფლიო გახლეჩილია და ტექნოლოგია არათუ არაფერს ამარტივებს და დროს უზოგავს ადამიანებს, არამედ მეტად აბნევს და მეტ დროს ართმევს მათ, სადაც ადამიანებს უჭირთ უწყვეტ საინფორმაციო მდინარეში გაფილტრონ და დაახარისხონ მიღებული ინფორმაცია, ამ ეპოქაში ძალიან დიდი მოთხოვნილებაა მარტივი „ჭეშმარიტებებისა“, რომლებსაც დიქტატორები და ოლიგარქები დიდი სიამოვნებით გვაწვდიან, მწარე, მაგრამ საჭირო წამალივით გვისრიალებენ ჩაის კოვზებს პირში, სანამ ეს წამალი საწამლავად არ გვექცევა…

იმისთვის, რომ მართო „ჭეშმარიტება“, შენ უნდა დაეუფლო ენას. ენა – და მე, როგორც მისმა დიდმა მოტრფიალემ, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ეს ფაქტი – ძალიან მძლავრი ინსტრუმენტია.

ენის დამონება კი ისტორიის ფალსიფიცირების საწინდარია. ესეც აუცილებელი პირობაა დიქტატურისა. და აქ იკვრება წრე, აქ ვუბრუნდები იმას, რაზეც თავიდანვე მსურდა საუბარი, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენე, ისტორიაზე საუბრით მე მაინც დღევანდელობაზე ვსაუბრობ. კატინზე თუ გდრ-ზე საუბრით მაინც ჩვენს დღევანდელ ყოფასთან მივდივარ, როგორც ის წიგნი, რომელიც მე-18 საუკუნეზე მოგვითხრობს, მაგრამ 21-ე საუკუნეს აირეკლავს.

ჩვენი ოლიგარქიული მმართველი სისტემა, რომელიც ოდესღაც არისტოტელემ ამდაგვარად დაახასიათა: „მდიდარი უმცირესობების ბატონობა“, რა ხანია ახალ ფაზაში გადავიდა და აწ უკვე აღარ ნიღბავს მის რეალურ მისწრაფებებს, მას აღარ სურს დარჩეს „პატარა კლეპტროკრატია“ დიდი დიქტატურის ჩრდილში, არამედ სურს თავადაც დიდი დიქტატურის ნაწილი გახდეს. ამიტომ აღარც იღლის თავს ახალი გზების, ნარატივების, „ჭეშმარიტების“ მოსაპოვებლად, არამედ უბრალოდ ჩრდილოელი მეზობლის საუკუნოვან, აპრობირებულ მეთოდებს იყენებს.

„ქართული ოცნება“ რა ხანია უკვე აღარ ოცნებობს ქართულად. მან „ახალი“ და ამავდროულად, ძველად დავიწყებული ენა ისწავლა და ამ ენას რუსული ჰქვია.

ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ის, პირველ რიგში, ჯერ კიდევ ქალბატონი წულუკიანის მინისტრობის ჟამს, როდესაც ჯერ კიდევ არ იდგა ათიათასობით ადამიანი ქუჩაში, ჯერ კიდევ არ იყო „რუსული კანონი“ მიღებული, ევროპული კურსი ილუზიის დონეზე მაინც იყო შენარჩუნებული, ხელოვნებით დაიწყო საკუთარი ნიღბის ჩამოხსნა და იქ დაიწყო ამ ძველ-ახალი ენის გამოყენება.

იმიტომ, რომ ყველანაირი ხელოვნება პირველ რიგში ენაა. ენა ხომ სხვა არაფერია, ვიდრე გამოხატვის ფორმა. და როგორ ვამბობთ, ხანდახან უფრო გადამწყვეტია, ვიდრე რას ვამბობთ. ხელოვნება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვერასოდეს იქნება ცალსახა, მას ვერ ექნება ერთი სიმართლე. ისევე, როგორც საზოგადოება არასოდეს არის ჰომოგენური. ცხოვრება არასოდესაა მხოლოდ შავი და თეთრი. და ხელოვნება, იდეალურ შემთხვევაში, ამ ყველაფრის სარკეა. ამ კომპლექსურობის, ამ დისკურსის, ამ მარადიული, უწყვეტი პროცესის. (თუნდაც მაგალითად მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ჭეშმარიტი დრამის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის გახლავთ, რომ იქ ყველა პერსონაჟი ერთნაირად მართალია.) ხოლო თუ ხელოვნება სარკეა თავად სიცოცხლის, დიქტატურა თავისთავად ამ სიცოცხლის ჩახშობის სურვილია. ის თავისთავად ანომალიაა, სიცოცხლის და ბუნების წინააღმდეგ გალაშქრებაა: მრავალფეროვნების,ურთიერთგამორიცხვის, აზრთა სხვაობის შთანთქმის წყურვილია.

თუ ხელოვნება ჩვენი და ჩვენი რეალობის სარკეა, მაშინ თანმიმდევრულია ტირანიის მისწრაფება მისი დამონებისა და კონტროლისაკენ. ხელოვნება, როგორც საზოგადოების სარკე, მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სარკეც თავისთავად ხომ იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი დაინახო და შეიცნო. მაგრამ როდესაც არაფრის დიდებით არ უნდა დაინახო ის, რაც არის, მაშინ სარკე ყველაზე საშიში იარაღი ხდება ამ სისტემაში. და ის უნდა დამალო ან გააქრო.

ადამიანი ხომ ყოველთვის ემალება იმას, რისიც ეშინია. ბევრ ქვეყანაში გავრცელებული ცრურწმენა, რომ ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში სარკეებს უნდა ნაჭერი ჩამოაფარო და დაფარო, ასევე უცნობის და უმართავის ფენომენითაა ახსნადი, რასაც სიცოცხლის ყველაზე დიდი მისტიკის, სიკვდილის შიში იწვევს.

დღეს ბევრი „სარკის“ ფუნქციის მატარებელი ადამიანი ზის უდანაშაულოდ ციხეში. ზოგი ნაცემი. ზოგი ნაწამები. ზოგი გაძარცვული.

„ქართული ოცნება“ კი იმ ცრურწმენით შეპყრობილ ჭირისუფალს დამსგავსებია, სარკეებს რომ ნაჭრებს აფარებს იმის შიშით, რომ მას იქ გარდაცვლილის სული გამოეცხადება და თან წაიყვანს.

მაგრამ ამ ყველაფერზე ფიქრმა კიდევ ერთი, უფრო ფართოდ გავრცელებული ცრურწმენა გამახსენა: სარკის გატეხის. რაც არ უნდა უცნაური იყოს, არ მოვხვედრილვარ არცერთ კულტურაში, სადაც სარკის გატეხა არ ასოცირდებოდეს სიკვდილთან. ამიტომ, ისღა დამრჩენია დავამატო, რომ: ფრთხილად იყავით სარკეებთან, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაგიტყდეთ…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.