fbpx

“ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ და აალებული ფურცლები


გააზიარე სტატია

1882 წლის 25 იანვარს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი ვირჯინია ვულფი დაიბადა. მისალოცად კი მის ბრწყინვალე რომან „ორლანდოზე“ რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ.

მარსელ პრუსტის რომანში „სოდომი და გომორი“ მთავარი გმირი შარლიუ აღმოჩნდება სახლის იმ ნაწილში, სადაც გულწრფელად ამბობენ ყველაფერს მასზე, სადაც არანაირი თვალთმაქცობა და სიყალბე მის მიმართ არ არსებობს და სადაც შარლიუ აღწერილია ისეთად, როგორიც არის. პრუსტის გმირისთვის გამანადგურებელი იყო მსგავს სირთულესთან შეჯახება, რადგან ის, თუ როგორ ხედავდნენ მას სხვები, საერთოდ არ მოდიოდა თანხვედრაში საკუთარ თავზე შექმნილ თავისსავე წარმოდგენასთან. ასეთივე გულწრფელობით გამოირჩევა ვირჯინია ვულფიც თავისი პერსონაჟის მიმართ. მიუხედავად ფანტასმაგორიისა, ავტორი გამანადგურებელი გუწრფელი რეალობის წინაშე აყენებს პერსონაჟს და არ ატყუებს მას. ეს იმდენად კარგად განვითარებული ჩანაფიქრია, რომ მკითხველსაც გადაედება ვირჯინიასეული გულწრფელობა. მწერლის ეს გადაწყვეტა სუზან ლანსერის „ავტორულ ხმასთან“ გვაახლოებს. მთხრობელის ასეთ ხმას პრივილეგირებული სტატუსი აქვს, ვინაიდან ავტორული ხმა წარმოქმნის როგორც ავტორისა და მთხრობელის, ასევე მკითხველისა და მსმენლის იდენტურობის ილუზიას.

ORLANDO: A Biography (First edition - first impression) by Virginia Woolf: Very Good Hardcover (1928) First Edition | Orlando Booksellers

XIX-XX საუკუნეების გავლენიანი მოდერნისტი ვირჯინია ვულფი სრულიად განსხვავებული სტილის რომანს წერს. „ორლანდო“ ფანტასმაგორულ სატირას, ირონიასა და სიცხადეს დაეფუძნა. ეს არის ამბავი იშვიათი გარეგნობის პოეტ დიდგვაროვანზე, რომელიც ეპოქიდან ეპოქაში, საუკუნიდან საუკუნეში მოგზაურობს და დროს ამარცხებს. ეს არის წიგნი მეტამორფოზებზე, ჭაბუკის ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად გადაქცევაზე, სქესის გააზრებასა და იდენტიფიცირებაზე, კულტურათა დიალოგსა და სხვა ბევრ საკაცობრიო მნიშვნელობის საკითხზე.

ორლანდო მარადიული გმირია, რომანის საწყის გვერდებზე ის ახალგაზრდა ჭაბუკი გახლავთ, რომელიც დედოფლის საყვარელი მხედართმთავარი ხდება, მაგრამ ამის პარალელურად პოეტური სული მასში არ კვდება და ორლანდო თავის შემოქმედებას მთელი ცხოვრება გულის უბეში დაატარებს. გავა დრო და ორლანდო გადაწყვეტს, წააკითხოს იმდროის ცნობილ მწერალს საკუთარი შემოქმედება და მალევე დაცინვის საგანიც ხდება. ამას მოჰყვება მთავარი გმირის გარიყვა საზოგადოებიდან და ქართული რომანტიზმისათვის კარგად ნაცნობი შტრიხების, ცხადია, უნებლიე გაჩენა რომანში.

აქ გვაქვს სამი საუკუნე, აქ გვაქვს მარადიულობა, ისტორიული, სასიყვარულო, პოლიტიკური, სოციალური და სხვა არაერთი ასპექტი. ვირჯინია ვულფმა სიუჟეტი პირდაპირ დაუკავშირა კონკრეტულ სასიხარულო თუ ტრაგიკულ თვისებებს სამყაროში, აქ არის საშა, როგორც იმედგაცრუება, ავტორიტეტული მწერალი, როგორც ორლანდოს გარიყვის მიზეზი, შელმერდინი, როგორც მოულოდნელობა და ეპოქები, რომლებიც თავიანთი კულტურის მსგავს გავლენას ახდენენ მთავარ გმირზე. ნაწარმოების სიუჟეტზე მსჯელობისას, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია რომანის დასაწყისის გააზრებაც. მსოფლიო ლიტერატურის ისტორია მრავალნაირ დასაწყისს იცნობს, ეს შეიძლება იყოს ტოლსტოისეული დასაწყისი ყველა უბედური ოჯახის პირად ტრაგიზმზე, – ფრაზა, რომლის შემდეგაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მკითხველი ამ მხრივ მრავალგვარი მოლოდინის ტყვეობაში ეხვევა, შეიძლება, ეს იყოს მარკესისეული პროლოგი მაკონდოს შესახებ და ასევე ლოგიკურია, თუ გაგვახსენდება უილიამ ფოლკნერის „აგვისტოს ნათელი“, რომელიც  პირდაპირ გადაისვრის სიუჟეტში მკითხველს და ლინა გროუვის ორსულობაზე ჩააფიქრებს. ვირჯინია ვულფის  ნაწარმოები იწყება სიტყვებით: „ვაჟი – ვინაიდან მისი სქესი არანაირ ეჭვს არ ბადებდა, მიუხედავად იმჟამინდელი სამოსის თარგისა…“ ეს უკვე ემსახურება ეჭვის აღძვრას. მკითხველმა ზუსტად იცის, რომ რაღაც ამ ნიადაგზე უნდა მოხდეს.

ვირჯინია ვულფის რომანი იდენტობის, საკუთარი თავისა და სქესის კვლევას ეფუძნება. ნაწარმოები ორლანდოს განვლილ მარშრუტს მიუყვება და მის პარალელურად სხვადასხვა პერსონაჟის მსოლფმხედველობრივ თვალსაზრისებს წარმოაჩენს. სტილი, რომელიც ვირჯინია ვულფმა აირჩია, ადამიანების ბედისა და ისტორიული კონტექსტის მტკიცე კავშირზე მიუთითებს, სწორედ ამიტომ მწერალი კლავს დროს და ნაწარმოებში მოქმედება სამასი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ელიზაბეტ I-ის კარზე მომუშავე დიდგვაროვანი გმირი სიმბოლოა ეპოქისათვის დამახასიათებელი მამაკაცური იდეალისა, მას კონკრეტული სტატუსი და გენდერული როლი მკაცრად აქვს განსაზღვრული. ორლანდოს აქვს პრივილეგია, მაგრამ აქვს სევდაც, რომელიც ნაწარმოების განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო ღრმავდება. კონსტანტინოპოლში ყოფნისას ორლანდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დგება,  –  ის ქალად გადაიქცევა.

თუ დავუშვებთ, რომ სიტყვა „გარდაცვალება“ რაღაც ცვლილებას ეფუძნება, მაშინ რომანში აღწერილი მეტამორფოზა საუკეთესო არგუმენტიც კია ამისა. ძალიან ცნობილი ფილოსოფიური სწავლება ამბობს, რომ: „სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან, როცა ჩვენ ვართ, მაშინ სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილია, მაშინ ჩვენ აღარ ვართ.“ ფილოსოფიური პარადიგმიდან თუ შევხედავთ ამ პასაჟს, მაშინ დავინახავთ, რომ ვირჯინია ვულფმა სიკვდილის წინააღმდეგ შექმნა მხატვრული ეპიზოდი და ადამიანი ახლიდან დაბადა, ოღონდ განსხვავებული სქესით.

რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური მეტამორფოზა. მწერალი სოციალურ კონსტრუქტს აყენებს წინა პლანზე. ზოგადად, ფემინისტური კვლევებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ფაქტი და არა ფაქტის გამომწვევი მიზეზი, ამდენად ფემინისტური ნარატოლოგიისთვის მნიშვნელოვანია, აჩვენოს კავშირი ნარატოლოგიურ ასპექტებსა და სოციო-კულტურულ მხარეს შორის.

სწორედ ეს გააკეთა ვირჯინია ვულფმა, აიღო ცვლილება და მიუსადაგა მას მთელი რიგი სტრუქტურები. ორლანდოს, როგორც ქალის, ხედვები მკვეთრად იცვლება. ის ხვდება იმ შეზღუდვებს, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ქალებს, ამ პასაჟით ვულფი მკითხველს აჩვენებს, თუ როგორ იყო შეზღუდული გენდერული ნორმები. გარდაქმნილი ორლანდოს მიღმა ჩნდება ჩაგვრა, დამცირება და ტკივილი. ასევე შემთხვევითი არაა ეპოქათა ცვლილებაც, ავტორი ამ ყოველივეს მსოფლმხედველობების ცვალებადი ბუნების აღსაწერად იყენებს და მკითხველს შეახსენებს, რომ აზროვნება და ხედვის ჩამოყალიბება მუდმივი დინამიკური პროცესია. ნაწარმოებს რეფრენად გასდევს ვულფისეული კრიტიკა სოციალური კონსტრუქტების მისამართით, ისინი ადამიანებს იდენტობას კარნახობენ.

მწერალი მკითხველს იწვევს და დროსა და სივრცეში უცვლის პერსპექტივებს, რასაც მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ვირჯინია ვულფისთვის იდენტობა და მსოფლმხედველობა მარტო დამოუკიდებელი, პირადი ცნებები კი არა არის, არამედ ისინი ისტორიული კონტექსტის პარალელურად თანაარსებობს და მისი ერთ-ერთი ცენტრალური არსიც ეკლექტურობაშია, სწორედ ამიტომ ვხვდებით რომანში როგორც თავისუფალ, ისე შეზღუდულ, ჩაკეტილ მსოფლმხედველობებს.

https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0b/George_Charles_Beresford_-_Virginia_Woolf_in_1902_-_Restoration.jpg/1200px-George_Charles_Beresford_-_Virginia_Woolf_in_1902_-_Restoration.jpg

ვირჯინია ვულფის „ორლანდო“, როგორც აღვნიშნეთ, არაერთ მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს. ჩემი აზრით, თითოეული მათგანის გაშლა და გაანალიზება ერთგვარ სახელმძღვანელოდ, ფორმულადაც კი გვექცევა სხვა ნაწარმოებების სწორად წაკითხვის დროსაც. რომანში ერთ-ერთი გამორჩეული თემაა გენდერისა და იდენტობის კვლევა. ვირჯინია ვულფისთვის იდენტობა ბიოლოგიურ კონსტრუქტზე დაფუძნებული ცნება კი არაა, არამედ საზოგადოების ნორმებში აღმოცენებული ასპექტი. აღნიშნულ მსჯელობას ისიც ამყარებს, რომ ვირჯინია როგორც მამაკაცის, ისე ქალის პერსპექტივიდან უყურებს ამ საკითხს რომანში. მწერლისთვის ამ ფორმაციის შეზღუდვები პიროვნული გამოხატვის თავისუფლების მტერია. სწორედ ამიტომაა, რომ თითოეული პერსონაჟის მაგალითზე ვირჯინია ყველაფერთან წყვეტს კავშირს, გარდა საზოგადოებაში არსებული ნორმებისა.

მსგავსი მნიშვნელობის დეტალია დროის საკითხიც. ნაწარმოებში მოქმედება სამას წელზე მეტ ხანს ვითარდებადა და 1928 წლის თერთმეტ ოქტომბერს სრულდება. ასეთი უსასრულო დრო ავტორს სოციალური ღირებულებების ეპოქებთან თანაარსებობაზე დაკვირვების საშუალებას აძლევს და ტრანსფორმაციას ადამიანისა თუ ნორმის, პერსონაჟად გვისახავს. მწერალი პირდაპირ ამბობს: „დრო ცხოველებსა და ბოსტნეულს გასაოცარი პუნქტუალობით ახარებს და აჭკნობს, ადამიანზე ვერ ახდენს ასეთსავე მარტივ ზემოქმედებას.“

სწორედ ამ მოკლული, მნიშვნელობაწართმეული დროის დახმარებით ორლანდო ითვისებს იმ გამოცდილებას, რომელიც დამახასიათებელია მისი ეპოქისათვის, – ეს არაერთ დეტალში ვლინდება, იქნება ეს საუბარი, ჩაცმა, ქცევა თუ სხვა. ცხადია, ხელოვნებასა და კრეატიულობას ვულფი გვერდს ვერ აუვლიდა. მან იცის პრობლემა, რომ როდესაც ხელოვანის ძირითად, საშემსრულებლო ოსტატობაზე საუბრობდნენ, მამაკაცური ნიჭის ერთ-ერთ ასპექტად სწორედ ოსტატობა მიაჩნდათ. ეს კი მამაკაც და ქალ ავტორებს შორის განმასხვავებელ ფაქტორად აღიქმებოდა, მამაკაცისთვის ძღვენი კრეატივი იყო, სექსუალობა კი ლიტერატურული ძალაუფლების არსი, ხოლო ქალი ამ დროს ბრონტეს პერსონაჟივით სხვენში იყო გამოკეტილი და შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებდა. სწორედ ამიტომ, ავტორმა გვიამბო ორლანდოს, როგორც მოგზაური პოეტის, ბედზე და ჩვენს თვალწინ ის სირთულეები გადაშალა, რომლებიც იმდროინდელ ავტორებს, განსაკუთრებით კი ქალებს, ჰქონდათ. ვირჯინია ვულფი მტერია სქესის მიერ დაწესებული ბარიერებისა მხატვრულ ლიტერატურაში წარმატების გასაღებად საზოგადოებრივი შეზღუდვების დაძლევას მიიჩნევს, რადგან, ეჭვგარეშეა, ნამდვილი ხელოვანი ავთენტური უნდა იყოს, რაც საზოგადოებრივ ბორკილებთან ერთად შეუძლებელია.

აკა მორჩილაძეს თუ დავუჯერებთ, ყველა წიგნი ომსა და სიყვარულზეა. ამ მხრივ ვირჯინია ვულფის რომანიც არაა გამონაკლისი. სასიყვარულო ხაზი მთელი ნაწარმოების განმავლობაში რეფრენად გასდევს მკითხველის წარმოსახვას. ეს ყოველივე იმიტომ, რომ ვულფი იკვლევს სიყვარულის სხვადასხვა ფორმებს, იქნება ეს რომანტიკული, სექსუალური, პლატონური თუ სხვა და თითოეული მათგანის განვითარების ილუსტრაციას გვთავაზობს. მაგალითად, საშასთან და მარმადუკთან ურთიერთობა სიმბოლოა იმისა, რომ სიყვარული მრავალფეროვანი განცდაა და საზოგადოების გამოწვევების წინაშე ხშირად დგება პირისპირ.

https://encrypted-tbn0.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcRWYv6RkFJ-NsIL0eIHYUugijpmeQ6mxm1-WA&s

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ვირჯინია სოციალურ ნორმებსა და კლასობრივ სტრუქტურებს ხშირად აკრიტიკებს. მწერალს მიაჩნია, რომ კლასი გავლენას ახდენს იდენტობაზე და ყოველივე ამას კი სექსის, იდენტობისა და კლასის ურთიერთდამოკიდებულებამდე მივყავართ. ამდენად, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ დროის დარღვევით, იდენტობის ძიებით, სქესის აღქმაზე მსჯელობითა და სივრცეების გაჩენით, იქნება ეს სარკე, ტყე, გეოგრაფიული არეალი, პერსონაჟის სხეული თუ სხვა, – ძალიან ღრმა სოციალურ ასპექტებს ეხება და თითოეული აქ ჩამოთვლილი თემის ნაზავით ერთ მთლიან ავტორისეულ იდეოლოგიას ქმნის.

რადგან ნაწარმოები ცალსახად ასეთი მრავალმხრივია და ავტორი ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე გზაზე მიუძღვის მკითხველს, ვფიქრობ, კონკრეტული დეტალების ჩვენებით მთლიანი ფაზლის აღდგენა საინტერესო იქნება. გარდასახვის ტრადიცია მსოფლიო ლიტერატურაში დიდი ხანია რაც არსებობს და თანამედროვე მკითხველს პერსონაჟის მეტამორფოზა ნამდვილად აღარ უკვირს.

ფილიპ როთმა ფრანც კაფკას ტრადიცია გააგრძელა და მოკლე რომანი „ძუძუ“ დაწერა. წიგნში 38 წლის მამაკაცი სარძევე ჯირკვლად გადაიქცევა და ისტორიას უკვე მეტამორფოზირებული გვიამბობს. გრეგორ ზამბზა მწერად იქცევა, ორლანდო კი ქალად. ამ ჯაჭვზე დაყრდნობით ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ჩემთვის, როგორც მკითხველისათვის, მნიშვნელოვანია ვინაობის ან რაობის აღქმის საკითხი.

შემთხვევითი არაა, რომ მეგი ნელსონის წიგნი „არგონავტები“ ამ შეკითხვებს სვამს. აქვს თუ არა ადამიანს აღქმა მუდმივად თავისი სქესისა? ამ კითხვაზე პასუხი არ არის საინტერესო, საერთოდ „ორლანდო“ შეკითხვების წიგნია, ერთგვარი დამაფიქრებელი და არა მშრალი ფაქტების ენციკლოპედია. ამიტომაცაა, რომ მწერალი არასოდეს კონკრეტდება იმაზე, თუ რას გულისხმობს სივრცეში, სივრცე შეიძლება იყოს აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც წარმოსახვა გასწვდება. სწორედ ამიტომ, „ორლანდოს“ ღრმად და სწორად წაკითხვა ერთგვარი ფორმულაა ლიტერატურული ნაწარმოების სრულფასოვნად გააზრებისა. როგორც ვიცით, ნაწარმოების მთავარი გმირი პოეტია, რომელიც გულის ჯიბით დაატარებს საკუთარ შემოქმედებას. ხშირად ადამიანს და პერსონაჟს ყველაზე უკეთ ქცევა ახასიათებს, უფრო ზუსტად კი ქმედებაა ყოველთვის მაიდენტიფიცირებელი მისი ვინაობისა. უილიამ ფოლკნერის რომანში „დაუმარცხებლები“ ბაკ მაკქასლინს გულის ჯიბით დააქვს მათარაში შენახული ერთი ყლუპი ვისკი. მას სწამს, რომ ერთხელაც გამარჯვების აღსანიშნავად აუცილებლად დალევს. რეალურად, დალევს თუ არა ფოლკნერის პერსონაჟი ამ ერთ ყლუპს, მხოლოდ სიუჟეტურადაა მნიშვნელოვანი, რადგან მწერლის მიზანი, გიამბოთ ერთი პატარა ამბით პერსონაჟზე მსგავსი პასაჟით ძალიან კარგად მიიღწევა.

საბოლოოდ კი, ვფიქრობ, ცალკეული სიუჟეტური მახასიათებლები ამ რომანში ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მწერლის ჩანაფიქრს ყველა ცნების გაერთიანება და ლაბირინთის ასე გამორღვევა წარმოადგენს. ვირჯინია ვულფმა იცის, რომ მისი დახმარების გარეშე მკითხველს გაუჭირდება ამ სირთულეების დაძლევა, ამიტომ ხშირად პირდაპირ მიმართავს მას, ივიწყებს ორლანდოს ისტორიას და მკითხველს ინსტრუქციას აძლევს, რადგან ის გამოწვევა, რომელიც მწერალმა მიიღო ბევრ გზაზე ერთად სიარულს გულისხმობს, მკითხველს კი ეს რთულად შეუძლია. ვირჯინია ვულფი ვერ უღალატებს ვერც მკითხველს და ვერც ლიტერატურას, რადგან დიდი ლიტერატურა ბევრ გზაზე ერთად სიარულია და ამის გარეშე, როგორც თავად იტყოდა, „ფურცლების აალება“ შეუძლებელი ხდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.