fbpx

როგორ დავამარცხოთ დიქტატურა?


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

 

როგორ განვაგრძოთ ცხოვრება, როდესაც სიმართლისთვის ბრძოლა დანაშაულად ითვლება?

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელები მოიცვა ფოტომ, რომელიც დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა. სასამართლო დარბაზში გადაღებულ სურათზე ჟურნალისტი მზია ამაღლობელია გამოსახული, ის დგას მყარად დგას და ხელში წიგნი უჭირავს, წარწერით:  „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. მარია რესას წიგნი. ეს სურათი არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სუბიექტის სიმართლისთვის ბრძოლის გამოხატულება, არამედ პროტესტის ხმამაღალი განაცხადი პოლიციური რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღითი დღე იღებს ამორფულ ფორმას და ემსგავსება დიქტატურას, ხუნტას.

ქვეყანაში პოლიცია, ხალხის უსაფრთხოების გარანტი რეპრესიის ინსტრუმენტადაა ქცეული და სამართლიანობას ფეხქვეშ თელავს. მმართველი პარტიისთვის კანონის დარღვევა ყოველდღიურ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ხოლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება – მართვის ჩვეულ სტრატეგიად. მოქალაქეთა დამცირება, ქუჩებიდან გატაცება, მათი ხმის ჩახშობა და მორჩილების მოთხოვნა დიქტატურის საფუძველია, რომლის მთავარი მიზანია: საზოგადოების მუხლებზე დაყენება და თავისუფლების ცნების ნგრევა. ზევით ნახსენებ სურათზე გამოსახული სიმამაცე უფრო მეტია, ვიდრე ინდივიდუალური მოქმედება. ეს არის პასუხი ძალადობაზე, სიმბოლო, რომელიც ამბობს, რომ სიჩუმე დიქტატურის ყველაზე დიდი მოკავშირეა. წინააღმდეგობა კი – პირველი ნაბიჯი თავისუფლებისკენ. ეს ერთგვარი გაფრთხილების სიგნალია და ამავე დროს მოქმედების აუცილებლობა.

რა არის დიქტატურა და როგორ ვცნობთ მას?

დიქტატურა არ იწყება ტანკებით ან თავისუფლების ღიად გაუქმებით. ის ჩნდება ჩუმად, ინსტიტუტების დასუსტებით, კანონების ფორმალური ნიღბით და მმართველი ძალის უფლებების შეუზღუდავად გაზრდით. ეს არის რეჟიმი, რომელიც სიმართლეს პროპაგანდით ანაცვლებს და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ამარტივებს. დიქტატურის ძირითადი ნიშნებია დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, სასამართლოს პოლიტიზაცია, განსხვავებული აზრის დევნა, საზოგადოების დაშინება და დეზინფორმაციის გავრცელება. მედიის ჩახშობა პირველია, რადგან სიმართლე რეჟიმის მთავარი საფრთხეა. სასამართლო, რომელიც სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს, რეპრესიის ინსტრუმენტად იქცევა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები მუდმივად დევნისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რათა შიში და სიჩუმე გავრცელდეს. დიქტატურა არაა სპონტანური; ის ნელ-ნელა ყალიბდება. დასაწყისში პატარა გადახრები ჩანს, შემდეგ კი ეს გადახრები ნორმად იქცევა. შედეგად, საზოგადოება ისეთ სისტემას ეგუება, რომელიც მათ წინააღმდეგ თავადვე მოქმედებს.

დიქტატურის მთავარი უპირველესი მიზანი დამოუკიდებელი მედიის კონტროლი და საპირისპირო აზრის აღკვეთის ჩახშობაა. მედია, რომელიც უნდა იყოს დემოკრატიის საყრდენი დიქტატორული რეჟიმების მთავარი სამიზნეა და მას განადგურებას უპირებენ, რადგან სიმართლის შიში მათი მთავარი მოტივაციაა.

საქართველოში, სადაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჟურნალისტებზე ძალადობს და დეზინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს, მედია ბრძოლას მართავს არა მხოლოდ თავისუფლებისთვის, არამედ სიმართლისთვისაც. მარია რესა წიგნში “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” წერს:

„როცა სიმართლე ჩუმდება და მედია პროპაგანდის იარაღად იქცევა, საზოგადოება კარგავს არჩევანის თავისუფლებას. დეზინფორმაცია საზოგადოებების რღვევის ყველაზე ძლიერი საშუალებაა.“

დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტები განიცდიან რეპრესიას სასამართლო საქმეებით, სამსახურიდან წასვლის იძულებით და ხშირ შემთხვევაში — ფიზიკური ძალადობითაც. ამას ემატება სახელმწიფო ტელევიზიები, რომლებიც პროპაგანდის ინსტრუმენტად არიან ქცეულნი. მათი მიზანი ალტერნატიული რეალობის შექმნაა, სადაც კრიტიკული აზრი განიხილება, როგორც საფრთხე, ხოლო ხელისუფლება წარმოდგენილია მტკიცე და სამართლიან ძალად. საზოგადოების რეალური მდგმარეობა კი, სოციალური ქმედითუნარიანობა და ეკონომიკური დაქვემდებარება ყოველთვის გვერდით პლანზე გადადის, მის ნაცვლად კი ისეთი საკითხები დგება, რაც ჩვენს ყოველდღიურობაზე არ მოქმედებს. მედიის ჩახშობა და პროპაგანდა არა მხოლოდ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად დემოკრატიის საფუძვლებს არყევს. როგორც რესა აღნიშნავს: „დიქტატურები ბნელში იბადებიან, სადაც სიმართლე ჩუმდება, და საზოგადოება უმოქმედოდ რჩება.“

მედიაზე თავდასხმა არ არის მხოლოდ მედიასაშუალებების პრობლემა; ეს არის მთელი საზოგადოების ბრძოლა, რომელიც თავისუფლებასა და სიმართლეს მოითხოვს.

დიქტატორული რეჟიმები პირველ რიგში დამოუკიდებელ მედიას ამოირჩევენ სამიზნედ, რათა სიმართლის ხმა ჩაახშონ და საზოგადოებაზე კონტროლი მოიპოვონ. ვლადიმერ პუტინის რუსეთში მედიაზე თავდასხმები სისტემური რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა. ანნა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი არხების ჩახშობა და ტელეკომპანია „დოჟდის“ დახურვა აჩვენებს, როგორ იყენებს დიქტატურა შიშსა და ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ პროპაგანდისა და ძალადობის კომბინაცია არის მთავარი იარაღი, რომელიც დიქტატურას თავის სიმყარეს უნარჩუნებს. საქართველოში დღევანდელი ვითარება აშკარად ასახავს მსგავს ტენდენციებს. დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლა, მათი ფიზიკური დევნა და სახელმწიფო ტელევიზიების პროპაგანდის ინსტრუმენტებად ქცევა ნათლად აჩვენებს, როგორ ცდილობს მმართველი ძალა განსხვავებული აზრის ჩახშობას. მედიის ჩახშობა და დეზინფორმაციის სისტემური გავრცელება არა მხოლოდ მედიასაშუალებებს აზიანებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, რადგან ასეთი პროცესები დემოკრატიის ფუნდამენტს ანგრევს. ასეთ რეალობაში, სიმართლის დაცვისთვის ბრძოლა აუცილებელი ხდება, რადგან დიქტატორული რეჟიმები სიჩუმეს იყენებენ, როგორც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მთავარ ინსტრუმენტს.

მიუხედავად დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგობისა, ხალხი დაუღალავად და თავდადებით ითხოვს სამართალს. თუმცა, ამ პროცესის პარალელურად, ისინი ითხოვენ ამავე მნიშვნელოვან საკითხს – ეთერში ხმის გაჟღერებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, საქართველოში უკვე დიდი ხანია ხელისუფლების ინსტრუმენტად არის ქცეული. სწორედ ამ პირობებში, როცა ქუჩებში პოლიცია ახალგაზრდებს, ქალებსა და ბავშვებს აპატიმრებს, სცემს და აშინებს, ეს ტელევიზია რეალობის ასახვის ნაცვლად მხოლოდ სერიალებსა და იდეოლოგიურ ნეიტრალიტეტს ეძლევა. საზოგადოების მოთხოვნა – მიეღოთ ეთერში ხმა – კვლავაც იგნორირებულია, რაც ცხადყოფს, რომ მაუწყებელი აღარ ემსახურება ხალხის ინტერესებს, არამედ ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ, ეს მედია არა მხოლოდ უმოქმედოა; ის ხელს უწყობს დიქტატურულ რეჟიმს, ძალადობრივი სისტემის გამყარებას სიჩუმით ინარჩუნებს და მნიშვნელოვნად ართულებს სიმართლის გაჟღერებას.

დიქტატორული რეჟიმების დამარცხება მოითხოვს არა მხოლოდ პროტესტსა და გაერთიანებულ წინააღმდეგობას, არამედ მკაფიო და ხელშესახები სოციალურ მოთხოვნებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირველ რიგში, აუცილებელია შექმნილ იქნას დღის წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს უმუშევრობის დაზღვევას და სესხების გადახდის დროებით შეჩერებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ გაფიცვებსა და პროტესტებში. საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, ფინანსური დაუცველობა ხშირად ხდება იმ მიზეზი, რომ მოქალაქეები ვერ ახერხებენ პროტესტისათვის გამოსვლისა და ხელისუფლებისთვის პასუხის გასაცემად გაბედულად გადადგას ნაბიჯი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის მძიმე ეკონომიკური ფონი, რომლის ფონზე დიქტატორული რეჟიმები წარმატებით იყენებენ გაჭირვებულ მოსახლეობას. შიმშილი, ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა და პოსტსაბჭოთა ეკონომიკური კრიზისის გრძელვადიანი შედეგები ემატება ამ ვითარებას. რუსეთში და სხვა მსგავს ქვეყნებში, ოლიგარქიული სისტემები სწორედ ამგვარი სიღარიბის ექსპლუატაციით ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ყიდულობენ მოსახლეობის მორჩილებას და ახშობენ პროტესტს. თუმცა, საქართველოში არ უნდა დავუშვათ მსგავსი სიტუაციის განმეორება.

მიმდინარე პირობებში, პროტესტთან ერთად აუცილებელია მოთხოვნა ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებზე და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე, რომ მოსახლეობამ მიიღოს რეალური მხარდაჭერა და უსაფრთხოება. სოციალური მხარდაჭერის გარეშე, პროტესტი დარჩება ფრაგმენტულად და მარტივად მმართველი ძალების კონტროლის ქვეშ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ საკითხებზე მზაობა და ერთიანობა გაჩნდება, შევძლებთ ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას და დიქტატორული რეჟიმის გავლენის შემცირებას.პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს აქ და ახლა; ის, რაც ახლა მნიშვნელოვანია, არის სწორი მიმართულების შერჩევა და მისკენ ფოკუსირება.

 

როგორ ვცხოვრობთ, როდესაც სიმართლისთვის ბრძოლა დანაშაულად ითვლება?

ვცხოვრობთ დაუმორჩილებლად, რადგან სიმართლისთვის ბრძოლაზე უარის თქმა არის არა მხოლოდ მორალური დანაშაული, არამედ თანხმობა დიქტატურის გამარჯვებაზე. ყველაზე საშიში, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, არის კომფორმიზმი — უსამართლობასთან შეგუება და დაღლილობით გამოწვეული სიჩუმე. მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით და არ ვჩერდებით. ვიბრძვით არა მხოლოდ დღევანდელობისთვის, არამედ მომავლისთვის, რომელსაც სიმართლის, სამართლიანობისა და თავისუფლების საფუძვლები ექნება. ბრძოლა უკეთესი დღის წესრიგისთვის, თანასწორობისთვის და მომავლის თაობებისთვის ჩვენი პასუხისმგებლობაა, რადგან დანებება ნიშნავს ყველაფრის დაკარგვას, რისთვისაც ცხოვრება ღირს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.