ჰომეროსი არსად არ წასულა
ავტორი: მათე წიკლაური
1882 წლის 2 თებერვალს დუბლინში იბადება კაცი, რომელიც დროს გადაახვევს და ქრისტეს შობამდე პერიოდში წაიყვანს საკუთარ თავსა და მკითხველს… ეს კაცია ჯეიმს ჯოისი.
ლიტერატურული ჰერმენევტიკის მიზანს ინტერპრეტაცია და გაააზრებულის ინსტრუმენტად გამოყენება წარმოადგენს. ინტერპრეტაციის წესთა პირველი სისტემატური ერთობლიობა შემუშავებულ იქნა ნეტარი ავგუსტინეს მიერ (IV-V). ნაშრომში „ქრისტიანული დოქტრინის შესახებ“, რომელსაც ავგუსტინე 30-ზე მეტ წლის განმავლობაში წერდა, მან პასუხი გასცა უმნიშვნელოვანეს კითხვას: როგორ უნდა შეაღწიოს წმინდა წერილმა ადამიანის სულში. ამ კითხვაზე პასუხს ლიტერატურული პერსპექტივიდან სცემს ანტიკური ლიტერატურა, რომელიც მთელი მსოფლიოს მწერლობას საკუთარი გავლენების ქვეშ აქცევს. აღნიშნული გამოწვევისა და მისიის ტყვეა ჯეიმს ჯოისიც.
ჯოისი შემზარავი ავტორია, მისი „ულისეს“ ხსენებისას ყველას აკანკალებს, მართლაც, რომანი იმხელაა, რამხელაც მასზე არსებული, იქვე წამძღვარებული განმარტებები და კომენტარები. „დუბლინელები“ მოთხრობების კრებული გახლავთ, იოლად წასაკითხთა სიაში გაუგებარი მიზეზით შეყვანილი, მაგრამ მაინც დაძლევადი და ბევრისათვის ჯოისის სამყაროში შესასვლელი ბილეთი, თუმცა იმ მოთხრობათა კრებულში ასეთი ამბები წერია: “ათოვდათ ცოცხალთაც და მიცვალებულთაც“, „პარნელი მკვდარია“ და სხვა. მისი კიდევ ერთი წიგნის შესახებ იცის ქართველმა მკითხველმა – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“. ნაწარმოები საკუთარ თავზე, იდეალიზმზე და ხშირად მისგან სიამაყით გამოწვეულ კომფორტის ზონაზე უარის თქმის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენეული აღქმისთვის რომ უფრო ცხადი გახდეს, ჯოისისეული „უცხოობაში რაა სიამე“ გვაქვს სახეზე.
- თუ შენ დიდი წიგნები გძულს, ჯოისი აქ არის;
- თუ შენ სასვენ ნიშნებს ვერ იტან, ჯოისი აქ არის:
- თუ შენ ბრიტანულ იუმორზე ხან, ამიტომ გეცინება, რომ სასაცილოა და ხანაც იმიტომ, რომ სულელურად მოგეჩვენა, ჯოისი აქ არის;
- თუ შენ ჰომეროსს მისტირი, ჯოისი აქ არის;
ირლანდიელ პროზაიკოსს, ერთი შეხედვით, ანტიკური ხანის ბერძენ პოეტთან საერთო რა უნდა ჰქონდეს? ეს ამბავი გავარჩიოთსავით…
სტრუქტურა და მოდერნისტული ინტერპრეტაცია
ყველაზე აშკარა და პირდაპირი კავშირი ჰომეროსსა და ჯოისს შორის „ულისეში“ გვხვდება. ეს ჰომეროსის მოგზაურობის განახლებული ვერსია, რომელმაც, თითქოს, ამ ლიტერატურულ ხაზს სათავე დაუდო და გააჩინა ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“, როგორც გადამღერებული ოდისეა. ტროას ომის შემდეგ ფათერაკებით სავსე მოგზაური განსაცდელს, ცდუნებას ებრძვის. ეს ყველაფერი მას სახლისკენ მიმავალ გზაზე ატყდება – რთული გზააა. თვითრეფლექსია გჭირდება და ჰომეროსის გმირს ეს არ აკლია. ჯოისმა თქვა, რომ დაწერს ამას ახლებურად, ოღონდ გაცილებით ვრცლად მოყვება, გაცილებით ნაკლები დროის ამბავს – 1904 წელი, 16 ივნისი, დუბლინი. ჯოისი 17 ივნისსაც კი აღარ გაათენებს და შეგასაღებს – ეს მხოლოდ ნოველაა – ათასგვერდიანი, მაგრამ მაინც ნოველა. ლეოპოლოდ ბლუმი ოდისევსია. ოღონდ მოგზაურობა ჯოისს ფიზიკურ გადაადგილებაზე მეტად ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციალურ ჭრილში ესმის, რადგან ცხოვრების სირთულე იდენტობის ძიებასა და გაუცხოების საფრთხის დაძლევაშია.
ორივე ნაწარმოებში ავტორები ეპიზოდურ სტრუქტურას ირჩევენ. თითოეული ეპიზოდი ხელს უწყობს მთლიანობის შექმნას, მაგრამ ამავდროულად მის ჩაშლას. ჰომეროსმა წიგნებად დაყო, ჯოისმა – თავებად. ლეოპოლოდ ბლუმი სტივენ დედალოსს ეძებს, ოდისევსი ტელემაქეს, საერთოდ, ეს მამები ძალიან ხშირად ეძებენ შვილებს. ჯოისს კლასიკური ფილოლოგიის განხრით დიდი ცოდნა აქვს, ამ ცოდნას პატივისცემა განამტკიცებს – XX საუკუნის ლაბირინთებში მოგზაურობა ჯოისის ადამიანური არსის კვლევის საუკეთესო მეთოდია.
Nosce te ipsum – „შეიცან თავი შენი“
აპოლონის ტაძარზე ბერძნული წარწერა Gnothi seauton ასე ითარგმნება. ჰომეროსმა გადაწყვიტა, რომ შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყოს საკუთარი ადგილის პოვნა და იდენტობის ძიება. ზოგი მწერლისთვის ეს ფიზიკური მოგზაურობაა, ზოგისთვის შინაგანი ემიგრაცია, ზოგს სულაც ნაპოვნი აქვს ეს ადგილი, მაგრამ, რეალურად, ლიტერატურა თვითგამორკვევის მრავალნაირ გზას გვთავაზობს.
ოდისევსის მთავარი მიზანი სახლში დაბრუნებაა, ეს სახლი პენელოპესთან არ არის, ეს ევმეოსის ქოხია, ოდისევსის სანატრელი ემოციური სამყარო. რიგითი ავტორი იტყვის, რომ სახლი საცხოვრებელი სივრცეა, ჰომეროსი ამბობს – სახლი ფიზიკურად არსებული ცნება არ არის, სახლის პოვნა, სახლში ყოფნა სულიერი მდგომარეობაა. ბერტოლუჩისთვის სახლი არის დღის დასასრულის სიმბოლო, თუ ფილმ „ცის საბურველშის“ მთავარი გმირი სახლში წავა, დღეს დაამთავრებს, ხოლო თუ კაფეში – მაშინ ყველაფერი ჯერ წინაა. რუსთაველი ჰომეროსის სათქმელს ასე იტყოდა: „შევეწიოთ ოდისევსს“. ჯოისი კი ასე იტყვის სხვა პერსონაჟის პირით: „იპოვე შენი თავი, ბლუმ, შე ლაჩარო…“. ბლუმს და ოდისევსს აინტერესებთ, ვინ არიან. აი, უბრალოდ ვინ არიან და მეტი არაფერი. ბლუმს კათოლიკურ საზოგადოებასთან გაუცხოებისა და მიკუთვნებულობის სურვილის გადაუწყვეტლობით გაუჩნდა ცხოვრებისეული დრამა. ამიტომ ჯოისმა აქაც გვითხრა, სახლში დაბრუნება ფიზიკური გადაადგილების პროცესი კი არა, ფიქრების კონტროლია, – ამან კი შენი ადგილი უნდა გაპოვნინოს.
ჯოისს არ უნდა, რომ წაიკითხონ ნაწარმოების დასაწყისში ჩასუქებული ბაკ მალიგანი საპნის ასაქაფებელი თასით ხელში შედის აბაზანაში ისე, თითქოს აბაზანა კი არა საკურთხეველი იყოს და ჯოისი ამას იხუმრებს. გეტყვის, რომ ცინიკური, მელანქოლიური, რთული და დამქანცველი დღე გელოდება, – ეს ხუმრობა თუ ვერ გაიგე, წიგნი უნდა გადადო და აღარ მიუბრუნდე. ეს ფრაზა, ცხადია, რომანში არ წერია, მაგრამ იგულისხმება, ზუსტად ისე, როგორც ჰანს კასტორფის სიკვდილი „ჯადოსნური მთის“ ბოლო გვერდზე. ჯოისს თითქოს არ უნდა, რომ წაიკითხონ და ეს უმბერტო ეკომაც შეამჩნია, ამიტომ ბორხესი გაიხსენა და – ბორხესისა და საკუთარი თავის გავლით ფილოსოფიისა და ლიტერატურის გავლენის რაობაზე მოსაუბრემ სამკუთხედის მოდელი შემოგვთავაზა და მის თავზე X დასვა. იტალიელმა ენციკლოპედისტმა X-ს ენციკლოპედიის სამყარო უწოდა. მისი თქმით, ჯოისის მსგავსად, ბორხესი უნივერსალურ კულტურას თამაშის ინსტრუმენტად გამოიყენებდა.
ზვიად გამსახურდიამაც ასეთივე შემჩნევა გააკეთა ჰომეროსზე და თქვა, რომ ის ბერძნული მითის შემოქმედი კი არ არის, არამედ მითოსის სისტემატიზატორია. ჰომეროსი განმარტავს მითოსს და ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მეცნიერის აღმოჩენა, – ჯოისი განმარტავს უკვე განმარტებულს, მაგრამ ბადებს ტენდენციას, რომ განმარტებასაც კი სულ სჭირდება ახსნა. „ულისე“ ლექსიკონადაა ქცეული, ჯოისს კი იმედი აქვს, რომ ლექსიკონებს ხალხი არ წაიკითხავს.
სიმბოლიზმისა და ალეგორიის ეიფორიაში
ამის კვალდაკვალ გაჩნდა სიმბოლიზმისა და ალეგორიის ცნებები ჯოისის შემოქმედებაში, ეს კი კვლავ შეგვახსენებს, რომ ჰომეროსი ისევ აქ არის. ბერძენს ღმერთების როლის წარმოჩენა უყვარს ოდისევსის შემოქმედებაში და იქ თითოეული დიადი ძალა ალეგორიულია. ამას აკეთებს ირალნდიელიც. ჯოისს საყრდენად ყველაფერი გამოადგა, შექსპირიც და ბიბლიაც, სიმბოლოები და გადაკრული თქმები მისი მთავარი მახასიათებელია, – ამიტომაც ჰქვია სათაურს ის, რამაც პირდაპირ ოდისევსთან უნდა მიგიყვანოს. ოდისევსის ბრძოლა ქაოსთან ფრაგმენტული და ბუნდოვანია, ასე საბურველში გახვეულნი ებრძვიან სამყაროს მავანს სტივენ დედალოსი და ლეოპოლდ ბლუმი.
ყოველდღიურობაში არეკლილი გმირობა
როცა ჯოისი „შეხვდა“ ჰომეროსს, გმირობის აღქმა ყოველდღიურობის პერსპექტივიდან საერთო წერტილად იქცა. ბერძენი პოეტი გმირობას სიცოცხლეზე მაღლა აყენებს. ჰომეროსის პერსონაჟს აძლევს სამოგზაურო არეალს, სადაც მას გმირობათა ჩადენის საშუალებები ეძლევა. ლეოპოლდ ბლუმი კი საშუალო დუბლინელი კაცი, რომელსაც ავტორმა შინაგანი ღირსება ჩაუნერგა, რადგან იცის, რომ პერსონაჟს ერთი დღე აქვს მხოლოდ და ის ამ უნარს ვერ გამოიმუშავებს, ოდისევსი აღწევს ამ განწყობას, ბლუმს კი უნერგავენ მას. ჯოისი მიუბრუნდა ჰომეროსს და მკითხველს დაკვირვების საშუალება მისცა – თუ ისინი ოდისევსის, როგორც პერსონაჟის, განვითარების დინამიკას დააკვირდებიან, მიიღებენ ლეოპოლდ ბლუმს და აქვე: თუ ბერძენს დააკვირდებიან, იტყვიან მუსიკის სიყვარულზე, თუ ირლანდიელს, მის პუნქტუაცია მოძულეობასაც შენიშნავენ.
- ყველაზე მეტად სასვენ ნიშნებს ვერ ვიტან – ჯოისი
- მე ყველაზე მეტად მუსიკა მიყვარს – ჰომეროსი
ნოვაცია მხოლოდ პოეტურის ცენტრალიზებაა
ორივე ნოვატორია. ჯოისმა იცის, რა უყვარს ჰომეროსს. ეს მუსიკაა, რომელსაც სასვენი ნიშნები არ უხდება, მაგრამ ბერძენის მსგავსად ფიქსირებული ეპითეტებით შექმნილი რიტმი, პირდაპირი, ბასრი და მელანქოლიურად პოეტური ენა არ ახასიათებს. ჯოისმა არ იცის, როგორ დაწეროს რომანი, რადგან, რეალურად, პოეტია. პროზაული პოეზია კი ცნობიერების ნაკადით საზრდოობს. მოდერნისტულ ტრადიციაში, მიუხედავად ფორმალური სიახლეებისა, ჯოისი ფოკუსირდება იმ გმირებზე, რომლებიც ჰომეროსმა ეპოსის ცენტრში მოაქცია. ორივეს ესმის, რომ დიდებულია, ყველა რომ ვერ უნდა მიწვდეს ისეთი, და თავადვე ქმნიან საზღვრებს, მხოლოდ და მხოლოდ გასარღვევად.
ჯოისი ლაპარაკობს მაშინ, როცა ჩუმდება. ჰომეროსმა კი არ იცის, რა არის სიჩუმე. ლიტერატურა მაინც არის კითხვებზე გადაჭრითი პასუხები, ან კითხვები, შეფარული დასკვნებით, რადგან ხშირად მწერლებს არ შეუძლიათ გაბედონ, ჰკითხონ რამე მკითხველს, ვისაც ეს ნიჭი აქვს იმათ გენიოსებს ვუწოდებთ. ბერძენი პოეტი კვლავ აქ არის. ჰომეროსს ჰქონდა კითხვის დასმის გამბედაობა, მაგრამ ოლიმპოზე ავიდა და ხალხის აზრისადმი ინტერესი გაიქრო, ჯოისი კი ყოველდღიურობას მიიჩნევს იმ არეალად, საიდანაც ოლიმპოზე უნდა ახვიდე და ამიტომაც იდუმალი პერსპექტივიდან, უხმოდ ეკითხება მკითხველს:
- მზად ხარ წაიკითხო?
- და ჯერ არ არის პასუხი, მაგრამ ერთხელ მკითხველი უპასუხებს: „ჰო მე თანახმა ჰო“ – როგორც ეს ნაწარმოები მთავრდება.