„მუსიკა არ უნდა გაჩუმდეს“ – Close Encounters საქართველოში ბრუნდება
„მუსიკა არ უნდა გაჩუმდეს, მუსიკამ უნდა ილაპარაკოს...“ – ასე მიპასუხებს პიანისტი და Close Encounters-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი თამრიკო კორძაია კითხვაზე: „ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად საინტერესოა ასეთ ვითარებაში ამ ფესტივალის გამართვა?“
რა თქმა უნდა, „ასეთ ვითარებაში“ ის რეალობა ვიგულისხმე, რისი ექოც ჩვენი ქალაქის ქუჩებში ჯერ კიდევ ხმამაღლა ისმის – კრიზისი, რომელიც პოლიტიკურ შინაარს გასცდა და ეხება ყველაფერს, მითუმეტეს – კულტურას. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ფესტივალი, რომელიც 20 წელია შვეიცარიისა და საქართველოს კულტურული სივრცეების დაახლოებას ცდილობს, გვერდს ვერ აუვლიდა მასპინძელი ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობას.
„არტისტს თავისი სათქმელის გამოხატვა ორგვარად შეუძლია, ერთი გზაა სიტყვით თქმა, მეორე კი მუსიკით საუბარი...“ – თამრიკოს მიზანია, რომ Close Encounters-ის წლევანდელმა სერიამ შემოქმედ ადამიანებს ორივე გზით თვითგამოხატვის უფლება მისცეს. წლების წინ, როდესაც ფესტივალი პირველ ნაბიჯებს დგამდა, ორგანიზატორების მისია იყო საქართველოში ჩამოეტანათ ის მუსიკა, რომელიც ქართულ კულტურულ სივრცეებში იგნორირებული იყო. დღევანდელი გამოწვევა კი ისაა, მუსიკა გახდეს ინსტრუმენტი, რომელიც არტისტს საშუალებას მისცემს თავისი უნივერსალური ენით დაამყაროს კომუნიკაცია მსმენელთან. წლების წინ ქართველი პიანისტი გამომიტყდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მუსიკოსებს შემოქმედებითი სიგიჟეების ჩადენის საშუალება მიეცეთ და ფესტივალის სცენა ამისთვის ყოველთვის მზად არის.
შემოქმედებითი სიგიჟის სესიები კი 15 თებერვალს Tbili Orgia-ს სივრცეში დაიწყება და 17 თებერვალს Mutant Radio-ში დასრულდება. ფესტივალის მეორე ეტაპი კი ტრადიციულად შვეიცარიაშია დაგეგმილი და ის გაზაფხულზე გაიმართება.
პირველი საფესტივალო ღამე 3 განყოფილებისგან შედგება და ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის ნამდვილი მასტერკლასი იქნება. პირველი განყოფილება მოიცავს ანსამბლ KIOSK-ის პერფორმანს, რომლის ფარგლებშიც ისინი ანუშკა ჩხეიძის, ნიკა მაჩაიძის, რუსუდან მეიფარიანის და რუიჩი საკამოტოს ნაწარმოებებს შეასრულებენ. თუ არტისტებს შორის განსხვავებულ შემოქმედებით მიდგომებს ხედავთ, არც შემცდარხართ, რადგან Close Encounters-ის ამოცანაც ეს არის: მუსიკაში არსებული ბარიერების მოხსნა და იმ უხილავი ძაფების გაბმა, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ ტრადიციებს ერთმანეთთან დააკავშირებს. „მუსიკა, რომელიც არ არის განსაზღვრული დროით და არ ექვემდებარება სისტემას,“ – თავის დროზე ასე დაახასიათა თამრიკომ აქტუალური მუსიკის იდეა, რომელიც ფესტივალის მთავარი ხაზია და წელს ამ იდეის სრული დომინაციის მოწმე გავხდებით.
გახსნის ღამე მეორე განყოფილებით გაგრძელდება, სადაც ახლოდან გავიცნობთ ტრიო u/r-ს, რომელიც ტობიას გერბერი, ტომას კორბერი და თამრიკო კორძაიას შემადგენლობით ახალ კომპოზიციას შეასრულებს. დასკვნით ნაწილში კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსების ლაივ პერფორმანსების სერია გველის. ნიკა მაჩაიძე (Nikakoi), ნატალია ბერიძე (TBA), Tete Noise და თიკო ღოღობერიძე (TINA) სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ პროგრამას წარმოგვიდგენენ.
View this post on Instagram
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ნიკა მაჩაიძის ახალი პროექტი IMAGO SONOGRAM, რომელიც ვიზუალური და ბგერითი სიგნალების ახლებურ ურთიერთობას ეძღვნება. „ეს პერფორმანსი მთლიანად შთაგონებულია 1930 და 1950-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსების და ინჟინრების – Evgeni Sholpo, Evgeni Murzin და Norman McLaren-ის ინოვაციური მიღწევებით“ – სურათებისა და ვიდეოფაილების მუსიკად გარდაქმნის ახლოდან ნახვა ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება.
Close Encounters-ის მეორე საღამო გაიმართება Mutant Radio-ს საკონცერტო სივრცეში და ფესტივალის ისტორიაში პირველად იქნება წარმოდგენილი ორი ინტერაქციული პროექტი. ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი გიორგი კობერიძე თავის ახალ პროექტს – „Mur Mur“ წარმოადგენს, რომლის პრემიერაც Open Space Innsbruck-ს ფარგლებში შედგა და საქართველოში პირველად სწორედ ახლა ვიხილავთ. „Mur Mur“-ის განსაკუთრებული ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ ინსტალაციის და ბგერითი ტალღების კავშირი უაღრესად ინტიმურ გარემოს ქმნის. რაც შეეხება მეორე პროექტს, აქ უკვე ალექსანდრე კორძაია (Kordz) წარმოგვიდგენს ინტერაქციულ ვიდეოთამაშს Lost In Sound. ეს არის ვიდეოთამაში, რომლის დროსაც კომპოზიცია იწერება და მის დატესტვას ფესტივალის ყველა სტუმარი შეძლებს.
ქართულ მუსიკალურ სივრცეზე საუბრისას თამრიკო კორძაია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ „საჭიროა მეტი ექსპერიმენტი, მეტი კამერული მუსიკა და მეტი ღიაობა“. ახლა კი აშკარად ჩანს, რომ Close Encounters-ის წლევანდელი სესიები ყველაზე ღია და გამბედავი ექსპერიმენტებით იქნება დახუნძლული.
საინტერესო პროგრამა გველის 17 თებერვალს ფესტივალის დახურვაზე. ანსამბლი KIOSK, რომლის შემადგენლობაში არიან შვეიცარიელი, ქართველი და გერმანელი არტისტები, წარმოგვიდგენს ახალ და მრავალფეროვან პროგრამას: კონცერტზე შესრულდება რუსუდან მეიფარიანის და ნატალია ბერიძის ნაწარმოებები (პრემიერა). ასევე ანსამბლს შეუერთდება ჩელისტი კაროლინა ომანი, რომელსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს წინა ფესტივალებიდან. პროგრამის ნაწილებს შორის Trio u /r შექმნის მშვიდ, თითქმის ინსტალაციურ კონტრაპუნქტს „ხმოვანი სვეტების“ფორმით.
Close Encounters-ის თბილისური თავგადასავალი ასე დასრულდება და გაზაფხულზე შვეიცარიაში გადაინაცვლებს. ჯერჯერობით ყველანაირი საბაბი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და მულტიდისციპლინური იქნება.
პ.ს. შეგახსენებთ, რომ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: TBC Concept, Fabrika, Fondation SUISA,Swiss arts council Pro Helvetia, Stadt Zürich Kultur.