fbpx

მარო მაყაშვილი – თანამდევი, უკვდავი სული


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

პრივილეგიაა, როცა წარჩინებულ ოჯახში იბადები, ერთი შეხედვით, მთელი სამყარო ხსნილია შენთვის. თავიდან ეგრეც მიდის საქმე, ქალთა გიმნაზიას ამთავრებ, სწავლას თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე აგრძელებ სწავლას, სპორტსაზოგადოებაში წევრიანდები, საოცარი ტანმოვარჯიშე ხარ… სულ რაღაც ცხრამეტი წლის სტუდენტი, თან ლაღი, მაგრამ ისეთი, ყველა რომ იტყვის შენზე „ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსაო“

მერე „შემოვიდნენ რუსები“, შენ იცი, რომ „ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ რუსები!“ და ფრონტზე მოხალისედ მიდიხარ, წითელ ჯვარში ეწერები მოწყალების დად და კოჯრისკენ დაძრულ მეომრებს მიჰყვები. ვიღაცა დაგიძახებს ჟანა დ’არკს, ვიღაცა ეროვნულ გმირს, ვიღაცას უფრო შეეცოდები, ვიღაცას გული აენთება, ვიღაცაც ვერ გაგიგებს, რა გინდოდა იქ…

მარო მაყაშვილი 1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა და მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა 1921 წლის 19 თებერვალს. კონსტანტინე მაყაშვილისა და თამარ გაბაშვილის შვილი, იქ, ფრონტზე მოხალისედ წასული მწერლობას იწყებს, თითქოს ეს უბრალოდ დღიურია, მაგრამ რაღაც სხვა მწერლური ნიჭიც დაჰყვება თან. ასეთმა სიკვდილმაც ფასი დაადო მის დღიურებს, მაგრამ ამის გარეშეც ძალიან საინტერესო იქნებოდა ახალგაზრდა ქალის განცდები, როგორია ერთი პატრიოტი მოქალაქის ცნობიერებაში არეკლილი საქართველოს ბედი და უბედობა. პარიზში წასვლას ნატრობდა, გულუბრყვილოდ არ ესმოდა, რა შეუშლიდა ხელს… და თურმე ყუმბარის  ნაფლეთი, საქართველოს ღირსების სადარაჯოზე წასულს რომ მოხვდება… მას სჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რუსთაველის ფასეულობებზეა გაზრდილი, მოძრაობა ურჩევნია სტატიკურობას, ქვეყნისთვის თავდადება „თამაშად და მღერად“ მიაჩნია. იმ წერილებში პატრიოტიზმთან ერთად ცივილიზებული სამყაროს მთავარი პრინციპების ერთგულებაც ჩანს. კაცები ამბობენო, ქალი უძლური საგანიაო, აბა, ეგ ეგრე როგორ არისო, არა, არა საფრანგეთში ვისწავლი სამეურნეო საქმესო. 

… და დღიურში მიხატული ჩვენი დროშა… 

სიყვარულისაც ერთის სჯეროდა, ის ერთხელ არის და სულ ეგააო. თავისუფლება არ იყო მისთვის ის წერტილი, რომელსაც მიაღწევ და უბრალოდ შეიგრძნობ. თავისუფლება მოსაფრთხილებელ განძად მიაჩნდა, ხალხსაც მოუწოდებს დღიურში: „…მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს!“ ვთქვი, რომ მწერალია ყველაფერთან ერთად და აი, ნახეთ თუ არ არის: დღე თითქოს თანაუგრძნობდა ზეიმს. დილიდან საღამომდის მზე უხვად ასაჩუქრებდა დედამიწას თავისი სხივმოსილი ისრებით. ქართველი ერი ბედნიერი იყო და ღმერთიც. მზის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში ცისარტყელა იყო.“

რუსებმა მწერლებიც ბევრი დაგვიხოცეს, სასულიერო პირებიც, მსახიობებიც… საუკეთესო ნაწილი გაწყვიტეს ქართული საზოგადოების, მაგრამ, შეიძლება სუბიექტურიც ვიყო, თუმცა ასე მგონია, რომ მაროსთანა მისტიკური ისტორია არავის არ ჰქონდა. 

არავინ ვიცი ასეთი გატანჯული და თან ასეთი ლაღი. 8 ოქტომბრის დღიურში წერს, დღეს მახარესო, მეშვიდე კლასის მოწაფე გავხდი, ვაშაო! პერიოდულად რომ შენატრის ევროპის ნახვას, უფულოდ აბა როგორ მოვივლი, თან უსათუოდ, ევროპასო – დედას ველაპარაკეო, მამასი მჯერაო, ის შეძლებს ამ ყველაფერსო. მოგზაურობის დაუოკებელი ჟინი, როგორც სიმბოლო ახლის აღმოჩენის სიყვარულისა, მოვლილი საქართველო და მაინც გამეორებული ფრაზა საკუთარი თავისთვის, რომ ყველაფერი უნდა ნახოს. კითხულობს ინგლისელ მწერლებს და სანამ სამოგზაურო ფული არ აქვს, იმათ დაჰყვება ბრიტანეთში, იმათგან ეცნობა ქალებსა და კაცებს, იმათი დახმარებით იქმნის წარმოდგენას… ლოკი წავიკითხეო, ძალიან მაგარიაო. და ისევ ვერ ანებებს თავს საქართველოს, სულ მის კარგად ყოფნაზე ეწერება:

„არა, ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის, შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება!“ – მარო მაყაშვილი, 4 იანვარი, 1919 წ. 

მას უყვარდა ქვეყანა ზუსტად ისეთი, როგორიც იყო… „მეტს არასა სთხოვდა.“ ეს დაამტკიცა. მისი ისტორია ტრაგიზმში ამოხეთქილ სიამაყედ დარჩა, თავად ის კი – იდეალად, ჩემთვისაც და ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ დღესაც იმ ბრძოლაში ვართ, ისევ იმათ წინააღმდეგ, ვისაც მარო მაყაშვილი შეეწირა. ისევ  იმავე მიზნისთვის არ ვზოგავთ თავს. ვიცით, რომ გალაკტიონის სიტყვები „ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ რუსები“ ცამდე მართალია, მაგრამ, ჩანს, დღეს „მათი მინდორი“ გაჩნდა კოლაბორაციონისტების ხელით. ეს მინდორი მოსაშთობია, ერთხელ და სამუდამოდ.

ჩემს ოთახში მარო მაყაშვილის ფოტო კიდია, მუდამ საკუთარი სინდისისკენ მიმახედებს და არ მომცემს უფლებას, ქვეყანაზე ზრუნვა, ჩემი მთელი ძალით, წამით მაინც შევწყვიტო. ეს პატარა, მამაცი გოგონა ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თანმდევი სულია, ჩვენი სახელოვანი გამარჯვების რწმენა, ჩვენი დროშის სიამაყით ფრიალის გარანტი. მისი სიტყვები აგატირებს და გაგაღიმებს, აგანთებს და დეპრესიისკენაც გისვრის, – იმიტომ, რომ გულწრფელია. 

 მოკლედ, დღიურში, წეღან რომ ვთქვით, ეგეთი რამეები წერია…  

და კიდევ ეს:

 

„თავს გაუფრთხილდით, გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – მარო მაყაშვილი.  1919 წელი, 30 ივლისი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.