ატიკუსი
ავტორი: სანდრო ნავერიანი
“ქალებმა და ბავშვებმა მონღოლის გამო არ უნდა იტირონ!”
ჩინგიზ ყაენი
გასული საუკუნის მიწურულს, რასაც გაწამებული ქართველები გაცვეთილ “ოთხმოცდაათიანებს” ვეძახით, მე ჩემი თინეიჯერობის ბოლო დღეებს ვითვლიდი.
ისე დალაგდა, რომ თინეიჯერობა და ქუჩის ჩამთრევი, “მომხიბვლელი” პერიოდი ერთად დასრულდა.
ვისურვებდი უფრო რბილად დასრულებულიყო ყოველივე ეს, მაგრამ არ გამიმართლა. მართალია, ანა ფრანკივით არ გავუწირივარ სამყაროს, მადლობა ღმერთებს, მაგრამ თავისი პანჩურები მაინც მომაყოლა, სულშიც აფათურა ხელები, ტვინშიც და კაი ნახმარი დამაგდო ცხოვრების ახალი ეტაპის სტარტზე.
აქედან რა გამოვიდა, ჯერ არ ვიცი. ამას, ალბათ, მაშინ მივხვდები, როცა ვიგრძნობ, რომ სამი წამი დამრჩენია სიცოცხლეში და ამ სამ წამში უნდა მოვასწრო და შევაფასო ჩემი ცხოვრება, შეფასების შემდეგ უბრალოდ ვცადო, რომ არ დავიჯერო, თუ როგორი უსუსური ვიყავი, რაც არ გამომივა და მომიწევს აღიარება და მიღება, რომ უსუსური ვიყავი. დაბოლოს, დავჭყიტო თვალები ისე, როგორც ამას რეჟისორების ყველაზე კლიშური გადაწყვეტით გაწვალებული მსახიობები აკეთებენ ფილმის ფინალში.
და მოვკვდე.
ეს ვიღაცისთვის შეიძლება სამი წამია, მაგრამ ჩემთვის მთელი ცხოვრება და კათარსისია, ამიტომაც არ მექნება დრო სხვებსაც გავაგებინო, რა გამოვიდა ჩემი ახალი ცხოვრებიდან. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რა ინვესტიცია ჩადო ქუჩამ ჩემში.
ქუჩის გრავიტაცია მარტივი პრინციპით მუშაობს – ის გიღებს ისეთს, როგორიც ხარ. არ გეუბნება, რომელ საათზე დაიძინო. არ გიჩიჩინებს, რომ გაკვეთილები გაქვს მოსამზადებელი. არ გთხოვს სახლში დახვდე ნათესავებს, რომელთაც დამღლელი გზა გამოიარეს, რომ შენს მშობლებთან ერთად ექეიფათ. ქუჩა არ გიმტკიცებს, რომ სამი მუშკეტერი ყველაზე დიდი რომანია და ამიტომაც, შენც წაკითხული უნდა გქონდეს. ქუჩას არ აქვს ტესტები, საგამოცდო ფურცლები და ათბალიანი შეფასების სისტემები. არც ეიჩარი ჰყავს რომ შენი დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასოს და გითხრას, “არა, ძმაო, შენი ადგილი აქ არაა, ახლავე ადი სახლში!”
ქუჩა ყველასია. თუ გინდა, რომ იყო ქუჩაში, იქნები. და იქნები იმ ქაოსის ნაწილი, როგორი ქაოსიც სახლში შემოდის ნებისმიერი ღია ფანჯრიდან, რომელიც ქუჩის მხარეს არის გაჭრილი.
თუმცა, ამ ქაოსშიც არის წესრიგი, რომელიც იცავს ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებს. და ეს წესრიგი დგას უხილავ, არსად დაწერილ კოდექსზე. ერთ-ერთი ასეთი კოდექსი იყო ქალის პატივისცემა. იმდენად პატივისცემა, რომ მათი თანდასწრებით შეგინებაც კი არმოსული აქტი იყო. ცხადია, არაფერს ვამბობ ქალზე ძალადობაზე. ერთხელ კორპუსებს უკან, გვერდზე უბნელებთან ვჩხუბობდით. არცერთი ლოგიკით იქ არავის არ უნდა გამოევლო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ორივე უბნის ბიჭებისთვის ნაცნობი ქალი გამოჩნდა. უცებ გავჩერდით ყველანი, სათითაოდ მივესალმეთ, თვალი გავაყოლეთ მის მძიმე და ნელ ნაბიჯებს და რამდენიმე წუთში, თვალს რომ მიეფარა, ჩხუბი გავაგრძელეთ.
ბავშვების, ქალების და მოხუცების პატივისცემაზე ხშირად გველაპარაკებოდა ატიკუსი. ეს მისი სახელი არ იყო, უბანში შეარქვეს ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე მე დავიბადებოდი. ატიკუს ფინჩი ჰარპერ ლის რომანის გმირის სახელია და გამორჩეულად კეთილი პერსონაჟია ზოგადად მსოფლიო ლიტერატურიდან. ეს ჩვენი უბნელი თამაზა aka ატიკუს ფინჩი, სულ ქუჩაში იყო, მაგრამ თითქოს არასდროს წამს არ კარგავდა უაზროდ. ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომლის დამოკიდებულებებმაც სხვადასხვა საკითხის მიმართ ბევრი ბიჭი მოგვხიბლა და აღგვაფრთოვანა. განსაკუთრებით, მისმა დამოკიდებულებამ ქალების მიმართ.
“თქვენ ხო იცით, რა თქვა სიმონ ბოლივარმა? ქალების დაცვა არის პატიოსანი კაცის პასუხისმგებლობა!” – გვესმოდა ატიკუსისგან და სულაც არ გვაინტერესებდა, ვინ იყო სიმონ ბოლივარი. ახლაც, როცა ამას ვწერ, არც გადამიმოწმებია, მართლა თქვა თუ არა ეს სიტყვები სიმონ ბოლივარმა. მთავარია, რომ ეს სიტყვები არსებობს და ეს სიტყვები გადამდებია ყველა კაცისთვის, რომლის სულიც ჯერ კიდევ მოუტყვნელია.
ვიცი, ახლა ბევრ დაჩაგრულ ქალს გაახსენდება თავისი მძიმე ისტორია, რომელიც მძიმე იმიტომ არის, რომ სამყაროში არსებობენ კუზიანი, სულმოტყნული კაცები, ისეთები, როგორიც არის აი ის, “შავებში ჩაცმული ჩვეულებრივი ბიჭი”, რომელმაც ორი გოგო სცემა. ერთს ცხვირი გაუტეხა, მეორეს – კბილი.
სცემა გოგოები, რომლებიც ყინულივით ცივ ღამეებში, მშვიდობიან დემონსტრანტებს ცხელი ყავით და ჩაით უმასპინძლდებოდნენ.
ამ სულმოტყნულმა სცემა გოგოები, რომლებიც დანარჩენ ასიათასობით ადამიანთან ერთად იცავს კაცობრიობის პროგრესისთვის ფუნდამენტურ, ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას – თავისუფლებას.
ეს გოგოები სცემა იმიტომ, რომ მათ აქვთ თანაგრძნობა.
სიმართლე ვთქვა, საერთოდ აღარაფერი მაკვირვებს – არცერთი დრაკონული კანონი, არცერთი დაუსჯელი “სამართალდამცავი” და არც ბუბუკები, რომლებიც ძველბიჭობას ამოფარებული, სამ ლარზე იყიდებიან. აქ, ამ ქვეყანაში ახლა აღარაფერია გასაკვირი. და არც რამე რეცეპტი მაქვს, რომელიც ამ ფსკერისკენ მიმავალ ქვეყანას უცებ გამოიყვანს მდგომარეობიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას იტყოდა თამაზა aka ატიკუს ფინჩი:
“ბიჭებო, მაგას დედა აქვს მოსატყნავი!”