fbpx

ქალები და მარტი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანი თენიეშვილი

 

მარტი ზამთრის სიმძიმიდან გაზაფხულის სუნთქვაზე გადასვლის საზღვარს მონიშნავს. ეს არის დრო, როცა ბუნება იღვიძებს, ყინვაგამოვლილ მიწაზე პირველი მწვანე მცენარე ამოდის და კაეშნიან ცას მზე იკავებს. მარტი არის სიმბოლო ცვლილებების, დაბადებისა და აღორძინების. და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ამ თვეში აღინიშნება ქალთა დღე – რომელიც არ არის მხოლოდ დღესასწაული, არამედ პირველ რიგში ბრძოლის დღეა.

ვირჯინია ვულფი ერთ ესეიში ერთმანეთს ქალებსა და მარტს შეადარებს. ხშირად ეს წელიწადის დრო ასოცირდება ამბივალენტურ კლიმატთან, ქართან და დეკორატიულად გამოკიდებულ მზის სიცივესთან, თუმცა, სინამდვილეში, ეს თავის დაღწევის მდგომარეობაა – წინააღმდეგობა. მარტი სიცივეს უპირისპირდება, მისგან თავის დაღწევას ცდილობს, რაც სწორედ ქალთა ბრძოლებს ჰგავს – საუკუნეების განმავლობაში გაჩაღებულ ბრძოლას განათლების, თავისუფლების, თანასწორობისა და საკუთარი ხმის დაფიქსირებისა – ცივი, არაჰუმანური ტყვეობისგან გათავისუფლების ბრძოლებს, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი გენდერის, ან დროის კუთვნილების ჩარჩოში რჩებოდა, არამედ მომავალი თაობისთვის ნიადაგს ამზადებდა. 

მარტი გახსენებაა სწორედ ასეთი ქალების, რომლებიც ქუჩებში გამოდიოდნენ, შრომის უფლებებს ითხოვდნენ, განათლებას ეძებდნენ, სიტყვის თავისუფლებას… ქალების, რომლებიც არათანაბარ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, მაინც ქმნიდნენ, სწავლობდნენ, იბრძოდნენ და ცვლიდნენ სამყაროს. ეს ბრძოლა არ არის დასრულებული – ქალები დღესაც ებრძვიან არათანასწორ გარემოს, ექსპლუატაციასა და ჩაგვრას. 

 

ხმის უფლებისთვის ბრძოლის ისტორია

 

ისტორია მეხსიერებას ჰგავს – ზოგი ხმა უფრო ხმამაღლა ისმის, ზოგი კი ჩრდილში რჩება. საუკუნეებს განმავლობაში ქალები სწორედ ისტორიის ამ უსამართლო თეზის წინააღმდეგ იბრძვიან – ისინი ჩრდილიდან გამოდიან. საარჩევნო უფლება – ის, რაც დღეს ბევრისთვის ჩვეულებრივად ჩანს – იყო მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი, რომლის ფესვები მე-19 საუკუნეშია აღმოცენებული, თუმცა მისი ექო დღემდე ისმის. 

განმანათლებლობის ეპოქიდან, როცა დასავლეთში დემოკრატიის იდეა ძლიერდებოდა, ქალები მაინც პოლიტიკურად უხილავ სუბიექტებად რჩებოდნენ. ხმის უფლება მხოლოდ კაცების პრივილეგია გახლდათ, რადგან ქალი დღის წესრიგის მიერ „გრძნობების ხელმძღვანელობდა“ და პოლიტიკისთვის შეუფერებელ არსებად ითვლებოდა. 

დასავლური დემოკრატიის აკვანი და ბრძოლის ახალი ისტორია საფრანგეთის რევოლუციის დროს დაირწა, ქალებმაც სწორედ ამ დროის მოითხოვეს პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბება, დაიწერა კიდეც დეკლარაცია, კერძოდ, ოლიმპ დე გუჟის მიერ, რომელსაც ასე დაერქვა – ქალთა და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია – ავტორის სიცოცხლე საბოლოოდ გილიოტინაზე დასრულდა. ქალთა უფლებებზე საუბარი ჯერ კიდევ საშიშროებას მიანიშნებდა.

 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით – დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სუფრაჟისტების მოძრაობამ ახალი ძალა შეიძინა. ეს არ იყო მხოლოდ მიტინგებისა და განმანათლებლობის მცდელობა – ეს იყო დაუმორჩილებლობის აქტი, დემონსტრაციები, შიმშილობა, ციხეში გამომწყვდევა. 

დიდი ბრიტანეთის სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერები გახლდათ მილიცენტ ფოსეტი და ემელინ პანკჰერსტი. მოძრაობა მკაფიოდ აცხადებდა: „ხმის უფლება – ახლავე!“ პრაქტიკულმა ნაბიჯებმაც არ დააყოვნა, ქალები პირდაპირი მოქმედების გზას დაადგნენ – ფანჯრებს ამტვრევდნენ, პარლამენტის წინ აქციებს აწყობდნენ, შემდეგ ამ ქალებს იჭერდნენ, მერე  ეს ქალები შიმშილობდნენ. ალუზია თანამედროვე საქართველოსთანაც გაგვიჩნდებოდა – მოპარული არჩევნებისთვის ბრძოლის პროცესში დაპატიმრებულ და მოშიმშილე აქტივისტებთან.

ამერიკაში სუფრაჟისტების საქმიანობას სიუზან ბ .ენტონი და ელიზაბეტ კედი სტენტონი ხელმძღვანელობდნენ. ჯერ კიდევ 1848 წელს სენეკა ფოლზის კონვენციაზე განაცხადეს, რომ ქალთა და კაცთა უფლებები თანასწორი უნდა ყოფილიყო. 

თანდათან გამოჩნდა გამარჯვების სიგნალები, ბრძოლების შემდეგ პირველმა გარღვევებმა არ დააყოვნა: 1893 წელს ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც  ქალებს ხმის მიცემის უფლება მიენიჭა; 1902 წელს ავსტრალიაში, თუმცა მხოლოდ თეთრკანიანი ქალებისთვის; 1906 წელს კი ფინეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ქალები არა მხოლოდ ხმის მიცემის უფლებას, არამედ საპარლამენტო მანდატებსაც იღებენ. 

თუმცა, 1905 წელს, როცა გურულმა ამბოხებულებმა რამდენიმე თვით შეძლეს გურიის რესპუბლიკის ჩამოყალიბება, მეთაურის არჩევნებში მონაწილეობა  ქალებმაც მიიღეს, ისევე, როგორც თავად ამბოხებულთა შორის უამრავი ქალი გახლდათ. 1918 წელს კი, როცა რამდენიმე წლით საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, და ქვეყნის მმართველობას სოციალ-დემოკრატები დაუდგნენ სათავეში, არჩევნებში მონაწილეობა ქალებმა ჩვეულებრივ შეძლეს, მათ შორის რამდენიმე ქალი პარლამენტშიც აღმოჩნდა. ქალის ხმას იმ პერიოდის საქართველოში პრობლემები არ ჰქონია.

ომი ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია, ასე აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომის შემთხვევაშიც, რამაც ქალთა როლი გარკვეული თვალსაზრისით შეცვალა – ისინი იმ სამუშაოებზე დადგნენ, რომლებსაც აქამდე მხოლოდ კაცები ასრულებდნენ: ქარხნებში, საავადმყოფოებში, ფრონტის ხაზზე. ომის შემდეგ ხელისუფლებებმა ვეღარ მოახერხეს იმის მტკიცება, რომ ქალი „ცალკე მდგომი“ სქესია, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება. შესაბამისად, გაგრძელდა მცირე გამარჯვებების პერიოდი: ბრიტანეთში ქალებმა 1918 წელს მიიღეს ხმის უფლება. აშშ-ში კი 1920 წელს მეთხუთმეტე შესწორებით ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

 

შრომითი უფლებები და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა

სამუშაო ადგილები ისტორიულად კაცების სამყაროდ მიიჩნეოდა. ქალებს კი ან სრულად არ უშვებდნენ იქ, ან უსამართლო პირობებით ამუშავებდნენ – დაბალი ხელფასით, უფლებების გარეშე, მუდმივი ჩაგვრისა და დისკრიმინაციის პირობებში. მაგრამ ისტორია არ არის მშვიდად მიღებული ჩაგვრის ქრონიკა – ის წინააღმდეგობის, ბრძოლის, გაფიცვებისა და მსხვერპლის ამბავია. ქალები არასდროს ყოფილან მხოლოდ კულუარებში მდგომნი – მათ საკუთარი უფლებები თვითონ მოიპოვეს. 

მე-19 საუკუნის ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში ქარხნები ქალებით აივსო. მძიმე პირობებში – 14-16-საათიანი სამუშაო გრაფიკით, უმცირესი ანაზღაურებით, დაცვის გარეშე – ქალები განიცდიდნენ ექსპლუატაციას, რაც  მფლობელებისთვის მოგებიანი იყო. 

თუმცა, ქალების რეაქცია დუმილი არ ყოფილა, მათ დაიწყეს ბრძოლა – 1844 წელს მოხდა ქალების მასშტაბური გაფიცვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ცნობილია სახელით – ლოუელის ქალთა გაფიცვა. ტექსტილის ფაბრიკის ქალებმა მასობრივად დატოვეს სამუშაო ადგილები, რადგან მეპატრონეებმა ხელფასის შემცირება სცადეს. 

 

1857 წელს ასევე შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში, მორგოს ქარხნის გაფიცვა მოხდა, ქალები ქუჩაში გამოვიდნენ, რადგან ითხოვდნენ უკეთეს სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას. 1911 წელს კი დიდი ტრაგედია დატრიალდა – ტრაინგლის ქარხნის ხანძარისას 140 ქალი დაიწვა. რადგან ქარხნის კარი შიგნიდან ჩაკეტილი იყო. ამ ტრაგედიამ კი დიდი გავლენა იქონია შრომის კანონმდებლობაზე.

პირველი მსოფლიო ომის მსგავსად, მეორე მსოფლიო ომმაც იქონია დიდი გავლენა – ქალები მასობრივად გადავიდნენ სამუშაოდ საწარმოებში, სამხედრო და სამედიცინო სფეროებში. ფრონტზე წასულ კაცებს ისინი ცვლიდნენ. 

მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება ახალი ბრძოლის ტალღა, ქალებმა დაიწყეს თანაბარი ანაზღაურების მოთხოვნა, წამოიჭრა საკითხი გადაუხდელი საოჯახო შრომისა და მის ეკონომიკურ ღირებულებებზე, დაიწყო ბრძოლა მშობიარობის შვებულებისა და სადეკრეტო უფლებებისთვის. 

1970 წელს ბრიტანეთში, ფორდის ქარხნის ქალთა მუშებმა გაფიცვა მოაწყვეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ მათი ხელფასი კაცებისაზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო. სწორედ ამ ბრძოლამ მოიტანა „თანაბარი ხელფასის აქტი“. 

შრომის უფლებებისთვის ბრძოლამ ქალების ცხოვრება ძირეულად შეცვალა, მაგრამ ეს არ არის დასრულებული ბრძოლა, დღესაც ქალები იმავე წინააღმდეგობებს აწყდებიან, რომლებსაც მათი წინამორბედები – თუმცა ახლა უკვე ახალი ხმით, ახალი ძალით. 

ამიტომ, მარტში – როცა მსოფლიო შრომის უფლებების ისტორიას იხსენებს – უნდა გავიხსენოთ ის ქალები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ ჩვენ დღეს ვილაპარაკოთ სამართლიან ხელფასზე, ღირსეულ შრომასა და სოციალურ დაცვაზე. მათი ბრძოლის გარეშე არც ჩვენ ვიქნებოდით აქ. 

მათ გაბედეს – და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. 

მარტი მხოლოდ კალენდარში მონიშნული თვე არ არის. ეს არის ქალების სიმტკიცის და მუდმივი ბრძოლების სიმბოლო – თვე, რომელიც გვახსენებს, რომ ყოველ გაზაფხულს ახალი ძალით უნდა აღვადგინოთ ის, რაც ბრძოლითა და დაუღალავი შრომით შევქმენით. 

 

193 total views, 3 views today