ფოტოგამოფენა „ქალის ხმა“ – ქალის სხეულის ხმაურიანი და უხმო წინააღმდეგობების შესახებ
ქალის ხმა – ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუ რა წინაღობებთან და სირთულეებთან გვიწევს ყოფნა.
„ქალის ხმა“ ფოტოგამოფენაა, რომელიც ქალის სხეულის, მისი ხმაურიანი და უხმო წინააღმდეგობების, ყოველდღიური ბრძოლებისა და შინაგანი ძალის მრავალფეროვან ისტორიას ასახავს. ეს არის სივრცე, სადაც ქალის სხეული გადაიქცევა ამბად – წინააღმდეგობის, ტრანსფორმაციისა და მზრუნველობის სიმბოლოდ.
გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა ფოტოსერიას, რომლებიც ქალის როლსა და გამოცდილებას განსხვავებულ კონტექსტებში იკვლევს. „Bodies of Resistance“ გვიჩვენებს, როგორ ებრძვის ქალი დამკვიდრებულ სილამაზის სტანდარტებს და საზოგადოებრივ მოლოდინებს, როგორ ინარჩუნებს თავის იდენტობას და თვითგამოხატვის თავისუფლებას. „From Her, Life Blooms“ ქალსა და ბუნებას შორის კავშირს იკვლევს – ქალის სხეული დედამიწას ჰგავს, ცვალებადი და სიცოცხლის უნარიანია .
„ჩვენს მკვდრებს ქალები უვლიან“ კი მოგვითხრობს ქალთა უხილავ შრომაზე – იმ რიტუალებზე, რომლებიც მეხსიერებას ინარჩუნებს და გარდაცვლილებს ცოცხლების სამყაროსთან აკავშირებს.
ამ გამოფენაში წარმოდგენილები არიან ქალი ფოტოგრაფები:
ელენე ღლონტი, ანა ფატლაძე, დინა ოგანოვა, თიკა გოგიტიძე, მარიამ ჭკუასელი, მანო სვანიძე.
ეს გამოფენა არა მხოლოდ ფოტოგრაფიული კვლევაა, არამედ სოციალური დიალოგის გახსნის მცდელობაც. ის გიწვევთ დაფიქრდეთ ქალის სხეულის, ხმისა და მეხსიერების მნიშვნელობაზე, იმ როლზე, რომელსაც ქალი ყოველდღიურ და ისტორიულ კონტექსტში იკავებს.
პროექტის ავტორი, თინათინ ბექაური:
“ქალის ხმის“ გამოფენის შექმნისას გვინდოდა გვეჩვენებინა ის, რაც ხშირად რჩება ჩუმად – ქალის ყოველდღიური ბრძოლა, უხილავი შრომა, სხეულის წინააღმდეგობა და მასში ჩაკარგული ისტორიები. ეს გამოფენა არ არის მხოლოდ ფოტოები, ეს არის საუბარი, რომელიც ჩვენს წინაპრებს, ჩვენთან ერთად მცხოვრებ ქალებს გვაერთიანებს.
სოციუმი ხშირად განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს ქალი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, როგორ უნდა გრძნობდეს თავს. მაგრამ ეს პროექტი იმის შესახებ არის, როგორ ცხოვრობენ ქალები ამ საზღვრებს მიღმა – როგორ ინარჩუნებენ თავის ადგილს, როგორ უვლიან მეხსიერებას, როგორ ქმნიან და როგორ ებრძვიან დავალდებულებულ ჩარჩოებს.
ეს გამოფენა კითხვებს სვამს: როგორია ქალის ხმა მაშინ, როცა ის ჩუმად არის? როგორია წინააღმდეგობა, რომელიც ყოველდღიურობად იქცევა? და როგორია ზრუნვა, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება?
ჩვენი სურვილია, რომ მაყურებელმა ამ სურათებში საკუთარი თავი, საკუთარი ამბავი და საკუთარი ხმა იპოვოს.
თბილისის კულტურულ რუკაზე ახალი სახელია – “Plus One”, სივრცე, რომელიც ღიაა ყველასთვის, ვისაც მუსიკა, ხელოვნება და კომუნიკაცია იზიდავს. “Plus One” თავისი მასშტაბური გარემოთი და მრავალფეროვანი ოთახებით ქმნის სივრცეს, სადაც ნებისმიერი სტუმარი შეძლებს საკუთარი ადგილის პოვნას.
პროექტის მთავარი მისიაა +1 ქომუნითის შექმნა, რომელიც მუსიკის, ხელოვნების და ცოდნის გაზიარების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს აერთიანებს. ამ ხედვის გასამყარებლად, სივრცეში იმართება მუსიკალური ღონისძიებები, სახელოვნებო გამოფენები, პოდკასტები, სთრიმინგ სესიები, ვიზუალური ხელოვნების ინსტალაციები და კოლაბორაციული პროექტები, რომლებიც კულტურული მრავალფეროვნების გაძლიერებას ემსახურება.
“Plus One” არის მუსიკალური სკოლა “303hz”-ის გაგრძელება, რომელიც უკვე 8 წელია უზრუნველყოფს სასწავლო კურსებს მუსიკალური პროდიუსინგის, მიქსინგის და სხვა მიმართულებით. სწორედ ამ გამოცდილებიდან დაიბადა იდეა, რომ შექმნილიყო პლატფორმა, რომელიც სკოლის კურსდამთავრებულებს პირველ ნაბიჯებს გაადვილებდა ინდუსტრიაში. ამავდროულად, სივრცე აერთიანებს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ არტისტებს, რომელთაც ახალი შესაძლებლობები ეძლევათ კლუბურ სცენაზე თავის გამოსაჩენად.
ადგილმდებარეობაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს სივრცეს – მშრალ ხიდთან მდებარე ისტორიული შენობა 1875 წელს აიგო. 1881 წელს ის „გრანდ ჰოტელს“ მასპინძლობდა, მოგვიანებით კი სასტუმრო „ბერლინს“. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა თავშესაფრად იქცა, ხოლო 80-90-იან წლებში აქ ფილოსოფოსთა კლუბი ფუნქციონირებდა. 2000-იანი წლებიდან 25 წლის განმავლობაში სივრცე დაკეტილი იყო, თუმცა 2024 წელს “Plus One”-მა მას ახალი სიცოცხლე შესძინა.
ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემით, ინტერიერში მხოლოდ საჭირო ცვლილებები განხორციელდა. შენარჩუნდა 70-იანი წლების სტილი, ხოლო თანამედროვე ელემენტებმა სივრცეს ახალი ენერგია შესძინა. შედეგად, “Plus One” სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ კომბინაციას – წარსულის ხასიათსა და თანამედროვეობის დინამიკას, რაც მას თბილისის კულტურული სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციად აქცევს.